Facebook Twitter

საქმე №ას-1201-2021 14 თებერვალი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. ს–ძე, მ. ს–ძე, მ. ს–ძე, მ. ს–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ნ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აკრძალვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქობულეთის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით მ.ნ–ძის (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა და ვ. ს–ძის (შემდეგში - პირველი მოპასუხე), მ. ს–ძის (შემდეგში - მეორე მოპასუხე), მ. ს–ძის (შემდეგში - მესამე მოპასუხე) და მ. ს–ძის (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე, შემდეგში ერთობლივად: მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 2505.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 373.30 კვ.მ შენობა-ნაგებობა, ს/კოდით ..... და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

2. ქობულეთის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. ქობულეთის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ აპელანტები.

3.2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი იმავე დღეს მოსამართლის სათათბირო ოთახში გაუსვლელად 12:24:06 საათზე გამოცხადდა.

3.3. აპელანტებისათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, მისი გასაჩივრების წესი და ვადა 2021 წლის 13 მაისს ცნობილი იყო.

3.4. გადაწვეტილების ასლის ჩასაბარებლად აპელანტები სასამართლოში 2021 წლის 13 მაისიდან არაუადრეს 20 დღისა და ყველაზე გვიან, 30 დღის ვადაში უნდა გამოცხადებულიყვნენ.

3.5. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტებს ქობულეთის მაგისტრატი სასამართლოსათვის 2021 წლის 13 მაისის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავთ და გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2021 წლის 12 ივნისიდან დაიწყო.

4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-60 და 61-ე მუხლებზე დაყრდნობით საპროცესო ვადების გამოთვლის წესზე მიუთითა და აღნიშნა, რომ აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა - 2021 წლის 12 ივნისიდან დაიწყო და იმავე წლის 25 ივნისს, 24:00 საათზე დასრულდა, საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ მოპასუხეებმა ქობულეთის მაგისტრატ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი 2021 წლის 5 ივლისს, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის დარღვევით წარადგინეს. მართალია, სააპელაციო საჩივრის შედგენის თარიღად 2021 წლის 23 ივნისია მითითებული, თუმცა სააპელაციო საჩივრის ვადის დაცვით წარდგენის მიჩნევისათვის საკმარის არგუმენტად ვერ გამოდგება, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2021 წლის 5 ივლისსაა წარდგენილი.

5. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 59-ე, 63-ე მუხლებზეც მიუთითა და დაასკვნა, რომ მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი, კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარადგინეს სასამართლოში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 63-ე, 369-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და განუხილველად დარჩა.

6. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა (მოპასუხეებმა) და მისი გაუქმება მოითხოვეს.

7. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სააპელაციო საჩივარი ფოსტაში საპროცესო ვადის დაცვით, 2021 წლის 25 ივნისს ჩააბარეს. მოსამართლის თანაშემწესთან საუბრისას ცნობილი გახდა, რომ საფოსტო გზავნილს თან გზავნილის მიღების დოკუმენტი, ე.წ. „ბილი“არ ერთვოდა. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სავარაუდოდ, იგი სასამართლოს კანცელარიაში გაიბნა, რადგან მის გარეშე თანამშრომელი კონვერტს არ ჩაიბარებდა. საჩივრის ვადაში წარდგენას ადასტურებს კერძო საჩივარზე თანდართული ე. წ. „ბილის“ მეორე პირზე - ორიგინალ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით შეტანის გამო.

12. საქმის მასალებით დგინდება, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად, სხვა წინაპირობებთან ერთად, რომელთა არსებობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი მიიღება განსახილველად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის საპროცესო ვადის დაცვით წარდგენას.

14. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა - 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

15. ამრიგად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და მისი დენა იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. რაიმე გამონაკლისი, მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით, არ არსებობს.

16. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

17. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრული ვადის დაცვით სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (შდრ.სუსგ. №ას-873-2018, 31.01.2019წ). სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას - სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

19. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქობულეთის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) ესწრებოდნენ და მისი გასაჩივრების წესი და ვადა ცნობილი იყო მათთვის; მოპასუხეებს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავთ; შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2021 წლის 12 ივნისიდან დაიწყო და 25 ივნისს, 24:00 საათზე დასრულდა.

20. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, მათ გასაჩივრების ვადა არ დაურღვევიათ, რადგან საააპელაციო საჩივარი ფოსტაში საპროცესო ვადის დაცვით, 2021 წლის 25 ივნისს ჩააბარეს. ზემოაღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით, კერძო საჩივარს თან დაურთეს ე.წ. საფოსტო „ბილი“, რომლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის გაგზავნის თარიღი - 2021 წლის 25 ივნისია (იხ. ს.ფ. 195).

21. სსსკ-ის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებას სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ საპროცესო ვადებში წარდგენის თაობაზე, რაც სსსკ-ის 61.3 მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

23. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ს–ძის, მ. ს–ძის, მ. ს–ძის და მ. ს–ძის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინება და, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური