¹ ბს-2090-6(ბ-05) 29 სექტემბერი, 2006 წ.,
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: სანიაღვრო ქსელის ტექნიკურად გამართვა, ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
12.08.02წ. ვ. გ-მ სარჩელი აღძრა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების თბილისის მერიის საქალაქო მეურნეობის საქალაქო სამსახურისა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ქონებრივი ზიანის სახით 10 000 ლარის და მორალური ზიანის 5000 ლარის ოდენობით ანაზღაურება, აგრეთვე თბილისში, ... ¹17 და ¹19-ში მდებარე სახლებს შორის არსებულ გზის მონაკვეთზე სანიაღვრის მოწყობა და მისი მიერთება ... ¹19 სახლის ქვეშ გამავალ კოლექტორთან.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ცხოვრობს თბილისში, ... ¹9-ში მდებარე სახლში, რომელიც ოთხივე მხრიდან გზებითაა გარშემორტყმული და აღნიშნულის გამო მცირე და ძლიერი წვიმების დროს მუდმივად წარმოადგენს სხვადასხვა ქუჩებიდან ჩამოდინებული წყლით დატბორვის ობიექტს.
1997-1998 წლებში ეზოს წყალმიმღები ჭა შეიცვალა და მისი დიამეტრი 500-მდე გაიზარდა, რათა წყალს მოესწრო გასვლა, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად ძლიერი წვიმების დროს მთაწმინდის, ყიფიანის, ვეძინის და სხვა ქუჩებიდან წამოსული წყლის მიღებას ეზოს წყალმიმღები ვერ ასწრებს, რის გამოც წყლის ნიაღვარი აზიანებს მოსარჩელის სახლს და მასში არსებულ სხვადასხვა ნივთებს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ დახმარების მიზნით არაერთხელ მიმართა, თბილისის მერიას, საკრებულოს, კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობას, პრეზიდენტსა და პარლამენტს, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
მოსარჩელის აზრით აღნიშნული ზიანი მას მიადგა მოპასუხეთა უმოქმედობის და უპასუხისმგებლობის შედეგად.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 01.04.04წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა თბილისის მერიის საქალაქო მეურნეობის საქალაქო სამსახურის შუამდგომლობა და იგი, როგორც არასათანადო მოპასუხე შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ ქ. თბილისის მერიით.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 18.05.04წ. გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ვ. გ-ის სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვ. გ-ის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოში 08.12.04წ. სხდომაზე ვ. გ-მ შეცვალა პირვანდელი მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეთა მიერ მოწყობილი სანიაღვრეს ტექნიკურად გამართვა, ხოლო, პირვანდელი სასარჩელო მოთხოვნები ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ უცვლელად დატოვა. ეს იმით ახსნა, რომ მოპასუხეთა მიერ საჩივრის განხილვის პერიოდში დაკმაყოფილდა მისი ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა _ .... ¹7 და ¹9 შორის მოეწყო სანიაღვრე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.12.04წ. გადაწყვეტილებით ვ. გ-ის წარმომადგენლის ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ გაუქმდა თბილსიის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 18.05.04წ. გადაწყვეტილება ვ. გ-ისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ მას ზიანი მიადგა სახელმწიფო მოსამსახურის (მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების) მიერ განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის მის მიმართ დარღვევის გამო. საქმეში არსებული 30.01.03წ. აუდიტორულ დასკვნაში მითითებულია, რომ ვ. გ-ის ბინაში არსებული დაზიანებული ქონება საჭიროებს შეკეთებას, რასაც სჭირდება 7030,70 ლარი. საქმეში ასევე არის მოსარჩელის ოჯახის წევრების მიერ 31.12.03წ. შედგენილი აქტი მიყენებული ზიანის ოდენობის თაობაზე. მაგრამ ვ. გ-ს სასამართლოში არ წარმოუდგენია მოპასუხეთა მონაწილეობით შედგენილი აქტები იმის შესახებ, რომ მიყენებული ზიანი სახლში ზედაპირული წყლების შესვლამ გამოიწვია. მით უფრო, აუდიტორული დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი ნესტს მიწიდან იღებს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გარემოება, რომლითაც მოსარჩელეს შესაძლებლობა მიეცემოდა, სკ-ის 413-ე მუხლის შესაბამისად, მიეღო არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, საქმეში არ არსებობს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არსებული ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის 15.11.04წ. წერილით დასტურდება, რომ ... ქუჩის მხრიდან ... ქუჩის გადაკვეთაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი 12 გრძივ მეტრზე 3 წვიმამიმღები ჭით. სამუშაოები შესრულდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით და შეადგიანა 3765,41 ლარი. ამით დასტურდება, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ჩატარებულია შესაბამისი სამუშაოები ზედაპირული წყლების გასარიდებლად და ის ფაქტი, რომ სანიაღვრე ტექნიკურად გაუმართავია, დადასტურებული არ არის.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი მოსარჩელის მოთხოვნა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ.
იმის გამო, რომ მოსარჩელე არის ინვალიდი “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 5.1 მუხლის საფუძველზე, ვ. გ-ე გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაუქმდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.12.04წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-ის წარმომადგენელმა ნ. გ-მ და მისი ნაწილობრივ გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონის ზოგიერთი მუხლი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნული კასატორის მოსაზრებით, სსკ-ის 393-ე, 394-ე მუხლების თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ მისცა სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ მის მიერ არაერთხელ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებებზე პასუხი არ მიუღია, მაშინ, როდესაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლით ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება განცხადებაზე პასუხის გაცემის თაობაზე, ცალსახად არის განსაზღვრული. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 102-ე და სკ-ის 317-ე მუხლები. სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის 15.11.04წ. წერილს, რომლის თანახმად, შპს “სანიაღვრე მეურნეობამ” არსენას ქუჩის მხრიდან ბესიკის ქუჩის გადაკვეთაზე სანიაღვრე ქსელის მოსაწყობად შეასრულა სამუშაოები 12 გრძივ მეტრზე 3 წვიმმიმღები ჭით. აღნიშნული წერილი სასამართლოს არ გამოუქვეყნებია, უფრო მეტიც, იგი არ არსებობდა არც საქმის მასალებში, მაგრამ ასეთის არსებობის შემთხვევაში, კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული საქმის განხილვაში მხარედ უნდა ჩაერთო შპს “.. ..” დირექტორი, რომელიც დაადასტურებდა, რომ სანიაღვრე ჭები მოეწყო ვ. გ-სთან ყოველგვარი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, რაც თავისთავად გამორიცხავდა სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას სკ-ის 317-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საოქმო განჩინებებით არასწორად უთხრა უარი მას შუამდგომლობების, კერძოდ, ექსპერტიზის დანიშვნის და მისი საცხოვრებელი სახლის, აგრეთვე გაფუჭებული წიგნების დათვალიერების შესახებ დაკმაყოფილებაზე, რის გამოც მითითებული განჩინებები ექვემდებარება გაუქმებას.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის მე-4, 102-ე, 103-ე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12, სკ-ის 413-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.04.05წ. განჩინებით ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.09.06წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ვ. გ-ის წარმომადგენლის ნ. გ-ის განცხადება საკასაციო პალატის 07.04.05წ. განჩინების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი საკასაციო პალატის 07.04.05წ. განჩინება და საქმის წარმოება განახლდა.
ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძვეოლზე განხილულ იქნა ზეპირი განხილვის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.12.04წ. გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას სათანადო შეფასება არ მისცა ფაქტობრივ გარემოებებს და არ იმსჯელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობაზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ ვ. გ-ის განცხადება განხილული იქნა სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. აღნიშნული დასტურდება სადავო საკითხის მოწესრიგების თაობაზე თბილისის მერიის საწარმო “.. ..” დირექტორის 14.02.02წ. ¹5 წერილით, თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინდის რაიონის გამგეობის კეთილმოწყობისა და კომუნალური მომსახურეობის ტერიტორიული გაერთიანების უფროსის _ ს. კ-ის 31.01.97წ. ¹კოლ-3, კოლ-4 და 31.07.98წ. ¹მ-02 კოლ-23, კოლ-42, კოლ-30 წერილებით, ასევე, თბილისის კრაწნისი-მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილის დ. ხუჯაძის 11.06.03წ. ¹გ-225 მიმართვით თბილისის მთავრობის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის, თბილისის საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარისადმი სადავო საკითხის მოწესრიგების თაობაზე. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, ადმინიტსრაციული წესით გასაჩივრების ვადა განისაზღვრება ერთი თვით იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა მოქმედებათა განხორციელების, ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემისათვის, მოქმედების შესრულებისათვის დადგენილი ვადის დარღვევა მოქმედი კანონმდებლობით ჩაითვლება უარის თქმად და შეიძლება გასაჩივრდეს ადმინისტრაციული წესით ან სასამართლოში სარჩელის შეტანით. ვადის დენა ასეთ შემთხვევაში დაიწყება დადგენილი ვადის ამოწურვიდან. ამდენად, ის გარემოება, რომ გამგეობას არ გაუცია კასატორის რიგ მიმართვებზე პასუხი არ წარმოადგენს მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
ვ. გ-ის თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა თბილისში, .... ¹17 და ¹19-ში მდებარე სახლებს შორის არსებულ გზის მონაკვეთზე სანიაღვრის მოწყობა და მისი მიერთება ... ქუჩა ¹19 სახლის ქვეშ გამავალ კოლექტორთან, აგრეთვე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა უმოქმედობით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლოში ვ. გ-მ შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა და სანიაღვრის მოწყობის ნაცვლად მოითხოვა თბილისის მერიის საწარმო შპს “.. ..” მიერ 2004 წელს მოწყობილი სანიაღვრე ქსელის ტექნიკურად გამართვა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... ქუჩის მხრიდან ... ქუჩის გადაკვეთაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი 12 გრძივ მეტრზე 3 წვიმმიმღები ჭით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მითითებული დოკუმენტის საქმის მასალებში არ არსებობის შესახებ. მით უფრო, ვერ იქნება გაზიარებული ვ. გ-ის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ხსენებული წერილის საქმეში არსებობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო მოცემული საქმის განხილვაში მხარედ ჩაერთო შპს “.. ..” დირექტორი, რომლის ჩვენებაც კასატორის მოსაზრებით, გამორიცხავდა სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას სკ-ის 317-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს “.. ..” კონკრეტულ შემთხვევაში არ წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეს, ხოლო ვ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა სანიაღვრე ქსელის ტექნიკურად გამართვისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ მიმართულია თბილისის მერიის და ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის მიმართ, მოთხოვნა შპს-ის მიმართ მოსარჩელის მიერ აღძრული არ ყოფილა. ვ. გ-ე სასარჩელო განცხადებაში და საკასაციო საჩივარში თავად ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ გამგეობას და ქ. თბილისის მერიას თავიანთი სამსახურების მეშვეობით უნდა მიეღოთ ზომები ეზოს დატბორვის წინააღმდეგ, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო სახელმწიფოს სახსრებით. მოთხოვნის საფუძვლად ვ. გ-ე უთითებდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კომპეტენციის განმსაზღვრელ”ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის ნორმებს. ვ. გ-ე თვლის, რომ მისი საკუთრება ხელყოფილია გამგეობის და მერიის მუშაკების სამსახურებრივი უფლებამოსილების შეუსრულებლობის გამო, ამდენად შპს “.. ..” არ არის სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე.
სკ-ის 317-ე მუხლის I ნაწილი, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის და “საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის შესახებ” კანონის მიხედვით მმართველობის ორგანოებს გააჩნიათ ტერიტორიული იურისდიქციის შესაბამისი კომპეტენცია მმართველობის სფეროში, რომელიც რეალიზებულ უნდა იქნეს როგორც მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე, ასევე, საკუთარი ინიციატივით, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება სწორედ მითითებულ საფუძვლებზეა დამყარებული. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით, სკ-ის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინიტსრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სკ-ის 317-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად ხელშეკრულების გარდა მითითებულია, აგრეთვე, დელიქტი, უსაფუძვლო გამდიდრება ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. სააპელაციო პალატის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სკ-ის 317.1 მუხლის გამოყენება არ წარმოადგენს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, ვინაიდან ხსენებული ნორმა სააპელაციო პალატის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გამოყენებულია დელიქტიდან წარმოშობილი ვალდებულების არსებობის აღსანიშნავად და არა ზიანის ასანაზღაურებლად ადმინსტრაციულ ორგანოსთან ხელშეკრულების დადების საჭიროების დასადგენად. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არა ადმინისტრაციულ ორგანოსთან ხელშეკრულების არ არსებობის, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურის მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის, ზიანის სახლში ზედაპირული წყლების შეღწევის, სანიაღვრის ტექნიკური გაუმართაობის დაუდასტურებლობის გამო.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. გ-ის თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹17 და ¹19-ში მდებარე სახლებს შორის არსებულ გზის მონაკვეთზე სანიაღვრის მოწყობა და მისი მიერთება ... ქუჩა ¹19 სახლის ქვეშ გამავალ კოლექტორთან. მოსარჩელე ითხოვდა, აგრეთვე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა უმოქმედობით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ვ. გ-მ შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნული გზის მონაკვეთზე სანიაღვრის მოწყობის ნაცვლად მოითხოვა ქ. თბილისის მერიის საწარმო შპს “.. ..” მიერ 2004 წელს ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოწყობილი სანიაღვრე ქსელის ტექნიკურად გამართვა. მიუხედავად იმისა, რომ სასკ-ის 24-ე მუხლი (სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე) სარჩელის დასაშვებობის პირობად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელებაზე უარის თქმის არსებობას ითვალისწინებს, საქმის მასალებში არ მოიპოვება იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს სარჩელის აღძვრამდე განხორციელების მოთხოვნით (2004 წელს ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოწყობილი სანიაღვრე ქსელის ტექნიკურად გამართვა) მიმართული აქვს ადმინისტრაციული ორგანოსათვის. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვ. გ-ის მოთხოვნა ამ ნაწილში სრულიად დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სანიაღვრე ქსელის ტექნიკურად გამართვის შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ვ. გ-ს არ წარუდგენია სანიაღვრე ქსელის ტექნიკური გაუმართაობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. დაუსაბუთებელია აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ მისთვის ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც საფუძველსმოკლებულია კასატორის მითითება 1005-ე მუხლის I-ელ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს სხვა პირთა მიმართ მიყენებული ზიანისთვის იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სახელმწიფო მოსამსახურის განზრახვა ან უხეში გაუფრთხილებლობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამრთლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქალაქო ბიუჯეტის თანხების გამოყენებაში პრიორიტეტების განსაზღვრა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სკ-ის 997-ე მუხლის შესაბამისად, პირი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე, რომლის არ არსებობის შემთხვევაში სკ-ის 992-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სკ-ის 413-ე მუხლი, რომლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. კასატორი ვერ უთითებს, თუ რა სახის და რა ოდენობით არაქონებრივი (მორალური) ზიანი მიადგა მას ადმინისტრაციულ ორგანოთა მხრიდან. დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივარში მორალური ზიანის ანაზღაურების პირობად სკ-ის მე-18 მუხლზე მითითება, ვინაიდან ხსენებული ნორმა ითვალისწინებს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას პირადი არაქონებრივი უფლებების ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთანავე, კასატორმა ვერ დაადასტურა მოპასუხეთა ქმედებაში /უმოქმედობაში/ ბრალის არსებობა, რაც არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველია.
სსკ-ის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამათლოში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს 18.05.04წ. გადაწყვეტილების მოტივაციის მართლზომიერებასთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები არ ქმნის სააპელაციო სასამართლოს 08.12.04წ. გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ კასატორი ვ. გ-ე არის ინვალიდი, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის I-ლი პუნქტის “მ” ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 407.2-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.12.04წ. გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.