Facebook Twitter

2 დეკემბერი, 2021 წელი,

საქმე №ას-825 -2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ბ.ჯ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ბ.ჯ–ა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მყიდველი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით შპს „გ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 22 842.63 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ იყო დასაბუთებული, სახელდობრ:

2. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დააკისრათ იმ ბეტონის ღირებულების (12 012 ლარი) ანაზღაურება რომელიც არ მიუღიათ. კერძოდ, წარდგენილ ზედნადებებში მითითებული ინფორმაციით, იმდენად მცირეა ერთი და იმავე ავტომობილისა და მძღოლის მიერ 2016 წლის 20 ოქტომბერს შესრულებულ გადაზიდვებს შორის არსებული დროის მონაკვეთი, რომ შეუძლებელია, დადგინდეს ბეტონის მიწოდება რეალურად განხორციელდა თუ არა.

2.1. კასატორის მითითებით, ანგარიშფაქტურა საგადასახადო მიზნებისთვის გამოიყენება და მასზე დაყრდნობით საქონლის მიღების ან/და ვალდებულების წარმოშობის ფაქტის დადგენა შეუძლებელია.

2.2. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაც არასწორად შეფასდა, რომელიც ბეტონის უხარისხობას ადასტურებდა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელე მოპასუხეს სხვადასხვა მარკის ბეტონს აწვდიდა და უზრუნველყოფდა მზა ბეტონის ჩასხმას მოთხოვნის შესაბამისად.

5.4. შეთანხმების ფარგლებში, მოსარჩელემ მოპასუხეს 169 279.63 ლარის ღირებულების ბეტონი მიაწოდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 477-ე მუხლი), (იხ. საგადასახადო ანგარიშფაქტურები (შემდეგში - ნსაფ), სერია „ეა“, ინდივიდუალური ნომრები - 137465665, 13 7114486, 13 6900134, 136177311, 13 5699172, 135544676, 134866234, 134866233, 134282848, 13 3804980, 133514811 ს.ფ. 19-32, ტ.2).

5.5. მოპასუხემ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ნაწილი - 146 437 ლარი გადაიხადა (იხ. ს.ფ. 33-41, ტ.2), დარჩენილი 22 842, 63 ლარის გადახდაზე კი, უარი განაცხადა.

5.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 7 მარტის #001184317 დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის დასკვნა) მიხედვით, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გამოიკვლია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მშენებარე საჯარო სკოლის +0.00 ნიშნულზე გადახურვის ფილის ბეტონის ხარისხი. გამოსაკვლევი ობიექტია მშენებარე სკოლის გადახურვის ფილა (+0.00 ნიშნულზე), რომლის ბეტონი ჩამოსხმულია (დაყალიბებულია) 23-24 დეკემბერს, დათვალიერებით ფილის ზედაპირს ემჩნევა მოყინვის ნიშნები, ზედაპირი იფშვნება 1-3 სმ-ის სიღრმემდე. ფილის ქვედა ნაწილზე არ ისახება მოყინვა.

5.5.1. დასკვნაში აღნიშნულია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მშენებარე საჯარო სკოლის დათვალიერებისას დაუშვებელი ჩაღუნვა ან ბზარი არ შეიმჩნევა, თუმცა გადახურვის +0.00 ნიშნულზე ბეტონის ზედა დამცავი შრე აღემატება პროექტით გათვალისწინებულ მაჩვენებელს და, 2 სმ-ის ნაცლად 4 სმ-ია, შედარებით მუქია და მექანიკური ზემოქმედებისას ხდება ბეტონის ზედაპირიდან წვრილი შემავსებლის აშრევება. 1 და მე-3 ცხრილებში სართულშუა გადახურვის ფილის +0.00 ნიშნულზე განსხვავებული მეთოდიკებით მიღებული ბეტონის სიმტკიცის შედეგები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა. ამასთანავე, პროექტში მითითებული ბეტონის კლასი (B25) შეესაბამება მხოლოდ ფილის „4-5-:ა-ბ“ ღერძებს შორის ფრაგმენტს, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებზე ბეტონის კლასი შედარებით დაბალია, რაც გამოწვეულია ბეტონირების რეალური პირობებით, კერძოდ, მშენებლებისაგან მიღებული ინფორმაციით ფილის ბეტონირება მოხდა 2016 წლის 23-24 დეკემბერს, რის გამოც ზამთრის ცივ პერიოდში ბეტონის სიმტკიცის მატება შეყოვნდა. გარკვეული დროის განმავლობაში, გარემო პირობების დათბობის შედეგად, ბეტონის სიმტკიცის მატების პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ ცალსახად იმის მტკიცება, რომ საბოლოოდ ის მიაღწევს საპროექტო სიმტკიცეს, შეუძლებელია. ამიტომ მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში ურღვევი მეთოდით ხელმეორედ უნდა გადამოწმდეს +0.00 ნიშნულზე ფილის ბეტონის სიმტკიცე, ხოლო მანამდე რეკომენდირებულია, მშენებლობისას შეიზღუდოს ფილის აღნიშნულ ფართობზე სამშენებლო ინვენტარისა და მასალების დასაწყობება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხანგრძლივი დატვირთვისაგან ჩაღუნვის მომატება. ამასთან, გადახურვის „7-8-:-ა-ბ“ და „8-9-:ა-ბ“ ღერძებს შორის ფრაგმენტების ანგარიშებით შემოწმებამ დაადასტურა, რომ შესაძლო დატვირთვის სქემებისათვის განსახილველი მონაკვეთების მზიდუნარიანობა უზრუნველყოფილია.

6. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის (სსკ-ის 477-ე მუხლი) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც მხარეებს წარმოეშვათ უფლება-მოვალეობები. გამყიდველი ვალდებული იყო, კასატორისათვის მიეწოდებინა ბეტონი, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ვალდებული იყო, მიეღო იგი და გადაეხადა ფასი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი ანგარიშფაქტურები ადასტურებს კასატორის მიერ მოწინააღმდეგე მხარისაგან ბეტონის, ღორღის. არმატურისა და პომპის მომსახურების მიღებას. აქედან გამომდინარე, შემძენი ვალდებული იყო, სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაეხადა დარჩენილი ნასყიდობის ფასი - 22 842, 63 ლარი.

7. ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურის რელევანტურ მტკიცებულებად შეფასების პირობებში საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნებს და განმარტავს, რომ „ნსაფ“ საჯარო სამართლის სფეროს მიკუთვნებული, კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სპეციალური დანიშნულების მქონე დოკუმენტია და ემსახურება საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებულ მიზანს - გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივი მდგომარეობის, ასევე, საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების განსაზღვრას.

მიუხედავად ამისა, პალატა ამ დოკუმენტების მტკიცებულებით ღირებულებას სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის არ უარყოფს, რადგანაც მისი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად შეფასებით შესაძლებელია, დადასტურებულ იქნეს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის რეალურად არსებობის ფაქტი.

უშუალოდ „ნსაფ-ის“ თაობაზე კასატორის პოზიციის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლით (ურთიერთობის წარმოშობის მომენტისთვის არსებული რედაქცია), რომლის პირველი და 11 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო ანგარიშფაქტურა შეიძლება, გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. ამავე კოდექსის 1751 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია, შემოიღოს ანგარიშ ფაქტურა, რომელიც შეიცავს როგორც სასაქონლო ზედნადებით, ისე საგადასახადო ანგარიშფაქტურით (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურებით) გათვალისწინებულ რეკვიზიტებს და განსაზღვროს მისი გამოწერისა და წარდგენის წესი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია, ელექტრონული ფორმით, ონლაინრეჟიმით, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის, www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით – პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი, ასევე, საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის გადაყვანას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე და მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებს მას ავტორიზაციის შესახებ. თუ განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს უგზავნის წერილობით უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ზემომოხმობილი მსჯელობიდან გამომდინარე მართებულია დასკვნა მასზედ, რომ ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სავსებით ადასტურებს პროდუქციის მყიდველის მიერ მიღების ფაქტს და კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში წარმოშობს საფასურის გადახდის ვალდებულებას.

8. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 20 ოქტომბერს ერთი და იმავე ავტომობილისა და მძღოლის მიერ გადაზიდვებს შორის არსებული დროის მცირე მონაკვეთში შეუძლებელი იყო სასაქონლო ზედნადებში მითითებული ბეტონის ფაქტიური მიწოდება.

ნიშანდობლივია, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებზე (საექსპერტო გამოკვლევა, რომელშიც გაანალიზებულია კონკრეტული მარკის ავტომობილის დატვირთვა-გადმოტვირთვის და გადაადგილების სიჩქარე, დანიშნულების პუნქტამდე დასაფარი მანძილი, გზის მონაკვეთზე დროის კონკრეტულ მონაკვეთში არსებული მოძრაობის ინტენსივობა და სხვა გარმოებანი, რომელთა საფუძველზეც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირი ჩამოაყალიბებდა დასკვნას მითითებულ სადავო ფაქტთან მიმართებით) მითითებით ხსენებული გარემოების დადასტურება ვერ უზრუნველყო, ამასთან მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებით დასახელებული ფაქტის დადგენა შეუძლებელია და არ შეესაბამება მტკიცების ტვირთის სამოქალაქოსაპროცესო სტანდარტს.

9. კასატორის პრეტენზია ბეტონის უხარისხობასაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შესაფასებელ ობიექტზე არსებული ხარვეზი გამოწვეულია არა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე არასრულად და/ან არასათანადო ხარისხის მიწოდებული ბეტონის გამო, არამედ ზამთრის ცივ პერიოდში, კერძოდ, 2016 წლის 23 და 24 დეკემბერს, ფილის ბეტონირებით, რამაც ბეტონის სიმტკიცის მატება შეაყოვნა (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა). აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში ასევე არ წარდგენილა.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

12. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს თ.ნ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1142.15 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 27.11.2020წ), 70% - 799,50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ბ.ჯ–ას“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს თ.ნ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1142.15 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 27.11.2020წ), 70% - 799,50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე