საქმე №ას-517-2021 17 დეკემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს ,,ა.ბ.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ვ–ძე, თ.თ–ია (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს ,,ა.ბ-მ“ (შემდგომ – მოსარჩელე, კომპანია, აპელანტი, კასატორი) ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.ვ–ძის (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი მოწინააღმდეგე მხარე) და თ.თ–იას (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ.
მოპასუხეების პოზიცია:
2. მოპასუხეებმა წერილობით წარგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ხოლო აპელანტის სააპელაციო საჩივარი, ამ უკანასკნელის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რაც მოსარჩელემ საჩივრით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები:
5. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით, მოსარჩელის საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 241-ე და 233.1 მუხლებით და განმარტა, რომ საჩივრის ავტორის წარმომადგენელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობასა და, შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძვლად საჩივარში მიუთითებდა ჯანმრთელობის გაუარესებაზე, კერძოდ, მისი განმარტებით, 2020 წლის 24 ივნისს, 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის დაწყებამდე 15 წუთით ადრე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადდა, მაგრამ, ვინაიდან შემოწმებისას მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, სასამართლოს მანდატურის სამსახურმა სასამართლო შენობაში არ დაუშვა, რის შესახებაც სასამართლოს შემადგენლობის აპარატის თანამშრომელს (მოსამართლის თანაშემწეს) შიდა ტელეფონზე შეატყობინა.
7. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ მართალია, საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ ჯანმრთელობის შესახებ ცნობაში მითითებული იყო, რომ ლ.ლ–ძე 2020 წლის 24 ივნისიდან იმავე წლის 26 ივნისის ჩათვლით საჭიროებდა წოლით რეჟიმს, თუმცა, სასამართლოს განმარტებით, როგორც თავად აპელანტი მხარე მიუთითებდა, წარმომადგენელი სხდომის დღეს გამოცხადებული იყო სასამართლოში, შესაბამისად, მას შესაძლებლობა ჰქონდა, სათანადო წესით საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა, ვინაიდან სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ.
8. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის წარმომადგენელს შესაძლებლობა ჰქონდა, სასამართლოსთვის კანცელარიის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარედგინა უფლებამოსილების დამადასტურებელი რწმუნებულება/მინდობილობა. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 9 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე აპელანტი (მისი წარმომადგენელი) არ გამოცხადდა, ხოლო 2020 წლის 29 მაისის სხდომაზე წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული წარმომადგენელი სათანადო უფლებამოსილების გარეშე გამოცხადდა, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ საქმის მასალებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობდა და, შესაბამისად, საქმის განმხილველი შემადგენლობისათვის მისი უფლებამოსილების შესახებ ცნობილი არ იყო.
9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მომდევნო სხდომაზე, 2020 წლის 12 ივნისს, აპელანტი კვლავ არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე, რაც შეეხება 2020 წლის 24 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომას, საქმის მასალებში არ არსებობდა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - რწმუნებულება (მინდობილობა) და, შესაბამისად, წარმომადგენლის მიერ თუნდაც ზეპირი ფორმით სასამართლოსთვის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ შეტყობინება, სასამართლოს შეფასებით, ვერ გახდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის დამაბრკოლებელი გარემოება.
10. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ წარდგენილი რწმუნებულება/მინდობილობის დამოწმების შესახებ 2020 წლის 24 ივნისს გაცემული დოკუმენტის შინაარსის თანახმად, წარმომადგენლების სახელზე, გაცემული იყო არა, როგორც აპელანტის - კომპანიის დირექტორის, არამედ ფიზიკური პირის თ.ნ–ძის მიერ. გარდა აღნიშნულისა, ამავე რწმუნებულებით დასტურდებოდა, რომ მისი გაცემის თარიღი 2020 წლის 24 ივნისი, 4 საათი და 19 წუთი (PM) იყო, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 12:00 სთ-ზე იყო დანიშნული.
11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა (წარმომადგენელმა) ვერ დაადასტურა, რომ მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
12. აპელანტმა (მოსარჩელემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად და საქმის ხელახლა სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
13. კასატორის მტკიცებით, აპელანტის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით, რაც გათვალისწინებულია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო სასამართლო, კერძოდ, სასამართლოსათვის სხდომის დღეს ცნობილი იყო ის გარემოება, რომ მთავარ სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად აპელანტის წარმომადგენელი სასამართლოში გამოცხადდა (საჩივრის განხილვის შესახებ აღნიშნული მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენლებმაც დაადასტურეს), რომელიც სხდომის დაწყებამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე სასამართლოს შენობაში შევიდა, რათა სათანადო შემოწმება გაევლო და სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად სხდომის დარბაზში შესულიყო. მას სავალდებულო შემოწმების გავლისას მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის გამოც სასამართლოს მანდატურის სამსახურმა სასამართლოს შენობა დაატოვებინა. წარმომადგენელი ამის თაობაზე სასამართლოს შემადგენლობის აპარატის თანამშრომელს (მოსამართლის თანაშემწე) შიდა ტელეფონზე დაუკავშირდა და სთხოვა ზემოაღნიშნული გარემოება საქმის განმხილველი სასამართლო შემადგენლობისათვის ეცნობებინა. მოსამართლის თანაშემწისგან მან მიიღო ინფორმაცია, რომ სასამართლო ინფორმირებული იყო.
14. კასატორის განმარტებით, მანდატურის სამსახურმა ურჩია ყოველგვარი გაუგებრობის გამოსარიცხად, გარკვეული დროის შემდეგ, კვლავ გაევლო სავალდებულო ტემპერატურული შემოწმება, ხოლო, ვინაიდან რამდენიმე ხელახალი შემოწმების დროს კვლავ დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, კვლავ საქმის კურსში ჩააყენა სასამართლოს სათანადო მოხელე, ხოლო თვითონ მკურნალი ექიმის რეკომენდაციით სასწრაფოდ წავიდა კლინიკაში ,,сovid 19“-ის ტესტირებისათვის, რასაც სამკურნალო დაწესებულების იმავე დღეს, კერძოდ, 2020 წლის 24 ივნისს გახსნილი საავადმყოფო ფურცელი ადასტურებს.
15. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ საქმეში არსებობდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც საქმისწარმოების პროცესში ამოეწურა მოქმედების ვადა. უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით კი, მხარე გამოცხადებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო სხდომაზე იგი წარდგენილი იქნება წარმომადგენლის მეშვეობით, რომლის უფლებამოსილებასაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ნაკლი. ასეთ შემთხვევაში წარმომადგენლის გამოცხადება მიანიშნებს დავის მიმართ მხარის ინტერესის არსებობაზე, რის გამოც სასამართლომ მას უნდა მისცეს გონივრული ვადა არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად და შესაბამისი უფლებამოსილების მიმნიჭებელი მინდობილობის წარსადგენად (საქმე №ას-953-1259-07, 2008 წლის 31 მარტის განჩინება). კასატორის მტკიცებით, საქმეში არსებული, თუნდაც ხარვეზიანი მინდობილობა, მხარის დავის მიმართ ინტერესის არსებობისას არ შეიძლება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდეს, მით უფრო, როდესაც აპელანტის წარმომადგენელი ადვოკატია და თუ შეძლებდა სასამართლოს შენობაში შესვლასა და სხდომაზე გამოცხადებას ადვოკატის ორდერის საფუძველზე, მიიღებდა სხდომაში მონაწილეობას.
16. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, წარმომადგენელს შესაძლებლობა ჰქონდა სასამართლოსთვის კანცელარიის თუ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა. კასატორის განმარტებით, წარმომადგენელი ვარაუდობდა, რომ პროცესში მონაწილეობის მიღებას შეძლებდა, შესაბამისად, 10 წუთით ადრე, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა სხდომაზე დასწრების შეუძლებლობის შესახებ, იგი ვერ მოახერხებდა სასამართლოს ეზოდან, ელექტრონულ ფოსტაზე ან კანცელარიაში განცხადების შეტანას, მაშინ როდესაც მანდატურის სამსახური არ უშვებდა სასამართლოს შენობაში.
17. კასატორის მტკიცებით, სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის განხილვის დროს არ იყო უფლებამოილი, განეხილა საჩივარი და მიეღო გადაწყვეტილება. საჩივრის განხილვაში მონაწილეობას იღებდა აპელანტი კომპანიის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, იმ დროს, როდესაც კომპანიის დირექტორმა საქმეში არსებული რწმუნებულების თანახმად, უფლებამოსილება მიანიჭა ორ წარმომადგენელს, რათა მათ მხოლოდ ერთად განეხორციელებინათ მისი ინტერესების დაცვა და არა ცალ-ცალკე, რაც დასტურდება კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული რწმუნებულებით, შესაბამისად, ვინაიდან სასამართლოში არ გამოცხადებულა ყველა მხარე, არ ყოფილა ინფორმირებული აღნიშნულის თაობაზე მეორე წარმომადგენელი, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ამ რწმუნებულების თანახმად, სასამართლოში გამოცხადებულად მიეჩნია ყველა მხარე, ემსჯელა საჩივრის განხილვაზე და მიეღო გადაწყვეტილება
18. კასატორის განმარტებით, პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს წერილით უარი ეთქვათ ვიდეოკამერის ჩანაწერის გადაცემაზე. სასამართლომ არც ეს გაითვალისწინა და არც ის გარემოება, რომ საჩივრის განხილვის დროს აღნიშნული დაადასტურა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
19. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება (რომლითაც ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება) უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და მისი უცვლელად დატოვების კანონიერება.
21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
22. საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია.
23. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივარს განხილვა 2020 წლის 12 ივნისის სხდომაზე სხვა დროისათვის, კერძოდ, იმავე წლის 24 ივნისს, 12:00 საათზე გადაიდო.
24. ზემოაღნიშნულის შესახებ აპელანტი კომპანიის დირექტორს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით, შესაბამისად, იგი 2020 წლის 24 ივნისს, 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე გაფრთხილებულ იქნა კანონით დადგენილი წესით.
25. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოსარჩელე (აპელანტი) მხარე. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა გამოცხადებული მხარის შუამდგომლობა და აპელანტის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
26. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
27. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
28. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად მიიჩნევა მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
29. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და მისი უცვლელად დატოვების კანონიერების შესაფასებლად მნიშვნელოვანია, გაირკვეს სასამართლოში აპელანტი კომპანიის სახელით გამოცხადებულ პირს (წინამდებარე განჩინების მეშვიდე პუნქტში მითითებულ წარმომადგენელს) წინამდებარე განჩინების მე-13-მე-14 პუნქტებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობისას, რამდენად შეეძლო აპელანტი კომპანიის ინტერესების დაცვა.
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ საქმის განხილვის საპროცესო წესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და სასამართლო ნებისმიერი პროცესუალურ-სამართლებრივი საკითხის შეფასებისას, თუ სხვა სპეციალური კანონით განსხვავებული რეგულაცია არ არის დადგენილი, ხელმძღვანელობს სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.
31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების არიდებას. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად მხარეებს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს), შეუძლიათ, საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე, წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენლობა ესაა კანონით გარანტირებული შესაძლებლობა, მხარემ აწარმოოს საქმე სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც ასრულებს სასამართლოში მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით. სასამართლო წარმომადგენლობა დაიშვება უკლებლივ ყველა საქმეზე, რომელიც სასამართლოს ექვემდებარება უწყებრივად. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ: ა) ნებაყოფლობით ანუ სახელშეკრულებო წარმომადგენლობას; ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლობას; გ) კანონისმიერ წარმომადგენლობას. ნებაყოფლობითი (სახელშეკრულებო) წარმომადგენლობა წარმოიშობა მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე დავალების ხელშეკრულების დადებით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლი). სსსკ-ის 96-ე მუხლი ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმების პროცედურებს, ხოლო სსსკ-ის 98-ე მუხლი კი, ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს (იხ. ზ.ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწილი I, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2014, გვ.180-199).
32. სსსკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
33. „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების საფუძველს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამოძიების ორგანოებში ან საქმის სასამართლოში განხილვისას ადვოკატი ვალდებულია საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად წარადგინოს დადგენილი წესით კლიენტის მიერ მასზე გაცემული დოკუმენტი - მინდობილობა ან ორდერი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადვოკატის ორდერის ნიმუშს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.
34. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას ადვოკატი უფლებამოსილია, კლიენტის ინტერესები წარმოადგინოს და დაიცვას როგორც მინდობილობის, ასევე - ორდერის საფუძველზე. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, მინდობილობის გაცემის წესს ადგენს სსსკ-ის 96-ე მუხლი, ხოლო, ადვოკატის ორდერის ნიმუშს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო („ადვოკატთა შესახებ“ კანონის 19.3 მუხლი).
35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მასალების თანახმად, მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა 2016 წლის 12 სექტემბერს, წინამდებარე განჩინების მეშვიდე პუნქტში მითითებულ წარმომადგენელსა და ქ.კ–ას (შემდგომ - კომპანიის მეორე წარმომადგენელი) სახელზე მინდობილობა გასცა, რათა მათ ერთად ან/და ცალ-ცალკე მარწმუნებლის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში, მათ შორის, სასამართლოში დაეცვათ. რწმუნებულება სამი წლის ვადით გაიცა და ძალაში იყო 2019 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით.
36. უდავოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი სასამართლომ 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით წარმოებაში მიიღო და სასამართლო სხდომა 2020 წლის 14 თებერვლის განჩინებით, იმავე წლის 9 მარტს დანიშნა. ამასთან, ვინაიდან სასამართლო უწყება აპელანტ კომპანის ვერ ჩაჰბარდა, სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ, ჯერ კიდევ 2020 წლის 27 თებერვალს კომპანიის მეორე წარმომადგენელს მინდობილობის ხარვეზის შესახებ აცნობა და მიუთითა, რომ სასამართლო სხდომის თაობაზე შეტყობინების განხორციელების მიზნით საჭირო იყო ახალი მინდობილობის წარდგენა (იხ. ტ. 3, ს.ფ 71). სასამართლო სხდომაზე აპელანტი კომპანია არ გამოცხადდა, რის გამოც სხდომა 2020 წლის 3 აპრილს გადაიდო (თუმცა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე არ ჩატარდა). ამის შემდგომ, სასამართლო სხდომა 2020 წლის 29 მაისს დაინიშნა და მეორე წარმომადგენელს მინდობილობის ხარვეზის თაობაზე კვლავ ეცნობა, თუმცა აპელანტი კომპანიის წარმომადგენელი სათანადო უფლებამოსილების გარეშე გამოცხადდა 2020 წლის 29 მაისის სხდომაზე. შემდგომ სასამართლო სხდომა 2020 წლის 12 ივნისს დაინიშნა. სხდომამდე კომპანიის დირექტორმა განცხადება წარადგინა სასამართლოში და საქმის განხილვის გადადება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების/მინდობილობის გასაცემად მოითხოვა, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო სხდომა 2020 წლის 24 ივნისს, 12:00 საათზე გადაიდო, თუმცა, ვინაიდან აპელანტი მხარე კვლავ არ გამოცხადდა სხდომაზე, სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო.
37. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მასალების თანახმად, 2019 წლის 12 სექტემბრის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებს წარმომადგენლობით უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდათ, რის გამოც სასამართლოს მხრიდან სხდომის თარიღი ეცნობა პირადად აპელანტი კომპანიის დირექტორს, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული იყო სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობა წარმომადგენლის მეშვეობით გაეგრძელებინა, უნდა მიეღო შესაბამისი ზომები საქმეში მისი წარმომადგენლის სტატუსით მონაწილე პირისათვის წარმომადგენლობითი ვადის გაგრძელებისათვის, რაც მას არ გაუკეთებია, აქედან გამომდინარე, თუნდაც წინამდებარე განჩინების მეშვიდე პუნქტში მითითებული წარმომადგენელი გამოცხადებულიყო სასამართლოში და ავადმყოფობის გამო ვერ მოეხერხებინა სასამართლო სხდომაზე დასწრება, მას არ ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილება კომპანიის ინტერესები დაეცვა, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დასაბუთებულად არ გაიზიარა საჩივარში საპატიოდ მითითებული გარემოებები, რომელიც კომპანიის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას ეხებოდა.
38. საკასაციო პალატა 2020 წლის 24 ივნისს გაცემულ მინდობილობას ვერ განიხილავს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან ამ მინდობილობით, რწმუნებულებზე უფლებამოსილებები გასცა არა კომპანიის დირექტორმა, არამედ ფიზიკურმა პირმა თ.ნ–ძემ, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მინდობილობა შედგენილია სასამართლო სხდომის შემდგომ (სხდომა ჩანიშნული იყო 2020 წლის 24 ივნისს, 12:00 საათზე) 2020 წლის 24 ივნისს 04:19 PM-ზე (იხ. საქმე № ტ.3, ს.ფ. 157), რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიის საფუძვლიანობას.
39. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ თუ სხდომაზე დასწრებას შეძლებდა, ორდერის საფუძველზე დაიცავდა კომპანიის ინტერესებს და მიუთითებს, რომ წარმომადგენლებს კომპანიის ინტერესები საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე ორდერის საფუძველზე არ დაუცვიათ. უდავოა, რომ კომპანიის წარმომადგენელი სათანადო უფლებამოსილების გარეშე გამოცხადდა 2020 წლის 29 მაისის სხდომაზე, თუმცა მას ორდერის საფუძველზე კომპანიის ინტერესების დაცვა არ უცდია. კომპანიის დირექტორიც 2020 წლის 12 ივნისს დანიშნულ სხდომამდე საქმის განხილვის გადადებას სწორედ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების - მინდობილობის გასაცემად ითხოვდა, შესაბამისად, ზემოაღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია და მისი გაზიარების საფუძველს არ ქმნის. გასათვალისწინებელია, რომ ორდერის არსებობის შემთხვევშიც კი, აპელანტს შეეძლო თუნდაც ელექტრონულად გაეგზავნა სასამართლოსათვის უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება და მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სხდომის სხვა დროისათვის გადადება მოეთხოვა, რაც მას არ გაუკეთებია, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წარმომადგენლისათვის კარგად იყო ცნობილი საქმის მასალებში მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის არ არსებობისა და შესაბამისად, იმ გარემოების შესახებ, რომ საქმის განმხილველი შემადგენლობისათვისაც უცნობი იყო მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების თაობაზე.
40. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის წარმომადგენლის საკასაციო პრეტენზიები, რომლის თანახმად, სასამართლოსთვის ცნობილი იყო აპელანტი მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ დაუსაბუთებელია, პირველ რიგში იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მისი წარმომადგენლობით უფლებამოსილება საქმის მასალებით არ დასტურდებოდა და, მეორეც, საპატიო მიზეზების შესახებ სასამართლოს შესაბამისი მოხელის ინფორმირება საქმის მასალებით არ დასტურდება, აღნიშნულის დადასტურება კი კასატორს შეეძლო თუნდაც შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტით, სადაც ეს უკანასკნელი აპელანტის მცდელობას დაადასტურებდა სასამართლოსთვის ეცნობებინა საპატიო მიზეზით გამოწვეული გამოუცხადებლობის შესახებ, მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში კი, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის ამ უკანასკნელის მიმართ ობიექტური რწმენის შესაძლებლობას.
41. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 24 ივნისს გამოცხადებულ კომპანიის წარმომადგენელს აღარ ჰქონდა სხდომაში მონაწილების უფლება, რადგან მისთვის მარწმუნებლის მიერ მინიჭებულ მინდობილობას უკვე ვადა ჰქონდა გასული, მის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები სხდომაზე დასწრების შემთხვევაშიც, იურიდიულად ვარგისად ვერ იქნებოდა მიჩნეული, რაც კასატორის წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტში მითითებულ პრეტენზიებსა და საკასაციო საჩივარს საფუძველს აცლის.
42. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებსაც, რომ მოსარჩელე იურიდიული პირია, რომელსაც მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება იმ რისკების მაქსიმალურ დონემდე შემცირება, რომლის გაუთვალისწინებლობამაც შესაძლოა, გარკვეული პრობლემების წინაშე დააყენოს კომპანია. მას გონივრული წინდახედულობის ფარგლებში არახელსაყრელი შედეგის თავიდან ასაცილებლად შეეძლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დროულად გაეფორმებინა წარმომადგენლებისთვის, მით უფრო, როდესაც 2020 წლის 12 ივნისის განცხადებით სხდომის გადადებას სწორედ შესაბამისი მინდობილობის გასაფორმებლად ითხოვდა, თუმცა საქმეში არსებული მასალებით, კომპანიის დირექტორს 2021 წლის 26 იანვრამდე შესაბამისი უფლებამოსილება წარმომადგენლებისათვის არ გაუფორმებია. გასათვალისწინებელია, რომ საკასაციო საჩივარი აგებულია წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებზე მითითებით და კასატორს საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია, რომ არსებობდა თავად მოსარჩელე მხარის (კომპანიის დირექტორის) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზიც.
43. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან მოხმობილი საქმის თაობაზე (საქმე №ას-953-1259-07, 2008 წლის 31 მარტი) საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არსებითაც განსხვავდება ამ შემთხვევისგან, მით უფრო, როდესაც წინამდებარე განჩინების 35-37 პუნქტებში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, აპელანტი მხარის მოქმედებები სასამართლოს შეფასებით საქმის გაჭიანურებას ემსახურება, რათა სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება არ გაუქმდეს, რაც თავისთავად ხელყოფს მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს.
44. პალატა დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს კასატორის წინამდებარე განჩინების მე-17 პუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიას და მიუთითებს, რომ სსსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკითხს საჩივრის მიღების შესახებ წყვეტს მხარეთათვის შეუტყობინებლად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საჩივრის მიღების თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა აღინიშნოს საქმის ხელახლა განხილვის დღე, რის შესახებაც ატყობინებს მხარეებს. ამავე კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.
45. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ საჩივრის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 27 იანვრის სხდომაზე, რომლის შესახებ კომპანიის დირექტროს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის (მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს) საფუძველზე, კომპანიის წარმომადგენლებისათვისაც ჩაბარებულად მიიჩნევა, ამასთან, სსსკ-ის 240-ე მუხლის საფუძველზე, როგორც უკვე აღინიშნა, მხარეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც, სასამართლოს უფლება ჰქონდა, საჩივარი განეხილა.
46. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად ჩამოყალიბებულ დასკვნას, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
47. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
48. საკასაციო პალატის მითითებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.).
49. სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
50. ამრიგად, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელ გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 24 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
51. ვინაიდან საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინებით, კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მას უნდა დაეკიროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადავადებული სახელმწიფო ბაჟი - 8000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 387-ე, 241-ე, 233-ე, 410-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ა.ბ-ს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 24 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინება;
3. შპს ,,ა.ბ-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდა;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე