საქმე №ას-780-2020 20 იანვარი, 2022 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ე.რ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ააიპ სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ქარელის მუნიციპალური გაერთიანება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2015 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის 1 თებერვლამდე ე.რ–ი (შემდგომში „დასაქმებული“, „ყოფილი დასაქმებული“, „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მუშაობდა სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ქარელის მუნიციპალური გაერთიანების (შემდგომში „დამსაქმებელი“ ან „მოპასუხე“) ფცის საბავშვო ბაღის დირექტორად.
2. 2019 წლის 1 თებერვალს დასაქმებულმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა დამსაქმებელს. იმავე დღეს დამსაქმებლის #286 ბრძანებით დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
3. 2019 წლის 20 თებერვალს ყოფილმა დასაქმებულმა განცხადებით მიმართა დამსაქმებელს და მოითხოვა სამუშაოზე დაბრუნება, რაზეც ეთქვა უარი.
4. მოსარჩელის მოთხოვნა
4.1. ყოფილმა დასაქმებულმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დამსაქმებლის მიმართ, მოითხოვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
4.2. მოსარჩელის განცხადებით, სამუშაოდან წასვლის შესახებ მის მიერ გამოხატული ნება არ არის ნამდვილი, რადგან მან განცხადება დაწერა მერიის თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო.
5. მოპასუხის პოზიცია
5.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არანაირ იძულებას განცხადების დაწერისას ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა მისივე პირადი განცხადების საფუძველზე.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
6.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
7.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
8.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის (შემდგომში სშკ) პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო კოდექსის 52-ე, 85-ე-86-ე მუხლებით და გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონდა დასაქმებულის მხრიდან სამუშაოდან წასვლისას გამოხატული ნების ნაკლს. მოსარჩელემ ვერ მიუთითა, თუ რამ „აიძულა“ იგი დაეწერა მსგავსი განცხადება. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული პირები - მერიის იურისტი და აუდიტის სამსახურის უფროსი არ წარმოადგენდნენ დასაქმებულის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს და უშუალოდ მათ ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნებოდა მოსარჩელის სამსახურებრივი საქმიანობის გაგრძელება. ამასთან, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ განცხადება მოსარჩელემ დაწერა არა მითითებულ პირებთან შეხვედრის დღეს, არამედ მომდევნო დღეს. ანუ მან გადაწყვეტილება მიიღო არა აჩქარებულად, არამედ გააზრებულად.
8.3. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღი საქმის მასალებით დადგენილი ის გარემოება, რომ მოსარჩელის სამუშაოდან წასვლას წინ უძღვოდა სხვადასხვა ფაქტორები - ერთ-ერთ აღსაზრდელზე ბაღის ფსიქოლოგის მხრიდან სავარაუდო ძალადობის განხორციელება, ასევე, დირექტორის მიმართ არსებობდა პრეტენზია საკვების მიწოდებასთან მიმართებითაც, რაც სასამართლოს უქმნიდა შინაგან რწმენას, რომ დამსაქმებელმა განცხადება დაწერა სწორედ არსებული გარემოებებიდან გამომდინარე სამომავლო პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით. სასამართლოს მითითებით, შეცილების უფლებას წარმოშობს მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო იძულება და ასეთად ვერ განიხილება ნებისმიერი სახის „მუქარა“. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერისას მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი.
9. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
9.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად განაწილა მტკიცების ტვირთი და არასწორად დაასკვნა, რომ სამუშაოდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერისას დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნება იყო ნამდვილი. სინამდვილეში კი, განცხადების დაწერისას მოსარჩელეზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მას ემუქრებოდნენ, რომ თუკი არ წავიდოდა სამუშაოდან, სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ გაერთიანების მმართველს, რომელთანაც დასაქმებულს კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
9.3. სასამართლოს მიერ დადგენილადაა მიჩნეული და თავად მოპასუხემაც დაადასტურა, რომ პირები, რომლებმაც 2019 წლის 31 იანვრის ფაქტის შესასწავლად გამოკითხვა ჩაატარეს საბავშვო ბაღში, არ იყვნენ სათანადოდ უფლებამოსილი პირები. შესაბამისად, ისმის კითხვა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა მერიის შიდა აუდიტის უფროსისა და იურისტის მხრიდან მოსარჩელის დაკითხვა თუ არა მასზე ზემოქმედების მოხდენას, რომ თავისივე ნებით დაეწერა განცხადება სამუშაოდან წასვლის შესახებ. ყოველივე აღნიშნული კი იძლეოდა დასაბუთებული ვარადუდის საფუძველს, რომ მოსარჩელემ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა ზეწოლის, მუქარისა და იძულების შედეგად.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
14. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, რის გამოც, არასწორად დაასკვნა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერისას მოსარჩელის მიერ გამოხატული ნება იყო ნამდვილი.
15. კასატორის მითითებული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაშია განმარტებული, „შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (იხ. სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი). თუმცა, შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (იხ. სუსგ Nას-98-94-2016, 26.07.2016წ.; სუსგ №ას-368-2019, 31 ივლისი, 2019წ. პ.16). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება.
16. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.
17. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 37-ე და 38-ე მუხლები), რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო, მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ კანონიერი გზებით, ხოლო, ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე; ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი „შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ. სუსგ Nას-1391-1312-2012, 10.01.2014წ.).
18. შესაბამისად, სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვა, მოითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას, რათა მხედველობის მიღმა არ დარჩეს დამსაქმებლის მხრიდან უფლების გამოყენების მართლზომიერება.
19. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო თავად დამსაქმებლის მიერ დაწერილი განცხადება სამუშაოდან წასვლის შესახებ.
20. დასაქმებული სადავოდ ხდის სამუშაოს საკუთარი ნებით დატოვების ფაქტს და აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული განცხადება დაწერილია მასზე განხორციელებული მუქარისა და ზეწოლის შედეგად და სამუშაოდან წასვლის რეალური განზრახვა არ ჰქონია.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, ხოლო ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
22. მოცემული კატეგორიის დავის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის, სასამართლოს მოსაზრებით, გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება. თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი განცხადების არსებობის პირობებში, მოქმედებს აღნიშნულ დოკუმენტში მხარის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის პრეზუმფცია. საწინააღმდეგოს დადასტურება კი იმ მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რომელიც აღნიშნულ განცხადებას სადავოდ ხდის (იხ. სუსგ საქმე №ას-649-616-2014, 5 ნოემბერი, 2014 წელი).
23. უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-649-616-2014, 5 ნოემბერი, 2014 წელი).
24. განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მიუთითებს მის მიერ გამოვლენილი ნების ნაკლზე და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას მასზე განხორციელებულ ზეწოლას და მუქარას უკავშირებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ნების ფორმირებაზე ზემოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარდგენა მოსარჩელის ვალდებულებაა.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი] ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
26. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
27. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
28. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რომ მის მიერ განცხადებაში გამოვლენილი ნება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ არ იყო ნამდვილი. კასატორის მითითება, რომ განცხადების დაწერისას მასზე განხორციელდა ზეწოლა (ემუქრებოდნენ, რომ თუკი არ წავიდოდა სამუშაოდან, სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ გაერთიანების მმართველს, რომელთანაც დასაქმებულს კარგი ურთიერთობა ჰქონდა), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად კი ვერ მიიჩნევა კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ პირები, რომლებმაც 2019 წლის 31 იანვარს საბავშვო ბაღში მომხდარ ინციდენტთან (ერთ-ერთ აღსაზრდელზე ბაღის ფსიქოლოგის მხრიდან სავარაუდო ძალადობის განხორციელების ფაქტი) დაკავშირებით მის გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა და აიძულეს განცხადების დაწერა, არ იყვნენ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილნი (რაც გამოვლენილი ნების ნაკლიანად მიჩნევის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს ქმნიდა). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, იმ შემთხვევაში, თუკი კასატორი მასზე ზეწოლაში დადანაშაულებულ პირებს არ თვლიდა მის უშუალო ხელმძღვანელებად და სათანადო უფლებამოსილების განმახორციელებელ პირებად, მით უფრო, ნაკლებად სავარაუდო უნდა ყოფილიყო აღნიშნული პირების მხრიდან გამოთქმული „მუქარის“ დასაქმებულის მიერ რეალურ მუქარად აღქმის შესაძლებლობა.
29. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის მიერ გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერას წინ უძღვოდა ერთ-ერთ აღსაზრდელზე ბაღის ფსიქოლოგის მხრიდან სავარაუდო ძალადობის განხორციელება, რის შესახებაც 2019 წლის 31 იანვარს ბაღის სხვა თანამშრომლებთან ერთად გამოიკითხა მოსარჩელე და ამავე ფაქტზე მას ჩამოერთვა ახსნა-განმარტებითი ბარათი (იხ. ტ. 1. ს.ფ 31, 44-45); მოსარჩელის მიმართ ასევე, არსებობდა პრეტენზია საკვების მიწოდებასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც შედგა არაერთი აქტი და მოსარჩელეს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, ამასთან, მითითებულ ფაქტზე (სურსათის გაცემის წიგნში დაფიქსირებული დარღვევები) მას მიეცა გაფრთხილებაც (იხ. ტ. 1. ს.ფ 25, 32-36).
30. აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც მის მიერ გამოვლენილი ნების ფორმირებაზე მოპასუხის მხრიდან გავლენის მოხდენას დაადასტურებდა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ დასაქმებულის მიერ განცხადება დაწერილია სწორედ გათავისუფლებამდე არსებულ მოვლენათა ქრონოლოგიიდან გამომდინარე სამომავლო პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით.
31. ამრიგად, საკასაციო სასამართლო უარყოფს საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიებს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-484-465-2016, 12 ივლისი, 2016 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.რ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ე.რ–ს (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.კ–ას (0.....) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 2020 წლის 30 სექტემბერი), 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე