Facebook Twitter

საქმე №ას-1156-2021 28 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ც–ი (მოპასუხე)

თავდაპირველი მოპასუხე – პ.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი - გარიგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ......, ს.კ. ...... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) 2012 წლის 12 სექტემბრიდან ირიცხებოდა ლ.კ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „გამყიდველი“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) საკუთრებაში (იხ. ტ. I, ს.ფ. 19).

2. 17.04.2014წ. გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ გაყიდა, ხოლო ე.ც–იმ (შემდგომში - „მოპასუხე“) იყიდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება; ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 7200 აშშ დოლარით; გამყიდველი ვალდებული იყო ექვსი თვის განმავლობაში, 2014 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით, მყიდველისთვის გადაეხადა 7200 აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნასყიდობის საგანი დარჩებოდა ამ უკანასკნელის საკუთრებაში; მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელი იყო ხელშეკრულების ვადის გაგრძელება; მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია არ განუხორციელებიათ (იხ. ტ. I, ს.ფ. 136-137).

3. 26.09.2014წ. გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ გაყიდა, ხოლო მოპასუხემ იყიდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება; ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 6000 აშშ დოლარით; გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, 2014 წლის 26 სექტემბიდან 2014 წლის 20 ოქტომბრამდე მყიდველისთვის გადაეხადა 6000 აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნასყიდობის საგანი დარჩებოდა ამ უკანასკნელის საკუთრებაში (იხ. ტ. I, ს.ფ. 15).

4. სადავო უძრავი ქონება 2014 წლის 02 ოქტომბერს აღირიცხა მოპასუხის საკუთრებაში. საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენდა 26.09.2014წ. ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით (იხ. ტ. I, ს.ფ. 20).

5. სადავო უძრავი ქონება 2016 წლის 20 ივნისს აღირიცხა პ.მ–ძის (შემდგომში - „თავდაპირველი მოპასუხე“ ან „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“) საკუთრებაში. საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენს 15.06.2016წ. და 24.06.2016წ. ნასყიდობის ხელშეკრულებები (იხ. ტ. I, ს.ფ. 24).

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეთა მიმართ და მოითხოვა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 17.04.2014წ. დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; მოპასუხეებს შორის 24.06.2016წ. დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 17.04.2014წ. დადებული გარიგების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად მიჩნევა სადავო უძრავი ქონების უზრუნველყოფით.

7. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.

8. თავდაპირველმა მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

9. მოსარჩელემ/შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო.

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 17.04.2014წ. და 26.09.2014წ. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სადავო უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები გამოსყიდვის უფლებით (გადაწყვეტილების 1.1. პუნქტი); ბათილად იქნა ცნობილი 24.06.2016წ. მოპასუხეებს შორის სადავო უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება (გადაწყვეტილების 1.2. პუნქტი); დადგენილ იქნა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 17.04.2014წ. და 26.09.2014წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხისგან ისესხა ფულადი თანხა და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება. შესაბამისად, სადავო უძრავი ქონება აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებაში (გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი); დადგინდა გადაწყვეტილების სსგს-ს საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტის დადგენის ნაწილში (გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი); შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა (გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი).

11. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივრები.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით თავდაპირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის გაჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების 1.1., 1.2., მე-2, მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტები) და სარჩელი მოპასუხის მიმართ დარჩა განუხილველად.

15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

16. სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილებაში არასწორად მიუთითა, რომ მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და სხვა ხელშეკრულებებთან ერთად, ასევე, მოითხოვა მასსა და მოპასუხეს შორის 26.09.2014წ. დადებული გამოსყიდვის უფლებით სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადგენა.

17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს სასამართლო სხდომებზე (არც სასამართლოს მოსამზადებელ სხდომებზე და მოპასუხის თანხმობით არც სასამართლოს მთავარ სხდომებზე) სასარჩელო მოთხოვნა არ დაუზუსტებია ან/და არ გაუზრდია. ამასთან, საქმეში არ არის წარდგენილი მოსარჩელის დაზუსტებული სარჩელი ან განცხადება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების ან/და გაზრდის თაობაზე.

18. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 17.04.2014წ. დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მოპასუხეებს შორის 24.06.2016წ. დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან სადავო უძრავი ქონების მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენდა 26.09.2014წ. ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის ბათილად ცნობაც მოსარჩელეს განსახილველი სარჩელით არ მოუთხოვია. გარდა ამისა, სადავო უძრავი ქონების თავდაპირველი მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხვის საფუძველი გახდა მოპასუხეებს შორის 15.06.2016წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც მოსარჩელეს სადავოდ ასევე არ გაუხდია.

19. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ვინაიდან სარჩელში არ იყო დასაბუთებული დავისადმი მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი და იგი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

20. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით თავდაპირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

22. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

22.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აგებულია იმაზე, რომ მოთხოვნაში მითითებულია არაზუსტი თარიღი. კერძოდ, მოთხოვნილია მოპასუხეებს შორის 24.06.2016წ. დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თუმცა უნდა იყოს 07.06.2016წ. ხელშეკრულება. ეს არის მექანიკური შეცდომა, რომლის გასწორებაც შესაძლებელი იყო;

22.2. 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ განუხილველად დატოვა თავდაპირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, გარემოებები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა თავდაპირველი მოპასუხის მიმართ ძალაშია შესული, თუმცა გასაჩივრებული განჩინება აღნიშნულის თაობაზე მსჯელობას არ შეიცავს.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

24. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

26. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია იურიდიული ინტერესის არარსებობის მოტივით სარჩელის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

27. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

29. იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისთვის უპირატესად უნდა გაირკვეს გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

31. აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი).

32. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელით ითხოვს: მასსა და მოპასუხეს შორის 17.04.2014წ. დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას; მოპასუხეებს შორის 24.06.2016წ. დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას; მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული გარიგების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად მიჩნევას სადავო უძრავი ქონების უზრუნველყოფით. როგორც სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა.

33. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნა არ დაუზუსტებია სასამართლო სხდომებზე ან/და დაზუსტებული სარჩელის წარდგენის გზით. თავის მხრივ, არც კერძო საჩივრის ავტორს წარმოუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. აღნიშნული დანაწესი წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებას, რომლის თანახმად, მხარეები თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-2 მუხლი).

34. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონების მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენდა 26.09.2014წ. ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით (იხ. ტ. I, ს.ფ. 20), თუმცა მოსარჩელეს აღნიშნული ხელშეკრულება სადავოდ არ გაუხდია. რაც შეეხება მხარეთა შორის 17.04.2014წ. დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, მხარეებს მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ განუხორციელებიათ და ამ გარიგების საფუძველზე მოპასუხეს სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ წარმოშობია (სსკ-ის 311-ე მუხლი). შესაბამისად, 17.04.2014წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღგენის წინაპირობა ვერ გახდება. გარდა ამისა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არ არის გამხდარი სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა, საფუძველს მოკლებულია მოპასუხეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მართლზომიერებაზე მსჯელობა.

35. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (იხ. ტ. I, ს.ფ. 24), სადავო უძრავი ქონების თავდაპირველი მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენს 15.06.2016წ. და 24.06.2016წ. ნასყიდობის ხელშეკრულებები, თუმცა მოსარჩელე სადავოდ ხდის მხოლოდ 24.06.2016წ. ნასყიდობის ხელშეკრულებას.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 17.04.2014წ. დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობით ვერ მიიღწევა ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი (სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა), რომლის მიღწევასაც ცდილობს მოსარჩელე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, აღნიშნული კი გამორიცხავს მის მიერ აღძრული სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობას.

37. კერძო საჩივარში მითითებულია, რომ სასარჩელო მოთხოვნაში 24.06.2016წ. ხელშეკრულების ნაცვლად მითითებული უნდა ყოფილიყო 07.06.2016წ. ხელშეკრულება, რაც ტექნიკურ შეცდომას წარმოადგენდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს არა შეცდომა ხელშეკრულების თარიღში, არამედ სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არარსებობა. გარდა ამისა, 07.06.2016წ. ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის კავშირში განსახილველი დავის საგანთან და როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, იგი დადებულია მოპასუხეებს შორის სხვა უძრავ ქონებაზე (იხ. ტ. I, ს.ფ. 47-52).

38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. იმავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის "ლ" ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი. ამასთან, იმავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.

39. განსახილველ შემთხვევაში დასაბუთებული არ არის აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობა, ეს გარემოება კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტისა და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, აღნიშნული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლის შესაბამისად, ხელს არ უშლის მოსარჩელეს, იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი