Facebook Twitter

საქმე №ას-558-2021 26 იანვარი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს "პ.ბ–ი" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "მ–ო" (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით „პ.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი, გამსესხებელი, პირველი აპელანტი ან კასატორი) სარჩელი შპს „მ–ო“-ს (შემდეგში: მოპასუხე, შპს, კლიენტი, მსესხებელი ან მეორე აპელანტი) წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, ბანკის სასარგებლოდ, მოპასუხეს 3000 ლარის გადახდა დაეკისრა: სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 7000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები

2.1.მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 14 სექტემბერს, ბანკსა და მოპასუხე შპს-ას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც შპს-ამ ბანკის წინაშე იკისრა ვალდებულება, იპოთეკით დაეტვირთა ექვსი უძრავი ქონება და სესხის დამტკიცებიდან 1 თვის განმავლობაში დამტკიცებული 600 000 ლარის სესხის ლიმიტიდან აეთვისებინა 500 000 ლარი შემდეგი პირობებით: სესხის პროცენტი-10%, სესხის გაცემის საკომისიოს პროცენტი 0,5 % და სესხის ვადა-120 თვე;

2.2. სესხთან დაკავშირებით შპს-ამ ბანკს აგვისტოში მიმართა, რის შემდეგაც ბანკმა დაიწყო ამ სესხზე მუშაობა; გაესაუბრა კლიენტს, მისი პირობები შეამოწმა და ა.შ. ყოველივე ამას დასჭირდა დიდი დრო და მხოლოდ 2017 წლის 20 სექტემბრისათვის მოხდა ბანკის მხრიდან სესხის დამტკიცება. ამის შემდეგ, მოპასუხე შპს-ამ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, 2017 წლის 26 სექტემბერს, ბანკის სასარგებლოდ, იპოთეკის ხელშეკრულებებით ექვსი უძრავი ქონება დატვირთა, ხოლო შემდეგ შეთანხმებით გათვალისწინებულ 1-თვიან ვადაში სესხის ხელშეკრულებას კლიენტმა ხელი არ მოაწერა და არც სესხის თანხა აითვისა;

2.3. ხელშეკრულებით განსაზღვრული 1-თვიანი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, ბანკმა კლიენტს გაუგზავნა გაფრთხილების ხელწერილი პირგასამტეხლოს გადახდასთან დაკავშირებით, თუმცა კლიენტმა უარყო მისი მხრიდან ვალდებულების დარღვევა იმ მიზეზით, რომ თითქოს ბანკს არ დაუმტკიცებია მისთვის სესხი, რის გამო არც სესხის ხელშეკრულება გაფორმდა. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ბანკის ბიზნეს- კომიტეტმა 2017 წლის 20 და 26 სექტემბერს მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ გაეცა სესხი, რაც კლიენტისათვის (მოპასუხისათვის) ცნობილი იყო.

3. მოპასუხის შესაგებელი

3.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან, მართალია, ბანკში გადააგზავნა მისი საქმიანობის ამსახველი ფინანსური მონაცემები და სურდა სესხით სარგებლობა, თუმცა მისთვის უცნობი იყო სესხის დამტკიცების თაობაზე. ასეთი ინფორმაცია ბანკს არ უცნობებია კლიენტისათვის და ეს ფაქტი მხოლოდ სარჩელისა და თანდართული მასალების მიღების შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი. მიუხედავად ამისა, სესხის რეალურად დამტკიცება ეჭვს იწვევს, რადგან ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშის შესწავლა/ანალიზი ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია და თუკი მოხდებოდა სესხის დამტკიცება, ასეთ შემთხვევაში ბანკი დაუყოვნებლივ აცნობებდა კლიენტს და მოითხოვდა ხელშეკრულების გაფორმებას, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია;

3.2. მხარეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმება წარმოადგენდა სესხის გაცემის წინაპირობას და ითვალისწინებდა კლიენტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების იპოთეკით დატვირთვას. კლიენტის არაერთი სიტყვიერი მიმართვის მიუხედავად, შეთანხმებულ ვადაში ბანკმა სესხი არ დაუმტკიცა, შემდეგ კი, 2017 წლის 17 ოქტომბერს აცნობა სესხის დამტკიცების თაობაზე და იმ მიზეზით, რომ თითქოსდა კლიენტის მიერ არ მოხდა თანხის ათვისება, მოპასუხე ვალდებული იყო, გადაეხადა პირგასამტეხლო. მოპასუხემ ბანკს მოთხოვნიდან უმოკლეს ვადაში მიაწოდა ყველა ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ, ასევე - პარტნიორთა კრების ოქმი სესხის აღებისა და ქონების იპოთეკით დატვირთვის თაობაზე, თუმცა ბანკმა გაურკვეველი მიზეზის გამო არ დაუმტკიცა სესხი და ვერც მიზეზი დაუსახელა. ასეთ მოცემულობაში შპს-ასთვის მნიშვნელობა დაკარგა კონკრეტულმა საბანკო შეთავაზებამ და იძულებული გახდა, სხვა ბანკის მომსახურებით ესარგებლა;

3.3. მოპასუხე შპს-ას სესხის ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი არ განუცხადებია, მისი დამტკიცების გადაწყვეტილების შესახებ ბანკს კლიენტისათვის არ უცნობებია და ხელშეკრულების გაფორმებისათვის არც ბანკში გამოცხადება მოუთხოვია, როგორც ამას მოსარჩელე აცხადებს.

3.4. ბანკმა სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულება, რომ სესხი დათქმულ ვადაში დაამტკიცა, ხელშეკრულების გაფორმებისათვის მიმართა კლიენტს და ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა სესხის ხელშეკრულების გაფორმებაზე. აქედან გამომდიანრე, არ არსებობს კლიენტისათვის (მოპასუხისათვის) სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება

4.1. ბანკსა (წარმოდგენილი ქუთაისის ფილიალის მმართველის დ.დ–ძის მიერ) და შპს-ას შორის 2017 წლის 14 სექტემბერს, გაფორმდა „შეთანხმება“, როგორც ბანკსა და მსესხებელს შორის შემდეგზე: ბანკის მიერ 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ოდენობით სესხის დამტკიცების შემთხვევაში (წლიური საპროცენტო განაკვეთი- 10% /რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული საპროცენტო განაკვეთი/; სესხის გაცემის საკომისიო - 0,5%, სესხის მაქსიმალური ვადა - 120 თვე) კლიენტმა განაცხადა თანხმობა და აიღო ვალდებულება, ამ შეთანხმების გაფორმებიდან არა უგვიანეს 1 თვეში აეთვისებინა სესხიდან მინიმუმ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი და, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, ბანკის სასარგებლოდ, იპოთეკით დაეტვირთვა 6 უძრავი ქონება, ხოლო ამ შეთანხმებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ის ვალდებულებას ღებულობდა, ბანკისათვის გადაეხადა პირგასამტეხლო 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

4.2. ბანკის საკრედიტო ლიმიტის დამტკიცების კომიტეტის მიერ 20.09.17წ. მიღებული იქნა გადაწყვეტილება კლიენტისათვის (მოპასუხისათვის) სესხის ლიმიტის დამტკიცების თაობაზე, ხოლო ბიზნეს კომიტეტის N 2069 გადაწყვეტილებით, შპს-ას დაუმტკიცდა სესხი;

4.3. შპს-ას პარტნიორთა კრებაზე, რომელიც 2017 წლის 27 სექტემბერს გაიმართა, მიღებულია გადაწყვეტილება საზოგადოების საჭიროებისათვის სესხის - 500 000 ლარის აღების თაობაზე მოსარჩელე ბანკიდან, რისთვისაც უნდა გაფორმებულიყო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება და საზოგადოებას ესარგებლა ყველა სახის საბანკო პროდუქტით. ამასთან, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკის/გირავნობის უფლებით დატვირთულიყო საზოგადოების საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონება ასევე, მომავალში შეძენილი ნებისმიერი უძრავ/მოძრავი ქონება;

4.4. ბანკსა და მოპასუხე შპს-ას შორის 2017 წლის ბოლომდე გასაფორმებელი გენერალური ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2017 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულებებით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის (მოპასუხის) საკუთრებაში არსებული 6 უძრავი ნივთი მდებარე:

1. ქ. ქუთაისი, ..... (ყოფილი ...... შესახვევი N 16). ს/კ N .....;

2. ქ.ქუთაისი, ......., ს/კ N ......;

3. ქ. ქუთაისი, ......, ს/კ N ......;

4. ქ. ქუთაისი, ......., ; ს/კ N .....;

5. ქ. ქუთაისი, .....; ს/კ N ......;

6. წყალტუბო, სოფელი ..... .....), ს/კ N ......

4.5. იპოთეკის საგნის-უძრავი ქონებების შეფასების მიზნით, ბანკს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს ,,ე–თან’’, რომლითაც განსაზღვრულია მომსახურების ღირებულება და ანაზღაურების პირობები, კერძოდ, ადგილზე ინსპექტირებით თითოეული უძრავ/მოძრავი ქონების შეფასებისათვის - 100 ლარი დღგ-ის ჩათვლით, ხოლო ადგილზე ინსპექტირების გარეშე, თითოეული უძრავ/მოძრავი ქონების შეფასებისათვის - 70 ლარი დღგ-ის ჩათვლით. ხელშეკრულების შესაბამისად მოხდა იპოთეკით დატვირთული ექვსი ქონების შეფასება;

4.6. ბანკმა 28.09.2017წ. წერილით სს ,,თ.ბ–ს’’ აცნობა, რომ მოპასუხე შპს-ას დაუმტკიცდა სესხი, რომლითაც გათვალისწინებულია სს ,,თ.ბ–ში’’ მოპასუხის მიმდინარე დავალიანების რეფინანსირება, რათა კომპანიის დავალიანების დაფარვა სრულად მომხდარიყო;

4.7. ბანკმა 17.10.2017 წელს გაფრთხილების წერილი გაუგზავნა კლიენტს და აცნობა, რომ მსესხებელი ვალდებული იყო, არა უგვიანეს 2017 წლის 14 ოქტომბრისა, საკრედიტო ლიმიტიდან, რომლის უზრუნველსაყოფად, მისივე თანხმობით უძრავი ქონებები იპოთეკით დაიტვირთა, მინიმუმ 500 000 ლარი აეთვისებინა და ვინაიდან, კლიენტის მიერ ვალდებულების შესრულება არ მოხდა, შეთანხმებისამებრ, მას, ბანკისთვის პირგასამტეხლო - 10000 ლარი უნდა გადაეხადა;

4.8. ბანკის 17.10.2017წ. გაფრთხილების პასუხად კლიენტმა 24.10.2017წ. N 7/17 წერილით აცნობა, რომ მას არ შეეძლო 1 თვის ვადაში აეთვისებინა 600 000 ლარი, რადგან თანხასთან წვდომა არ გააჩნდა, რის გამოც ამ შეთანხმებამ მათთვის ინტერესი დაკარგა და ისარგებლა სხვა საკრედიტო ორგანიზაციის დახმარებით. შესაბამისად, ბანკის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და მოითხოვა სამართლებრივი შეზღუდვისაგან იპოთეკით დატვირთული ქონებების გათავისუფლება.

4.9. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ.ი–ძემ განმარტა, რომ 2005 წლიდან მუშაობს მოსარჩელე ბანკში სხვადასხვა პოზიციაზე. მოპასუხე შპს-ამ ბანკს სესხის გაცემის თაობაზე მიმართა და მხარეებს შორის გაფორმდა მემორანდუმი. კლიენტზე ინფორმაციის მოძიებას და ფინანსური ანალიზის გაკეთებას 7-10 დღე სჭირდება. ბანკს ყველა მონაცემის დაკორექტირებისათვის ერთი თვე დასჭირდა, რის შემდეგაც იპოთეკით დაიტვირთა მსესხებელი შპს-ას ქონებები, დამტკიცდა სესხის ლიმიტი და სესხიც, რაც კლიენტს სიტყვიერად ეცნობა და მეილით გაეგზავნა კიდეც დოკუმენტები. ასევე, ბანკმა კლიენტს გაატანა წერილი სს ,,თ.ბ–ისთვის“, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღიათ. ამის შემდეგ მოპასუხე მხარე აღარ მისულა გამსესხებელ ბანკში ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად, რადგან მოპასუხემ სესხი აიღო სს ,,თ.ბ–იდან’’;

4.10. მოწმემ განმარტა, რომ ბანკს განსხვავებული მიდგომა აქვს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართებით. ბიზნეს სუბიექტთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებისათვის მაქსიმალური ვადაა 1 თვე. ამიტომ, როდესაც ბანკი ხარჯავს თავის დროს, რესურსს ბიზნეს სუბიექტზე, გასწევს ხარჯს და საპასუხოდ ვერავითარ სარგებელს ვერ იღებს, ის უფლებამოსილია კლიენტს მოსთხოვოს პირგასამტეხლო, მით უფრო, როდესაც, მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ამასთან დაკავშირებით არსებობს შეთანხმება.

4.11. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317-ე “1. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. 2. 316-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობებით ვალდებულება შეიძლება ხელშეკრულების მომზადების საფუძველზეც წარმოიშვას. 3. მოლაპარაკების მონაწილეს შეუძლია მეორე მონაწილეს მოსთხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გასწია ხელშეკრულების დასადებად, მაგრამ ეს ხელშეკრულება მეორე მონაწილის ბრალეული მოქმედების შედეგად არ დადებულა”, 361.2-ე “ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას“, 628-ე “სესხის შეპირებისას დამპირებელს შეუძლია უარი თქვას სესხის მიცემაზე,თუ მეორე მხარის ქონებრივი მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ შეიძლება საფრთხე შეექმნას ვალის დაბრუნებას. სესხის შეპირება უნდა გაფორმდეს წერილობით”, 408.1-ე “იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”, 411-ე “ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო”, 417-ე „პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის”, 418-ე “ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა“ მუხლებზე და განმარტა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბანკსა და კლიენტს შორის წერილობითი შეთანხმება შედგა სესხის გაცემის შეპირებით და ამისათვის შესაბამისი პირობების დაცვის ვალდებულებით (სსკ- ის 628-ე მუხლი). სესხის შეპირება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, სესხის ხელშეკრულების წინარე ხელშეკრულებას წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის დაპირების ხელშეკრულებით მომავალში სესხის ხელშეკრულების დადების ვალდებულება წარმოიშობა და მსესხებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მისთვის სესხის გადაცემა;

4.12. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ ბანკმა შეისწავლა კლიენტის (მსესხებლის) ფინანსური მდგომარეობა, შეაფასა მისი უძრავი ქონებები, გააფორმა მასთან იპოთეკის ხელშეკრულებები, დაუმტკიცა სესხი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხეს სესხი არ აუთვისებია და არც სესხის ხელშეკრულება გაუფორმებია. ამდენად, დასტურდება, რომ კლიენტმა დაარღვია მხარეთა შორის არსებული შეთანხმება და თავისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ბანკს ზიანი მიაყენა. სწორედ, ამ ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელე პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისათვის 10000 ლარის გადახდის დაკისრებას ითხოვს;

4.13. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 417-418-ე მუხლებზე (ნორმათა დეფინიცია იხ. 4.11 ქვეპუნქტში) დაყრდნობით პირგასამტეხლოს ორმაგ ფუნქციაზე იმსჯელა, რაც, ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად მის პრევენციულ დატვირთვაში გამოიხატება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს, ხოლო, მეორე მხრივ, განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურება მიიღწევა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.). პირგასამტეხლო პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას ატარებს, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს იძენს, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული უნდა იყოს.

4.14. პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯით, ვინაიდან მოპასუხემ თავისი უმოქმედობით დაარღვია შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელეს გააწევინა ხარჯები სესხის დასამტკიცებლად, მისი ფინანსური მდგომარეობისა და ქონების შეფასებების შესასწავლად, შემდეგ კი არ აითვისა დამტკიცებული სესხი და არ გააფორმა სესხის ხელშეკრულება, ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სსკ-ის კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის 3000 ლარის დაკისრებით გამოიხატა.

5. მხარეთა სააპელაციო საჩივრები

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, პირველმა აპელანტმა (ბანკმა) მოითხოვა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მეორე აპელანტმა (მოპასუხემ) მოითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით პირველი აპელანტის (ბანკის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე აპელანტის (კლიენტის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელეს (ბანკს) უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

6.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. 4.1-4.10 ქვეპუნქტები) და დამატებით დაადგინა:

6.2.1. ბანკსა (წარმოდგენილი ქუთაისის ფილიალის მმართველის დ.დ–ძის მიერ) და შპს-ას შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებულ შეთანხმებაში სესხის გაცემის პირობები იქნა გათვალისწინებული. „სესხის დამტკიცების შემთხვევისათვის“ ასევე დაფიქსირებულია, რომ სესხის გაცემის წინაპირობას წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების გაფორმება (ტ.1, ს.ფ.11). ბანკის ბიზნესკომიტეტის 2017 წლის 26 სექტემბრის N 2069 გადაწყვეტილებით დადგინდა „გაფორმდეს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება კლიენტზე შემდეგი მონაცემებით: თანხა 500 000 დოლარი, ვადა 360 თვე, მაქსიმალური წლიური საპორცენტო განაკვეთი 36,00%. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად მეორე რიგის იპოთეკით იტვირთება 6 უძრავი ქონება (ტ.1, ს.ფ.18-20);

6.2.2. ბანკსა და კლიენტს შორის 2017 წლის 26 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულებებში დაფიქსირებულია, რომ 2017 წლის ბოლომდე გასაფორმებელი გენერალური ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2017 წლის 26 სექტემბერსვე იპოთეკით იტვირთება უძრავი ნივთები (ტ.1, ს.ფ.23-33).

6.3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მისი მსჯელობის საგანზე მიუთითა და შემდეგი საკითხები გამოჰყო:

6.3.1. ბანკსა და კლიენტს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებულ შეთანხმებაში დაფიქსირებული ნების განმარტება, რომლითაც კლიენტმა (მოპასუხემ, მეორე აპელანტმა) თანხმობა განაცხადა და ვალდებულება აიღო, ამ შეთანხმების გაფორმებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში აეთვისებინა სესხის თანხიდან მინიმუმ 500 000 ლარი, ანუ, რეალურად რა ვალდებულება იკისრა სამომავლო მოვალემ, 2017 წლის 14 სეტემბრიდან 1 თვის ვადაში აეთვისებინა სესხის თანხიდან მინიმუმ 500 000 ლარი, თუ საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში;

6.3.2. საბანკო დაწესებულებამ აცნობა თუ არა სესხის ლიმიტის დამტკიცებისა და სესხის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით ბანკში გამოცხადების თაობაზე კლიენტს;

6.3.3. დაარღვია თუ არა მოპასუხემ (ბანკის კლიენტმა) 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით („შეთანხმებით“) აღებული ვალდებულება.

6.4. მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის ხელმოწერილ 2017 წლის 14 სექტემბრის შეთანხმებაზე მიუთითა, რომელიც, თავისი შინაარსით, სესხის გაფორმებაზე წინარე ხელშეკრულებას წარმოადგენს, ვინაიდან „შეთანხმების“ მიხედვით სესხის ოდენობა, საპროცენტო სარგებელი და სხვა პირობები განისაზღვრებოდა, მხოლოდ სესხის დამტკიცების შემთხვევაში. სხვა სადავო საკითხების შეფასებისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება, რომლებზეც მხარეები თავის პოზიციას აფუძნებენ, ვინაიდან სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამდენად, დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია. ამ ფაქტების მითითება მისი მოვალეობაა, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი მიმთითებელ მხარეს ეკისრება.

6.5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას, არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ N ას-233-221-2017, 11.05.2017წ.). სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულების გამოკვლევა, უპირველესად, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას.

6.6. სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, „ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა, მარტოოდენ, გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან“. ამ ნორმის თანახმად, სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ 14.09.2017წ. შეთანხმებაში მხარეთა მიერ გამოხატული ნებაც გონივრული განსჯის შედეგად უნდა დადგინდეს. კერძოდ, რა ნება გამოავლინა კლიენტმა (შპს-ამ), როდესაც თანხმობა განაცხადა და ვალდებულება აიღო, „ამ შეთანხმების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში“ აეთვისებინა სესხის თანხიდან მინიმუმ 500000 ლარი, ანუ, რეალურად რა ვალდებულება იკისრა სამომავლო მოვალემ, 2017 წლის 14 სეტემბრიდან 1 თვის ვადაში აეთვისებინა სესხის თანხიდან მინიმუმ 500000 ლარი, თუ საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში;

6.6.1. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სესხი რეალური ხელშეკრულებაა, მისი დადებულად ცნობისათვის აუცილებელია მსესხებელზე სესხის გადაცემა. მხარეთა შორის დადებული 2017 წლის 14 სეტემბრის წინარე ხელშეკრულებით- „შეთანხმებით“, ასევე ბანკის ბიზნესკომიტეტის 2017 წლის 26 სექტემბრის N2069 გადაწყვეტილებითა და 2017 წლის 26 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულებების შინაარსით დგინდება, რომ სესხის ხელშეკრულება წერილობით უნდა გაფორმებულიყო. ამდენად, სესხის ხელშეკრულების გაფორმებამდე მოვალე ვერ მიიღებდა თანხას, რაც იმის დასტურია, რომ 14.09.2017წ. „შეთანხმებაში“ კლიენტის მიერ დაფიქსირებული ნება (ვალდებულება)-არა უგვიანეს 1 თვის ვადაში აეთვისებინა სესხის თანხიდან მინიმუმ 500 000 ლარი, შპს-ას უნდა მოეხდინა უშუალოდ, სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და არა წინარე ხელშეკრულების ე.წ. „შეთანხმების“ გაფორმებიდან ერთ თვეში. შესაბამისად, ამ სადავო საკითხზე მეორე აპელანტის პოზიცია დასაბუთებულად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ.

6.7. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის აუცილებელია დადგინდეს ფაქტი, აცნობა თუ არა ბანკმა (პირველმა აპელანტმა) სესხის ლიმიტის დამტკიცებისა და სესხის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით საბანკო დაწესებულებაში გამოცხადების თაობაზე კლიენტს (მოპასუხეს);

6.7.1.სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ამ საკითხზე მოსარჩელემ ვერ დაძლია მისი მტკიცების ტვირთი. საქმეზე წარმოდგენილი ბიზნესკომიტეტის 2017 წლის 26 სექტემბრის N2069 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ბანკმა დაადგინა კლიენტზე მხოლოდ სამომავლოდ გასაცემი სესხის ლიმიტი, თუმცა, ამ გადაწყვეტილების თაობაზე და მისი აღსრულების მიზნით მოპასუხისათვის რაიმე სახის შეტყობინების გაგზავნა საქმეში არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება;

6.7.2. ამ სადავო საკითხთან მიმართებით მოსარჩელის (ბანკის) ახსნა- განმარტებასთან, როგორც მტკიცებულებასთან, დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების მიჩნევა ეწინააღმდეგება სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს; ამდენად, პირველი აპელანტის (მოსარჩელის) მტკიცება, რომ კლიენტს ეცნობა სესხის დამტკიცების, ხელშეკრულების გაფორმების მიზნით საბანკო დაწესებულებაში გამოცხადების თაობაზე, თუმცა მოპასუხემ 14.09.2017წ „შეთანხმება“ დაარღვია, არ გააფორმა სესხის ხელშეკრულება, არ აითვისა მისთვის დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში მინიმუმ 500 000 ლარის ოდენობით სესხი, რაც ვალდებულების დარღვევაა, არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ;

6.7.3. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 316.1-ე, 317-ე მუხლის 1-ელ და მე-2 ნაწილებზე, 417-ე მუხლზე (ნორმათა დეფინიცია იხ. 4.11 ქვეპუნქტში) და 394.1-ე მუხლზე „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის“ მიუთითა და დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოკვეთილი არ არის მოპასუხის (მეორე აპელანტის) მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც გამორიცხავს, როგორც შეთანხმებული 10 000 ლარის ოდენობით ბანკის სასარგებლოდ მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, ასევე -ზიანის ანაზღაურებას.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. ბანკმა საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ანუ მოპასუხისათვის 10 000 (ათი ათასი) ლარის დაკისრება მოითხოვა შემდეგ საკასაციო პრეტენზიებზე დაყრდნობით:

7.1.1. სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც არ არის სესხის წინარე ხელშეკრულება; არ გაითვალისწინა მოვლენების ლოგიკური ბმა, რაც ირიბად, თუმცა, აშკარად მიუთითებს მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირებულობაზე, როდესაც მან საწარმოს პარტნიორთა კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება და იპოთეკით დატვირთა ექვსი უძრავი ქონება; როდესაც მან კრედიტორის წერილი წაიღო სს „თ.ბ–ში“; „გონიერი პერსონის სტანდარტით“ (reasonable person/man standard) განსჯის გზით, ცხადია, რომ მოპასუხე მოქმედებდა, როგორც ინფორმირებული მხარე და იცოდა, რომ მას დაუმტკიცდა სესხი კონკრეტული პირობებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ექვსი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა იმ პირობებში, როდესაც გაურკვეველია სამომავლოდ დაუმტკიცდება თუ არა პირს სესხი, არ მოხდებოდა;

7.1.2. მოპასუხე იურიდიული პირია, რომელსაც ბანკებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს; სესხის აღებამდე, მსესხებელი, როგორც წესი, არაერთ საკრედიტო დაწესებულებაში ეცნობა პირობებს. ყველა ბანკის სასარგებლოდ, სადაც შესაძლოა რომ სესხი აიღოს პირმა, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვა მოუწია მსესხებელს, ეს არარეალური იქნებოდა. ასევე, ბანკი ხელმძღვანელობს „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N 151/04 ბრძანებით (კონკრეტულად 2017 წლის რედაქცია იგულისხმება) და მასთან წინააღმდეგობაში ვერ მოვა ბანკის ქმედებები. ამ განმარტების საწინააღმდეგო მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც მას არ შეუსრულებია, ხოლო მოსარჩელეს მეტი მტკიცების ტვირთი არ მოეთხოვება;

7.1.3. სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხის განმარტებაზე, რომ მან კრედიტორი ბანკისაგან წერილი წაიღო „თ.ბ–ში“, ამ წერილის გამოკვლევას ითხოვდა პირველი აპელანტი (მოსარჩელე) სასამართლოში, რომელშიც მითითებულია, რომ შპს-ას დაუმტკიცდა სესხი. წერილის ადრესატ „თ.ბ–ს“ კრედიტორი სთხოვს აცნობოს ანგარიში და რა დავალიანება ერიცხება მოპასუხეს, რათა ამ უკანასკნელის დავალიანების დასაფარად ჩარიცხოს თანხა;

7.1.4. კასატორს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის შეთანხმება არის სესხის შეპირება, რომელშიც პირობითი გარიგების ელემენტებია; სააპელაციო სასამართლოს განმარტება (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.7 ქვეპუნქტი), რომ სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განისაზღვრებოდა სესხის საპროცენტო სარგებელი და სხვა პირობები, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული, რადგან იმ დაშვებით, რომ შპს იღებდა სესხს ბანკიდან, თუმცა, კრედიტორმა მას შეთანხმებისაგან განსხვავებული პროცენტი და თანხა, ან სხვა პირობა შესთავაზა (ვითარების საპირისპიროდ შებრუნების სახით), ცხადია, რომ ბანკი ვალდებული იქნებოდა, შეესრულებინა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და სესხი სწორედ იმ პირობებით გაეცა, როგორც ეს მხარეთა შორის იყო შეთანხმებული;

7.1.5. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები და ყოველმხრივ არ გამოიკვლია მხარეთა მიერ წარდგენილი პოზიციები (ვრცლად იხ. საკასაციო საჩივარი - ს.ფ. 266-282).

7.2. საკასაციო საჩივრის პასუხად მოპასუხე შპს-ამ წერილობითი მოსაზრებები წარმოადგინა, არ დაეთანხმა საკასაციო პრეტენზიებსა და მოთხოვნას და მიუთითა:

7.2.1.კრედიტორმა შეთანხმებულ ვადაში არ დაუმტკიცა სესხი მსესხებელს, არ გააფორმა ხელშეკრულება კლიენტთან და ამიტომ ვერ მოხდა სესხის ათვისება. აქედან გამომდინარე, პირგასამტეხლოს თუ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან ბანკმა თვითონვე დაარღვია მასზე დაკისრებული მოვალეობები, შესაბამისად, სამართლიანია სასამართლოს გადაწყვეტილება;

7.2.2. უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არსებული სავაჭრო ტრადიციებისა და ჩვეულებების უგულებელყოფის თაობაზე. ბანკი შეთანხმების გაფორმებიდან ბოლო დღემდე ჰპირდებოდა კლიენტს, რომ სესხს დაუმტკიცებდა, საამისოდ მსესხებელმა ყველა მის ხელთ არსებული დოკუმენტი და რესურსი გადასცა ბანკს, წერილიც კი წაიღო სხვა ბანკში სესხის სწრაფად მიღების მიზნით და ქონებებიც საკუთარი სახსრებით მოამზადა იპოთეკით დასატვირთად. ბანკს არ უცნობებია სესხის დამტკიცების თაობაზე და მიუთითა, რომ მსესხებელს უნდა სცოდნოდა ამის შესახებ, თუმცა, რომელ საკანონმდებლო აქტზე დაყრდნობით, უცნობია;

7.2.3 სესხი, რომელიც კასატორ ბანკს უნდა დაემტკიცებინა მოპასუხე შპს-ასთვის იმხანად დაბალპროცენტიანი და მხარისათვის მიმზიდველი იყო, თუმცა, რადგან სესხი არ დამტკიცდა, მსესხებელი იძულებული გახდა, სხვა ბანკში მაღალპროცენტიანი სესხი აეღო, რითაც ათეულათასობით ლარი იზარალა;

7.2.4. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სესხის ხელშეკრულების გაფორმებაზე მზაობის ფაქტი, ისევე როგორც ვერ განსაზღვრა მოთხოვნა- პირგასამტეხლოს ითხოვს თუ სესხის მომზადებისა და გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურებას. სესხი არ გაცემულა, შესაბამისად, რაიმე ვალდებულება ვერ დაეკისრება მოპასუხეს;

7.2.5. კასატორის მოწინააღმდეგე ვარაუდობს, რომ ბანკის კომიტეტის გადაწყვეტილება შეიძლება არც არსებობს; დაბალი საპროცენტო განაკვეთის გამო კრედიტორმა ვერ დაამტკიცა სესხი და ამის გამო არ სურდა, თვითონ გამოსულიყო შეთანხმების დამრღვევი. ერთი წერილის გაგზავნა ფოსტით, ელექტრონული გზით ან თუნდაც სატელეფონო ზარით კლიენტის შეტყობინება არ უნდა ყოფილიყო პრობლემა, თუმცა, ეს არ მომხდარა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

7.3. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით კრედიტორის საკასაციო საჩივარი არსებითად განსახილველად დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას“ საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კრედიტორის საკასაციო განაცხადის ფაქტობრივი ნაწილი დასაბუთებულია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

8. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი, ამასთან, საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავსებით საკმარისია სადავო სამართალურთიერთობის შეფასებისათვის, არ ქმნის საქმის ხელახლა განსახილველად (ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად ან სხვა მტკიცებულებების ხელახლა გამოსაკვლევად) ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცესუალურ საფუძველს და, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შესაძლებელია ახალი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე.

9. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.

10. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

11. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

12. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-804-2019, 19.03.2021წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ; N ას-754-2021, 02.12.2021წ.).

13. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, გენერალური საკრედიტო ხაზის (შემდეგში: გსხ) შესახებ ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე და საკრედიტო სამართალში მის დანიშნულებაზე გაამახვილებს ყურადღებას, რადგან მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის დადგენა მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის მტკიცების ტვირთის განსაზღვრისათვის.

14. საკასაციო სასამართლოს განმარტებით საკრედიტო და სესხის ხელშეკრულებები იმით განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ კრედიტის გამცემი ყოველთვის საკრედიტო დაწესებულებაა - ბანკი, რომლის საქმიანობა რეგულირდება კანონით (იხ. სსკ-ის 867-ე მუხლის კომენტარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარების მეოთხე წიგნში, ტ. II, გვ.194- გამომცემლობა „სამართალი“, 2001 წ; გამოცემის მთავარი რედაქტორი ლადო ჭანტურია; ასევე- ზვიად გაბისონია, საბანკო სამართალი, გვ. 198-224, გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, 2017წ.). კომერციული ბანკის, როგორც საფინანსო სექტორის წარმომადგენლის, საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ეროვნული ბანკი „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე დადგენილი წესით. „საბანკო კრედიტი ფინანსური ინსტიტუტების მთავარი საბანკო პროდუქტია“ (იხ.ზვიად გაბისონია, საბანკო სამართალი, გვ. 198, გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, 2017წ.). გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც საკრედიტო რესურსების ხელშეკრულების ნაირსახეობას წარმოადგენს, ორიენტირებულია სასესხო ფულადი თანხის გამოყოფაზე გრძელვადიან პერსპექტივაში, გსხ-ის შესახებ ხელშეკრულებით ბანკი საკუთარ ოფციონალურ უფლებას (სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად: „საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით) იყენებს, როდესაც მოვალეს სთავაზობს წინაპირობებს კრედიტის გასაცემად, თუმცა, არა აბსტრაქტულად, არამედ მომავალში ძირითად მსესხებლებზე გასაცემი თანხის ზღვრულ მოცულობას განსაზღვრავს, ამ ტიპის ხელშეკრულების მიზანია „მსესხებელს წინასწარ გაუფორმოს უზრუნველყოფის ხელშეკრულებები იმ ღირებულების ქონებაზე, რომელიც სამომავლოდ უზრუნველყოფს საკრედიტო რესურსების ფარგლებში გამოყოფილი კონკრეტული საბანკო კრედიტების ან კრედიტის ცალკეული ტრანშების ამოღებადობას“ (იხ. საბანკო სამართალი - ზვიად გაბისონია, გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, თბილისი, 2017წ; გვ. 221-222). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკრედიტო რესურსების (საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება) ხელშეკრულება, ბანკის ოფციონალური უფლებიდან გამომდინარე, არ ავალდებულებს კრედიტორს, აუცილებლად გასცეს ამ ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, ან მაინცდამაინც მისი ზღვრული მოცულობა, ამასთან, არც იმგვარ ვალდებულებას გულისხმობს, რომ მოვალემ (მსესხებელმა) მისთვის ზღვრული ლიმიტის ფარგლებში გამოყოფილი თანხა სრულად აითვისოს. ზემოთ მითითებულია საკრედიტო რესურსების ხელშეკრულების მიზანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მანამ, სანამ ბანკი თავის ოფციონალურ უფლებას გამოიყენებდეს (მოვალეზე კრედიტს გასცემდეს), მას სჭირდება გსხ-ის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლოა მოხდეს როგორც სანივთო, ისე პიროვნული (პირადი) უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით. სწორედ ამიტომ არის სავალდებულო საბანკო რესურსების ხელშეკრულებაში მოვალისათვის გასაცემი კრედიტის მაქსიმალური ოდენობის წინასწარ განსაზღვრა, რადგან საკრედიტო პოლიტიკისა და სტრატეგიის საწინააღმდეგო იქნებოდა, საბანკო რესურსების ხელშეკრულების გაფორმება მომავალში გასაცემი კრედიტის წინასწარ უზრუნველმყოფი საშუალებების გამოყენების გარეშე. უზრუნველყოფის საშუალებების გამოსაყენებლად კი საჭიროა, განისაზღვროს კრედიტორის მიერ გასაცემი კრედიტის მაქსიმალური (ზღვრული) ოდენობა, რაც „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტით კრედიტის ცნების განმარტებისათვის განსაზღვრული დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულებაა (შეად. სუსგ-ას N ას-647-647-2018, 21.10.2019წ.) .

15. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე შეაფასა მხარეთა მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმება და დაასკვნა, რომ სესხი რეალური ხელშეკრულებაა, მისი დადებულად ცნობისათვის აუცილებელია მსესხებელზე სესხის გადაცემა. მხარეთა შორის დადებული 2017 წლის 14 სექტემბრის წინარე ხელშეკრულებით- „შეთანხმებით“, ასევე ბანკის ბიზნესკომიტეტის 2017 წლის 26 სექტემბრის N2069 გადაწყვეტილებითა და 2017 წლის 26 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულებების შინაარსით დგინდება, რომ სესხის ხელშეკრულება წერილობით უნდა გაფორმებულიყო. ამდენად, სესხის ხელშეკრულების გაფორმებამდე მოვალე ვერ მიიღებდა თანხას, რაც იმის დასტურია, რომ 14.09.2017წ. „შეთანხმებაში“ კლიენტის მიერ დაფიქსირებული ნება (ვალდებულება)-არა უგვიანეს 1 თვის ვადაში აეთვისებინა სესხის თანხიდან მინიმუმ 500 000 ლარი, შპს-ას უნდა მოეხდინა უშუალოდ, სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და არა წინარე ხელშეკრულების ე.წ. „შეთანხმების“ გაფორმებიდან ერთ თვეში. ამ მსჯელობასა და დასკვნას, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, იმსჯელებს კრედიტორსა და მსესხებელს შორის გაფორმებული შეთანხმების შემდეგ მხარეთა მიერ განხორცილებულ ქმედებებზე, რომელიც ასევე მათ ნებას ასახავს.

16. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

16.1. ბანკის საკრედიტო ლიმიტის დამტკიცების კომიტეტის მიერ 20.09.2017წ. მიღებული იქნა გადაწყვეტილება კლიენტისათვის (მოპასუხისათვის) სესხის ლიმიტის დამტკიცების თაობაზე, ხოლო ბიზნეს კომიტეტის N 2069 გადაწყვეტილებით, შპს-ას დაუმტკიცდა სესხი;

16.2. შპს-ას (მოპასუხე) პარტნიორთა კრებაზე, რომელიც 2017 წლის 27 სექტემბერს გაიმართა, მიღებულია გადაწყვეტილება საზოგადოების საჭიროებისათვის სესხის - 500 000 ლარის აღების თაობაზე მოსარჩელე ბანკიდან, რისთვისაც უნდა გაფორმებულიყო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება და საზოგადოებას ესარგებლა ყველა სახის საბანკო პროდუქტით. ამასთან, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკის/გირავნობის უფლებით დატვირთულიყო საზოგადოების საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონება ასევე, მომავალში შეძენილი ნებისმიერი უძრავ/მოძრავი ქონება;

16.3. ბანკსა და მოპასუხე შპს-ას შორის 2017 წლის ბოლომდე გასაფორმებელი გენერალური ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2017 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულებებით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის (მოპასუხის) საკუთრებაში არსებული 6 უძრავი ნივთი მდებარე:

1. ქ. ქუთაისი, ..... (ყოფილი ......მე-2 შესახვევი N 16). ს/კ N .....;

2. ქ.ქუთაისი, ......, ს/კ N .......;

3. ქ. ქუთაისი, ......, ს/კ N .....;

4. ქ. ქუთაისი, .......; ს/კ N .......;

5. ქ. ქუთაისი, ....... ; ს/კ N ........;

6. წყალტუბო, სოფელი .......(ზედა ......), ს/ N ......

17. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დადგენილი გარემოებები იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მსესხებელმა იცოდა მისთვის სესხის დამტკიცების ფაქტი და არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ კლიენტს ეცნობა სესხის დამტკიცების შესახებ (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 6.7-6.7.2 ქვეპუნქტები).

18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მსესხებლის (მოვალის) მიერ უძრავი ქონებების იპოთეკით დატვირთვის შესახებ საწარმოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ქონებებზე იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ, რაც მოცემულ საქმეზე დადგენილი და უდავო ფაქტობრივი გარემოებებია (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.3-4.4 ქვეპუნქტები) და განმარტავს, რომ იპოთეკის უფლება მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალებაა. იპოთეკის უფლების დადგენის მიზანია კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფა. იპოთეკით შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს როგორც სახელშეკრულებო, ასევე, კანონისმიერი მოთხოვნები. იპოთეკის უფლების საფუძველზე უზრუნველყოფილი კრედიტორი მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში მოიპოვებს უპირატესობას ყველა სხვა არაუზრუნველყოფილ კრედიტორთან შედარებით. იპოთეკარი (კრედიტორი), უზრუნველყოფილი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოთხოვნას იკმაყოფილებს იპოთეკის საგნის რეალიზაციით ან მასზე საკუთრების უფლების მოპოვებით. იპოთეკის უფლება აქცესორულ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება. იგი არ არსებობს ძირითადი (უზრუნველყოფილი) მოთხოვნის უფლების გარეშე. სახელშეკრულებო ურთიერთობის დასაწყისში მხარეები თანხმდებიან ხელშეკრულების პირობებზე, ასევე, ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებებზე - იპოთეკის უფლებაზე. იპოთეკა, როგორც აქცესორული უფლება, დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების საფუძველზე წარმოშობილი შესრულების მოთხოვნის უფლებაზე, რომლის დარღვევა, შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, წარმოშობს იპოთეკის უფლების განხორციელების შესაძლებლობას. იპოთეკის წარმოშობის საფუძველი ყოველთვის არის კანონიერ ძალაში არსებული ხელშეკრულება. ძირითადი (უზრუნველსაყოფი) გარიგების გაუქმება გამორიცხავს იპოთეკის უფლების დადგენის ან განხორციელების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით არააქცესორული იპოთეკა არ არსებობს. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ რადგან არსებობს იპოთეკის უფლება (აქცესორული უფლება), არსებობს პრეზუმფციაც, რომ სახეზეა ის მთავარი უფლებაც, რომლის უზრუნველსაყოფადაც იქნა გამოყენებული იპოთეკა. პრეზუმირებული (ნავარაუდები) ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, ამიტომ ის, ვინც უარყოფს ამ პრეზუმფციას, მან უნდა დაამტკიცოს საწინააღმდეგო (იხ. სუსგ N ას-853-803-2015, 19.11.2015წ.).

19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განსჯით არ არის გასაზიარებელი მოპასუხის სტადიაზე მოვალის მიერ გაცხადებული შედავება, რომ მისთვის უცნობი იყო ბანკის ბიზნესკომიტეტის 2017 წლის 20 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება სესხის დამტკიცების თაობაზე (იხ. შესაგებელი - ს.ფ. 65), რადგან დადგენილი გარემოებაა, რომ 2017 წლის 26 სექტემბერს იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის რამდენიმე უძრავი ქონება, რაც მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ძირითადი ვალდებულების უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად. უფრო მეტიც, იპოთეკის ხელშეკრულებები დათარიღებულია 26.09.2017წლით, ხოლო მსესხებელმა საწარმომ, სწორედ იმიტომ, რომ იცოდა ბანკის ბიზნესკომიტეტის 20.09.2017 წლის გადაწყვეტილება სესხის დამტკიცების თაობაზე, პარტიონთა კრებაზე იურიდიულად გააფორმა შპს-ის მიერ მოსარჩელე ბანკისაგან სესხის აღების საკითხი და მისი პირობები. საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები სხვაგვარი სამართლებრივი შეფასების საფუძველს არ იძლევა, რადგან მოვალე საწარმოს პარტნიორთა კრების 27.09.2017წ. ოქმით სწორედ მოსარჩელე ბანკისაგან და არა ნებისმიერი (ან ალტერნატიულად რამდენიმე ბანკიდან რომელიმესგან) საკრედიტო დაწესებულებისაგან სესხის აღების საკითხზეა გადაწყვეტილება მიღებული. საკასაციო სასამართლოს შინაგან რწმენას ისიც ამყარებს, რომ მოვალეს, რომელსაც 6 უძრავი ქონება აქვს იპოთეკით დატვირთული, არ მიუმართავს მოსარჩელე ბანკისათვის, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მის კუთვნილ ქონებებზე უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. კრედიტორისაგან 17.10.2017 წელს მიღებული გაფრთხილების წერილის პასუხად, მხოლოდ 24.10.2017 წლის წერილში დააფიქსირა მოვალემ თავისი პოზიცია, როდესაც არ დაეთანხმა მსესხებლის გაფრთხილების წერილში გამოთქმულ პრეტენზიას, მიუთითა, რომ მსესხებლისათვის სესხი დღემდე არ იყო დამტკიცებული და ბანკისაგან მოითხოვა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების სამართლებრივი შეზღუდვისაგან გათავისუფლება (იხ. ს.ფ. 50-51).

20. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, კრედიტორის მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს პირგსასამტეხლოს - 10 000 ლარის გადახდა.

21.სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იმ მოთხოვნის შესაბამისი პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა, რაც ამ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 264.3-ე, 257.1-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს "პ.ბ–ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. სს "პ.ბ–ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. სს "პ.ბ–ის" სასარგებლოდ შპს "მ–ოს" დაეკისროს პირგასამტეხლოს -10 000 ლარის გადახდა;

5. სს "პ.ბ–ის" სასარგებლოდ შპს "მ–ოს" დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1080 ლარის გადახდა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური