Facebook Twitter

საქმე № ას-726-2021 24 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

მირანდა ერემაძე (მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – მ.ს–ი (მოსარჩელე)

კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა / გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნაწილი

1. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 22 მაისის N369 ბრძანებით მ.ს–ი (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „პირველი კასატორი“) დანიშნული იყო ა(ა)იპ ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების (შემდგომში „ა(ა)იპ ან „გაერთიანება“) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 2015 წლის 20 აგვისტოს N605 ბრძანებით იგი დაინიშნა ამავე დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე უვადოდ. ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ ცვლილება რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

2. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 11 თებერვლის ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია საქართველოს ორგანული კანონის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ე.ე. ქვეპუნქტი (მერი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს), ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი (მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია: ა) მერის ბრძანება), ასევე, ა(ა)იპ ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წესდების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტი (სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი).

3. გათავისუფლების ბრძანების ჩაბარების შემდეგ, მოსარჩელემ 2019 წლის 18 თებერვალს განცხადებით მიმართა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „მეორე კასატორი“) და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების დასაბუთება მოითხოვა. მოპასუხის 2019 წლის 25 თებერვლის წერილით მას განემარტა, რომ ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება წარმოადგენს ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილ არასამეწარმეო (არკომერციული) იურიდიულ პირს, რომელსაც ა(ა)იპ ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წესდების მე-4.1 მუხლის საფუძველზე ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერმა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ე.ე. ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაათავისუფლა მოსარჩელე თანამდებობიდან. ამასთან, სამსახურიდან მისი გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად ასევე მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტურ გარემოებაზე.

4. გათავისუფლების დღისთვის მოსარჩელის ხელზე ასაღები ხელფასი 800 ლარი იყო.

5. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მოპასუხის 2019 წლის 11 თებერვლის ბრძანებით ა(ა)იპ ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო 2019 წლის 3 ივლისიდან დირექტორის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა ზ.ზ–ი. შესაბამისი ცვლილება განხორციელდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, ა(ა)იპ-ის დირექტორად და ხელმძღვანელობა/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად დარეგისტრირდა ზ.ზ–ი.

6. მოსარჩელის მოთხოვნა

6.1. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის მიმართ და მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

6.2. მოსარჩელის განცხადებით, იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ყოველგვარი დასაბუთებული საფუძვლის გარეშე. მოპასუხე ვერ ადასტურებს, თუ რა მოიზარება სხვა ობიექტურ გარემოებაში, რაზეც ის უთითებს.

7. მოპასუხის პოზიცია

7.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას, როგორც ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს, კანონით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფუძვლისა და დასაბუთების გარეშე გაათავისუფლოს თანამდებობიდან ა(ა)იპ-ის დირექტორი და მის მიერ გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.

8. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

8.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2019 წლის 11 თებერვლის N68-პ/შ ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია, 10 თვის მიუღებელი ხელფასის (8000 ლარი) ოდენობით. სარჩელი სამსახურში აღდგენის, ასევე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

9. მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები

9.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

9.2. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

9.3. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა როგორც სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის შესაბამის ნორმებზე, ასევე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონსა და დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებზე.

10.3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ როგორც მოპასუხის 2019 წლის 25 თებერვლის წერილით ირკვევა, მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, რომ მხარეებს შორის არსებობდა ხანგრძლივი სამსახურებრივი ურთიერთობა და იგი უნდა შეფასებულიყო, როგორც შრომითსამართლებრივი ურთიერთობა.

10.4. სააპელაციო პალატის მითითებით, ა(ა)იპ „ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება“ არ წარმოადგენს კლასიკური გაგებით საწარმოს. იგი სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია, რომლის მიზანი არ არის სამეწარმეო საქმიანობა. შესაბამისად, აღნიშნულ სამსახურსა და მის დირექტორს შორის არსებული ურთიერთობა უნდა დაკვალიფიცირდეს შრომითსამართლებრივ ურთიერთობად და უნდა მოწესრიგდეს საქართველოს შრომის კოდექსით.

10.5. გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო ურთიერთობა მიიჩნია შრომითსამართლებრივ ურთიერთობად, შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმებით შეაფასა მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის კანონიერება. კერძოდ, იხელმძღვანელა სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით, აღნიშნული ნორმის „ო“ ქვეპუნქტით და დაასკვნა, რომ ვინაიდან მოპასუხე ვერ ადასტურებდა, თუ რას გულისხმობდა იგი გათავისუფლების საფუძვლად მითითებული „სხვა ობიექტურ გარემოებაში“, არ იკვეთებოდა მოსარჩელის სამუშაოდან მართლზომიერად გათავისუფლების წინაპირობა.

10.6. სასამართლომ შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობაც, იხელმძღვანელა სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით და აღნიშნა, რომ ვინაიდან ამჟამად ვაკანტური აღარ არის თანამდებობა, რომელსაც გათავისუფლებამდე იკავებდა მოსარჩელე, ამასთან, მოსარჩელეს პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას არ მიუთითებია ტოლფას თანამდებობაზე მისი აღდგენის შესაძლებლობაზე (არ წარუდგენია ტოლფასი თანამდებობის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები), სასამართლოს უნდა ემსჯელა შრომის კოდექსით განსაზღვრულ ალტერნატიულ შესაძლებლობაზე - უკანონოდ გათავისუფლებული პირისთვის კომპენსაციის მიკუთვნებაზე, რაც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მართებულად გაითვალისწინა რაიონულმა სასამართლომაც. სააპელაციო პალატამ გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია მოპასუხისთვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობაც.

11. მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრების მოთხოვნა და საფუძვლები:

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11.2. პირველი კასატორის განცხადებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ვაკანტური აღარ იყო მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა მაშინ, როდესაც განჩინების გამოცხადების დღეს, ბოლო სასამართლო სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენელმა თავად დაადასტურა მითითებული ვაკანტური პოზიციის არსებობა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ, ასევე, არასწორად მიიჩნია გონივრულ და სამართლიან ოდენობად მოპასუხისთვის დაკისრებული კომპენსაცია, 8000 ლარი.

11.3. მეორე კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება მსგავსი ტიპის დავებზე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (სუსგ საქმე Nას-225-214-2017; Nას-240-228-2016, Nას-302-287-2016, Nას-101-97-2016, Nას-131-127-2016) , რომლის მიხედვით, არასამეწარმეო იურიდიულ პირსა და მის დირექტორს შორის არსებული ურთიერთობა არ წარმოადგენს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას და იგი რეგულირდება არა შრომის კოდექსის, არამედ სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5, 24-ე, 35-ე, 709-ე, 720-ე მუხლებით, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით. შესაბამისად, მოპასუხეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ნებისმიერ დროს შეეწყვიტა მოსარჩელესთან ხელშეკრულება.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად

12.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. განსახილველ საქმეში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორის სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების კანონიერების შემოწმება.

15. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო შეაფასებს მოპასუხის (მეორე კასატორის) საკასაციო პრეტენზიას, რომლის მიხედვით, გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი მსჯელობა და დასკვნები სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, ა(ა) იპ-ის დირექტორის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, ეწინააღმდეგება ამ სახის დავებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას.

16. კასატორის პრეტენზიის შემოწმებამდე კი, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ და მხარეთა მიერ შეუდავებელ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

16.1. ა(ა)იპ ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება არის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საფუძველზე და რომლის საქმიანობაც რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მუნიციპალური ორგანოების სამართლებრივი აქტებისა და ა(ა)იპ ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წესდების საფუძველზე.

16.2. ა(ა)იპ-ის წესდების 4.1 მუხლით, სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებოდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

16.3. ა(ა)იპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება 2007 წლის 11 აპრილიდან რეგისტრირებულია სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი (241579957).

16.4. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 20 აგვისტოს N605 ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა ა(ა)იპ ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად უვადოდ.

16.5. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 11 თებერვლის ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

17. მოპასუხე აცხადებს, რომ მასსა და ა(ა)იპ-ის დირექტორს შორის არსებობდა არა შრომითსამართლებრივი, არამედ დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს.

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასაშვები და დასაბუთებულია მოპასუხის მიერ წარდგენილი საკასაციო პრეტენზია.

19. უზენაეს სასამართლოს არაერთ ანალოგიურ საქმეზე განმარტებული აქვს შემდეგი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის სამართლებრივ საკითხებს აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლი, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მოწესრიგებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები გვარდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

20. მოცემულ შემთხვევაში, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, ა(ა)იპ ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი აზუსტებს უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას. კანონი ადგენს სამ შემთხვევას: ა) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა; ბ) თავად რეგისტრირებული პირის მიერ ნების გამოვლენა; გ) რეგისტრირებული პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება, მხარდაჭერის დანიშვნა. პირველ ორ შემთხვევასთან მიმართებით (მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ ცალმხრივი ნების გამოვლენა) კანონი მოითხოვს სშკ-ის მოქმედი რედაქციის 48-ე მუხლით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი) დადგენილი წესით შეტყობინების გაგზავნის აუცილებლობას (კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტი).

21. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომითსამართლებრივი კომპონენტების შემოღებისა, ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, პირობითად შეიძლება მოვიხსენიოთ „სასამსახურო ხელშეკრულებად“, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან.

22. სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით მოწესრიგებულია ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი და დადგენილია, რომ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, როგორც უკვე აღინიშნა, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ზუსტ განსაზღვრას იძლევა სშკ-ის 2.1 მუხლი და შეიძლება, დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან.

24. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სსკ-ის 709-ე მუხლის საფუძველზე დაიდო დავალების ხელშეკრულება და მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგს და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას. რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით შესრულება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი.

25. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 720.1-ე მუხლის შინაარსზე, რომლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ და სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია.

26. ამდენად, ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-114-2021,16 ივლისი, 2021 წელი; საქმე №ას-1096-2020, 8 აპრილი, 2021 წელი).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება (სსსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება კი, სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების საფუძველია.

28. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, რამდენადაც მეორე კასატორის ნება, ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, კანონშესაბამისია (სსკ-ის 720.1 მუხლი), რაც თავისთავად გამორიცხავს მოსარჩელის (პირველი კასატორის) იმ მოთხოვნათა დაკმაყოფილებას, რომლებიც თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას შეეხება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 408-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ.ს–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

2.2. მ.ს–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2.3. მ.ს–ის მოთხოვნა მის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე

მოსამართლეები: მ. ერემაძე

ვ. კაკაბაძე