3 თებერვალი, 2022 წელი,
საქმე №ას-1098-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ი.კ–ვი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სს ს.კ. „პ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს ს.კ. „პ–ი“ (ყოფილი სახელწოდება სს „ს.დ.ს–ო“, შემდეგში მოხსენიებული, როგორც: მოპასუხე, საწარმო), სამეწარმეო რეესტრში, 2007 წლის 4 ოქტომბერსაა დარეგისტრირებული.
2. სამეწარმეო რეესტრის 2016 წლის 20 დეკემბრის ამონაწერის მიხედვით, საწარმოს ბიზნესის განვითარების დირექტორად, დარეგისტრირებული იყო, ი.კ–ვი (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი).
3. 2017 წლის 7 ნოემბრის ამონაწერის თანახმად, ბიზნესის განვითარების დირექტორად, მოსარჩელის ნაცვლად, დარეგისტრირებულია მ.გ–ი, რის საფუძვლადაც მითითებულია, საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს 2017 წლის 28 ოქტომბრის კრების გადაწყვეტილებაზე.
4. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს 2016 წლის 19 დეკემბრის №06 კრების გადაწყვეტილებით, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ი.კ–ვი დაინიშნა ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობაზე. ამავე კრების გადაწყვეტილებით დაინიშნა კომპანიის გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი დირექტორი. გადაწყვეტილების მიხედვით, თანამდებობაზე დანიშვნა და ხსენებული ცვლილებების რეგისტრაცია, შეაჩერებდა, დანიშნული პირების ადრე დაკავებულ თანამდებობაზე ყოფნას. მოსარჩელემ, წერილობითი თანხმობა განაცხადა, ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობაზე მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი, 2017 წლის 1 იანვრიდან შეადგენდა 6 875 ლარს (დარიცხული), ხოლო შიდა აუდიტის სამსახურის თანამდებობაზე მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი (დარიცხული) შეადგენდა 5 825 ლარს.
5. 2017 წლის 7 ივლისის კრების ოქმის შესაბამისად, საწარმოს სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობიდან მოსარჩელის განთავისუფლებისა და ამ თანამდებობაზე მ.გ–ის დანიშვნის შესახებ. მითითებული გადაწყვეტილების სამეწარმეო რეეესტრში რეგისტრაცია, ხარვეზის გამო ვერ შესრულდა.
6. სამეთვალყურეო საბჭოს 2017 წლის 28 ოქტომბრის კრების ოქმის მიხედვით, საწარმომ მიიღო გადაწყვეტილება, 2017 წლის 1 ნოემბრიდან, ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობიდან მოსარჩელის განთავისუფლებისა და მ.გ–ის დანიშვნის თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა სამეთვალყურეო საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, რაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 6 ნოემბერს წარედგინა და ცვლილების რეგისტრაცია 2017 წლის 7 ნოემბერს შესრულდა.
7. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა საწარმოს წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა:
7.1. ზიანის ანაზღაურება, ყოველთვიური ხელფასის ნაწილის, 840 ლარის (დაბეგვრის შემდეგ) ოდენობით, 2017 წლის 1 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
7.2. იძულებითი მოცდენის გამო, ყოველთვიური ხელფასის გადახდა, 2017 წლის 1 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 4 300 ლარის ოდენობით; 7.3. გადაუხდელი ხელფასის 0.07%-ის გადახდა, დაყოვნების ყოველი დღისათვის, 2017 წლის 16 ნოემბრიდან.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დამტკიცებულად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მათზე დაყრდნობით შემდეგი დასკვნა გააკეთა: მოსარჩელისათვის, 2017 წლის 1 ნოემბრამდე რამდენიმე თვით ადრე იყო ცნობილი, რომ, საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობიდან მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ მოსარჩელე, საქმიანობას, პრაქტიკულად აღარ ასრულებდა, თუმცა ხელფასს იღებდა, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მან თავად მიუთითა, რომ 2017 წლის 1 ნოემბრამდე რამდენიმე თვის განმავლობაში, სამსახურებრივ პროცესებს ჩამოაშორეს და არც კრებებზე არ იყო დაშვებული, თუმცა ანაზღაურებას მაინც იღებდა. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, გამომდინარე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 72 მუხლიდან (რომელიც ადგენდა შრომის კოდექსის 38-ე მუხლით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი) დადგენილი წესით შეტყობინების გაგზავნის ვალდებულებას, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის, რეგისტრირებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენამდე). აქვე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო სამართალურთიერთობა ცდებოდა შრომის კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობათა კლასიკურ ფარგლებს. ამ მხრივ, კანონის სპეციალურობის პრინციპიდან გამომდინარე, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები, პირველ რიგში, სამეწარმეო სამართლის მარეგულირებელ დანაწესებში უნდა იქნას მოძიებული, რამდენადაც, ერთი შეხედვით, ურთიერთობა შეიცავს შრომის სოციალურ ელემენტებს, თუმცა, მისი სუბიექტები არიან სამეწარმეო საზოგადოება და საწარმოს ხელმძღვანელი (დირექტორი).
10.2. რაც შეეხებოდა სარჩელის დანარჩენ მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლომ ისინიც უარყო, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა: საწარმოს ბიზნესის განვითარების დირექტორად მოსარჩელის დანიშვნის გამო, ამავე საწარმოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის უფლებამოსილება ვერ შეჩერდებოდა, რადგან საქართველოს შრომის კოდექსის 36.2 მუხლი (რომელიც შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებს ადგენს), შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლად არ ითვალისწინებს დასაქმებულის სხვა თანამდებობაზე გადაყვანას. გარდა ამისა, მოპასუხე საწარმო სადაზღვევო ორგანიზაციაა და ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 92 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად (ამოქმედდა სადავო პერიოდში, 30.06.2017 წ. ცვლილებით), შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი არ შეიძლება იყოს მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი, ადმინისტრატორი ან სხვა თანამშრომელი. საწარმოს წესდების მე-13 მუხლის (კონტროლი და ანგარიშგება) ანალიზიდან გამომდინარეც, აუდიტორის თანამდებობა შეუთავსებელია საწარმოს დირექტორის თანამდებობასთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნით მას შეუჩერდა შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის უფლებამოსილება და ეს უფლებამოსილება აღდგა ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ. ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნით, მოსარჩელეს რეალურად შეუწყდა ამავე საწარმოს აუდიტის სამსახურის უფროსის უფლებამოსილება, რის გამოც სარჩელი ვერ დაკმაყოფილდებოდა ვერც აღნიშნულ თანამდებობაზე იძულებით მოცდენის გამო მიუღებელი ხელფასის გადახდის და ვერც გადაუხდელი ხელფასის 0.07%-ის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
საკასაციო საჩივრის დასაბუთებია ასეთია:
11.1. 2010 წლიდან 2017 წლის ნოემბრამდე, მოსარჩელე საწარმოში დასაქმებული იყო, ჯერ შიდა აუდიტის უფროსის, ხოლო 2016 წლის დეკემბრიდან, საწარმოს ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობებზე. ამდენად, ცალსახაა, რომ, 7 წლის განმავლობაში, მოსარჩელე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, საწარმოს განვითარებაში. შესაბამისად, მისი სამუშაოდან ყოველგვარი წინასწარი შეტყობინებისა და კომპენსაციის გარეშე დათხოვნა, გაუმართლებელია.
11.2. საწარმომ მცირე მოკვლევა ჩაატარა მოსარჩელის, როგორც საწარმოს ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში. აღნიშნული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კასატორი დირექტორის უფლებამოსილებას არ ასრულებდა, რადგან ასეთი უფლებამოსილება მას არ გააჩნდა. ფაქტობრივად, მოსარჩელე საწარმოში აუდიტის ფუნქციებს ასრულებდა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს, სადავო სამართალურთიერთობა, შრომის კანონმდებლობით უნდა გადაეწყვიტათ, რაც მათ არ გამოუყენებიათ.
11.3. არასწორია სააპელაციო სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ, თითქოს, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის კრების ოქმის შესახებ. საქმეზე დადგენილია, რომ ხსენებული ოქმის რეგისტრაცია არ განხორციელებულა, არამედ ხარვეზი დადგინდა, რაც სამეწარმეო რეესტრში საწარმოს ამონაწერზე გავლენას ვერ მოახდენდა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ხარვეზის თაობაზე მოსარჩელე ვერ შეიტყობდა. საქმეზე არ არსებობს იმის დამადასტურებელი სხვა რაიმე დოკუმენტი, რომ ზემომითითებული გარემოების შესახებ კასატორმა იცოდა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
13. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხი შემდეგია: რამდენად კანონიერია სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ სარჩელის უარყოფა, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა: ა). ზიანის ანაზღაურებას, ყოველთვიური ხელფასის ნაწილის, 840 ლარის (დაბეგვრის შემდეგ) ოდენობით, 2017 წლის 1 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ბ). იძულებითი მოცდენის გამო, ყოველთვიური ხელფასის გადახდას, 2017 წლის 1 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 4 300 ლარის ოდენობით; გ). გადაუხდელი ხელფასის 0.07%-ის გადახდას, დაყოვნების ყოველი დღისათვის, 2017 წლის 16 ნოემბრიდან.
17. პალატა აღნიშნავს, რომ საწარმოს დირექტორთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებასა თუ განჩინებაში განმარტა, რომ:
დირექტორსა და საზოგადოებას შორის დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა არ არის ტიპიური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის. ეს არის თავისებური კორპორაციული ურთიერთობა, რომლის მიმართაც შრომის კოდექსის გავრცელება არ შეესაბამება მეწარმეთა კანონის მოთხოვნებს. შრომის კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორსა და მის მიერ დაქირავებულ მუშაკს შორის შრომითი ურთიერთობა, რომელიც, ჩვეულებრივ, შრომითსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა, ხოლო დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს მეწარმეთა კანონით (იხ. სუსგ: №ას-1463-2018, 27.12.2018; ას-23-23-2016, 9.03.2016).
საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, ყველაზე ახლოს დგას დავალების ხელშეკრულებასთან. საზოგადოების დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან (იხ. სუსგ: №ას-1097-2018, 16.01.2019; №ას-302-287-2016, 15.07.2016).
18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე. აღნიშნული მოსაზრება გამომდინარეობს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი გარემოებებიდან, კერძოდ:
1). 2017 წლის 7 ივლისის კრების ოქმის შესაბამისად, საწარმოს სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობიდან მოსარჩელის განთავისუფლებისა და ამ თანამდებობაზე მ.გ–ის დანიშვნის შესახებ, თუმცა, ხარვეზის გამო, ეს გადაწყვეტილება სამეწარმეო რეეესტრში არ დარეგისტრირებულა.
ზემოხსენებული გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, სასამართლო სხდომაზე მან თავად მიუთითა, რომ 2017 წლის 1 ნოემბრამდე რამდენიმე თვის განმავლობაში, სამსახურებრივ პროცესებს ჩამოაშორეს და არც კრებებზე არ იყო დაშვებული, თუმცა ანაზღაურებას მაინც იღებდა.
2). სამეთვალყურეო საბჭოს 2017 წლის 28 ოქტომბრის კრების ოქმის მიხედვით, საწარმომ მიიღო გადაწყვეტილება, 2017 წლის 1 ნოემბრიდან, ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობიდან მოსარჩელის განთავისუფლებისა და მ.გ–ის დანიშვნის თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა სამეთვალყურეო საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, რაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 6 ნოემბერს წარედგინა და ცვლილების რეგისტრაცია 2017 წლის 7 ნოემბერს შესრულდა.
ზემომითითებული გარემოებები კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407.2 მუხლი). ამასთან, ეს გარემოებები იმის მაუწყებელია, რომ საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან მის განთავისუფლებამდე რამდენიმე თვით ადრე, კასატორისათვის ცნობილი იყო საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს მოცემული გადაწყვეტილების თაობაზე.
19. რაც შეეხება საწარმოს აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე იძულებით მოცდენის გამო მიუღებელი ხელფასისა და მისი 0.07%-ის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნათა უსაფუძვლობას, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულ ნაწილშიც გასაზიარებელია. მოცემული საკითხის შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 92 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე (შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი არ შეიძლება იყოს მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი, ადმინისტრატორი ან სხვა თანამშრომელი) და საწარმოს წესდების მე-13 მუხლზე და მათი ანალიზის შედეგად სწორად მიიჩნია, რომ აუდიტორის თანამდებობა შეუთავსებელია საწარმოს დირექტორის თანამდებობასთან.
ამასთან, შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლად, არც შრომის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, დასაქმებულის სხვა თანამდებობაზე გადაყვანას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ საწარმოს ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნით, მოსარჩელეს შეუწყდა ამავე საწარმოს აუდიტის სამსახურის უფროსის უფლებამოსილება, რის გამოც სარჩელი ვერ დაკმაყოფილდებოდა ვერც აღნიშნულ თანამდებობაზე იძულებით მოცდენის გამო მიუღებელი ხელფასის გადახდის და ვერც გადაუხდელი ხელფასის 0.07%-ის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნათა ნაწილში.
20. საკასაციო პალატის დასკვნით, ი.კ–ვის სასარჩელო მოთხოვნების დასაბუთება დაკავშირებულია და სრულად გამომდინარეობს კასატორის მხრიდან სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტებში ჩამოყალიბებულ მოსაზრებასთან მასზედ, რომ მოსარჩელის გათავისუფლება დირექტორის პოზიციიდან კანონშეუსაბამოა; და/ან მოსარჩელე აგრძელებდა შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის განხორციელებას.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომითსამართლებრივი კომპონენტების შემოღებისა, სააქციო საზოგადოების დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, პირობითად შეიძლება მოვიხსენიოთ „სასამსახურო ხელშეკრულებად“, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან. ამასთან, მხარეთა ურთიერთობა, "მეწარმეთა შესახებ" კანონის ნორმებთან ერთად უნდა გაანალიზდეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების (სსკ-ის 709-ე და 710-ე მუხლები) საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
საკაციო პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი.
საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ამასთანავე, 710-ე მუხლის ძალით, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი, ხოლო, ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია.
მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ სამეწარმეო საზოგადოების უფლებამოსილ სუბიექტს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.
საყურადღებოა, რომ საქმის მასალებში დაცულია ი.კ–ვის წერილობითი თანხმობა (ს.ფ. 106), დაიკავოს საზოგადოების ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიცია. ეს გარემოება დამატებით აქარწყლებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოსარჩელე აგრძელებდა შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის განხორციელებას.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
22. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.კ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი.კ–ვს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს შ.მ–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება 24127018, გადახდის თარიღი - 27.08.2020) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
მირანდა ერემაძე
ლევან მიქაბერიძე