Facebook Twitter

№ა-5261-შ-129-2018

16 თებერვალი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის ოლქის საგადასახადო ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „D.S. G.“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე #254-3/2017/15/3)

მოთხოვნა – უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის ოლქის საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს ტერიატორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე #254-3/2017/15/3), რომლითაც შპს „D.S G-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით 5 678 ბელორუსული რუბლის და 96 კაპიკის (რაც ეკვივალენტია 2 628,54 აშშ დოლარის) გადახდა დაეკისრა. აღნიშნულ განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2021 წლის 13 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ბელორუსიის რესპუბლიკის გომელის მხარის საგადასახადო ინსპექციის მომართვა, რომლითაც განმცხადებელი ითხოვს საკასაციო სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოვალის შპს „D.S G-ის“ საიდენტიფიკაციო კოდის - .... მითითებას, იმ საფუძვლით, რომ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში არ არის მითითებული მოვალის საიდენტიფიკაციო კოდი, რის გამოც მას სააღსრულებო ფურცელი აღუსრულებელი სახით დაუბრუნდა უკან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო ბელორუსიის რესპუბლიკის გომელის მხარის საგადასახადო ინსპექციის მომართვას და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ცვლილების შეტანა, რაც უკავშირდება დაშვებულ უსწორობას ან აშკარა არითმეტიკულ შეცდომებს.

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცელში დაშვებული არ არის უსწორობა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომა, რადგან შუამდგომლობაში, რომლითაც ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის ოლქის საგადასახადო ინსპექცია მოითხოვდა ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე #254-3/2017/15/3) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას და რომლითაც იხელმძღვანელა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, მითითებული არ ყოფილა მოვალის საიდენტიფიკაციო კოდი, რაც თავისთავად გამოიწვევდა საიდენტიფიკაციო კოდის მიუთითებლობას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განჩინებასა და შესაბამისად მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში. ამდენად, რაიმე უსწორობას ან შეცდომას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანისას ადგილი არ ჰქონია.

გარდა ზემოთმითითებული ფორმალური გარემოებებისა, პალატას მიაჩნია, რომ ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის მხარის საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს ასევე შემდეგი ძირითადი გარემოების გამო: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის მხარის საგადასახადო ინსპექციისათვის გაგზავნილი წერილით ირკვევა, რომ ვინაიდან სააღსრულებო ფურცელში არ არის მითითებული მოვალის - შპს „D.S G-ის“ საიდენტიფიკაციო კოდი, წარდგენილი დოკუმენტაცია ადრესატს დაუბრუნდა შეუსრულებელი სახით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიუთითა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს: კრედიტორის და მოვალის დასახელება და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს: კრედიტორის და მოვალის დასახელება და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი. ეს წესი არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხვა სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას.

განსახილველ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის გაგზავნილი სააღსრულებო ფურცელი გაცემული იყო ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შემდგომ, მისი აღსასრულებლად მიქცევის მიზნით, გამომდინარე სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ მინსკის კონვენციიდან.

პალატას მიაჩნია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მეორე წინადადების დანაწესიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2018 წლის 25 იანვარს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში არ არის აუცილებელი მოვალის საიდენტიფიკაციო კოდის მითითება და იგი მასში მითითებული რეკვიზიტებით (შპს „D.S G“, მისამართი: საქართველო, ქ. ბოლნისი, .......) ექვემდებარება აღსრულებას. აქედან გამომდინარე, პალატა ასკვნის, რომ არ არსებობს სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის საფუძველი.

შესაბამისად, ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის ოლქის საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობა სააღსრულებო ფურცელში მოვალის საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბელორუსიის რესპუბლიკის გომელსკის მხარის საგადასახადო ინსპექციის განცხადება სააღსრულებო ფურცელში მოვალის საიდენტიფიკაციო კოდის მითითების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

ლაშა ქოჩიაშვილი