Facebook Twitter
საქმე №ას-926-2021 24 თებერვალი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ნ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „თ–ი“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის განსახილველად დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი:

სს „თ–მა“ 2019 წლის 17 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ნ.მ–ის მიმართ, ელექტროენერგიის დავალიანების - 3079,59 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე მოპასუხე ნ.მ–მა მიუთითა, რომ ელექტროენერგიით სარგებლობდა შპს „ხ–ი“. შედეგად, ნ.მ–მა იშუამდგომლა არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ნ.მ–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კი სს „თ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ.მ–ს სს „თ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 3079,59 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ.მ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა; საოქმო განჩინება კი მხარეს არ გაუსაჩივრებია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინებით ნ.მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ნ.მ–მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან აღარ წარმოადგენს ობიექტის მესაკუთრეს, ხოლო მრიცხველი მის სახელზე 2016 წლის 26 ოქტომბრამდე ირიცხებოდა; ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მან მოითხოვა როგორც შპს „ხ–ის“ წარმომადგენელმა, რასაც საქმეში არსებული მინდობილობაც ადასტურებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამაც სს „თ–ს“ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა კომპანიისთვის დაავალა. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ის საქმეში არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ნ.მ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად მოპასუხის მიჩნევის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებზე“ (ეტაპობრივად უქმდება 2021 წლის პირველი ივლისიდან), რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია, აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით. იმავე ნორმის მე-12 პუნქტის თანახმად კი, აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებელთან ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში). დასახელებული „წესების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. იმავე ნორმის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად). ამრიგად, ელექტროენერგიის მიწოდების სანაცვლოდ გადახდილ უნდა იქნეს შესაბამისი საფასური, რომლის გადახდის მოვალეობაც ეკისრება სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პირს - ელექტროენერგიის მყიდველს. ამასთან, „წესების“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაწილების ლიცენზიანტს უფლება აქვს მომხმარებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა, თუ პირი აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე, მათ შორის, უძრავი ქონების ნაწილით დროებით სარგებლობისას.

განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არ არის ქცეული, რომ თბილისში, ...... მდებარე ფართის რეგისტრირებულ, სააბონენტო ნომერს (№3469295) სს „თ–ის“ მიმართ ერიცხება ელექტროენერგიის დავალიანება 3079,59 ლარის ოდენობით, თუმცა სადავოა თანხის გადახდაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა.

საკასაციო პალატა, სადავო საკითხის შეფასებისას, ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- სააბონენტო ნომერი 2016 წლის 26 ოქტომბრამდე ირიცხებოდა ნ.მ–ის სახელზე, რომელიც უძრავი ნივთის ყოფილი მესაკუთრეა;

- ფართში 2012 წლის მაისიდან სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა შპს „ხ–ი“, რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი კასატორია (მოპასუხეა);

- უძრავი ნივთის ახალი მესაკუთრის - სს „ს.ბ–ის“ განცხადების საფუძველზე, სააბონენტო ნომერი 2016 წლის 26 ოქტომბრიდან აღირიცხა ბანკის სახელზე და მოპასუხეს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება;

- ნ.მ–მა 2016 წლის 31 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სემეკს და რესტორან „ხ–თვის“ ელექტროენერგიის აღდგენა მოითხოვა;

- სემეკმა წერილით მიმართა სს „თ–ს“ და აღნიშნა, რომ სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობდა დავა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. წერილის მიხედვით, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილების ან უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის აღსრულების განხორციელებამდე, რესტორან „ხ–ს“ არ ეზღუდებოდა უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება, 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „წესების“ მე-10 მუხლის შესაბამისად, უნდა მომხდარიყო ელექტროენერგიის აღდგენა ელექტროენერგიის საფასურის გადახდის პირობით;

- სს „თ–მა“ ნ.მ–ს განუსაზღვრა დეპოზიტი და აღუდგინა №3469295 სააბონენტო ბარათზე ელექტროენერგიის მიწოდება;

- აბონენტს ბოლო გადახდა უფიქსირდება 2018 წლის 19 მარტს, ელექტროენერგიის ბოლო მოხმარება კი - იმავე წლის 31 ივლისს.

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ სს „თ–თან“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შევიდა და შესაბამისად, საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა ნ.მ–ს. მართალია, კასატორი მიუთითებს ფართში რესტორნის ფუნქციონირებაზე, მაგრამ საგულისხმოა, რომ რესტორანს ობიექტით სარგებლობა არ დაუწყია 2016 წლიდან, არამედ ის ამავე მისამართზე ფუნქციონირებდა 2012 წლიდანაც, ე.ი. იმ პერიოდში, როდესაც აბონენტად ნ.მ–ი ირიცხებოდა და ბანკი ჯერ კიდევ არ იყო აბონენტად დარეგისტრირებული. მაშასადამე, 2016 წლის მიმოწერაში ნ.მ–ის მიერ შპს „ხ–ის“ ფუნქციონირების მიზნით ელექტროენერგიის აღდგენის მოთხოვნის დაფიქსირება ფაქტობრივ ვითარებას არ ცვლიდა და ამ მიმოწერიდან არ გამომდინარეობდა, რომ კასატორი ითხოვდა აბონენტად არა მის, არამედ საწარმოს მითითებას.

დამატებით ნიშანდობლივია, რომ 2016 წლის ნოემბერში აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებში დავის მიმდინარეობის პერიოდში ფართით სარგებლობის გამო, ხოლო მითითებულ დავებში მხარედ სწორედ ნ.მ–ი მონაწილეობს, რამაც გამოიწვია კიდეც ფართის კვლავ მის მფლობელობაში დატოვება.

გარდა ამისა, ელექტროენერგიის აღდგენის შედეგად დეპოზიტი ნ.მ–ს განესაზღვრა, შესაბამისად, მისთვის ამავე პერიოდიდან იყო (უნდა ყოფილიყო) ცნობილი, რომ აბონენტად და საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელ პირად ის მიიჩნეოდა. თუკი მოპასუხე არ ეთანხმებოდა ამ მოცემულობას, მას შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით უნდა გამოესწორებინა არსებული ხარვეზი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საყურადღებოა, რომ კასატორმა მის არასათანადო მოპასუხეობაზე მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოში და იშუამდგომლა არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის თაობაზე, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ნ.მ–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კი მოპასუხეს გადაწყვეტილებასთან ერთად არ გაუსაჩივრებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.მ–ს მართებულად დაეკისრა დავალიანების ანაზღაურება და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.მ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინება;

3. ნ.მ–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2021 წლის 29 სექტემბრის №11674057833 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე