Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბ-197-4-ბ-03 14 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. დ-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ქ. ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ იმ საფუძვლით, რომ: 1990წ. 23 მაისს ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ¹11.43.600 გადაწყვეტილებით საქაგრომრეწვის ¹4 ტრესტის ქუთაისის სპეცსარემონტო უბნის კოოპერატივ “ა-ს" სადღეღამისო ავტოსადგომისა და ავტომანქანების მიმდინარე შეკეთებისათვის ქ. ქუთაისში, ... გამოუყო 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი. კოოპერატივის ლიკვიდაციის შემდეგ მის ბაზაზე შეიქმნა ინდივიდუალური საწარმო “გ. დ-ი", რომელიც რეგისტრირებულია ქუთაისის სასამართლოს 1996წ. 13 ნოემბრის დადგენილებით, როგორც კოოპერატივის სამართალმემკვიდრე, შესაბამისად მის მფლობელობაში გატარდა 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი. 2001წ. 1 ივნისს მან განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, რაზედაც უარი ეთქვა ერთჯერადი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

გ. დ-ი განმარტავს, რომ სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ" კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით და ამავე კანონის მე-7 მუხლის მესამე პუნქტით, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის არავითარი გადასახადი არაა დაწესებული და იგი უფასოა. ასევე ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ კანონის მე-16 მუხლის “გ" პუნქტის მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე არ ეკუთვნის რაიმე გადასახადის გადახდა, რადგან არის დიდ სამამულო ომში დაღუპული პირის შვილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 2 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

1. 1999წ. 28 ოქტომბერს მიღებული კანონის “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" მე-4 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულია მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, მათ შორის, გ) კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი საბუთი. დ) “საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიწის გადასახადისა და ამ კანონით დადგენილი ერთჯერადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, ინდმეწარმე “გ. დ-ის" მიერ კი ასეთი დოკუმენტები წარდგენილი არ ყოფილა;

2. სასამართლომ განმარტა, რომ გ. დ-ის მიმართ, რომელიც, მართალია, არის დიდ სამამულო ომში დაღუპული პირის ოჯახის წევრი, არ უნდა გავრცელდეს საქართველოს კანონით “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" გათვალისწინებული შეღავათები და არ უნდა გათავისუფლდეს მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის დადგენილი ერთჯერადი საზღაურის გადახდისაგან, რადგან კანონი ეხება არა ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, არამედ ომისა და შეირაღებული ძალების ვეტერანებს. ასეთ პირთა კატეგორიაში კი მოსარჩელე არ გადის.

გ. დ-მა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით, გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: აპელანტი განთავისუფლდა საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის დაწესებული გადასახადისაგან, დანარჩენ ნაწილში გ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სასამართლო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს კანონის “ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის განმცხადებელი რეგისტრატორს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) განცხადებას;

ბ) მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთს;

გ) კერძო საკუთრების უფლების მისანიჭენებელი მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელ საბუთს;

დ) საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიწის გადასახადისა და ამ კანონით დადგენილი ერთჯერადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს.

გ. დ-მა მიწის მართვის სამმართველოში წარადგინა განცხადება რეგისტრაციის შესახებ, მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ არ წარუდგენია კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი საბუთი და არ აქვს გადახდილი ერთჯერადი გადასახადი;

2. სასამართლოს აზრით, საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიწის გადასახადის გადახდა გ. დ-ს არ ევალება, რადგან იგი არის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ შ. დ-ის ოჯახის წევრი. საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის “ნ" პუნქტის მიხედვით, მიწის გადასახადით არ იბეგრება მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები პრივატიზაციის წესით მიღებულ მიწის ფართობებზე;

3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან, გ. დ-ს მიწის მართვის სამმართველოში წარდგენილი აქვს განცხადება რეგისტრაციის შესახებ, მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი, მაგრამ არ აქვს წარდგენილი კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელი მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი საბუთი. ასევე არ აქვს გადახდილი ერთჯერადი გადასახადი, ამიტომ გ. დ-ის სარჩელის ეს მოთხოვნა, რომ მიწის მართვის სამმართველომ უნდა გაატაროს რეგისტრაციაში, არასწორია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. დ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 30 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ის, რაც მოსარჩელეს არ მოუთხოვია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მიწის მართვის სამმართველომაც და მოთხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 30 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 2003წ. 14 მარტის განჩინებით კასატორების – გ. დ-ისა და ქ. ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2003წ. 2 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. დ-მა და მოითხოვა ზემოთ მითითებული საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მისთვის სასამართლო პროცესის თაობაზე არ შეუტყობინებიათ და ამ მიზეზით ვერ შეძლო პროცესს დასწრებოდა, რაც, იმის აზრით, სავალდებულო იყო.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართევლოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო გ. დ-ის განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 14 მარტის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ და მიიჩნევს, რომ გ. დ-ის განხადება დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 421-ე მუხლით, გამონაკლისის სახით, დაშვებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობის ორი სახე: გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. ანუ განახლება დასაშვებია მხოლოდ ისეთი საქმეებისა, რომელთა წარმოება დამთავრებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით.

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინებით საქმის წარმოება არ დამთავრებულა, საქმე განსახილველად უკან დაუბრუნდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და ამდენად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღებისა და მისი არსებითად განხილვის წინა პირობა. შესაბამისად გ. დ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 14 მარტის განჩინების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ამავე დროს, პალატა განმცხადებლის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2003წ. 14 თებერვალს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მან წარმოადგინა განცხადება და ცნობა ავადმყოფობის შესახებ. ვინაიდან არ იყო გამოცხადებული მეორე კასატორის – ქ. ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენელი, სხდომა გადაიდო 28 თებერვლისათვის. აღნიშნულ დღეს სასამართლო პროცესზე გამოცხადდა გ. დ-ი, რომელსაც პირადად ჩაბარდა უწყება და მეორე კასატორზე, ქ. ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოსათვის ჩასაბარებლად თავად წაიღო სასამართლო უწყება პროცესის 14 მარტისათვის დანიშვნის შესახებ. 14 მარტს გ. დ-ი ესწრებოდა სასამართლო პროცესს და თავად დააფიქსირა თავის მოსაზრებანი საქმესთან დაკავშირებით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპოცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 421-ე-423-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. დ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 14 მარტის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინების ასლები მხარეებს გადაეგზავნოთ დადგენილი წესით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.