20 იანვარი, 2022 წელი,
#ას-763-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - უცხოური საწარმოს ფილიალი „ი.პ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან მერია) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით უცხოური საწარმოს ფილიალი „ი.პ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი ან მენარდე) წინააღმდეგ თანხის დაკისრებისა და სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 24 262,02 ლარის გადახდა დაეკისრა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
2. კასატორის მტკიცებით, პირგასამტეხლო მთლიანი შეუსრულებელი ღირებულებიდან და არა პირველი ეტაპის შეუსრულებელი ღირებულებიდან უნდა დაანგარიშდეს, რადგან, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება რომელიც ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიადგა, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება კი - 272 921.81 ლარია.
2.1. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, მოპასუხემ გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის პირგასამტეხლო - 38 187.65 ლარიც უნდა გადაუხადოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.3. უცხოური საწარმოს ფილიალი „ინდივიდ-პარტნიორი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 30 დეკემბერს, მისი იურიდიული მისამართია თბილისი, საბურთალოს რაიონი, .. ....... ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი დირექტორია (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან).
5.4. მხარეებს შორის 2019 წლის 5 აპრილს დაიდო #54 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება), რომლის საგანს წარმოადგენდა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების სასმელი წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება - 1 272 921,81 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები (არანაკლებ 800 000 ლარის), 2019 წლის 2 სექტემბრის, ხოლო მეორე ეტაპის, 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით უნდა შესრულებულიყო. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 კალენდალურ დღეში უნდა დაწყებულიყო, შეთანხმებაზე თანდართული სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
5.5. შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში დამრღვევი ვალდებული იყო მეორე მხარისათვის მოთხოვნისთანავე გადაეხადა შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5% პირგასამტეხლოს სახით, შეთანხმების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისას კი, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - ხელშეკრულების 0,1% (იხ. ხელშეკრულება, მუხლი 13).
5.6. მხარეთა შეთანხმებით პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულების ვადა 2019 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდა.
5.7. 2019 წლის 5 აპრილიდან იმავე წლის 1 ნოემბრის ჩათვლით, 206 807,34 ლარის სამუშაოების ნაცვლად, 194 194, 86 ლარის სამუშაოები შესრულდა, გეგმა-გრაფიკი 30 დღით დაირღვა.
5.8. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, ნაცვლად 800 000 ლარის სამუშაოებისა, შესრულდა - 194 194, 86 ლარის პირველი ეტაპის სამუშაო. 2019 წლის დეკემბრის მონაცემებით გეგმა-გრაფიკის მიხედვით განსახორციელებელი სამუშაოების შესრულების ვადა დარღვეულია.
5.9. მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, შემკვეთმა 2019 წლის 2 დეკემბერს ხელშეკრულება შეწყვიტა და მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლო - 92 124 ლარი. ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის ნაწილის - 29 674,33 ლარის გაქვითვის შედეგად მოპასუხეს უნდა გადაეხადა - 62 449,67 ლარი.
6. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.
7. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წანამძღვრების მხოლოდ ნაწილის არსებობა და, აქედან გამომდინარე, სამართლებრივად სწორად შეაფასა სარჩელის ნაწილობრივ წარმატებულობაც.
8. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან უნდა დაანგარიშებულიყო, კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და განმარტავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში გამოიხატება. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13.07,2018 წ).
9. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
10. უდავოა, რომ 2019 წლის 2 დეკემბერს მხარეთა შორის შეთანხმება შეწყდა, შესაბამისად, ამ დროიდან არც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი აღარ არსებობს. დადგენილია, რომ მოსარჩელემ პირგასამტეხლოს ნაწილი - 29 674,33 ლარი მენარდეს ასანაზღაურებელი ნარდობის თანხიდან გაუქვითა, ხოლო პირგასამტეხლო მთლიანად შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებიდან დაიანგარიშა, რაც საკასაციო სასამართლოს განსჯით სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
11. პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს სსკ-ის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან (იხ., ილონა გაგუა, „ბიზნეს დავები და სასამართლო პრაქტიკა“, 2017 წელი, გვ: 59-75).
12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. (შდრ. სუსგ. #ას-164-160-2016წ, 28.07.2016წ; #ას-581-2019, 31.07.2019წ, #ას-971-2019, 28.10.2019წ. #ას-574-2021, 09.09.2021წ).
13. დადგენილია, რომ მენარდის მხრიდან 2019 წლის 5 აპრილიდან იმავე წლის 1 ნოემბრის ჩათვლით, ნაცვლად - 206 807, 34 ლარის სამუშაოებისა, შესრულდა - 194 194,86 ლარის სამუშაო, ასევე დადგენილია, რომ შემსრულებელმა გეგმა-გრაფიკი დაარღვია 30 დღით. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ მთლიანობაში ფაქტობრივად შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის (1 078 726) გათვალისწინებით.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან დაანგარიშების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი და სააპელაციო სასამართლოს დასკვნები პირგასამტეხლოს მოცულობის განსაზღვრის კუთხით კანონშესაბამისია.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-442-414-2017, 24.05.2017).
16. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე