Facebook Twitter
საქმე №ას-1310-2021 24 თებერვალი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ნ.ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი.მ.

დავის საგანი - აუცილებელი გზის დადგენა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

ი.მ–მ 2021 წლის 18 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ნ.ბ–ის მიმართ, აუცილებელი გზის დადგენის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ი.მ–ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ი.მ–ს, №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის, საჯარო გზასთან კავშირის - საავტომობილო გზის მოწყობის მიზნით, ნ.ბ–ის საკუთრებაში არსებული, №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით, როგორც აუცილებელი გზით, სარგებლობის უფლება მიეცა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 17 თებერვლის №001001721 ექსპერტიზის დასკვნის №1 და №2 დანართებზე მწვანე ფერის ისრებით აღნიშნული ტრაექტორიის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ.ბ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ნ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება. სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ბ–მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ იხელმძღვანელა ბუნდოვანი და გაუგებარი ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მომზადების დროსაც სადავო ტერიტორია სათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული არ ყოფილა. გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ აუცილებელი გზის მოწყობა უსასყიდლოდ არ უნდა მომხდარიყო და მოსარჩელეს სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდა უნდა დაკისრებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ნ.ბ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს აუცილებელი გზის მოწყობის წინაპირობების არსებობა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. ამრიგად, დასახელებული მუხლით „წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომელთა არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის №ას-139-131-2017 განჩინება). მეზობელი ნაკვეთის დატვირთვის ობიექტურ გარემოებებს მიეკუთვნება შემთხვევები, „როდესაც მიწის ნაკვეთი მთლიანად ან ნაწილობრივ იზოლირებულია საჯარო გზებისაგან, ან საამისოდ ადრე არსებობდა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი გზა, მაგრამ ამჟამად შეუძლებელია მისი ამ მიზნით გამოყენება. აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის №ას-45-2021 განჩინება).

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ აუცილებელი გზის მოწყობის საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხის შეფასებაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, „სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება შესაბამისი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის გზით, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის №ას-367-2021 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილ იყო მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის - საავტომობილო გზის მოწყობის მიზნით, ნ.ბ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის მოწყობის უფლების მინიჭება.

მოსარჩელემ, მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად, წარადგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2021 წლის 17 თებერვლის №001001721 დასკვნა, რომლის მიხედვითაც, თბილისში, ..... (......№16ა) მდებარე, ი.მ–ს მიწის ნაკვეთის, მის გარშემო არსებული საჯარო გზების და შენობების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ ასკანის მე-3 ჩიხის მხრიდან, №.... მიწის ნაკვეთის (წარმოადგენს ნ.ბ–ის საკუთრებას) გავლით. აღნიშნული მოსაწყობი გზის მიმართულება დასკვნის დანართებზე მწვანე ფერის ისრებით იქნა ნაჩვენები. ექსპერტმა დამატებით აღნიშნა, რომ აუცილებელია, შედგეს გზის მოწყობის პროექტი შესაბამისი კომპეტენტური საპროექტო სამსახურის მიერ, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით. ამრიგად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა ადასტურებს აუცილებელი გზის უალტერნატივოდ, მხოლოდ მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამოყენებით დადგენის შესაძლებლობას.

მართალია, მოპასუხე სადავოდ ხდის 2021 წლის 17 თებერვლის №001001721 დასკვნას, მაგრამ „ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. ცხადია, აქ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირსიტყვიერი, ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მოსაზრება არ იგულისხმება. ექსპერტიზის, თუნდაც სავარაუდო დასკვნა, აბათილებს მოპასუხის მარტოოდენ ზეპირ განმარტებას, რადგან სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მოსაზრებას სადავო ურთიერთობის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებისას, უთუოდ ენიჭება გარკვეული უპირატესობა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე ვერ აბათილებს ობიექტური მტკიცებულებებით სადავო გარემოებებს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის №ას-45-2021 განჩინება). განსახილველ შემთხვევაში კი, კასატორმა ექსპერტიზის დასკვნის გამაქარწყლებელი სათანადო მტკიცებულების წარმოდგენა ვერ უზრუნველყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელემ წარმატებით გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს და სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას - აუცილებელი გზის მოწყობის წინაპირობების არსებობას ადასტურებს, ხოლო მოპასუხემ საპირისპირო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დააკმაყოფილეს სარჩელი.

რაც შეეხება აუცილებელი გზით სარგებლობისთვის სანაცვლო კომპენსაციის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის საფუძვლიანობას, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ რადგან სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ აუცილებელი გზის დადგენას შეეხება და არ არის დაყენებული შეგებებული მოთხოვნა აუცილებელი გზის უფლებით სარგებლობის თმენის ვალდებულებისთვის კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, სასამართლო განსახილველი დავის ფარგლებში ვერ იმსჯელებდა კომპენსაციის დაკისრების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განსახილველ დავაზე შეადგენს 150 ლარს. იმავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, ვინაიდან კასატორს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი თანხის (150 ლარის) 70% - 105 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ბ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;

3. ნ.ბ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.ტ–ის (პ/ნ ......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან (საგადახდო დავალება №28334979, გადახდის თარიღი - 29.11.2021წ.) ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე