საქმე №ას-116-2020 29 ოქტომბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - თ.თ–ი (ძირითად სარჩელში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ჟ–ი (ძირითადი მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი - თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა, თანხის დაკისრება (თავდაპირველი სარჩელით), ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ჟ–ი (შემდგომ - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) და თ.თ–ი (შემდგომ - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი ან შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, კასატორი) 2009 წლის 21 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი 2014 წლის 25 სექტემბერს დაბადებული ა.ჟ–ი (შემდგომ - არასრულწლოვანი).
2. 2014 წლის სექტემბრიდან მხარეთა თანაცხოვრება შეწყდა, არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან თბილისში, ......, მე-4 სართულზე, ბინა №12-ში.
სასარჩელო მოთხოვნა:
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელის სახელზე რეგისტრირებული წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული უძრავი ქონების ½ ნაწილზე მისი მესაკუთრედ აღიარება, ასევე - მოპასუხისათვის ქორწინების განმავლობაში დაგროვებული ფულადი აქტივების ნახევრის (მოპასუხის სახელზე გახსნილ სს ,,პ.ბ–ში“ ანგარიშზე არსებული 10 000 ევროსა და 2013 წლის 22 ივლისიდან დარიცხული სარგებლის (1350 ევროს) ნახევრის, ჯამურად - 5675 ევროს, იმავე ბანკში მოპასუხის ანგარიშზე არსებული 4000 აშშ დოლარისა და 2013 წლის 28 დეკემბრიდან დარიცხული სარგებლის (561 აშშ დოლარის) ნახევრის ჯამურად - 2280 აშშ დოლარის, სს ,,ლ.ბ–ში არსებულ 25 000 ლარისა და მასზე დარიცხული სარგებლის (4385 ლარის) ნახევრის ჯამურად - 14692 ლარის) მის სასარგებლოდ დაკისრება (დაზუსტებული სარჩელით მოთხოვნილი იყო არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრაც, თუმცა მხარეები ამ ნაწილში მორიგდნენ და საქმისწარმოება 2015 წლის 29 აპრილის განჩინებით შეწყდა).
შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
4. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა მოსარჩელის წინააღმდეგ და მოითხოვა, მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა და შეგებებული მოპასუხისათვის, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ალიმენტის ყოველთვიურად - 500 ლარის დაკისრება.
მოპასუხის შესაგებელი ძირითად სარჩელზე:
5. მოპასუხემ სარჩელზე წარდგენილი არაკვალიფიციური შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო, თუმცა სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ სს ,,პ.ბ–ში“ არსებულ მის ანგარიშზე განთავსებულია 6 000 ევრო, ხოლო სს ,,ლ.ბ–ში“ - 18 000 ლარი, რომლის ნახევარი თანახმაა, მოსარჩელეს მიეკუთვნოს.
შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე:
6. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი ცნო ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში მიუთითა, რომ თანახმაა, ყოველთვიურად ალიმენტი - 250 ლარი გადაიხადოს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით, ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ცნობილ იქნა წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული უძრავი ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ, რისი გათვალისწინებითაც მითითებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში უნდა აღირიცხოს; მოპასუხეს 9000 ლარისა და და 3000 ევროს გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
8. შეგებებული სარჩელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მხარეთა შორის, 2009 წლის 21 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა; შეგებებული სარჩელის მოპასუხეს მისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის - ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა დაეკისრა სარჩელის აღძვრიდან, 2015 წლის 19 მარტიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, კერძოდ, სადავო უძრვი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრში აღრიცხვა; დაკისრებული 3000 ევროს ნაცვლად, მოპასუხის სახელზე სს “პ.ბ–ში“ გახსნილი ანაბრის - 10 000 ევროსა და, შესაბამისად, მიღებული სარგებლის 1350 ევროს ½ ნაწილის, მთლიანად 5675 ევროს მოპასუხისათვის დაკისრება; მოპასუხის სახელზე სს ,,პ.ბ–ში“ გახსნილი ანაბრის - 4000 აშშ დოლარისა და, შესაბამისად, მიღებული სარგებლის 561 აშშ დოლარის ½ ნაწილის, სრული 2280 აშშ დოლარისა და, მოპასუხისათვის დაკისრებული 9000 ლარის ნაცვლად, ამ უკანასკნელის სახელზე სს ,,ლ.ბ–ში“ გახსნილი ანაბრის - 25 000 ლარისა და, შესაბამისად, მიღებული სარგებლის - 4385 ლარის ½ ნაწილის, სულ - 14 692 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 (რომლითაც მოპასუხეს 9000 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა) და 1.3 (რომლითაც მოპასუხეს 3000 ევროს გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა) პუნქტები გაუქმდა, დაემატა 1.4 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მოპასუხეს 9000 ლარისა და მასზე, როგორც ანაბარზე, დარიცხული სარგებლის ანაზღაურება, 5000 ევროსა და მასზე, როგორც ანაბარზე, დარიცხული სარგებლის ანაზღაურება, 2000 აშშ დოლარისა და მასზე, როგორც ანაბარზე, დარიცხული სარგებლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა; სააპელაციო საჩივარი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
11. სააპელაციო სასამართლომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილი არის დედის საცხოვრებლის მისამართი, მართებულად მიიჩნია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ვლინდებლოდა მეუღლეთა წილის თანაფარდობის საწყისისთვის გადახვევის სამართლებრივი საფუძველი.
12. რაც შეეხება ქორწინების განმავლობაში დაგროვებული ფულადი აქტივის ½ ნაწილის მოპასუხისათვის (მოწინააღმდეგე მხარისათვის) დაკისრებას, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილია მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე (ანაბარზე) სს ,,ლ.ბ–ში“ განთავსებულია 18 000 ლარი, ხოლო სს ,,პ.ბ–ში“ – 10 000 ევრო (იხ. 2019 წლის 31 დეკემბრის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ). მოპასუხეს ამ უკანასკნელ ბანკში ქორწინების პერიოდში ერიცხებოდა 4000 აშშ დოლარიც (იხ. ტ. 2, ს.ფ. 139-142).
13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1158-ე მუხლის შემადგენლობა ადგენს კანონისმიერ პრეზუმფციას იმის შესახებ, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი, შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომელიც მიუთითებს საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ფულადი თანხა მართლზომიერადაა მოქცეული სსკ-ის 1158-ე მუხლით განსაზღვრულ მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმში.
14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო თანხა მოპასუხის ანგარიშზე განთავსებული იყო, როგორც ანაბარი, რომელსაც სარგებელი ერიცხებოდა, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ აპელანტს საერთო საკუთრებაში არსებულ თანხაზე დარიცხული ანაბრის შესაბამისი წილი შესაბამისი სარგებლის გათვალისწინებით მიეკუთვნოს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა, კერძოდ, გაუქმდეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების 1.2 და 1.3 პუნქტები და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 9 000 ლარისა და მასზე, როგორც ანაბარზე 2014 წლის 2 აგვისტოდან ანაბრის ვადის ბოლომდე დარიცხული სარგებლის ანაზღაურება. ასევე 3000 ევროსა და მასზე, როგორც ანაბარზე 2014 წლის 15 აგვისტოდან ანაბრის ვადის ბოლომდე დარიცხული სარგებლის ანაზღაურება.
16. კასატორის მითითებით, ეთანხმება მისთვის 9000 ლარისა და მასზე, როგორც ანაბარზე, დარიცხული სარგებლის ანაზღაურების დაკისრებას, ამ ნაწილში ითხოვს მხოლოდ ფორმულირების კორექტირებას, რამდენადაც ანაბარი გაიხსნა 2014 წლის 2 აგვისტოს, ფორმულირებაში მიეთითოს ანაბრის გახსნის თარიღი და რომ ანაზღაურებას ანაბრის ვადის ბოლომდე დარიცხული სარგებელი ექვემდებარება.
17. კასატორი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ეთანხმება იმ ნაწილშიც, რომლითაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ 3000 ევროს ანაზღაურება დაეკისრა ასევე ნაწილობრივ ეთანხება 3000 ევროზე, როგორც ანაბარზე დარიცხული სარგებლის დაკისრებას, კერძოდ, დარიცხულ სარგებელთან დაკავშირებით ეთანხმება მხოლოდ 2014 წლის 15 აგვისტოდან ანაბრის ვადის ბოლომდე დარიცხული სარგებლის ანაზღაურების ნაწილში, რამდენადაც 2014 წლის 15 აგვისტომდე მხარეები საერთო საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ და ამ თარიღამდე დარიცხული და გატანილი თანხები ოჯახის საერთო ინტერესებს ემსახურებოდა.
18. კასატორი სადავო ხდის ქვემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებას 3000 ევროს ნაცვლად 5000 ევროს დაკისრებისა და 2000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ასევე ამ ნაწილში მისთვის სარგებლის დაკისრებას.
19. კასატორის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტნის ეტაპზე მოპასუხის ანგარიშებზე განთავსებული იყო მხოლოდ 18 000 ლარი და 6 000 ევრო, რაზეც არაერთხელ მიუთითა მოპასუხემ და აღნიშნა, რომ თავდაპირველად ანაბრებზე არსებული თანხები გაიხარჯა ორსულობის და ორსულობის შემდგომი პერიოდისთვის სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებისა და პირველადი საჭიროების ნივთების შეძენისათვის.
20. კასატორის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარეს ბავშვის დაბადებიდან 2015 წლის აპრილამდე ფინანსური მონაწილეობა შვილის აღზრდაში არ მიუღია, ამასთან, მას დღემდე გააჩნია საალიმენტო დავალიანება - 6 000 ლარი. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორი იძულებული იყო ანგარიშზე (ანაბრებზე) არსებული თანხებიდან აენაზღაურებინა მშობიარობის ხარჯები, მან შეიძინა ბავშვისთვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ავეჯი და ინვენტარი, ასევე - სხვა პირველადი მოხმარების ნივთები. მოპასუხე ბავშვის დაბადებიდან ანაზღაურებდა ბავშვის პედიატრთან ვიზიტისა და სხვა აუცილებელ ხარჯებსაც. ყველა ეს ხარჯი მოპასუხემ გასწია მოსარჩელისათვის ალიმენტის დაკისრებამდე. ამ ხარჯების გაწევისათვის კასატორმა დახარჯა ანგარიშებზე არსებული თანხა 4000 აშშ დოლარი და 4000 ევრო.
21. კასატორის სსკ-ის 1168-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ ანგარიშებზე განთავსებული თანხებიდან მოპასუხის წილი უნდა განისაზღვროს 2-/3-ით, ვინდაიან არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან ერთად, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარე ბავშვის აღზრდასა და რჩენაში მონაწილეობას არ იღებდა, რაც წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფისას წილის თანაფარდობის საწყისებიდან გადახვევის საფუძველს.
22. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებიდან დგინდება, რომ საბანკო ანაბრებზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა და ანგარიშებიდან მისი გატანა ხდებოდა ყოველთვიურად, მათ შორის მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში, რომელიც 2014 წლის 15 აგვისტომდე გრძელდებოდა. თანაცხოვრების პერიოდში მეუღლეები ამ თანხებს ოჯახის საჭიროების შესაბამისად იყენებდნენ, ამ გარემოების გათვალისწინებით გაუგებარია სასამართლომ კასატორს სრულად რატომ დააკისრა ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი.
23. საპრცენტო სარგებელთან დაკავშირებით ერთადერთი ლოგიკური მიდგომა შეიძლება იყოს მისთვის 2014 წლის 15 აგვისტოდან დარიცხულ სარგებლის ანაზღაურების დაკისრება, ვინაიდან ამ პერიოდიდან მხარეები ერთად აღარ ეწეოდნენ საოჯახო მეურნეობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
24. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
28. მოსარჩელის მოთხოვნაა, უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა და ქორწინების განმავლობაში დაგროვილი ფულადი აქტივების ნახევრის მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი მიიღება სსკ-ის 1158-ე მუხლით (მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი) გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში.
29. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1158-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მათ საერთო ქონებად, თანასაკუთრებად არსებობის პრეზუმფციას. ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ და ემსახურება ოჯახის ინტერესების დაცვის მიზანს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამდენად, დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის (შდრ: სუსგ №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი; №ას-1426-1346-2017, 2 მარტი, 2018 წელი)
30. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე 2009 წლის 21 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი. მხარეებს 2014 წლის სექტემბრიდან შეწყვეტილი აქვთ თანაცხოვრება და ცხოვრობენ ცალკე ოჯახებად. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან.
31. უდავოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც უძრავ ქონებაზე მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისიდან გადახვევის საფუძველი დადგინდა, სააპელაციო სასამართლომაც გაიზირა, რაც შემდგომ მოწინააღმდეგე მხარეს არ გაუსაჩივრებია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. რაც შეეხება ქორწინების განმავლობაში დაგროვებული ფულადი აქტივის ½ ნაწილის მოპასუხისათვის დაკისრებას, ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი თანხების ოდენობა სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და მოპასუხეს 9000 ლარისა და მასზე, როგორც ანაბარზე დარიცხული სარგებლის ანაზღაურება, 5000 ევროსა და მასზე, როგორც ანაბარზე დარიცხული სარგებლის ანაზღაურება და 2000 აშშ დოლარისა და მასზე, როგორც სარგებელზე დარიცხული სარგებლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, სწორედ ამ დაკისრებული თანხების ნაწილის კანონიერებას ხდის კასატორი სადავოდ და მიუთითებს, რომ მის ანგარიშებზე განთავსებული მხოლოდ 18 000 ლარი და 6 000 ევრო იყო. იგი სადავოდ ხდის ანაბარზე დარიცხული სარგებლის ნაწილსაც.
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა საოჯახო ურთიერთობების მომწესრიგებელი კანონმდებლობით მეუღლის ქონებრივი უფლების რეალიზაცია - სადავო მატერიალური სიკეთის, რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენის ფაქტზეა დამოკიდებული. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო არაა, რომ ფულადი აქტივი, რომლის თანამესაკუთრედ ცნობაზეც მოსარჩელე აცხადებს პრეტენზიას, მეუღლეთა ქორწინების პერიოდში განთავსდა საბანკო ანგარიშებზე.
33. საკასაციო პალატა განმარტავს: მხარეები მოქმედებენ რა დისპოზიციურობისა (სსსკ-ის მე-3 მუხლი - მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი - სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები) პრინციპის ფარგლებში, თავად განსაზღვრავენ, თუ რა სახის სარჩელი აღძრან სასამართლოში, რომელ ფაქტებს დაამყარონ თავიანთი მოთხოვნა, რა ტიპის შესაგებელი დაუპირისპირონ სასარჩელო მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად.
34. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში ფულადი აქტივი გათვალისწინებით, მოპასუხის ანგარიშზე 25 000 ლარი, 10 000 ევრო და 4 000 აშშ დოლარი ირიცხება, რომელის ნახევარიც სსკ-ის 1158-ე მუხლის გათვალისწინებით მისი საკუთრებაა, ისევე როგორც, მოპასუხის სახელზე გახსნილ სს ,,პ.ბ–ში“ ანგარიშზე არსებული 10 000 ევროზე 2013 წლის 22 ივლისიდან დარიცხული სარგებლის 1350 ევროს, იმავე ბანკში მოპასუხის ანგარიშზე არსებული 4000 აშშ დოლარზე 2013 წლის 28 დეკემბრიდან დარიცხული სარგებლის - 561 აშშ დოლარისა და სს ,,ლ.ბ–ში არსებულ 25 000 ლარზე დარიცხული სარგებლის - 4385 ლარის ნახევარი.
35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ვალდებულება სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით ასახოს მისი მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით (სსსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილი) სათანადოდ შეასრულა. გარდა ამისა, თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად მან სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სხვადასხვა ბანკებიდან გამოთხოვილი ყოფილყო მოპასუხის კუთვნილი ანგარიშებიდან ამონაწერები, 2009 წლის 21 თებერვლიდან - 2014 წლის 15 აგვისტომდე არსებული მონაცემების ჩვენებით, რაც სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა.
36. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს.
37. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
38. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
39. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
40. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარდგენილია მტკიცებულებები (იხ. ტ. 2, ს.ფ 139-142), რომელიც ადასტურებს პ.ბ–ში მოპასუხის ევროს ანგარიშზე 4000, 3000 და 3000 ევროს ჯამში 10 000 ევროს შეტანას. ამონაწერი 2013 წლის 22 ივნისიდან 2014 წლის 15 აგვისტომდე თარიღდება. ამავე ბანკში 4000 აშშ დოლარის ანგარიშზე არსებობას ადასტურებს იმავე თარიღის ამონაწერი მოპასუხის ამერიკული დოლარის ანგარიშიდან. საქმეში წარდგენილია ლ.ბ–ის საბანკო ანგარიშის ამონაწერიც, რომლითაც მოპასუხეს ანგარიშზე 18 000 ლარის არსებობა დასტურდება (მოპასუხე აღნიშნული თანხის ოდენობას არ ხდის სადავოდ).
41. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და მოპასუხის მიერ წარდგენილი არაკვალიფიციური შედავების პირობებში სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს მოპასუხის ანგარიშეზე არსებული თანხების ოდენობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოპასუხის ანგარიშზე არსებული თანხების ოდენობა და სსკ-ის 1158-ე მუხლის საფუძველზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმში სწორად მოაქცია, რისი გათვალისწინებითაც, მოპასუხეს 9000 ლარი, 5000 ევრო და 2000 აშშ დოლარი მოსარჩელის სასარგებლოდ კანონიერად დაეკისრა.
42. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომლის თანახმად, 18 000 ლარისა და 6 000 ლარის ზევით არსებული თანხები (4000 ევრო და 4000 აშშ დოლარი) ორსულობის და ორსულობის შემდგომი პერიოდისათვის სამედიცინო ხარჯებსა და პირველადი საჭიროების ნივთების შეძენისათვის გაიხარჯა. როგორც უკვე აღინიშნა, თანხების ოდენობას მოპასუხე კვალიფიციური შესაგებლით არ შესდავებია, გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხის წარმომადგენელმა 2016 წლის 19 მაისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის ანგარიშზე 18 000 ლარისა და 10 000 ევროს არსებობა დაადასტურა.
43. მოპასუხემ 2016 წლის 7 აპრილის სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ ანგარიშზე არსებული 25 000 ლარიდან 5 000 ლარი ბავშვს მოახმარა, თუმცა, იმავე წლის 19 მაისის სხდომაზე მიუთითებდა, რომ სამშობიაროდ და ბავშვის ნივთების შესაძენად სესხი აიღო. ზემოაღნიშნული ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხის ზემოაღნიშნული საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია და მისი გაზიარების საფუძველი არ არსებობს.
44. რაც შეეხება მოპასუხისათვის ანგარიშზე არსებული სარგებლის დაკისრებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით, აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულები აღარ მიიღება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (შდრ. სუსგ №ას-664-635-2016, 2017 წლის 2 მარტის განჩინება).
45. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი არ შეიცავს მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის ანგარიშებზე არსებული ფულადი თანხებისა და მასზე დარიცხული სარგებლიდ ოდენობის უარყოფის შესაბამის მიზეზებსა და არგუმენტებს, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოება, სამართლებრივად ქმნიან იმის პრეზუმფციას, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ანაბარზე განთავსებული თანხების სარგებლის ოდენობები სწორია, აღნიშნული პრეზუმირებული გარემოებების დამაჯერებლად და სარწმუნოდ გაქარწყლება კი, სწორედ მოპასუხის ვალდებულებაა და მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში უნდა დაიძლიოს, შესაბამისად, კასატორის (მოპასუხის) პრეტენზია, რომელიც სამართალწარმოების შესაბამის საპროცესო ეტაპზე შესაგებლით შედავებული არ არის, უსაფუძვლოა და მოპასუხისათვის უარყოფით სამართლებრივ შედეგებს იწვევს.
46. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
47. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
48. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1226-2020, 2021 წლის 25 მარტის განჩინება; №ას-94-2020, 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინება; №ას-1432-2019, 2020 წლის 22 იანვრის განჩინება; №ას-205-2019, 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინება).
49. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
51. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.თ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. თ.თ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ზ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარისა (საგადახდო დავალება 1588851124 / გადახდის თარიღი 07.05.2020) და 527 ლარის (საგადახდო დავალება 1590571182 / გადახდის თარიღი 27.05.2020), 70% - 578.9 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე