Facebook Twitter

საქმე №ას-1191-2021 14 თებერვალი , 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.მ–ძე, გ.ბ–ი, ე.ბ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – კ.ბ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით კ.ბ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) სარჩელი დაკმაყოფილდა.

1.1. ნ.მ–ძის (შემდეგში - პირველი მოპასუხე), გ.ბ–ის (შემდეგში - მეორე მოპასუხე) და ე.ბ–ის (შემდეგში - მესამე მოპასუხე, შემდეგში ერთობლივად: მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, რომლის მისამართია ქ. თბილისი, ......ქუჩა N25, ბინა N128 ს/კ ..... და გამოთავისუფლებული გადაეცა მესაკუთრეს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 სექტემბრის განჩინებით.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:

3.1. უძრავი ქონება, რომლის მისამართია ქ. თბილისი, ...... N25, ბინა N128 ს/კ ......, 2009 წლის 10 ივლისიდან მოსარჩელეს ეკუთვნის.

3.2. მოპასუხეები სადავო ბინას ფლობენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილის, „მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“ შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.

5. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია, რომ სადავო ნივთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. ეს ნიშნავს, რომ ნივთი სწორედ მას ეკუთვნის.

6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების მითითება, რომ ისინი სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელები არიან, ვინაიდან ამჟამინდელ მესაკუთრეს აპელანტებისთვის სადავო ნივთი მფლობელობაში არ გადაუცია.სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე ამ ნივთთან დაკავშირებული გარიგებით ან სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტით აპელანტების მიმართ შებოჭილი არ არის; აპელანტებს კანონით გათვალისწინებული წესით ნივთის დაკავების უფლება არა აქვთ. შესაბამისად, მოპასუხეებს სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივად ნამდვილი საფუძველი არ გააჩნიათ.

7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 3761 მუხლის მე-3 ნაწილსა (თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებზე (შდრ. სუსგ №ას-102-2021, 31 მარტი, 2021 წელი, პ. 13-14, ასევე №ას-173-2020, 29 ივნისი, 2020 წელი, პ. 42-43) მითითებით არ დააკმაყოფილა აპელანტების შუამდგომლობა და აღნიშნა, რომ დავის საგნის (უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა) გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა არ არსებობდა.

8. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა საქმეში არასრულწლოვნის და მისი ინტერესების დასაცავად სოციალური სამსახურის ჩართვის თაობაზე მოპასუხეების შუამდგომლობა და მიუთითა მსგავს საკითხებზე უზენაესი სასამართლოს განჩნებებში არსებულ მსჯელობებზე (შდრ. სუსგ. №ას-1016-2018, 30.11.2018წ; №ას-173-2020, 29.06.2020წ, პ. 39-41).

9. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა განსახილველი საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლის არარსებობის თაობაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტებს აღძრული აქვთ ადმინისტრაციული სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ და იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება სადავო ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.

10. საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის გასარკვევად სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა. მოსარჩელე განსახილველი სარჩელით მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან თავის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების გამოთხოვას მოითხოვს; ბ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში იხილება მოპასუხის სარჩელი, სადაც მოსარჩელე მესამე პირს წარმოადგენს; გ. აღნიშნული სარჩელით სადავოა უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; დ. წინამდებარე საქმის მოსარჩელეს აღძრული აქვს ვინდიკაციური სარჩელი და მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება განსახილველ საქმეში ფაქტების დადგენასა და დავის სამართლებრივ გადაწყვეტას ხელს არ უშლის. შესაბამისად, საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლებიც არ არსებობს.

11. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ნასყიდობის ხელშეკრულების საკითხზეც იმსჯელა და აღნიშნა, რომ, მართალია, აპელანტებმა შეგებებული სარჩელი აღძეს ნოტარიუს მ.ლ–ის მიერ შედგენილი და დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მაისის განჩინებით მათ სარჩელის მიღებაზე ეთქვათ უარი, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით აპელანტების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სადავო ნივთზე მოსარჩელის საკუთრების წარმოშობის საფუძველი სასარჩელო წესით შედავებული არ არის.

12. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ აპელანტებმა 2009 წლის 10 ივლისისათვის სადავო ნივთზე ყადაღის რეგისტრაციის არსებობის ფაქტი ვერ დაამტკიცეს.

13. სააპელაციო სასამართლომ საბოლოოდ დაასკვნა, რომ მოპასუხეებმა ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება. შესაბამისად, ისინი უკანონოდ ფლობენ უძრავ ქონებას. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი მესაკუთრის უფლების შებოჭვისათვის, ამრიგად, მოსარჩელე უფლებამოსილია, სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს ნივთი.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1 მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

14.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხეების საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

18. კასატორების პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას საკმარისად არ შეისწავლა საქმის მასალები, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდებოდა. კასატორების მტკიცებით, მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენის, დამოწმებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის კონტექსტზე, რადგან თითოეული მათგანი კანონის მოთხოვნათა დარღვევით შესრულდა; სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ 2009 წლის 16 ივლისის ამონაწერის მიხედვით, უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო ყადაღა; მოსარჩელის საკუთრების უფლება იმთავითვე საფუძველს მოკლებული იყო, რაც ასევე არ გაითვალისწინა სასამართლომ.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და მართებულად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებზე (იხ. სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი): ა) მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან: ბ) მოპასუხეები სადავო ბინას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ.

20. საკასაციო სასამართლო, საპროცესო სამართლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

21. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, „ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას, 170-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, „მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისულად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას „ ხოლო 172-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“

22. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს, მოსარჩელის მოთხოვნის გასაბათილებლად, რომელიც, თავის მხრივ, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას (იხ. სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლები) ემყარებოდა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება და სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, რომლითაც ან გამოირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ან დადგინდებოდა კასატორების უკეთესი უფლება ამავე ნივთზე, რაც შეზღუდავდა მესაკუთრის უფლებას სადავო ქონებასთან მიმართებით, კასატორებმა ვერ მიუთითეს ისეთ გარიგებისმიერ ან კანონისმიერ საფუძვლებზე (იხ. სსკ-ის 162-ე მუხლი), რომლის მიხედვითაც სადავო საგნის მართლზომიერ მფლობელებად ჩაითვლებოდნენ.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მხარის ვალდებულება, მისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები. მხარის დასაბუთებული პრეტენზიის არსებობა სასამართლოს წარმოუშობს ვალდებულებას, დადგენილი გარემოებების სისწორე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლივად შეაფასოს სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე ას-1903-2018, 22.11.2019წ). საქმის მასალებიდან არ დასტურდება, რომ კასატორებმა წარადგინეს სარჩელი ან შეგებებული სარჩელი, რომლის ფარგლებშიც უძრავი ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების წარმოშობის საფუძველი - ნასყიდობის ხელშეკრულება იქნებოდა შედავებული. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, მოპასუხეს განსახილველი სარჩელისაგან თავის დაცვის საპროცესო საშუალებებიდან შეგებებული სარჩელის აღძვრა არ აურჩევია და სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილობა არ მოუთხოვია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ნაკლებად ქმედითი საპროცესო დაცვის საშუალებით – შესაგებლის წარდგენით. შესაგებლის ფარგლებში კი, გარიგების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის წარდგენა არ დაიშვება (სუსგ. №ას-874-824-2015, 2.12.2015წ) .

24. საკასაციო სასამართლოს განსჯით, მოპასუხეებმა (კასატორებმა) სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ დაძლიეს მტკიცების ტვირთი და სასამართლოს ვერ დაუდასტურეს ნივთზე თავიანთი მფლობელობის მართლზომიერება.

25. მოცემულ შემთხვევაში, კასატორები შუამდგომლობენ მეორე და მესამე მოპასუხეების არასრულწლოვანი ძმის მესამე პირად ჩაბმას, კასატორების მტკიცებით, საქმეზე მიღებული შედეგი არასრულწლოვნის ქონებრივ და სამართლებრივ ინტერესს უკავშირდება, რადგან, შესაძლოა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი (15 წლის) უსახლკაროდ დარჩეს. ისინი არასრულწლოვნის ინტერესების დასაცავად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართვასაც მოითხოვენ.

26. ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის თანახმად ბავშვის (18 წლამდე პირის) კეთილდღეობაზე და საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვის ვალდებულება აქვს ბავშვის მშობლებს, მეურვეებს, სახელმწიფოს, რომელიც წარმოდგენილია სოციალური მომსახურების დაწესებულებებით (იხ. სუსგ Nას-1454-2019, 24.04.2020 წ).

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა აღსანიშნავია, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. ანალოგიური შინაარსისაა სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. (იხ. სუსგ Nას-1016-2018, 30.11.2018 წ.). აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების ჯეროვანი დაცვა მათ კანონიერ წარმომადგენლებს ევალებათ, ამრიგად, არასრულწლოვნის უფლებაზე კაასატორების მითითება ვინდიკაციური სარჩელის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე დავის საგანი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას უკავშირდება და საქმე არ წარმოადგენს არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევიდან გამომდინარე დავას. შესაბამისად, სოციალური სამსახურის, როგორც არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მიზნით საქმეში ჩართვის საპროცესოსამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს და სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა კასატორების შუამდგომლობა.

28. სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

29. აღნიშნული ნორმა საქმისწარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მითითებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ უკავშირდება ისეთ საპროცესო ინსტიტუტს, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა (შდრ. სუსგ Nას-528-2021, 28.12.2021წ). საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტების მიხედვით, ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას (სუსგ Nას-1719-2019, 22.01.2020წ.).

30. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (სუსგ.Nას-1542-1462-2017 , 30.01.2018წ.). მანამდე კი ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (შდრ. სუსგ Nას-877-2018 , 27.09.2018წ; სუსგ Nას-1719-2019, 22.01.2020წ). ამრიგად, დაუსაბუთებელი ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე წინამდებარე სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობა და იგი სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.მ–ძის, გ.ბ–ის და ე.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.მ–ძის, გ.ბ–ის და ე.ბ–ის შუამდგომლობა არასრულწოვანი ვ.ბ–ის მესამე პირად ჩართვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

3. ნ.მ–ძის, გ.ბ–ის და ე.ბ–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

4. ნ.მ–ძეს, გ.ბ–ს და ე.ბ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე, გ.ჭ–ას (პ/ნ ......) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N1640167349, გადახდის თარიღი 2021 წლის 22 დეკემბერი), 70% – 105 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური