25 იანვარი, 2022 წელი,
საქმე №ას-513-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ჭ.ბ–ბი“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება
განხილვის საგანი - განჩინებაში უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლოში სარჩელი აღძრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი), შპს „ჭ.ბ–ბის“ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მოვალე) წინააღმდეგ, ელექტროენერგიის დავალიანების - 5 046 181.59 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
7. საკასაციო პალატის დასახელებული განჩინების ასლი, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ასლთან ერთად, გაეგზავნა და ჩაბარდა მოპასუხეს. მოგვიანებით, საკასაციო სასამართლოში საკასაციო შესაგებელი წარმოადგინა შპს „ჭ.ს.კ–ამ“, როგორც მოპასუხის უფლებამონაცვლემ. ხსენებულ შესაგებელს თან ერთვის ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2020 წლის 10 იანვრისა და 2020 წლის 18 ივნისის ბრძანებების ასლები და 2020 წლის 20 ივნისის ამონაწერი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 იანვრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად დარჩა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 იანვრის განჩინებაში, უნდა გასწორდეს დაშვებული უსწორობა ასევე დადგინდეს უფლებამონაცვლეობა, კერძოდ:
9. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ განჩინებაში, მოპასუხის თავდაპირველ სახელწოდებად მიეთითა: შპს ჭ.ბ–ბი“, ნაცვლად სახელწოდებისა: შპს "ჭ–ები". ამავე განჩინებაში, თავდაპირველი სუბიექტის უფლებამონაცვლედ არ ჩაბმულა შპს "ჭ.ს.კ–ა".
10. საქმის მასალებით, კერძოდ, ს.ფ. 83-ზე წარმოდგენილი ტიტულიანი ფურცლით ირკვევა, რომ მოვალის სახელწოდება იყო შპს „ჭ–ები“.
გარდა ამისა, საქმის მასალებითვე დგინდება, რომ მოცემული საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, შპს „ჭ–ების“ უფლებამონაცვლე გახდა შპს „ჭ.ს.კ–ა“ (იხ. საკასაციო შესაგებელზე თანდართული: ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2020 წლის 10 იანვრისა და 2020 წლის 18 ივნისის ბრძანებების ასლები და 2020 წლის 20 ივნისის ამონაწერი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან), რაც სსსკ-ის სსსკ-ის 92.1 და 92.2 მუხლების (სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე; უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა) საფუძველზე ქმნიდა მოპასუხის უფლებამონაცლედ შპს „ჭ.ს.კ–ის“ ჩაბმის პროცესუალურ საფუძველს.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 260.1 მუხლზე, რომლის შინაარსიც ასეთია: სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
12. პალატას აღნიშნავს, უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა კერძოდ: მოპასუხის თავდაპირველ სახელწოდებად მიეთითოს შპს „ჭ–ები“, ნაცვლად სახელწოდებისა: შპს „ჭ.ბ–ბი“;
ამასთან, მოპასუხე შპს „ჭ–ების“ უფლებამონაცვლედ წინამდებარე საქმეში უნდა ჩაებას შპს „ჭ.ს.კ–ა“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინებაში (საქმე ას-513-2021) დაშვებული უსწორობა, კერძოდ: განჩინების მთელ ტექსტში მოწინააღმდეგე მხარის სახელწოდებად მიეთითოს შპს „ჭ–ები“, ნაცვლად სახელწოდებისა: შპს „ჭ.ბ–ბი“;
2. მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) შპს „ჭ–ების“ (ს/კ .....) უფლებამონაცვლედ #ას-513-2021 სამოქალაქო საქმეში ჩაბმულ იქნეს შპს „ჭ.ს.კ–ა“ (ს/კ .);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე