საქმე №ას-273-2021 9 ნოემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ჟ.მ–ან (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ.ე–ან (მოპასუხე)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – რ.კ–ნი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.02.2021წ. განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ჟ.მ–ანმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ.ე–ანის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „აპელანტი“) მიმართ და მოითხოვა: მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 01.09.2015 წელს გაფორმებული, ნოტარიუს რ.კ–ნის მიერ ნოტარიულად დამოწმებული, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (შემდეგში „სადავო ხელშეკრულება“) ბათილად ცნობა და მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენა შემდეგ უძრავ ნივთებზე: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), დაზუსტებული ფართი 1600 კვ.მ., ს/კ: №.....; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), დაზუსტებული ფართი 1000 კვ.მ., ს/კ: №......; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), დაზუსტებული ფართი 5000 კვ.მ., ს/კ: №.....; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართი 271 კვ.მ., მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით, ს/კ: №.....; მოსარჩელის ერთპიროვნული საკუთრების უფლების აღდგენა მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებად რეგისტრირებულ შემდეგ უძრავ ნივთზე: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართით 3648 კვ.მ., მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით, ს/კ: №......
2. მოპასუხემ მის მიერ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 11.02.2019 წლის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაება ნოტარიუსი რ.კ–ნი.
4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 01.04.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სადავო ხელშეკრულება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო გარიგების ბათილად ცნობის მიმართ უკავშირდება უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ კვლავ მის ცნობას. გარიგების ბათილად ცნობა იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, რაც გულისხმობს სადავო გარიგებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას. განსახილველ შემთხვევაში სადავო გარიგების ბათილობის შემთხვევაში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გულისხმობს სწორედ მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით უძრავი ქონების დაბრუნებას/აღრიცხვას.
5. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.02.2021 წლის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სადავო ხელშეკრულება; სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატის მითითებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, მხარეები იმას, რომ მოსარჩელე ხელშეკრულებით განკარგული ნივთის მესაკუთრე არ არის, სადავოდ ვეღარ გახდიან. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მხოლოდ მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. ამრიგად, მოსარჩელეს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი, რომელიც დასაშვები არ არის.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.02.2021 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
7.1. საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის (ნასყიდობის ხელშეკრულების) სასამართლოს მიერ ბათილად ცნობა (გაუქმება) არის ამ დოკუმენტის საფუძველზე არსებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. აღნიშნული უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება, მართალია, თავისთავად არ იწვევს თავდაპირველი მესაკუთრის სამართლებრივი მდგომარეობის (საკუთრების უფლების) აღდგენას, თუმცა ასეთი აღდგენისათვის სასამართლოს მიერ უშუალოდ საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ არის აუცილებელი. თავდაპირველ მესაკუთრეზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია აღდგება, თუ იგი დამატებით შეასრულებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირობას. ამრიგად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა, მის საფუძველზე სარეგისტრაციო ჩანაწერის ძალადაკარგულად გამოცხადება და რეგისტრაციისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდა ერთობლიობაში სავსებით საკმარისია გაუქმებულ რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღსადგენად.
7.2. რაიონულმა სასამართლომ სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენაზე უარი დაასაბუთა იმით, რომ სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობა იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. სასამართლომ მიზანშეწონილად არ ჩათვალა ორივე ისეთი მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომლებიც საბოლოოდ ერთსა და იმავე სამართლებრივ შედეგს იწვევს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
10. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
11. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სარჩელი სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად დავისადმი მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაუსაბუთებლობის მოტივით, რაც, სსსკ-ის 180-ე მუხლის (სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს) თანახმად, სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს (სუსგ №ას-1389-2018, 30.11.2018წ.).
13. აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (სუსგ №ას-937-887-2015, 10.11.2015წ.).
14. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა: მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობა; უძრავ ნივთებზე თავისი საკუთრების უფლების აღდგენა (იხ. სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 1-21; გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.305, 306). ანუ მოსარჩელეს იმთავითვე აღძრული ჰქონდა მიკუთვნებითი მოთხოვნაც.
15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სადავო ხელშეკრულება, ხოლო საკუთრების უფლების აღდგენის ნაწილში სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგს: ხელშეკრულება დადებულია სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ნამდვილი მესაკუთრის მიერ ნების გამოვლენის გარეშე. (...) ვინაიდან სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსი მათ მიერ გამოვლენილი ნებისაგან განსხვავებულია და არ არის ასახული მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება სადავო გარიგების ტექსტში, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. (...) განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო გარიგების ბათილად ცნობის მიმართ უკავშირდება უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ კვლავ მის ცნობას. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ბათილად ცნობა იწვევს პირვანდელი მდომარეობის აღდგენას, რაც გულისხმობს სადავო გარიგებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას (იხ. გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.310, 312, 314).
16. კერძო საჩივრის ავტორი/მოსარჩელე გადაწყვეტილების მიკუთვნებითი მოთხოვნის (უძრავ ნივთებზე თავისი საკუთრების უფლების აღდგენა) დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში გაუსაჩივრებლობას ასაბუთებს სწორედ იმით, რომ გადაწყვეტილებით დასაბუთდა აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებით შედეგის მიღწევის შესაძლებლობა (იხ. კერძო საჩივარი: ტ.2, ს.ფ.118-123). იმას, რომ აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება და გადაწყვეტილების დასაბუთება მხარეთათვის აღიქმებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ დავის დასრულებად, ადასტურებს მოპასუხის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრებაც.
17. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, მან სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ მიიჩნია მოსარჩელის მიზნის მიღწევისათვის - სადავო ნივთზე მესაკუთრის უფლების დაბრუნება - საკმარისად. შესაბამისად, დაასკვნა, რომ არსებობდა აღიარებითი მოთხოვნის იურიდიული ინტერესის არარსებობის საფუძვლით განუხილველად დატოვების წინაპირობა.
18. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სადავო ხელშეკრულების ბათილობით იურიდიული ინტერესის მიუღწევადობის შესახებ. გარიგების ბათილობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენს გავლენას რეესტრის ჩანაწერის ნამდვილობაზე, თუ ჩანაწერის უსწორობა სასამართლო გადაწყვეტილებით პირდაპირ დადგინდება. სასამართლოს გადაწყვეტილებით მხოლოდ გარიგების ბათილად ცნობით კი, რეესტრის უტყუარობის შედეგად წარმოშობილი უფლებები ეჭვქვეშ ვერ დადგება (დაწვრილებით იხ.: სუსგ №ას-811-778-2016, 21.03.2018წ., პუნ.21.2.). აღნიშნული მსჯელობა შეესაბამება ამ მიმართულებით დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (მიკუთვნებითი და აღიარებითი სარჩელების სამართლებრივი შედეგების თაობაზე იხ. სუსგ №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.; №ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; №ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).
19. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი და ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ იურიდიული ინტერესის (მისი მიღწევადობის) სხვადასხვაგვარად განმარტება მაშინ, როდესაც მოსარჩელეს თავიდანვე ჰქონდა აღძრული მიკუთვნებითი მოთხოვნაც, არ შეიძლება გახდეს დაკმაყოფილებული აღიარებითი მოთხოვნის/სარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობის საფუძვლით სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განუხილველად დატოვების საფუძველი.
20. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს პრინციპს. აღნიშნული ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017წ.; სუსგ №ას-1219-1139-2017, 12.01.2018წ.).
21. მართალია, „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე (Liakopoulou v. Greece, 20627/04, $17, 2006, ECHR; საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014წ. განჩინება, საქმეზე №ას-1161-1106-2014).
22. როცა მოსარჩელეს მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნა აქვს აღძრული და მცდარად ვარაუდობს მისი დაკმაყოფილებით იურიდიული შედეგის მიღწევას, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად არის შესაძლებელი მიკუთვნებითი მოთხოვნის დაყენება (სარჩელის დაზუსტება), ანუ არა არსებული ფაქტობრივი გარემოებების ან ახალი მტკიცებულებების წარდგენის/მითითების გზით, არამედ - უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, რათა მოსარჩელემ მიაღწიოს მისთვის სასურველ იურიდიულ შედეგს (შდრ. სუსგ №ას-595-554-2017, 15.12.2017წ., პუნ.16.1., 16.2).
23. ამასთან, ზოგჯერ გარიგების ბათილობა არა დამოუკიდებელ მოთხოვნას, არამედ მიკუთვნებითი მოთხოვნის წინაპირობას წარმოადგენს (სუსგ №ას-1219-1139-2017, 12.01.2018წ., პუნ.28).
24. მოცემულ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველი, რომელმაც უნდა შეაფასოს: გარიგების ბათილად ცნობა წარმოადგენდა დამოუკიდებელ მოთხოვნას (რომელსაც ჰქონდა მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძველი), თუ - მიკუთვნებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობას, ანუ თავადაც ხომ არ მოიაზრებდა მიკუთვნებით მოთხოვნას. მხოლოდ აღნიშნულის გარკვევის შემდეგ შეიძლება საუბარი იურიდიული ინტერესის არსებობა-არარსებობის საკითხზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჟ.მ–ანის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.02.2021წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე