Facebook Twitter

საქმე №ას-523-2020 11 ნოემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს ,,ა.დ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სსიპ ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა (შემდგომ - მოსარჩელე, შემკვეთი, ბენეფიციარი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,ა.დ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ, 639586.61 ლარისა და 269500 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 7 ოქტომბერს, მოსარჩელესა და შპს ,, M.G. მ-გს“ (შემდგომ - პრინციპალი, კომპანია, მიმწოდებელი ან მენარდე) შორის ქალაქ თბილისში, .... მიმდებარე ტერიტორიაზე (.... ჭალები), ოლიმპიურ სპორტულ კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მასთან ერთად გაზსადენის ქსელის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

3. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 75 კალენდარული დღით (სამუშაოების დასრულების თარიღი - 2014 წლის 21 დეკემბერი), რომელიც, ხელშეკრულების თანდართული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულებისთვის, მოცულობის პროპორციულად გადანაწილდა.

4. ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, შესაძლებელია საავანსო ანგარიშსწორება, არაუმეტეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 50%-ით, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო, მიმწოდებლის მიერ გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე. საავანსო თანხის საბანკო გარანტიის ღირებულება შემცირდება მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ღირებულების პროპორციულად. ავანსის თანხის მოთხოვნა შესაძლებელია როგორც სრულად, ასევე - ნაწილ-ნაწილ.

5. მოსარჩელის განმარტებით, პრინციპალმა მას სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული №FRI/14-056160 და №FRI/14056161 საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიები წარუდგინა, რის შემდეგაც მოსარჩელემ პრინციპალს ავანსის სახით 1050000 ლარი გადაუხადა.

6. სადაზღვევო კომპანიამ, 2014 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კომპანიის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ორი საბანკო გარანტია გასცა. საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხა შეადგენდა 269 500 ლარს. ამ საბანკო გარანტიების საფუძველზე, მოსარჩელეს უფლება ენიჭებოდა, მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის სრული მოცულობით ანაზღაურება მოეთხოვა.

7. კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია, კერძოდ, 2014 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, ამ უკანასკნელმა შეასრულა მხოლოდ 410413.39 ლარის ღირებულების სამუშაო. ამასთან, სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევით შესრულდა, რის გამოც მიმწოდებელს პირგასამტეხლო 76 765 ლარი დაერიცხა. ზემოაღნიშნული საფუძვლის გამო, მოსარჩელემ 2014 წლის 16 დეკემბერს წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა.

8. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2014 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულების 8.7 პუნქტისა და სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიების საფუძველზე, მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ 639 586.61 ლარის (1 050 000-410 413.39) მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.

9. მოსარჩელემ 2014 წლის 19 დეკემბერს, წერილი გაუგზავნა მოპასუხეს და საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება, სულ 269 500 ლარისა და საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხიდან 639 586.61 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. მიუხედავად მოთხოვნისა, სადაზღვევო კომპანიამ საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

მოპასუხის პოზიცია:

10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადაზღვევო კომპანიამ ვალდებულების შესრულებისა და საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიები გასცა. საავანსო ანგარიშსწორების გარანტია უზრუნველყოფდა მოვალის მიერ ხელშეკრულების შესასრულებლად მიღებული ავანსის თანხის მიზნობრივ ხარჯვას, შესაბამისად, უნდა შემცირებულიყო მიღებული შესრულების შესაბამისად.

11. მოპასუხე მიუთითებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომ - ექსპერტიზის ბიურო) 2014 წლის 18 ნოემბერის დასკვნის თანახმად, კომპანიამ 66 855.15 ლარის, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 2 დეკემბრის დასკვნის თანახმად - 399 842.12 ლარის, ხოლო შპს ,,ე–ა, მ–ა, დ–ის" მიერ 2014 წლის 20 დეკემბერს მომზადებული დასკვნის თანახმად - 467 567.65 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა, რომლის ჯამი 934264.87 ლარია.

12. მოპასუხემ მიუთითა, რომ 2014 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება უნდა გამოაკლდეს ავანსის სახით გადახდილ თანხას 1050000 ლარს, შესაბამისად, გაუქვითავი ავანსის ოდენობა - 115 735 ლარია. რაც შეეხება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხის ანაზღაურებას, შესრულების საბანკო გარანტია უზრუნველყოფს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც ბენეფიციარს მიადგა პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად. აღნიშნულის გამო უნდა დაზუსტდეს პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა. ზიანის ოდენობის დადგენის გარეშე, თანხის დაკისრების მოთხოვნა შეიძლება, მიჩნეულ იქნეს უსაფუძვლო გამდიდრებად.

13. მოცემულ შემთხვევაში, კომპანიის მიერ შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენს 173 972.17 ლარს, შესაბამისად, მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა დაანგარიშდეს აღნიშნული თანხიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 639586.61 ლარისა და 269500 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

15. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება.

17. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე საბანკო გარანტიიდან გამომდინარე თანხის დაკისრებას ითხოვდა და მისი მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 879-ე მუხლიდან გამომდინარეობდა, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე და 105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელე საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის თანხიდან 639 586.61 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას მოითხოვდა, თუმცა სადავო იყო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა.

19. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადგენად მოპასუხემ ექსპერტიზის ბიუროს 2014 წლის 18 ნოემბრის, იმავე წლის 8 დეკემბრისა და 2017 წლის 16 ოქტომბრის დასკვნები წარადგინა, ასევე, შპს ,,ე–ა, მ–ა, დ–ის" მიერ 2014 წლის 20 დეკემბერს მომზადებული დასკვნა.

20. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, ექსპერტიზის ბიუროს 2014 წლის 18 ნოემბრის დასკვნის თანახმად, 2014 წლის 3 ნოემბრის მონაცემებით შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 66 855.15 ლარია, ხოლო 2014 წლის 8 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, 2014 წლის 3 დეკემბრის მონაცემებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ 399 842.12 ლარი შეადგინა. ამასთან, აღნიშნული დასკვნების საფუძველზე, მოსარჩელესა და მიმწოდებელს შორის 2015 წლის 27 იანვარს შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა და განისაზღვრა, რომ მიმწოდებელმა 410 413.39 ლარის სამუშაოები შეასრულა. ამდენად, მითითებული დასკვნების საფუძველზე ბენეფიციარმა და პრინციპალმა განსაზღვრეს პრინციპალის მიერ სულ 410 413.39 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება.

21. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადაზღვევო კომპანიამ შპს ,,ე–ა, მ–ა, დ–ის" მიერ 2014 წლის 20 დეკემბერს მომზადებული დასკვნა წარადგინა და მიუთითა, რომ ამ დასკვნით დასტურდებოდა, მიმწოდებლის მიერ 2014 წლის 3 დეკემბრიდან იმავე წლის 17 დეკემბრის ჩათვლით დამატებით 467 567.65 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება. ამ დასკვნის თანახმად, კომპანიამ ქ. თბილისში, .... მიმდებარე ტერიტორიაზე (.... ჭალები) საავტომობილო გზის მშენებლობის ამ ეტაპის ჯამური ღირებულება (ხილული ნაწილის, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მიღება-ჩაბარების აქტების/ფორმა №2-ები და ფარული სამუშაოების აქტები/მიხედვით) შეადგენს 467 567.65 ლარს, დღგს გათვალისწინებით.

22. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ექსპერტიზის დასკვნის განმარტების მიზნით, სასამართლოს სხდომაზე მოიწვია ექსპერტი ო.კ–ი (შემდგომ - ექსპერტი), რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ კომპანიამ 467567.65 ლარის ღირებულების სამუშაო 2014 წლის 3 დეკემბრიდან იმავე წლის 17 დეკემბრის ჩათვლით შეასრულა. სასამართლომ განმარტა, რომ ექსპერტმა ვერ მიუთითა კვლევის რა მეთოდით დაადგინა მის მიერ შეფასებული სამუშაოს შესრულების დრო. ექსპერტის მითითებით, დასკვნის შედგენისას შესრულებული სამუშაოების აქტებს (ფორმა №2) და სასაქონლო ზედნადებებს დაეყრდნო (იხ. 2017 წლის 16 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი). შპს ,,ე–ა, მ–ა, დ–ის" მიერ მომზადებულ დასკვნაზე დართული შესრულებული სამუშაოს აქტები ხელმოწერილია ცალმხრივად, კომპანიის მიერ. მოსარჩელემ ორმხრივად ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოს აქტები (ფორმა №2) წარადგინა, რომელთაგან ყველა 2014 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით შესრულებულ სამუშაოს ეხება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 40-76).

23. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ექსპერტის განმარტებით, სამუშაოს შესრულების პერიოდის განსაზღვრისას დაეყრდნო შესრულებული სამუშაოს აქტებს (რომლებიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ხელმოწერილია ცალმხრივად, კომპანიის მიერ) და სასაქონლო ზედნადებების გამოწერის თარიღის მიხედვით განსაზღვრა ამა თუ იმ მასალის შეძენისა და შესაბამისად სამუშაოს შესრულების პერიოდი.

24. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასკვნაში მითითებული არ იყო, რომ ექსპერტი დასკვნის მომზადებისას სასაქონლო ზედნადებებს დაეყრდნო და ისინი არც საქმეში არ ყოფილა წარდგენილი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდება, რომ ზედნადებებში მითითებული მასალა კომპანიამ შეიძინა 2014 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად, შეუძლებელია მითითებული მტკიცებულებების გამოკვლევა და მათ საფუძველზე სადავო გარემოების დადგენა.

25. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელესა და კომპანიას შორის, 2015 წლის 27 იანვარს შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა და განისაზღვრა, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება სულ შეადგენდა 410 413.39 ლარს. ამდენად, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა შპს ,,ე–ა, მ–ა, დ–ის" მიერ დასკვნის შედგენის შემდეგ. მიუხედავად ამისა, კომპანიის დირექტორმა შუალედურ მიღება-ჩაბარების აქტს ხელი მოაწერა და დაადასტურა, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 410 413.39 ლარს და არა 467 567.65 ლარით მეტს. რაც შეეხება ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 16 ოქტომბრის დასკვნას, რომლის თანახმად, კომპანიამ 920 142.45 ლარის (დღგს ჩათვლით) ღირებულების სამუშაო შეასრულა. სასამართლომ მიუთითა, რომ ექსპერტმა ფინანსური ექსპერტიზა, კერძოდ, ექსპერტმა შეაჯამა ექსპერტიზის ბიუროს 2014 წლის 18 ნოემბრის, იმავე წლის 8 დეკემბრისა და შპს ,,ე–ა, მ–ა, დ–ის" 2014 წლის 20 დეკემბრის დასკვნებში მითითებული სამუშაოს მოცულობები. აღნიშნული სასამართლოს სხდომაზე დასკვნის განმარტების მიზნით მოწვეულმა ექსპერტმაც დაადასტურა. მისი განმარტებით, მას არ გამოუკვლევია შესრულებული სამუშაოს მოცულობა, დასკვნის მომზადებისას იგი ზემოთ მითითებულ დასკვნებში არსებულ მონაცემებს დაეყრდნო (იხ. 2017 წლის 11 იანვრის სასამართლოს სხდომის ოქმი).

26. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 172-ე და 105-ე მუხლებზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომლის თანახმად, შპს ,,ე–ა, მ–ა, დ–ის" მიერ მომზადებული დასკვნა დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა ექსპერტიზის განმარტებით ეხებოდა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების მესამე ეტაპს ანუ 3-15 დეკემბერს, ამდენად, ნაკლებად სარწმუნო იყო, რომ მენარდემ 467567 ლარის სოლიდური ღირებულების სამუშაოები ასეთ მოკლე პერიოდში შეასრულა.

27. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2014 წლის 15 ოქტომბერს, სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელი სასარგებლოდ სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების №FRI/14-056160 და №FRI/14-056161 საბანკო გარანტია გასცა. საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხა სულ შეადგენდა 1 050 000 ლარს, ხოლო მათი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. საბანკო გარანტიებში აღნიშნულია, რომ გარანტი კისრულობს საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნიდან 5 საბანკო დღის ვადის დაცვით. 2014 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ კომპანიას ავანსის სახით 1050000 ლარი გადაუხადა.

28. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2014 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, შესაძლებელია მოხდეს საავანსო ანგარიშსწორება, არაუმეტეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 50%, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო, მიმწოდებლის მიერ გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე. საავანსო თანხის საბანკო გარანტიის ღირებულება შემცირდება მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ღირებულების პროპორციულად. ავანსის თანხის მოთხოვნა შესაძლებელია როგორც სრულად, ასევე ნაწილ-ნაწილ. ამდენად, საავანსო შესრულების საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ თანხა მცირდებოდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების პროპორციულად. საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ პრინციპალმა შეასრულა 410 413.39 ლარის ღირებულების სამუშაო, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სადაზღვევო კომპანია ვალდებულია, მოსარჩელეს 2014 წლის 15 ოქტომბრის საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხიდან 639586.61 ლარი აუნაზღაუროს (1 050 000-410413.39).

29. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2014 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულების 10.2 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის, მათ შორის, საგარანტიო ვადების განმავლობაში საგარანტიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების შესრულების გარანტიების მოქმედების პერიოდში მიმართოს ხელშეკრულების შესრულების გარანტიების გამცემ ორგანოს და მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების გარანტიით გათვალისწინებული თანხა.

30. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2014 წლის 6 ოქტომბერს, სადაზღვევო კომპანიამ ორი საბანკო გარანტია გასცა. ორივე შემთხვევაში, საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილ იქნა 2014 წლის 7 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება. 2014 წლის 16 დეკემბერს, მოსარჩელემ მიმწოდებელს წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ 2014 წლის 7 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ცალმხრივად წყვეტდა. მოსარჩელემ 2014 წლის 19 დეკემბერსა და 2015 წლის 4 თებერვალს წერილი გაუგზავნა სადაზღვევო კომპანიასაც და კომპანიის მიერ სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილების თაობაზე აცნობა და საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხის ანაზღაურება 269 500 ლარით მოითხოვა. სადაზღვევო კომპანიამ საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხა არ აანაზღაურა. მოპასუხის განმარტებით, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა დაზუსტდეს.

31. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2014 წლის 6 ოქტომბრის საბანკო გარანტიებით, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხა გადაეხადა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე. საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხა სულ შეადგენდა 269 500 ლარს, ხოლო მათი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. დადგენილია, რომ ბენეფიციარმა გარანტს მოთხოვნა წერილობითი ფორმით წარუდგინა საბანკო გარანტიების მოქმედების ვადის განმავლობაში. მოთხოვნაში მითითებულ იქნა, რომ პრინციპალმა 2014 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია. მოთხოვნის წარდგენის რაიმე სპეციალურ პირობებზე (მაგ., პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა და სხვა) მხარეები არ შეთანხმებულან.

32. სააპელაციო სასმართლომ მიუთითა 879-ე მუხლზე (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-17 პუნქტში) და განმარტა, რომ საბანკო გარანტია წარმოადგენს ფულად ვალდებულებას, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას აძლევს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, გარანტს წერილობით მიმართოს, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (სუსგ №ას-1038-999-2016, 2017 წლის 1 თებერვალის განჩინება). სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (სუსგ №ას-562-871-09, 2009 წლის 20 ოქტომბერის განჩინება; სუსგ №ას-782-7392015, 2015 წლის 19 ოქტომბერის განჩინება; სუსგ №ას-781-996-08, 2009 წლის 17 მარტის განჩინება).

33. საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. (სუსგ №ას-1778-2018) საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავისებურებებით ხასიათდება. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან. მის არააქცესორულ ბუნებას განსაზღვრავს სსკ-ის 881-ე მუხლი, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

34. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ორ მნიშვნელოვან წინაპირობასაც, კერძოდ: 1) ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს; 2) მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში. მითითებული წესი განმტკიცებულია სსკ-ის 887-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ.

35. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ 269 500 ლარის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა გარანტს საბანკო გარანტიების პირობების შესაბამისად წარუდგინა, გარანტიების მოქმედების ვადის განმავლობაში, შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიის მიერ 269 500 ლარის ოდენობით საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

36. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

37. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი (სსკ-ს 887 მუხლი), რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან, სსკ-ის 881 მუხლი არასწორად განმარტა.

38. კასატორის მტკიცებით, ბენეფიციარმა გარანტისგან მოითხოვა საგარანტიო თანხების ანაზღაურება, თუმცა მის მოთხოვნას არ ახლდა პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე არ დგინდებოდა შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ოდენობა. აღნიშნული გარემოებების დადგენის გარეშე საგარანტიო თანხის გაცემა შეუძლებელი იყო.

39. კასატორის განმარტებით, საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიების პირობის შესაბამისად, „გარანტია შემოიფარგლება მხოლოდ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულებით“, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც გარანტის მიერ ნებისმიერი არამართლზომიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამასთან, მართალია, კანონი გარანტისათვის თანხის გაცემის დამოუკიდებელ ვალდებულებას აწესებს, თუმცა, გარანტი მაინც ვალდებულია, გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შეამოწმოს თანხის გადახდის თაობაზე წარდგენილი მოთხოვნის საფუძვლები და გარანტიის ვადა“ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს №2ბ/3772-14 გადაწყვეტილება).

40. კასატორი მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, საავანსო თანხის საბანკო გარანტიის ღირებულება შემცირდება მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ღირებულების პროპორციულად. პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, მთლიანად 934 264.92 ლარის სამუშაოები შესრულდა. 2014 წლის 18 ნოემბრის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, გზის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპის ჯამური ღირებულება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით შეადგენს - 66 855.15 ლარს, იმავე წლის 8 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპის ჯამური ღირებულება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით შეადგენს - 399 842.12 ლარს. 2014 წლის 22 დეკემბრის შპს ,,ე–ა, მ–ა, დ–ის“ დასკვნის შესაბამისად კი, 3-17 დეკემბერს შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს - 467 567.65 ლარს. კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნული სამუშაოების ღირებულება ავანსის გარანტიის პირობისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად უნდა გამოაკლდეს საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის თანხას.

41. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს „ე–ა, მ–ა, დ–ის“ დასკვნის არასარწმუნოდ მიჩნევას და განმარტავს, რომ, მართალია, ექსპერტს სამუშაოების მოცულობა არ გამოუკვლევია, თუმცა ექსპერტმა წარდგენილი ფორმა №2 და ექსპერტიზის დასკვნები შეადარა და სხვადასხვა დროს შესრულებული სამუშაო შეაჯამა. ექსპერტმა სასამართლოს განუმარტა, რომ ფორმა №2-ის კვლევისას სამუშაოები არ გადაფარულა და, თუ აღმოჩნდებოდა, ერთი და იგივე სამუშაო იყო სხვადასხვა ფორმა №2-ში გამეორებული, იგი ამას არ გაითვალისწინებდა.

42. კასატორი მიუთითებს, რომ მხარეებმა შესრულებული სამუშაოების ფორმა №2 წარადგინეს, რომელთა შედარების დროს მარტივად შეიძლებოდა იმის დადგენა როდის, რა ღირებულებისა და მოცულობის სამუშაოები შეასრულა პრინციპალმა. ამასთან, მესამე ეტაპის სამუშაოთა შესრულების ფაქტს ადასტურებდა მოსარჩელის მიერ კომპანიისათვის გაგზავნილი შეტყობინება (16.12.2014 წლის 07-01/358), რომლითაც დასტურდებოდა, რომ პრინციპალმა, გარდა ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებით დადგენილი სამუშაოთა მოცულობებისა, სხვა სამუშაოებიც შეასრულა. არც პირველი და არც მეორე ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული გარემოება არ შეუფასებიათ.

43. კასატორის განმარტებით, მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ჯამური ღირებულება შეადგენს - 466 697.27 ლარს, კერძოდ, 2014 წლის 18 ნოემბრის დასკვნით - გზის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპის ჯამური ღირებულება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით შეადგენს - 66 855.15 ლარს, ხოლო, 2014 წლის 8 დეკემბრის დასკვნის თანახმად, გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპის ჯამური ღირებულება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით შეადგენს - 399 842.12 ლარს, შესაბამისად, ავანსის თანხა უნდა გაქვითულიყო შესრულებული სამუშაოს მიხედვით - 466 697.27 ლარით.

44. კასატორი მიუთითებს, რომ საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიასთან დაკავშირებით არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომლითაც დადგინდა, რომ ავანსის თანხა უნდა შემცირდეს პრინციპალის მიერ შესრულებული სამუშაოს და მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად (საქმე №ას-80-77-2014, 2014 წლის 7 ივლისის განჩინება; №2ბ/4559-15, 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება; №ას-104-97-2017, 2017 წლის 17 მარტის განჩინება; საქმე №ას-755-706-2017, 2017 წლის 11 ივლისის განჩინება; საქმე №ას-425-405-2015).

45. კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა შესრულების გარანტიებით გათვალისწინებული თანხების დაკისრების შესახებაც, ვინაიდან აღნიშნული საბანკო გარანტიები უზრუნველყოფდა იმ ზიანის ანაზღაურებას, რაც ბენეფიციარს მიადგებოდა პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

46. კასატორი მიუთითებს სსკ-ის 115-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბენეფიციარი ცდილობს, მოთხოვნის მართლზომიერების დასაბუთების გარეშე მიიღოს საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული მთლიანი თანხა, რაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად აღემატებოდეს პრინციპალის მიერ მიყენებულ ზიანს, შესაბამისად, ამ თანხის ნაწილში ბენეფიციარი უსაფუძვლოდ უნდა გამდიდრდეს, რაც არღვევს სამოქალაქო ურთიერთობის ბალანსს, ვინაიდან დომინანტი მხარე, რომელიც ადგენს კანონშეუსაბამო მოთხოვნებს როგორც გარანტის, ისე, პრინციპალის მიმართ, არ არის ვალდებული მისი მოთხოვნა დაასაბუთოს, რაშიც ეხმარება სასამართლო სისტემაც.

47. შესრულების გარანტიის მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია ემსახურება დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას, რაც შეიძლება წარმოიშვას კონტრაქტის არასათანადო შესრულებით, ის ფარავს იმ რისკსაც, რაც დაკავშირებულია მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია წარმოადგენს არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის მაკომპენსირებელ საშუალებას და მისი ჯარიმის/სანქციის ფორმით გამოყენება საბანკო გარანტიის მიზანს ეწინააღმდეგება.

48. მოცემულ შემთხვევაში, პრინციპალის მიერ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულებით ბენეფიციარს რაიმე სახის ზიანი არ მისდგომია. ზიანის არსებობისა და ზიანის ოდენობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება (მათ შორის სიტყვიერი) ბენეფიციარს არ წარუდგენია.

49. კასატორი მიუთითებს, რომ საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობისა და გარანტიის პირობების უპირატესობის პრინციპი აღიარებულია როგორც საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დადგენილი უნიფიცირებული წესებით და ,,დამოუკიდებელი აკრედიტივისა და რეზერვული აკრედიტივების შესახებ" გაეროს კონვენციის შესაბამისად. ამ დოკუმენტებით აღიარებულია საბანკო გარანტიათა მიმართ მოქმედი რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პრინციპი: 1) კეთილსინდისიერება, 2) დამოუკიდებლობა, 3) არააქცესორულობა, 4) მოთხოვნის მართლზომიერება, 5) გარანტიის პირობების სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობებთან უპირატესობის უფლება.

50. კასატორი თითოეულ პრინციპს განმარტავს. ამასთან, გარანტიის დამოუკიდებლობის ბუნებასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე (საქმე №ას-562-871-09, 2009 წლის 20 ოქტომბრის განჩინება; საქმე №ას-781-996-08, 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება).

51. კასატორმა დამატებითი მოსაზრების წარმოდგენით, იმავე საკასაციო პრეტენზიებსა და საბანკო გარანტიის სამართლებრივ ბუნებაზე მიუთითა.

52.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

53. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

54. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

55. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

56. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

57. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად ითვლება შემდეგი:

58. 2014 წლის 7 ოქტომბერს, მოსარჩელესა და კომპანიას (მენარდეს) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ..... მიმდებარე ტერიტორიაზე (.... ჭალები) საავტომობილო გზისა და მასთან ერთად გაზსადენის ქსელის სამშენებლო სამუშაოები CPV-45233110, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაციისა და სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისი დანართების (სამშენებლო პროექტების) მიხედვით.

59. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, სამუშაოები უნდა შესრულდეს სამშენებლო პროექტზე თანდართული გეგმა-გრაფიკის (ხელშეკრულების დანართი №2) მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 (სამოცდათხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, შესაძლებელია მოხდეს საავანსო ანგარიშსწორება, არაუმეტეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 50%-ისა, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო, მიმწოდებლის მიერ გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე. საავანსო თანხის საბანკო გარანტიის ღირებულება შემცირდება მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ღირებულების პროპორციულად. ავანსის თანხის მოთხოვნა შესაძლებელია როგორც სრულად, ასევე, ნაწილ-ნაწილ.

60. შემკვეთსა და მენარდეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.2 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის, მათ შორის, საგარანტიო ვადების განმავლობაში საგარანტიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების შესრულების გარანტიების მოქმედების პერიოდში მიმართოს ხელშეკრულების შესრულების გარანტიების გამცემ ორგანოს და მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების გარანტიით გათვალისწინებული თანხა.

61. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მენარდის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 6 ოქტომბერს, სადაზღვევო კომპანიამ მენარდის სასარგებლოდ №FRI/14-055707 და №FRI/14-055709 საბანკო გარანტია გასცა, რომლითაც განსაზღვრული თანხა ჯამურად შეადგენდა 269 500 ლარს (№FRI/14-055707 საბანკო გარანტიით - 134 750 ლარი; №FRI/14-055707 საბანკო გარანტიით - 134 750 ლარი), ხოლო მათი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. საბანკო გარანტიის თანახმად, გარანტი კისრულობს საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე.

62. 2014 წლის 15 ოქტომბერს, სადაზღვევო კომპანიამ მენარდის სასარგებლოდ გასცა სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების №FRI/14-056160 და №FRI/14-056161 საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხის ჯამი 1 050 000 ლარია (№FRI/14-056160 საბანკო გარანტიით - 366 250 ლარი; №FRI/14-056161 საბანკო გარანტიით - 683 750 ლარი), ხოლო მათი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. საბანკო გარანტიებში აღნიშნულია, რომ გარანტი კისრულობს საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნიდან 5 საბანკო დღეში.

63. შემკვეთმა მენარდეს ავანსის სახით გადაუხადა 1 050 000 ლარი.

64. 2014 წლის 16 დეკემბერს, შემკვეთმა წერილი გაუგზავნა მენარდეს და აცნობა, რომ ცალმხრივად წყვეტდა 2014 წლის 7 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას.

65. 2014 წლის 19 დეკემბერს, შემკვეთმა სადაზღვევო კომპანიას წერილობითი წარუდგინა მოთხოვნა მენარდის მიერ 2014 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილების) დარღვევის გამო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხის 269 500 ლარის ოდენობით, ხოლო საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხიდან - 656 067.73 ლარის ანაზღაურების თაობაზე.

66. 2015 წლის 4 თებერვალს, მოსარჩელემ ისევ მიმართა სადაზღვევო კომპანიას და მენარდის მიერ 2014 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილების) დარღვევის გამო მოითხოვა ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხის - 269 500 ლარის, ხოლო საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხიდან - 712 351.61 ლარის ანაზღაურება.

67. საკასაციო პალატა იზიარებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სააპელაციო სასამართლოსეულ სამართლებრივ შეფასებებს და დასკვნებს და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობა შესრულებული იყო და არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

68. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე და კომპანია იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, კერძოდ, გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის ვალდებულების დარღვევა უზრუნველყოფილ იქნა მოპასუხის მიერ გაცემული საბანკო გარანტიებით, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორებისა და ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის საბანკო გარანტიებით; შემკვეთმა მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო ცალმხრივად შეწყვიტა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება და სადაზღვევო კომპანიას ორჯერ წერილობით წარუდგინა მოთხოვნები 2014 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფისა და საავანსო ანგარიშწორებო საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხის ანაზღაურების მოთხოვნით.

69. მოპასუხის საკასაციო შედავებას წარმოადგენს, ბენეფიციარსა (შემკვეთსა) და პრინციპალს (მენარდეს) შორის არსებული სახელშეკრულებო ნორმის შესაბამისად (,,საავანსო თანხის საბანკო გარანტიის ღირებულების შემცირება მოხდება მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ღირებულების პროპორციულად (2014 წლის 7 ოქტომბრის ხელშეკრულების 8.2 ქვეპუნქტი“), პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა ღირებულების ოდენობა, რომელიც კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე არაკანონიერად 410 413.39 ლარით განსაზღვრეს, მაშინ, როდესაც მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოთა ღირებულება - 934264.92 ლარია, რომელიც საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის თანხას უნდა გამოაკლდეს. კასატორის მითითებით, დაუსაბუთებელია შესრულების გარანტიით გათვალისწინებული თანხების დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა, ვინაიდან პრინციპალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით, ბენეფიციარს (მოსარჩელეს) ზიანის არსებობისა და მისი ოდენობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია.

70. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს და საბანკო გარანტიის იურიდიულ ბუნებასთან მიმართებით განმარტავს, რომ სსკ-ის 879-ე მუხლი განსაზღვრავს საბანკო გარანტიის ელემენტებს და ადგენს, რომ საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

71. ზემოაღნიშნული სამართლებრივი დანაწესიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის ხსენებული საშუალება გარკვეულწილად მესამე პირის სასარგებლოდ დადებული იმგვარი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს პრინციპალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მისი კრედიტორის ინტერესებს. სამოქალაქო ბრუნვაში საკმაოდ მყარად დამკვიდრებული ხსენებული ინსტიტუტის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი მისი, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის დამოუკიდებლობაა პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებული ვალდებულებისაგან, კერძოდ, სსკ-ის 881-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე, მათ შორის, ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. საბანკო გარანტია, მართალია, უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ მისი არააქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, იგი თვითონაა დამოუკიდებელი ვალდებულება. პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას. ამიტომაც, საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.

72. საგულისხმოა, საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების, შედეგი ისაა, რომ გარანტს არ შეუძლია, ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ - „საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი” (შდრ. სუსგ 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-562-871-09, ასევე იხ. საქმე №ას-894-834-2017 , 3 ნოემბერი, 2017 წელი; №ას-415-2019 , 31 მაისი, 2019 წელი).

73. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე გარანტის მხრიდან შესასრულებელია იმ მომენტიდან, როდესაც ბენეფიციარი გარანტს წარუდგენს ფულადი თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნას. მხარეები საბანკო გარანტიაში ჩვეულებრივ თვითონ განსაზღვრავენ იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბენეფიციარი უფლებამოსილია, მოითხოვოს გადახდა. მოთხოვნის წარდგენის ფორმალური წინაპირობების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება „პირველივე მოთხოვნისთანავე გადახდის გარანტიის“ დროს ექცევა, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, ბენეფიციარს ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებამოსილება აქვს, რისი კომპენსირებაც სწორედ ამ ფორმალურ პროცედურაზე ყურადღების გადატანით ხდება.

74. პალატა მიუთითებს, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოებს ღირებულების ოდენობა, მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება სადავო და სასამართლოს მსჯელობის საგანი არ შეიძლება გახდეს, ვინაიდან, გარანტმა ბენეფიციარის წინაშე იკისრა უპირობო ვალდებულება „გარანტი კისრულობს საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე (ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული გარატია); ,,გარანტი უპირობოდ კისრულობს საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნიდან 5 საბანკო დღის ვადაში, ბენეფიციარის მხრიდან მოთხოვნის ან მოთხოვნილი თანხის დასაბუტების საჭიროების გარეშე“ (სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების გარანტია)“, გადაეხადა გარანტიებით გათვალისწინებული თანხა. პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გარანტი არ არის ძირითადი ვალდებულების დარღვევის შემფასებელი და ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ ბენეფიციარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებით საბანკო პირობებთან. პრინციპალის მიერ შესრულებული სამუშაოთა ღირებულების კვლევა ცალსახად არ არის დაკავშირებული საბანკო გარანტიის გადახდასთან. ბენეფიციარმა გარანტიების მოქმედების ვადის დაცვით წარუდგინა გარანტს წერილობითი მოთხოვნა და, პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობის დარღვევის გამო, მოითხოვა საგარანტიო თანხების ანაზღაურება, რითაც შეასრულა გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულება [სსკ-ის 885-ე მუხლის პირველი ნაწილი]. რაც შეეხება, შემკვეთსა და მენარდეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.2 მუხლს (ნორმა იხ. წინამდებარე განჩინების 59-ე პუნქტში), პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული დანაწესი გავლენას ვერ იქონიებს ბენეფიციარსა და გარანტს შორის არსებულ ურთიერთობაზე, ვინაიდან ამოსავალია სწორედ საბანკო გარანტიის ხელშეკრულების პირობები. გარანტი ხელმძღვენელობს მხოლოდ გარანტიით დადგენილი წესებითა და პირობებით, ამიტომ, ძირითადი ხელშეკრულების შინაარსობრივი მხარე გავლენას ვერ იქონიებს გარანტის უფლებებსა და ვალდებულებებზე. გარანტის მიერ გაცემული საბანკო გარანტიები არ ითვალისწინებდა გარანტის მიერ ძირითადი ურთიერთობის კვლევას. საბანკო გარანტია წარმოადგენს დისპოზიციურობის ფარგლებში მხარეთა ნების გამოვლენის შედეგს, რომელიც საგარანტიო ურთიერთობების მონაწილე სუბიექტებისათვის განსაზღვრავს სამოქმედო წესებს და ნებისმიერი უთანხმოება სწორედ საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად უნდა გადაწყდეს.

75. ამასთან, ზემოაღნიშნული სანამართლებრივი დანაწესის გაზიარების შემთხვევაშიც კი, პალატა დადგენილად ვერ მიიჩნევდა მენარდის მიერ 934264.92 ლარის სამუშაოების შესრულების ფაქტს, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა კანონიერად შეაფასეს საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები სსსკ-ის 172-ე და 105-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამ თვალსაზრისით, პალატა იზიარებს მენარდესა და შემკვეთს შორის 2015 წლის 27 იანვარს გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრულ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებას და მიუთითებს, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ წარდგენილი შპს ,,ე–ა, მ–ა, დ–ის“ მიერ 2014 წლის 20 დეკემბრს მომზადებული დასკვნა, რომლის თანახმად, 2014 წლის 3 დეკემბრიდან იმავე წლის 17 დეკემბრის ჩათვლით მენარდემ 467567.65 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა დასაშვებ მტკიცებულად მისი არასარწმუნოობის გამო ვერ იქნება მიჩნეული, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაზე დართული შესრულების სამუშაოების აქტები ხელმოწერილია მხოლოდ მენარდის მიერ, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი ორმხრივად ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოს აქტები ეხება 2014 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით შესრულებულ სამუშაოებს. ამასთან, სწორედ ამ უკანასკნელი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაფორმდა მენარდესა და შემკვეთს შორის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოები, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ოდენობით განისაზღვრა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, გარანტის მხრიდან ვერ იქნა დადასტურებული პრინციპალის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მისთვის სასურველი ოდენობა.

76. პალატა მიუთითებს, რომ გარანტის გადახდის ვალდებულება დამოკიდებულია არა ბენეფიციარის მიერ იმის უტყუარად დადასტურებაზე, თუ რამდენად შესრულდა სახელშეკრულებო ვალდებულებები, არამედ იმაზე, იარსებებს თუ არა სსკ-ის 887-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები: გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის გამომრიცხველი წინაპირობები არ ვლინდება, შესაბამისად, კასატორის პრეტენზია სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე დაუსაბუთებელია.

77. კასატორის მითითებას, რომ ბენეფიციარის მოთხოვნას არ ახლდა პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და არ დგინდებოდა ზიანის ოდენობა, პალატა ამ პრეტენზიას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების აუცილებელ წარდგენას არც სახელშეკრულებო შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა არ ითვალისწინებდა, მეტიც, ამ ნაწილში კასატორის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც, არ იარსებებდა ბენეფიციარის მოთხოვნის გამომრიცხველი გარემოება, რადგანაც ამ უკანასკნელმა წერილობითი მოთხოვნა განმეორებითაც წარუდგინა გარანტს. სსკ-ის 887-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, გარანტი არათუ მოცემულ შემთხვევაში, არამედ მაშინაც არის ვალდებული, შეასრულოს ბენეფიციარის მოთხოვნა, როდესაც მისთვის ცნობილია, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია. მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. გარანტის მიერ ასეთი შეტყობინების შემდეგ მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა ექვემდებარება გარანტის მიერ დაკმაყოფილებას.

78. სსკ-ის 887.I მუხლის თანხმად, გარანტი უფლებამოსილია (და ვალდებულიც), შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის პირობებს. ბენეფიციარის მოთხოვნისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება გარანტიის პირობებთან მოიცავს იმასაც, თუ რამდენად დაიცვა ბენეფიციარმა მოთხოვნის წარდგენისას სსკ-ის 885-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სსკ-ის 885-ე მუხლი ავსებს სსკ-ის 887.I მუხლის დანაწესს მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების გარანტიის პირობებისადმი შესაბამისობის შესახებ“ (იხ. სუსგ 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-781-996-08). თუ შემოწმების შედეგად გარანტი დაასკვნის, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ან მასზე თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს ან ისინი გარანტს წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ, იგი უარს ეტყვის ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტს უფლება არა აქვს, სხვა საფუძვლით განაცხადოს უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტმა უარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს. გარანტის უარი არ ნიშნავს, რომ გარანტის ვალდებულება წყდება. ბენეფიციარს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს საბანკო გრანტიის მოქმედების დარჩენილი დროის განმავლობაში ხელმეორედ წარადგინოს მოთხოვნა გარანტის მიმართ და მოსთხოვოს მას საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.

79. რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება კასატორის მიერ მითითებული პრაქტიკისაგან, ვინაიდან, კასატორის მიერ მითითებული განჩინებებით/გადაწყვეტილებებით დადგენილი ფაქტები განსხვავდება მოცემული საქმეზე დადგენილი ფაქტებისგან.

80. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიუთითებს, რომ კასატორს საკასაციო საჩივარში ისეთ გარემოებებზე არ მიუთითებია, რაც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გასაჩივრებაის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

81. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

82. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

83. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: საქმე №ას-1189-1149-2016, 2017 წლის 16 იანვრის განჩინება, საქმე №ას-1978-2018, 2020 წლის 30 მარტის განჩინება; საქმე №ას-1978-2018, 2020 წლის 30 მარტის განჩინება; საქმე №1231-1151-2017, 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინება).

84. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

85. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ,,ა.დ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. სს ,,ა.დ–ას“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის (საგადახდო დავალება №13642 / გადახდის თარიღი 12.03.2020), 70% - 5600 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე