საქმე №ას-522-2021 9 დეკემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ღ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.03.2021წ. გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ე.ღ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „კასატორი“) მიმართ 21 371 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხე კომპანიის მიერ რკინიგზის გვირაბის სამშენებლო სამუშაოების შესრულების პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა მისი საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოიწვია. მოსარჩელემ ზიანის ფაქტისა და მისი ოდენობის განსაზღვრის მიზნით სასამართლოში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და ინდივიდუალური მეწარმე ზ.გ–ძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარადგინა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება მოპასუხის ბრალით არ იყო გამოწვეული.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.07.2019 წლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს 9000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 316-ე, 317-ე, 361-ე და 992-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, მოპასუხემ კი, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.03.2021 წლის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხეს 15 000 ლარის გადახდა დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
5.1. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე 706.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობებზე მოსარჩელის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული (ტომი I, ს.ფ. 16).
5.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. 2013 წლიდან განვლილ პერიოდში შენობის ტექნიკური მდგომარეობა გაუარესდა. ადრე დაფიქსირებული ბზარების გახსნილობა და მოხაზულობა ვიზუალურად შესამჩნევად არ შეცვლილა, მაგრამ ახალი ბზარები წარმოიქმნა და დაზიანების ხარისხი გაიზარდა, რომელიც დასკვნის შედგენის დროისთვის დაზიანების მე-2 ხარისხს შეესაბამება. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობები ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროა სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების ჩატარება ბზარების გამონოლითებით და ცალკეული მონაკვეთების (კედლის მონაკვეთები, რომელთაც არ გააჩნიათ გადაბმა) ლოკალური გაძლიერებით. შენობის კედლებზე არსებული ბზარები ძირითადად სოფელ ........ რკინიგზის გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, ასევე, ნაწილობრივ - ასაკობრივი ცვეთით და უხარისხოდ განხორციელებული მშენებლობითაა გამოწვეული (ტომი I, ს.ფ. 29-44).
5.3. ინდ. მეწარმე „ზ.გ–ძის“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა 21 371,38 ლარი შეადგინა.
5.4. შპს „ა.ს.ც–ის“ დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლის აღდგენითი სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, საორიენტაციოდ, 3381.20 ლარია საჭირო.
5.5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ექსპერტიზის დასკვნამ დაზიანების გამომწვევ ძირითად მიზეზად, გვირაბის მშენებლობისას წარმოებული აფეთქებები დაასახელა. ამ დასკვნის საქმეში დაცულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეფასების შედეგად პალატას შეექმნა შინაგანი რწმენა, რომ მოსარჩელის უძრავ ქონებაზე მიყენებული ზიანი შერეული ბრალით, თუმცა ძირითადად მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედებებით იყო გამოწვეული. პალატამ საქმის გადაწყვეტის დროს მოპასუხის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიც შეაფასა და განმარტა, რომ შპს „ა.ს.ც–ის“ დასკვნა უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე სავარაუდო მიზეზზე მიუთითებდა და მოსარჩელის სახლის ექსპლუატაციისათვის საჭირო აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების აღწერას ზუსტად არ ასახავდა. დასკვნის მიხედვით, შენობაზე დაზიანებები შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო მშენებლობის ნორმების დარღვევის, ბუნებრივი მოვლენების შედეგად, ტექნიკური მოუვლელობით, ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი მიწისძვრებით, მაგრამ იმის დადგენა, კერძოდ, რომელი მოვლენის შედეგად დაზიანდა სახლი და რა პროცენტულობით, წარმოდგენილი დასკვნით განსაზღვრული არ იყო. პალატის ყურადღების ქვეშ მოექცა ის გარემოებაც, რომ დასკვნაში არ იყო მითითება კვლევაზე, თუ რის საფუძველზე გამოირიცხა დაზიანებების მიზეზად დინამიური აფეთქებების დასახელება. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არ აკმაყოფილებდა მტკიცებულების სანდოობის პროცესუალურ სტანდარტს. პალატამ არც ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში არ გაიზირა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ამ დასკვნის მართებულობა.
5.6. მოპასუხის მიერ საქმეზე წარმოდგენილ კომპანია „ე–ის“ დასკვნებთან დაკავშირებით კი, პალატამ აღნიშნა, რომ იგი ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას შეეხებოდა და კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად არ იყო მიღებული. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა თავისი მნიშვნელობით ვერ აქარწყლებდა კონკრეტული სახლის დათვალიერებისა და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნას მასზე, რომ გვირაბის მშენებლობისას განხორციელებულმა დინამიურმა დატვირთვებმა (მრავალჯერადმა აფეთქებებმა) სხვა გარემო პირობებთან ერთად, იმ ტიპის დაზიანებები გამოიწვია, რაც სადავო უძრავ ქონებას აღენიშნებოდა.
5.7. პალატამ შერეული ბრალის არსებობის პირობებში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამომწვევ ძირითად მიზეზად სწორედ მოპასუხე კომპანიის მიერ წარმოებული აფეთქებები დასახელდა, მიიჩნია, რომ მოპასუხეს ზიანის აღმოსაფხვრელად, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით დადგენილი თანხის 70%, კერძოდ - 15 000 ლარი უნდა დაჰკისრებოდა.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. საკასაციო საჩივარი შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
6.1. საქმეზე წარმოდგენილი კომპანია „ე–ის“ 2017 წლის დასკვნა ადასტურებს, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება მოპასუხის ბრალით არ არის გამოწვეული.
6.2. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია კომპანია „ე–ის“ დასკვნას იმის შესახებ, რომ გვირაბის მშენებლობის ადგილიდან მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაშორების გათვალისწინებით, მოპასუხის საქმიანობას არ შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა და დაეზიანებინა მოსარჩელის ქონება.
6.3. კასატორის მოსაზებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მის მიერ საქმეზე წარმოდგენილი შპს „ა.ს.ც–ის“ დასკვნით განსაზღვრული მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება და არასწორად დააკისრა 15 000 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება. კასატორის მოსაზრებით, შერეული ბრალის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მის მიერ წარმოდგენილ დასკვნით დაანგარიშებული თანხის 3381.20 ლარის ნახევარი უნდა დაეკისრებინა მოსაჩელისათვის ასანაზღაურებლად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების შემოწმება და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობის ამ კონტექსტში შეფასება. უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხია და სადავო ურთიერთობა დელიქტური სამართლის ნორმებით (სსკ-ის 992, 408.1, 409 მუხლები) მოწესრიგებას ექვემდებარება.
12. ამრიგად, მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017წ.).
13. განსახილველი შემთხვევის საკვანძო საკითხს, მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელის ზიანს შორის მიზეზშედგებობრივი კავშირის დადგენა წარმოადგენდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაზე აპელირებით, მოსარჩელემ წარმატებით უზრუნველყო თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, შენობაზე გვირაბის აფეთქების ზემოქმედების, დადასტურება. კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. 2013 წლიდან განვლილ პერიოდში შენობის ტექნიკური მდგომარეობა გაუარესდა. ადრე დაფიქსირებული ბზარების გახსნილობა და მოხაზულობა ვიზუალურად შესამჩნევად არ შეცვლილა, მაგრამ ახალი ბზარები წარმოიქმნა და დაზიანების ხარისხი გაიზარდა, რომელიც დასკვნის შედგენის დროისთვის დაზიანების მე-2 ხარისხს შეესაბამება. შენობის კედლებზე არსებული ბზარები ძირითადად სოფელ ........ რკინიგზის გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, ასევე, ნაწილობრივ - ასაკობრივი ცვეთით და უხარისხოდ განხორციელებული მშენებლობითაა გამოწვეული (ტ.1, ს.ფ.29-44).
14. მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზიის დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულების საპირწონე ფაქტების დადასტურების ვალდებულება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება/მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას გააქარწყლებდა. დადგენილია, რომ მოსარჩელის მტკიცებულების საწინააღმდეგოდ მოპასუხემ სასამართლოს საერთაშორისო კომპანია „ე–ის“ დასკვნები წარუდგინა. დასახელებული კომპანიის 2017 წლის კვლევა უკავშირდება ზოგადად გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად. ამ დასკვნით არ შეფასებულა მოსარჩელის შენობის მდგომარეობის/სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქების მიზეზშედეგობრივი კავშირი. რაც შეეხება 2019 წლის დასკვნას, იგი, თავის მხრივ, დაფუძნებულია ამავე კომპანიის პირველ დასკვნაზე, მასში აღწერილ ინფორმაციასა თუ მონაცემებზე და მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის შესაძლო ზემოქმედების ზოგად სურათს და არა კონკრეტული ობიექტის დეტალური შესწავლის შედეგად შემუშავებულ შეფასებას ასახავს. მართებულად არ იქნა გაზიარებული შპს „ა.ს.ც–ის“ დასკვნაც, ვინაიდან იგი არ შეიცავს კვალიფიციურ, დასაბუთებულ შეფასებას, თუ რა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს ეს დასკვნა და რა საფუძვლით გამოირიცხა რკინიგზის გვირაბის მშენებლობისას წარმოებული აფეთქებების ზეგავლენა შენობის დაზიანებაზე. შესაბამისად, მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, არ გამოდგება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გასაბათილებლად. საკასაციო პალატა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეპირისპირების ნიადაგზე მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოკვლეული გარემოებები ქმნის სსკ-ის 992-ე მუხლის შემადგენლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება მოპასუხე კომპანიის მიერ ნაწარმოები გვირაბის აფეთქების ფაქტობრივი ნეგატიური შედეგია. ქონების დაზიანებასა და მოპასუხის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, მოპასუხის ბრალეულ, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან კავშირში, მოპასუხისათვის დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
15. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანებაში ბრალი, მოპასუხესთან ერთად, მოსარჩელესაც მიუძღვის. შესაბამისად, სსკ-ის 415-ე მუხლის დანაწესზე (თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული) დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეამცირა ზიანის ანაზღაურების ანგარიშში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა 15 000 ლარამდე. ამასთან, საკასაციო პალატის განსჯით, დავაზე არ იკვეთება მოპასუხის პასუხისმგებლობის უფრო მეტად შემცირების სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან ზიანი უმეტესწილად სწორედ მოპასუხის ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, ზიანის ოდენობის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე დაანგარიშების თაობაზე, ვინაიდან მოპასუხის მიერ წარმოდგენილმა მტკიცებულებამ სადაც მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად გასაწევი ხარჯის სხვა ოდენობაა მითითებული, მტკიცებულების სანდოობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.
16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 750 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 750 ლარის 70% – 525 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს“ უკან დაუბრუნდეს შპს ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის მუდმივმოქმედი ფილიალის (ს/ნ: ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 750 ლარის (საგადახდო დავალება №598, გადახდის თარიღი 01.08.2021წ.) 70% – 525 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია