Facebook Twitter

20 იანვარი, 2022 წელი,

საქმე №ას- 1059-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - თ.დ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შ.მ–ვა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.დ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან გამყიდველი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც შ.მ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მყიდველი ან შემძენი ) მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 8 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

2. კასატორის მტკიცებით, შემძენმა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, ნასყიდობის საფასური სრულად არ გადაიხადა, ხოლო მოგვიანებით გადახდილი თანხის დაბრუნებაც მოითხოვა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. თბილისში, ......, პირველ სართულზე მდებარე შენობა #4, საერთო ფართით 21,70 კვ. მ. საკადასტრო კოდით # ......, მოპასუხის საკუთრება იყო (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება).

5.4. 2013 წლის 23 მაისს გამყიდველმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მარეგისტრირებელი ორგანო) უძრავი ქონების, დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნით. მარეგისტრირებელი ორგანოს 2013 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიების ურთიერთშეუსაბამობის გამო, მოპასუხის მოთხოვნა უარყოფილ იქნა.

5.5. 2013 წლის 30 მაისს სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით მოპასუხემ დაადასტურა, რომ მოსარჩელისგან მიიღო კუთვნილი უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურიდან, 18 000 აშშ დოლარიდან - 8 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ - 10 000 დოლარს შემძენი, ხელწერილის გაფორმებიდან ერთი თვის ვადის დაცვით, გამყიდველის მიერ უძრავი ქონების გამიჯვნის, იპოთეკის მოხსნისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაუხდიდა.

5.6. უძრავი ქონების გამიჯვნის შესახებ გადაწყვეტილება მარეგისტრირებელ ორგანოში 2013 წლის 30 ივლისს, ხელწერილით ნაკისრი ვადის დარღვევით დარეგისტრირდა.

5.7. 2013 წლის 21 აგვისტოს მოპასუხემ უძრავი ქონება, 12 000 აშშ დოლარად ს.ლ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე პირი) მიჰყიდა და ეს უკანასკნელი აღირიცხა ნივთის მესაკუთრედ.

5.8. მესამე პირის 2013 წლის 21 აგვისტოს განცხადების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე არსებული იპოთეკა გაუქმდა.

6. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.) დანაწესიდან გამომდინარეობს.

7. სარჩელი წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მან სადავო თანხა საფუძვლის გარეშე გადასცა მოპასუხეს, რითაც ეს უკანასკნელი გამდიდრდა. შესრულების კონდიქციის მომწესრიგებელი ნორმის (სსკ-ის 976-ე მუხლი) გამოყენების სამართლებრივი წინაპირობებია: ა) გარკვეული სამართლებრივი სიკეთის გადაცემა. ბ) გადაცემის განხორციელება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და გ) მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის დადგენა.

8. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელემ მოპასუხეს 2013 წლის 30 მაისს უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის ნაწილი - 8000 აშშ დოლარი გადაუხადა. საქმეში დაცული ხელწერილის შინაარსი ცხადყოფს, რომ მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესს სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება წარმოადგენდა, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონება გასამიჯნი და იპოთეკით დატვირთული იყო, მოპასუხემ ხელწერილის გაფორმებიდან ერთი თვის ვადის დაცვით, უძრავი ქონების გამიჯვნისა და იპოთეკის გაუქმების ვალდებულება იკისრა. სწორედ ამ ვალდებულების შესრულების შემდგომ მოხდებოდა ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილის - 10 000 დოლარს შემძენის მიერ გამყიდველისათვის გადახდა და უძრავი ქონების ამ უკანასკნელის სახელზე აღრიცხვა.

გარემოებათა თანმიმდევრობის ამგვარი ჯაჭვი ცხადყოფს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა უძრავი ქონების შესასყიდი თანხა. ამ საკვანძო საკითხის განხილვისას საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კასატორი თვლის, მიუხედავად იმისა, რომ ხელწერილით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, მოსარჩელემ ნასყიდობის საფასური არ გადაუხადა, ხოლო მოგვიანებით გადახდილი თანხის დაბრუნებაც ითხოვა.

9. საკასაციო პალატა კასატორს მიუთითებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე და განმარტავს რომ თითოეულმა მხარემ სარწმუნო და წონადი მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომელზეც ამყარებს საკუთარ მოთხოვნას.

შესაბამისად, კასატორის მარტოოდენ ზეპირსიტყვიერი მტკიცება იმის თაობაზე, რომ მან ხელწერილით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, მაშინ როდესაც, საქმეში დაცული მტკიცებულებიდან, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერის შინაარსიდან ირკვევა, რომ სადავო უძრავი ქონების არც გამიჯვნა და არც იპოთეკის გაუქმება შეთანხმებულ ვადაში არ მომხდარა, საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული და სარწმუნოდ მიჩნეული ვერ იქნება.

საბოლოოდ, საქმის გარემოებათა გაანალიზებისა და საქმეში დაცული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე ცალსახაა, რომ მოპასუხე მოსარჩელისგან უძრავი ქონების შესასყიდად გადაცემული 8000 აშშ დოლარით უსაფუძვლოდ გამდიდრდა, ვინაიდან მოსარჩელემ მის იურიდულ ინტერესში შემავალ საგანზე საკუთრების უფლება ვერ მოიპოვა, ხოლო დასახელებული თანხის მოპასუხისათვის გადაცემის მიზანს, სამომავლოდ, სწორედ სადავო ქონებაზე ამგვარი უფლების მოპოვება წარმოადგენდა.

10. პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობების შეუქცევადი ნაკლით (სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გარკვეული სამართლებრივი სიკეთის გადაცემით) დამდგარი ნეგატიური შედეგის მაკომპენსირებელი ფუნქციით აღჭურვილი შესრულების კონდიქციის მარეგულირებელია სსკ-ის 976-ე მუხლი, რომლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელებული შესრულების უკუქცევის შესაძლებლობას განსაზღვრავს. „უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.“ (შდრ. საქმე Nას-1193-1122-2015. 31.05.2016წ.). კონკრეტული საქმის გარემოებები ცხადყოფს რა სსკ-ის 976.1 მუხლის გამოყენების თანმხვედრი წინაპირობების არსებობას, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის განკარგვის სფეროში, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოქცეული თანხების მოსარჩელისთვის დაბრუნება მხარეთა შორის სამოქალაქოსამართლებრივი წონასწორობის აღდგენას უზრუნველყოფს.

11. ამასთან, სსსკ-ის 104-ე და 407-ე მუხლების საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში 2022 წლის 18 იანვარს იანვარს წარმოდგენილ განცხადებაზე დართული მტკიცებულებები, ვინაიდან საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებას, და ახალი მტკიცებულებების წარდგენას, რამდენადაც ეს შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან.

12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. (შდრ. სუსგ-ები #ას-1193-1122-2015, 31.05.2016; #ას-74-71-2016, 25.05.2016; 225-215-2016, 25.05.2016, #ას-184-171-2015, 20.05.2016, #ას-759-759-2018, 28.02.2019წ). არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

13. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე