Facebook Twitter

საქმე №ას-1232-2020 9 დეკემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.07.2020წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

თ.კ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „კასატორი“) მიმართ 21 263.33 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხე კომპანიის მიერ რკინიგზის გვირაბის სამშენებლო სამუშაოების შესრულების პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა მისი საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოიწვია. მოსარჩელემ ზიანის ფაქტისა და მისი ოდენობის განსაზღვრის მიზნით სასამართლოში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და ინდივიდუალური მეწარმე ზ.გ–ძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარადგინა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება მოპასუხის ბრალით არ იყო გამოწვეული.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.11.2019 წლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს 17 000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 316-ე, 317-ე, 361-ე და 992-ე მუხლებით იხელმძღვანელა. გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებს დაეფუძნა:

3.1. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე 808.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული.

3.2. მოპასუხე სოფელ ........ აშენებდა სარკინიგზო გვირაბს, მშენებლობის პროცესში მიმართავდა მიწისქვეშა აფეთქებებს.

3.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, თუმცა, მზიდ კედლებში განვითარებული დაზიანებები საფრთხის შემცველი არ არის და შენობა ვარგისია ექსპლუატაციისათვის... ევროპის მაკროსეისმური სკალის მიხედვით დაზიანებები მიეკუთვნება მე-2 ხარისხს. მოსარჩელის სახლის დაზიანებები და მანამდე არსებული დაზიანებების დამძიმება (თუ ასეთი დაზიანებები არსებობდა N9 გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე) გამოწვეულია N9 გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.

3.4. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხაა 21 263 ლარი და 33 თეთრი.

3.5. შპს ,,ა-ს-ც–ის" დასკვნის მიხედვით, სახლზე არსებული დაზიანებების აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 2 860 ლარი.

3.6. სასამართლომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 მარტის N001772019 დასკვნის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანება გამოწვეული იყო მოპასუხის მიერ წარმოებულ სამშენებლო სამუშაოების პროცესში განხორციელებული აფეთქებებით. სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ე–ის" დასკვნა, რომელიც მოპასუხის მოსაზრებით, გამორიცხავდა მის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად მოსარჩელის სახლის დაზიანებას. მითითებული სადავო გარემოების დადგენისას, სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ,,ა-ს-ცე–ის" დასკვნა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული დასკვნა მიუთითებდა უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე სავარაუდო მიზეზზე. რაც შეეხება ,,ე–ის" დასკვნას, სასამართლოს განმარტებით, იგი შედგენილი იყო სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია ,,ე–ის" 2017 წლის ივლისში შედგენილ დასკვნის ანგარიშებზე დაყრდნობით. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა კი ემყარებოდა გამოსაკვლევი ობიექტის ვიზუალურად შესწავლას. ამასთან, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შედგენილ დასკვნაში კატეგორიულად იყო მითითებული სახლის დაზიანების მიზეზზე - მოპასუხის მიერ გვირაბის მშენებლობისას წარმოებულ სამუშაოებზე, განსხვავებით მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ,,ა-ს-ც–ის" მიერ შედგენილი დასკვნისაგან.

3.7. ზიანის ოდენობაზე მსჯელობისას, სასამართლომ შეადარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებები საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებულ დაზიანებებს და მიიჩნია, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა, რაც მოსარჩელეს უნდა მიკუთვნებოდა, უნდა შემცირებულიყო 17 000 ლარამდე.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, მოპასუხემ კი, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.07.2020 წლის განჩინებით, მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.11.2019 წლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. საკასაციო საჩივარი შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

6.1. საქმეზე წარმოდგენილი კომპანია „ე–ის“ დასკვნები ადასტურებს, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება მისი ბრალით არ არის გამოწვეული.

6.2. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია დასკვნას იმის შესახებ, რომ გვირაბის მშენებლობის ადგილიდან მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაშორების გათვალისწინებით, მოპასუხის საქმიანობას არ შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა და დაეზიანებინა მოსარჩელის ქონება.

6.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფატი, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს არ ჩაუტარებია გეოლოგიური გამოკვლევა, არ დაუდგენია მდებარეობდა იყო თუ არა სადავო სახლი მეწყრულ ზონაში და ხომ არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მეწყრულ პროცესებსა და სახლზე არსებულ დაზიანებებს შორის.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების შემოწმება და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობის ამ კონტექსტში შეფასება. უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხია და სადავო ურთიერთობა დელიქტური სამართლის ნორმებით (სსკ-ის 992, 408.1, 409 მუხლები) მოწესრიგებას ექვემდებარება.

12. ამრიგად, მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017წ.).

13. განსახილველი შემთხვევის საკვანძო საკითხს, მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელის ზიანს შორის მიზეზშედგებობრივი კავშირის დადგენა წარმოადგენდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაზე აპელირებით, მოსარჩელემ წარმატებით უზრუნველყო თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, შენობაზე გვირაბის აფეთქების ზემოქმედების, დადასტურება. კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, თუმცა, მზიდ კედლებში განვითარებული დაზიანებები საფრთხის შემცველი არ არის და შენობა ვარგისია ექსპლუატაციისათვის, მაგრამ შენობის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის საჭიროა ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს - აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები, ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით. ევროპის მაკროსეისმური სკალის მიხედვით დაზიანებები მიეკუთვნება მე-2 ხარისხს. მოსარჩელის სახლის დაზიანებები და მანამდე არსებული დაზიანებების დამძიმება (თუ ასეთი დაზიანებები არსებობდა N9 გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე) გამოწვეულია N9 გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად (ტ.1, ს.ფ.34-46).

14. მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზიის დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულების საპირწონე ფაქტების დადასტურების ვალდებულება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება/მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას გააქარწყლებდა. დადგენილია, რომ მოსარჩელის მტკიცებულების საწინააღმდეგოდ მოპასუხემ სასამართლოს საერთაშორისო კომპანია „ე–ის“ დასკვნები წარუდგინა. დასახელებული კომპანიის 2017 წლის კვლევა უკავშირდება ზოგადად გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად. ამ დასკვნით არ შეფასებულა მოსარჩელის შენობის მდგომარეობის/სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქების მიზეზშედეგობრივი კავშირი. რაც შეეხება 2019 წლის დასკვნას, იგი, თავის მხრივ, დაფუძნებულია ამავე კომპანიის პირველ დასკვნაზე, მასში აღწერილ ინფორმაციასა თუ მონაცემებზე და მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის შესაძლო ზემოქმედების ზოგად სურათს და არა კონკრეტული ობიექტის დეტალური შესწავლის შედეგად შემუშავებულ შეფასებას ასახავს. მართებულად არ იქნა გაზიარებული შპს „ა.ს.ც–ის“ დასკვნაც, ვინაიდან იგი არ შეიცავს კვალიფიციურ, დასაბუთებულ შეფასებას, თუ რა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს ეს დასკვნა და რა საფუძვლით გამოირიცხა რკინიგზის გვირაბის მშენებლობისას წარმოებული აფეთქებების ზეგავლენა შენობის დაზიანებაზე. შესაბამისად, მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, არ გამოდგება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გასაბათილებლად. საკასაციო პალატა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეპირისპირების ნიადაგზე მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოკვლეული გარემოებები ქმნის სსკ-ის 992-ე მუხლის შემადგენლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება მოპასუხე კომპანიის მიერ ნაწარმოები გვირაბის აფეთქების ფაქტობრივი ნეგატიური შედეგია. ქონების დაზიანებასა და მოპასუხის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, მოპასუხის ბრალეულ, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან კავშირში, მოპასუხისათვის დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

15. მოსარჩელის ქონებაზე მეწყრული პროცესების შესაძლო ზემოქმედების თაობაზე კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ გარემობაზე მოპასუხეს არ მიუთითებია პროცესუალურად დასაშვებ ეტაპზე - შესაგებლში ან შემდგომ საქმის მომზადების დასრულებამდე (სსსკ-ის 201.4. მუხლის თანახმად პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს), რაც ამ საკითხზე შემდგომი მსჯელობის განვითარებას გამორიცხავს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ცხადყოფს მოპასუხის ბრალეულობას ზიანთან მიმართებაში, შეჯიბრებითობის პრინციპისა და მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში სწორედ მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო ამ დავის ფარგლებში იმგვარი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც უცილობლად დაადასტურებდა მოსარჩელის სახლის სხვა გარემოებების ზეგავლენით, თუნდაც მეწყრული პროცესების ზემოქმედებით დაზიანებას, რასაც მოპასუხემ თავი სათანადოდ ვერ გაართვა.

16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 850 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 850 ლარის 70% – 595 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს“ უკან დაუბრუნდეს შპს ჩ.რ. №-ე ბ.ჯ–ის მუდმივმოქმედი ფილიალის (ს/ნ: ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 850 ლარის (საგადახდო დავალება №119, გადახდის თარიღი 11.12.2020წ.) 70% – 595 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია