თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - გ.ნ–ლი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ.გ–რი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:ნ.გ–რმა 2021 წლის 19 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - გ.ნ–ლის მიმართ, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.გ–რის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გ.ნ–ლს არასრულწლოვანი შვილის - ს.ნ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2021 წლის 19 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება გ.ნ–ლმა სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა; კერძოდ, აპელანტმა მოითხოვა ალიმენტის სახით მისთვის 150 ლარის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გ.ნ–ლის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე, 365-ე, 373-ე და 374-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნა, რომ ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს, სასამართლო გ.ნ–ლის სააპელაციო საჩივარს წარმოებაში ვერ მიიღებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.ნ–ლმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ დავის საგნის ფასი გამოთვლილ უნდა იქნეს 2021 წლის 19 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე პერიოდისთვის, რაც ჯამში 15000 ლარს შეადგენს. რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტს, ის არა - სააპელაციო საჩივრის, არამედ სარჩელის ფასის გამოთვლისთვის უნდა იქნეს გამოყენებული.
კერძო საჩივრის ავტორი დამატებით აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ხელყოფს გ.ნ–ლის სხვა ორი შვილის უფლებებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ გ.ნ–ლის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 365-ე მუხლიდან გამომდინარე კი, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობა დავის საგნის ღირებულებას უკავშირდება, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. დავის საგნის ფასის გამოთვლის წესს კი განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის შემთხვევაში წარმოადგენს ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობას.
სადავო შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გ.ნ–ლს ს.ნ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად - 250 ლარის ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული გადაწყვეტილება გ.ნ–ლმა სააპელაციო წესით მხოლოდ ნაწილობრივ გაასაჩივრა; კერძოდ, აპელანტმა მოითხოვა ალიმენტის სახით მისთვის 150 ლარის დაკისრება. ამრიგად, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ყოველთვიურად 100 ლარის დაკისრების ნაწილში, განსახილველი დავის საგნის ფასი სადავო თანხის - 100 ლარის ერთ წელზე გადაანგარიშებით უნდა განისაზღვროს, რაც 1200 ლარს შეადგენს. შესაბამისად, სადავო ქონებრივ-სამართლებრივ საქმეზე სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, რაც გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით აპელანტის სხვა შვილების უფლებების ხელყოფის საკითხის შეფასებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ნ–ლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე