საქმე №ას-8-2022
25 თებერვალი 2022 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები - შპს „3.ტ–ს“ დირექტორი ლ.დ–ი და დ.ნ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ლ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების შეწყვეტა
საკითხი რომელზეც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა და საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „თ.ლ–მა“ სარჩელი აღძრა სს შპს „3. ტ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2019 წლის 11 თებერვალს, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სს „თ.ლ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა.
მოპასუხეებს „შპს 3. ტ–სა“ და დ.ნ–ძეს, სოლიდარულად დაეკისრათ 14 115.65 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
ზემოთ აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შპს „3დ ტ–ისა“ და დ.ნ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა საჩივრის დაკმაყოფილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
2022 წლის 12 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ 05 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) 705.78 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“); ბ) საკასაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა: გასაჩივრების საფუძვლები (კასაციის მიზეზები) და განმარტება იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა მომჩივანი გადაწყვეტილების გაუქმებასა თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი); ის ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება: გ) მინდობილობა, რომელიც დაადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე.
ხარვეზის შესახებ განჩინება საკასაციო საჩივრის ავტორს დ.ნ–ძეს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2022 წლის 15 თებერვალს.
2022 წლის 13 იანვარს, კასატორმა შპს „3დ ტ–ის“ დირექტორის ლ.დ–ის წარმომადგენელმა გ.ძ–ძემ, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განაცხადეს, რომ სს „თ.ლ–სა“ და მათ შორის შედგა მორიგება, რის გამოც უარს აცხადებენ საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კასატორის შპს „3. ტ–ის“ დირექტორის ლ.დ–ის წარმომადგენელის გ.ძ–ძის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი დ.ნ–ძის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.
სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, გარდა იმ ცვლილებების და დამატებებისა, რაც მოცემულია სსსკ-ის XLVI თავში. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე (საკასაციო საჩივარზე) უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს (საკასაციო სასამართლოს) მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე (საკასაციო საჩივარზე) უარის თქმის შემთხვევაში, მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით(საკასაციო წესით).
სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, კასატორმა განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული დისპოზიციურობის საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. ამასთან, სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მოცემულ საქმეზე შპს „3. ტ–ის“ საკასაციო საჩივრის ნაწილში საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.
საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება).
საკასაციო პალატა, ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგაზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა.
ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია შემდეგი: სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ 05 დღის ვადაში ხარვეზის შევსება. აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრის ავტორებს ჩაბარდათ ტექნიკური საშუალების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების შეტყობინების ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით) ჩაბარება, კანონით დადგენილ შესაბამის ქმედებას წარმოადგენს, ეს შეტყობინება, მისი განხორციელების დღეს - 2022 წლის 15 თებერვალს ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად.
საკასაციო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო კასატორის წარმომადგენლისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან, 2022 წლის 16 თებერვლიდან და ამოიწურა 2022 წლის 21 თებერვალს.
კასატორი ვალდებული იყო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2022 წლის 21 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების შესაბამისად, მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება.
განსახილველი საქმის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორ დ.ნ–ძეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, მისი საკასაციო საჩივრის ნაწილში, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 378-ე, 284-ე, 285-ე ,399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოპასუხე შპს „3. ტ–ის დირექტორის ლ.დ–ის წარმომადგენლის გ.ძ–ძის შუამდგომლობა, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება მოპასუხე შპს „3.ტ–ის“ საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე სს „თ.ლ–ის“ სარჩელის გამო, მოპასუხე შპს „3. ტ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე;
3. განემარტოს კასატორს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
4. დ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თეა ძიმისტარაშვილი