Facebook Twitter

№ა-575-შ-18-2022

2 მარტი, 2022 წ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.ო–ნი

განხილვის საგანი – პოლონეთის, ლუბლინის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა I განყოფილების 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებისა და ლუბლინის რაიონული სასამართლოს ლუბლინის - აღმოსავლეთი ადგილსამყოფელით ქ. შვიდნიკში საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა IV განყოფილების 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

პოლონეთის, ლუბლინის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა I განყოფილების 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ჟ.ო–ნი ფსიქიკური აშლილობის გამო ცნობილ იქნა სრულიად ქმედუუნაროდ.

ლუბლინის რაიონული სასამართლოს ლუბლინის - აღმოსავლეთი ადგილსამყოფელით ქ. შვიდნიკში საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა IV განყოფილების 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით სრულიად ქმედუუნარო ჟ.ო–ნის კანონიერ მეურვედ დაინიშნა მისი ვაჟიშვილი - ა.ო–ნი.

2022 წლის 11 თებერვალს ა.ო–ნის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

ა.ო–ნის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული პოლონეთის, ლუბლინის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა I განყოფილების 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ჟ.ო–ნი ფსიქიკური აშლილობის გამო ცნობილ იქნა სრულიად ქმედუუნაროდ და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 3 აპრილს. ლუბლინის რაიონული სასამართლოს ლუბლინის - აღმოსავლეთი ადგილსამყოფელით ქ. შვიდნიკში საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა IV განყოფილების 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად, სრულიად ქმედუუნარო ჟ.ო–ნის კანონიერ მეურვედ დაინიშნა მისი ვაჟიშვილი - ა.ო–ნი. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 10 ივნისს.

შუამდგომლობაზე თანდართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, პოლონეთის, ლუბლინის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა I განყოფილების 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება ჟ.ო–ნის ფსიქიკური აშლილობის გამო სრულიად ქმედუუნაროდ ცნობისა და ლუბლინის რაიონული სასამართლოს ლუბლინის - აღმოსავლეთი ადგილსამყოფელით ქ. შვიდნიკში საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა IV განყოფილების 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება ჟ.ო–ნის კანონიერ მეურვედ მისი ვაჟიშვილის - ა.ო–ნის დანიშვნის შესახებ, ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას ამავე გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. რადგანაც ქმედუუნაროდ ცნობისა და მეურვედ დანიშვნის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობით მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის დადგომაც მხარეს სურს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის მიმართ მხარეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც ამ ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დაადგინა:

1. ა.ო–ნის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას პოლონეთის, ლუბლინის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა I განყოფილების 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება ჟ.ო–ნის ფსიქიკური აშლილობის გამო სრულიად ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ და ლუბლინის რაიონული სასამართლოს ლუბლინის - აღმოსავლეთი ადგილსამყოფელით ქ. შვიდნიკში საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა IV განყოფილების 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება ჟ.ო–ნის კანონიერ მეურვედ მისი ვაჟიშვილის - ა.ო–ნის დანიშვნის შესახებ.

3. შუამდგომლობა პოლონეთის, ლუბლინის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა I განყოფილების 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებისა და ლუბლინის რაიონული სასამართლოს ლუბლინის - აღმოსავლეთი ადგილსამყოფელით ქ. შვიდნიკში საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა IV განყოფილების 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე