Facebook Twitter

საქმე №ას-1186-2021 17 თებერვალი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ალექსანდრე წულაძე

სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი.კ–ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე - ლ.გ–ძის სარჩელის გამო, თ.ლ–ძის, ი.კ–ძისა და ბ.კ–ძის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ასევე ი.კ–ძის შეგებებული სარჩელის გამო, ლ.გ–ძის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავი ქონების დაბრუნებისა და იპოთეკის დადგენის თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ თ.ლ–ძის, ი.კ–ძისა და ბ.კ–ძის საკასაციო საჩივარი ი.კ–ძის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით თ.ლ–ძის, ი.კ–ძისა და ბ.კ–ძის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, თ.ლ–ძესა და ბ.კ–ძეს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ხოლო თ.ლ–ძეს, ი.კ–ძესა და ბ.კ–ძეს დაევალათ ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. ამავე პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი თ.ლ–ძისა და ბ.კ–ძის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარს, ი.კ–ძის პრეტენზიის ნაწილში, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნა კასატორს მის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ არ ჩაბარდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მხარეს ხარვეზის განჩინება გაეგზავნა განმეორებით, მაგრამ არც ამჯერად ჩაბარდა. კურიერის მიერ შედგენილი აქტის შესაბამისად, ადრესატი არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, ხოლო ტელეფონის ნომერი გამორთულია (იხ. აქტი).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. ამდენად, ხარვეზის განჩინება, ი.კ–ძისათვის ჩაბარებულად უნდა მივიჩნიოთ კურიერის განმეორებითი ვიზიტის დღეს - 2022 წლის 31 იანვარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 1 თებერვალს, ხოლო, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2022 წლის 5 თებერვალს, მაგრამ ვინაიდან 5 თებერვალი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2022 წლის 7 თებერვალს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.კ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2021 წლის 21 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ა. წულაძე