საქმე №ას-1295-2021 2 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „გ.ჰ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხ.გ–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – შრომითი ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ხ.გ–ნმა (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სს „გ.ჰ–ის“ (შემდეგში: დამსაქმებელი ან მოპასუხე ან მოპასუხე კომპანია ან კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვა შრომის ანაზღაურების დაკისრება 9570 ლარის და საპენსიო სააგენტოდან დაბრუნებული თანხის გადახდა 190 ლარის ოდენობით.
2. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნები დააფუძნა შემდეგ გარემოებებს:
3. 2019 წლის 15 მარტიდან, მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კლინიკაში დღის ექიმ ანესთეზიოლოგის პოზიციაზე. მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა ფიქსირებულ 1250 ლარს, ამასთან, დამატებით ერიცხებოდა შესრულებულ ოპერაციებში მონაწილეობის 6%. მოსარჩელე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა ჯეროვნად, ხარისხიანად და კეთილსინდისიერად. 2019 წლის 02 ოქტომბრიდან, მოსარჩელე პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა დაკავებული პოზციიდან, მოპასუხე კლინიკაში შექმნილი არასტაბილური სამუშაოს გამო. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს 2019 წლის აგვისტო-სექტემბერის თვეებში და ოქტომბრის პირველ რიცხვში მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის წარმოშობილი ფიქსირებული ხელფასი და ჩატარებული ოპერაციებიდან მისაღები 6%, სულ 9570 ლარი, მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებია.
4. მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე 2019 წლის 15 მარტიდან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე კლინიკასთან. მოსარჩელის ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა 1250 ლარს. დასაქმებულის ხელფასი შედგებოდა მხოლოდ ერთი კომპონენტისაგან და მოსარჩელე ჰოსპიტალში არ მორიგეობდა. მას უნდა აეღო სტაბილურ-ფიქსირებული ხელფასი გამომუშავებით შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. შესაბამისად, მოპასუხემ უარყო მოსარჩელის მოთხოვნა ორკომპონენტიანი სახელფასო დავალიანების თაობაზე. ამასთან, წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2019 წლის 23 სექტემბერს, სასამართლოსთვის მიმართვის ბოლო ვადა იყო 2019 წლის 23 ოქტომბერი. მოსარჩელემ კი, სასამართლოს მიმართა 2019 წლის 26 დეკემბერს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანება 9 570 ლარი (დარიცხული) და საპენსიო სააგენტოდან დაბრუნებული 190 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) ანაზღაურება.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.
8. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი გარემოებები:
9. დადგენილი იქნა, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა და მოსარჩელე კლინიკის გენერალური დირექტორის ბრძენებით 2019 წლის 15 მარტიდან დანიშნული იყო მოპასუხე კლინიკაში ექიმი ანესთეზიოლოგის პოზიციაზე. დასაქმებულის ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიური დარიცხული ხელფასით - 1250 ლარის ოდენობით. რომლის ჩარიცხვაც უნდა მომხდარიყო მისთვის გახსნილ საბანკო ანგარიშზე (იხ. ბრძანება ტ.1, ს.ფ.16).
10. მოპასუხე კლინიკის 2019 წლის 23 სექტემბრის N754 ბრძანებით მოსარჩელეს, 2019 წლის 02 ოქტომბრიდან შეუწყდა 2019 წლის 15 მარტს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. ამავე ბრძანებით ფინანსურ დეპარტამენტს დაევალა მოსარჩელისათვის 2019 წლის 01 ოქტომბრამდე ნამუშევარი დროის ანაზღაურება (იხ. ბრძანება ტ.1, ს.ფ.28).
11. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე 2019 წლის 16 აგვისტოდან გავიდა დაგროვებითი საპენსიო სქემიდან (იხ. სსიპ საპენსიო სააგენტოს 16.08.2019 წ. N01-06-002694 ცნობა, ტ.1, ს.ფ. 69).
12. უდავოა, რომ საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ საპენსიო სააგენტოდან დაბრუნებული თანხა - 190,13 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ ჩაურიცხავს (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტებები).
13. მოსარჩელემ 2019 წლის 25 ნოემბერს და 2019 წლის 30 ნოემბერს განცხადებებით მიმართა დამსაქმებელს და მოითხოვა მიუღებელი ხელფასის 9570 ლარის ანაზღაურება (იხ. განცხადებები ტ.1, ს.ფ. 17-24).
14. საქმეში არსებული და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გარდა ფიქსირებული 1250 ლარის ოდენობით ხელფასისა, მოსარჩელე ასევე ღებულობდა დამატებით ანაზღაურებას მისი, როგორც ექიმი-ანესთეზიოლოგის მონაწილეობით ჩატარებული ოპერაციებიდან ოპერაციის ღირებულების 6%-ის ოდენობით.
15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომით დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებაზე და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სახეზეა სამუშაოზე მიღების ბრძანებაში მითითებულისგან განსხვავებული თანხის გადახდები, გაწეული მომსახურების საფუძველზე დამატებითი ანაზღაურების შეთანხმების არარსებობის მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს ეკისრება.
16. სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, ყურადღება გამახვილდა პაციენტების მიხედვით შესრულებული სამუშაოს ანგარიშებზე (ტ.1, ს. ფ. 70-73).
17. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ამონაწერიდან დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს მოპასუხე კლინიკაში ხელფასის სახით ერიცხებოდა განსხვავებული თანხები, რომელიც აღემატებოდა ფიქსირებულ დარიცხულ - 1250 და ხელზე ასაღებ 1000 ლარს. კერძოდ, 2019 წლის აპრილის თვის შრომის ანაზღაურების სახით მოსარჩელისათვის ჩარიცხულია - 1229,46 ლარი, მაისის თვეში - 1926,06, ივნისის თვეში - 3669,97, ხოლო ივლისის თვეში - 5637,48 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 77-99).
18. მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა შესრულებული სამუშაოს ანგარიშები პაციენტების მიხედვით და მასში მითითებული თანხები (კანონით დადგენილი გადასახადების გამოკლებით), როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიეთითა, თანხვედრაშია 2019 წლის ივნისი და ივლისის თვის შრომის ანაზღაურების ოდენობასთან.
19. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის მითითება და დადგენილად მიიჩნია, რომ გარდა ფიქსირებული 1250 ლარის ოდენობით ხელფასისა, მოსარჩელე ასევე ღებულობდა დამატებით ანაზღაურებას მისი, როგორც ექიმი-ანესთეზიოლოგის მონაწილეობით ჩატარებული ოპერაციებიდან. რაიმე მტკიცებულება, რომლიც საპირისპირო გარემოების არსებობას დაადასტურებდა მოპასუხეს არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე (საბანკო ანგარიშის ამონაწერი, შესრულებული სამუშაოს ანგარიშები პაციენტების მიხედვით) გაზიარებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია 2019 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვეების, ასევე ოქტომბრის თვის ერთი დღის შრომის ანაზღაურების სახით დავალიანება - 9 570 ლარის (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით.
20. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც განიმარტა: „რაც შეეხება მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებას და სახელფასო დავალიანების თანხის ოდენობის დადგენის მტკიცებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო მტკიცებით პროცესში, საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მიერ, ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი, უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის უარყოფა (სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი). სსსკ-ის მე-4 მუხლი განსაზღვრავს შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მასში შემავალი ფაქტები დამტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ. სსსკ-ის მე-3 მუხლი განსაზღვრავს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას - განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, გარემოება დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება ამ მითითებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებითი პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ (დასაბუთებულ) მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წააგებს სამართლებრივ დავას. მოპასუხის სტადიაზე მოწმდება არა მხოლოდ ის, წარადგინა თუ რა მოპასუხემ შესაგებელი, არამედ, ასევე, წარდგენილი შესაგებელი რამდენად აბათილებს და არყევს (მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ) მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს, კერძოდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან (საქმე №ას-108-2021; 22 აპრილი, 2021 წელი).
21. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ი) 31-ე მუხლის მიხედვით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
22. განსახილველ შემთხვევაში, როგორც დადგენილად იქნა ცნობილი, გარდა ფიქსირებული 1250 ლარის ოდენობით ხელფასისა, მოსარჩელე ასევე ღებულობდა დამატებით ანაზღაურებას მისი (როგორც ანესთეზიოლოგის) მონაწილეობით ჩატარებული ოპერაციებიდან. მოპასუხემ შრომის ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლოს ვერ წარმოუდგინა სათანადო მტკიცებულება. შესაბამისად, არ იქნა გაზიარებული სააპელაციო საჩივარი.
23. სსკ-ის 34-ე მუხლის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
24. დადგენილი იქნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი აქვს 2019 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვეების, ასევე ოქტომბრის თვის ერთი დღის შრომის ანაზღაურების სახით დავალიანება - 9 570 ლარის (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი სწორად იქნა მიჩნეული საფუძვლიანად და სწორად დაკმაყოფილდა,
25. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა (მოპასუხე) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის უარყოფას შემდეგი საფუძვლებით:
26. კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის შრომის ანაზღაურების მოცულობას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 102.3 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს ჰქონდა ბრძანებაში აღნიშნულისგან განსხვავებული ოდენობის ხელფასი და იგი ბრძანებაში მითითებულის საწინააღმდეგოდ იღებდა დამატებით ანაზღაურებას მისი მონაწილეობით ჩატარებული ოპერაციებიდან. კასატორის მოსაზრებით, სშკ-ის 31-ე და 34-ე მუხლების, ასევე, სსსკ-ის 102 და 105-ე მუხლების სწორი განმარტების შემთხვევაში, სასამართლო დაადგენდა მოსარჩელის ხელფასის სწორ და არა განსხვავებულ ოდენობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
28. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა. გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს როლს საერთო სასამართლოების სიტემაში და ადგენს, რომ უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში. კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარეობს მათ შორის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულება, რომელიც ადგენს უზენაესი სასამართლოს მხრიდან დავის ფაქტობრივი ნაწილის შეფასების ფარგლებს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მსჯელობს საპროცესო წესების დაცვით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების შეფასების კანონიერებაზე იმგვარად, რომ თავად ვერც ახალ ფაქტებს დაადგენს და ვერც ახალ განმარტებებს მიიღებს მხარეებისგან.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პალატა შეზღუდულია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მომზადების ეტაპის დასრულების დროისათვის წარდგენილი ფაქტებისა და მტკიცებულებების კვლევით.
31. შესაბამისად, სასამართლო მტკიცებით პროცესში, საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მიერ, ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი, უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის უარყოფა (სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი). სსსკ-ის მე-4 მუხლი განსაზღვრავს შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მასში შემავალი ფაქტები დამტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ. სსსკ-ის მე-3 მუხლი განსაზღვრავს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას -განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
32. ამდენად, გარემოება დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება ამ მითითებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებითი პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ (დასაბუთებულ) მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წააგებს სამართლებრივ დავას. მოპასუხის სტადიაზე მოწმდება არა მხოლოდ ის, წარადგინა თუ რა მოპასუხემ შესაგებელი, არამედ, ასევე, წარდგენილი შესაგებელი რამდენად აბათილებს და არყევს (მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ) მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.
33. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).
34. მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი - ამ ტიპის შეპასუხების წარდგენის დროს მოპასუხე სადავოდ არ ხდის მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, იგი ფაქტობრივად ეთანხმება მოსარჩელეს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებში, თუმცა, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა მისი მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულების გამო (ასეთი მოცემულობის პირობებში მტკიცების საგანში შედის მხოლოდ ერთი გარემოება _ „ვალდებულების შესრულება“, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ ვალდებულება არ შესრულებულა (მითითების ტვირთი), რომლის გაქარწყლება და დამტკიცებაც მოპასუხის მხარესაა.
35. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი _ ამ ტიპის შედავების წარდგენის დროს მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (სსკ-ის 144-ე მუხლი). მოთხოვნის შემაფერხებელ შესაგებელთან გვაქვს საქმე ასევე, როდესაც მოპასუხე უთითებს მოსარჩელის მხრიდან საპასუხო მოქმედების შესრულებაზე (სსკ-ის 369-ე მუხლი), შესრულების ვადის დაუდგომლობაზე (სსკ-ის 361.2 მუხლი).
36. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი - ამ ტიპის შეპასუხების დროს მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ ფაქტებს (მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს), შესაბამისად, თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო (დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე) გარემოებებს, სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სარჩელის წარმატება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (დამფუძნებელი ნორმა) წინაპირობების მითითება/დადასტურებაზეა დამოკიდებული, ასეთი შედავების დროს მოპასუხე სადავოდ ხდის სწორედ მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მოთხოვნის არსებობას გამორიცხავენ, საკმარისია მოპასუხის მხრიდან თუნდაც ერთი წინაპირობის გამორიცხვა, რომ სარჩელის წარმატებას საფრთხე შეექმნას.
37. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
38. სსსკ-ის 4.1 მუხლის მიხედვით, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომელზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს. მოხმობილი ნორმები განსაზღვრავენ მხარეთა ტვირთს ფაქტების მითითების თაობაზე. განსხვავებით მტკიცების ტვირთისაგან, რომელსაც მოსამართლე აქტიურად ხელმძღვანელობს და კარნახობს მხარეებს, თუ ვინ უნდა ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, იგი პასიურია ფაქტების მითითებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ვერ დაეხმარება მხარეს სარჩელის/შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთების შედგენაში. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოდის მოპასუხეზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნის შემწყვეტი ან განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების (გამომრიცხავი ნორმების) შემოწმება მიმდინარეობს შემდეგ ეტაპებად: ა) მოპასუხის მიერ ასეთი შესაგებლის განხორციელების შემთხვევაში უპირველესად უნდა იქნეს მოძიებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, რომელიც შესაძლოა უპირისპირდებოდეს მოსარჩელის (სამართლებრივ) მოთხოვნის უფლებას; აღნიშნული სამართლებრივი ნორმა, ისევე, როგორც მოსარჩელის სტადიაზე მოსაძიებელი მოთხოვნის საფუძველი, უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან. ბ) შემდეგ ეტაპზე მიმდინარეობს მოპასუხის ახსნა-განმარტებების შემოწმება ზუსტად ისე, როგორც მოსარჩელის განმარტებების შემოწმება ხდება მოსარჩელის სტადიაზე. კერძოდ, მოპასუხის შესაგებელი მოწმდება ზემოხსენებულ საპირისპირო ნორმასთან მიმართებით. ამრიგად, ამ ეტაპზე მოპასუხის განმარტებები უნდა ასაბუთებდეს ამ საპირისპირო ნორმის დისპოზიციის არსებობას და ამ კუთხით უნდა იყოს გამართული. გ) მესამე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უკვე მოსარჩელის პასუხი, რამდენად სათანადოდ (საკმარისად) ედავება იგი საპირისპირო ნორმის შედეგის დამფუძნებელ გარემოებებს.
39. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).
40. ასეთი მიდგომის საფუძველია სსსკ-ის 102-ე მუხლის ნორმატიული დანაწესი, რომელშიც თავმოყრილია მხარეთა საპროცესო ვალდებულებები, მათ შორის, მოპასუხის უფლება გააქარწყლოს მოსარჩელის მოთხოვნები. ცხადია, მოპასუხისათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზებისთვის მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებაზე მითითება საკმარისი ვერ გახდება. სასამართლო მტკიცებაში, მოიაზრება პროცესის მონაწილე სუბიექტების იმგვარი საქმიანობა, რომელიც მიმართულია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობა/არარსებობის დასადგენად. საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო, დასაბუთებული პოზიციის არსებობამ შესაძლებელია მხარე მიიყვანოს იურიდიულად დაუსაბუთებელ შედეგებამდე, რაც მოსარჩელისათვის მდგომარეობს სარჩელის უარყოფაში, ხოლო მოპასუხისთვის - მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში. სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან. (იხ., ილონა გაგუა, მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი, 2020 წელი, გვ.168, 169, 214-215, 221, 231).
41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სასამართლო იკვლევს, თუ რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს.
42. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ივლისის განჩინებას, რომლითაც უარყოფილი იქნა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების 9570 ლარისა და საპენსიო საგენტოდან დაბრუნებული 190 ლარის ანაზღაურების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს დადგენილად ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს ჰქონდა ბრძანებაში აღნიშნულისგან განსხვავებული ოდენობის ხელფასი და იგი ბრძანებაში მითითებულის საწინააღმდეგოდ იღებდა დამატებით ანაზღაურებას მისი მონაწილეობით ჩატარებული ოპერაციებიდან. რაც შეეხება საპენსიო საგენტოდან დაბრუნებული 190 ლარის ანაზღაურებას, ამ ნაწილში, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას.
43. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას დაუსაბუთებლობის გამო და მიუთითებს ამ განჩინების პპ:14-19 -ით დადგენილ ფაქტობრივ გარემობებზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ მოსარჩელე, გარდა ფიქსირებული 1250 ლარის ოდენობით ხელფასისა, ასევე, ღებულობდა დამატებით ანაზღაურებას მისი, როგორც ექიმი-ანესთეზიოლოგის მონაწილეობით ჩატარებული ოპერაციებიდან ოპერაციის ღირებულების 6%-ის ოდენობით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით, რომელიც დამოკიდებულია მხარის როლზე სამართლებრივ ურთიერთობაში, სწორედ დამსაქმებელის ვალდებულებას წარმოადგენდა დაედასტურებინა მოსარჩელის ანაზღაურების მოცულობა. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე.
44. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საგანია მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობა. ამ პირობებში კი, გასათვალისწინებელია შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებელს გააჩნდა მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულება სახელფასო დავალიანების საკითხის დასადგენად (შდრ: სუსგ-ები №ას-359-2021 27 ოქტომბერი, 2021 წელი; №ას-1332-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი; საქმე №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).
45. განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც სახეზეა სამუშაოზე მიღების ბრძანებაში მითითებულისგან განსხვავებული თანხის გადახდები, გაწეული მომსახურების საფუძველზე დამატებითი ანაზღაურების შეთანხმების არარსებობის მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა, რომელმაც ვერ გააბათილა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, ყურადღება გამახვილდა პაციენტების მიხედვით შესრულებული სამუშაოს ანგარიშებზე (ტ.1, ს. ფ. 70-73). ასევე, საბანკო ანგარიშების ამონაწერებზე, რომლითაც დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს მოპასუხე კლინიკაში ხელფასის სახით ერიცხებოდა განსხვავებული თანხები, რომელიც აღემატებოდა ფიქსირებულ დარიცხულ - 1250 და ხელზე ასაღებ 1000 ლარს. კერძოდ, 2019 წლის აპრილის თვის შრომის ანაზღაურების სახით მოსარჩელისათვის ჩარიცხულია - 1229,46 ლარი, მაისის თვეში - 1926,06, ივნისის თვეში - 3669,97, ხოლო ივლისის თვეში - 5637,48 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 77-99). მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა შესრულებული სამუშაოს ანგარიშები პაციენტების მიხედვით და მასში მითითებული თანხები (კანონით დადგენილი გადასახადების გამოკლებით), როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიეთითა, თანხვედრაშია 2019 წლის ივნისის და ივლისის თვის შრომის ანაზღაურების ოდენობასთან.
46. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობებს, რომ გარდა ფიქსირებული 1250 ლარის ოდენობით ხელფასისა, მოსარჩელე ასევე ღებულობდა დამატებით ანაზღაურებას მისი, როგორც ექიმი-ანესთეზიოლოგის მონაწილეობით ჩატარებული ოპერაციებიდან.
47. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მითითებული კასატორის არგუმენტები, არ წარმოშობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
49. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება (სუსგ №ას-963-2021, 9 დეკემბერი, 2021 წელი).
50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
51. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „გ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. სს „გ.ჰ–ს“ (ს.კ:......) (ქ.თბილისი, „სახელმწიფოხაზინა“, ბანკისკოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 13.12.2021-ში N682 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 488 ლარის 70% – 341.6 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე