საქმე №ას-118-2022
09 თებერვალი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი კ.ბ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე ქ.თ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით ქ.თ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე კ.ბ–ძის (პ.ნ .....) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელე ქ.თ–ის (პ.ნ .....) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ.ზესტაფონი, ...... საკადასტრო კოდი N ..... (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N01/2, განაშენიანების ფართობი 268.31 კვ.მ, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 337,17 კვ.მ) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით კ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კ.ბ–ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ კ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სსსკ-ის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამავე კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა კ.ბ–ძეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა დ. კ–ძეს, კასატორის დედას, 2021 წლის 16 დეკემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო კასატორის დედისათვის გასაჩივრებული განჩინების ასლის ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2021 წლის 17 დეკემბრიდან და ამოიწურა 2022 წლის 6 იანვარს, მაგრამ ვინაიდან 6 იანვარი იყო უქმე დღე და მომდევნო დღეებიც გამოცხადებული იყო უქმე დღეებად, ამიტომ გასაჩივრების ვადა ამოწურულად ჩაითვლება მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 2022 წლის 10 იანვარს, თანახმად სსსკ 61-ე მუხლის მეორე ნაწილისა.
საქმის მასალებით (საფოსტო კონვერტზე დასმული ბეჭდით) დასტუდება, რომ კ.ბ–ძემ საკასაციო საჩივარი სასამართლოში წარსადგენად ფოსტაში ჩააბარა 2022 წლის 13 იანვარს, ანუ გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც წარმოადგენს კ.ბ–ძისათვის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერ საფუძველს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63- ე, 396-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დაადგინა:
1. კ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე