საქმე №ას-129-2022 2 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ე.ტ–ლი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – „i. i.g.t.s. v. t. L.s.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა, საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოების გამოყენების აკრძალვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
„i.i.g.t.s.v.t.l.s.“-მა (შემდგომში - მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე.ტ–ლის“ მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობისა და საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოების გამოყენების აკრძალვის მოთხოვნით.
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - „ს–ში“ მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული (რეგისტრაციის ნომერი - 23568) სასაქონლო ნიშანი. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელის სახელზე 2011 წლის 2 დეკემბერს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო რეესტრში (მადრიდის სისტემა - WIPO) №1125421 რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის - ,,ilke’’ იდენტური ან აღრევამდე მსგავსი საავტორო უფლებით დაცული სახვითი ხელოვნების ნაწარმოების გამოყენების აკრძალვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 თებერვლის განჩინებით შპს „ე.ტ–ლს“ დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 თებერვლის განჩინება კასატორის წარმომადგენელს - თ.კ–ძეს (იხ. მინდობილობა - ს.ფ. 125-130) ჩაბარდა.
სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა 2022 წლის 11 თებერვალს დაიწყო და ამავე წლის 15 თებერვალს ამოიწურა. ამდენად, კასატორს ხარვეზი 2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 396-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ე.ტ–ლის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე