Facebook Twitter
საქმე №ას-1339-2021 24 თებერვალი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - ნ.გ–ია

მოწინააღმდეგე მხარე - ქ.ი.ი.ს.ფ–ი

გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრისა და 10 დეკემბრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფა

აღწერილობითი ნაწილი:

ნ.გ–იამ 2018 წლის 17 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ.ი.ი.ს.ფ–ის მიმართ, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, ვადის გასვლის გამო შრომითი ხელშეკრულების გაუგრძელებლობის შესახებ დამსაქმებლის ნების ბათილად ცნობისა და კომპენსაციის - 137963 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.გ–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილებით კი ნ.გ–იას ქ.ი.ი.ს.ფ–ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 2000 ლარის ანაზღაურება.

ნ.გ–იამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება და 2021 წლის 28 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ნ.გ–იამ 2021 წლის 22 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქ.ი.ი.ს.ფ–ის საბანკო ანგარიშებზე (სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში), კომპიუტერულ ტექნიკასა და სატრანსპორტო საშუალებებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ყადაღის დადება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ნ.გ–იას განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება ნ.გ–იამ საჩივრით გაასაჩივრა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, იურიდიული პირი „ქ.ი–ი“ ამერიკის შეერთებულ შტატებსა (მისი დაფუძნების ქვეყანაში) და საქართველოში სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა. ორგანიზაციის არსი სხვადასხვა გრანტის მოპოვება და ამ გრანტების საშუალებით გარკვეული ტექნიკური საკონსულტაციო საქმიანობის გაწევაა. ფილიალი საქართველოში 5-წლიანი გრანტის ფარგლებში, 2021 წლის 19 ნოემბრამდე საქმიანობდა. ამის შემდეგ კი, მოპასუხემ დახურა ანგარიშები საქართველოში. ამასთან, საჩივრის მიხედვით, ორგანიზაციას აღარც მანქანების ფლობის აუცილებლობა გააჩნია და არსებობს მხოლოდ მინიმალური შანსი, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებები მას ჯერ კიდევ არ გადაუცია სხვა პირისთვის; იგივე ვითარება იარსებებს ტექნიკის მიმართაც.

საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპენსაციის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხე შეექმნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ნ.გ–იას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჩივარში ასახული მსჯელობები და გარემოებები ვერ ასაბუთებს მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ნ.გ–იას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახეები კი ჩამოთვლილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლში, რომლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემსახურება მოსარჩელის ინტერესების დაცვასა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას, თუმცა ვინაიდან ამავდროულად წარმოადგენს ჩარევას მოპასუხის კანონით დაცულ უფლებებში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებათა დეტალურ შესწავლას მოითხოვს, რათა დადგინდეს მისი გამოყენების აუცილებლობა და უზრუნველყოფილ იქნეს მოდავე მხარეთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა. სწორედ ამიტომ, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, ასევე - უნდა მიუთითოს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ სახეზე, რომელიც მოსარჩელისთვის ყველაზე ეფექტურად და მოპასუხისთვის ნაკლები ზიანის მიყენებით გახდის შესაძლებელს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნის (სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად და სწრაფად აღსრულება) მიღწევას.

სადავო შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ნ.გ–იამ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც მოითხოვა, თუმცა მისი განცხადება არ დაკმაყოფილდა; ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, საჩივრის განხილვის ფარგლებში, მიუთითა თავად საჩივრის ავტორის განმარტებაზე, რომ „კ.ქ–სი არის ამერიკაში დარეგისტრირებული კომპანია, რომელსაც აქვს 4-მილიარდიანი ბრუნვა და კომპანიას აქვს საქმიანობიდან ისეთივე მოგება, როგორიც ნებისმიერ სხვა მეწარმე სუბიექტს და ის იღებს შემოსავალს USAID პროექტების მომსახურებით, რაც შეადგენს 1 მილიარდზე მეტს“. დასახელებული მსჯელობის ფარგლებში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ „სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ალბათობა იმისა, რომ კომპანიას არ აღმოაჩნდება 137963 აშშ დოლარის ღირებულების ქონება, ნაკლებ სავარაუდოა. მხარეთა ახსნა-განმარტებების მიხედვით და უპირველესად საჩივრის ავტორის განმარტებითვე დასტურდება, რომ მოპასუხეს საკმარისი ფინანსური სახსრები აქვს ვალდებულების შესასრულებლად“. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის არგუმენტი 2021 წლის დეკემბრის შემდეგ საქართველოში კომპანიის საქმიანობის დასრულების შესახებ და აღნიშნა, რომ „მითითებული დრო არის USAID-სა და „ქ.ი.ი “-ს შორის 2016 წლის 14 მარტის №AID-114-A-16-00004 თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პროექტის „ზრდა აქტივობა საქართველოში“ დასრულების და არა მოპასუხის საქმიანობის დასრულების პერიოდი“. ამრიგად, საქართველოში კონკრეტული პროექტის დასრულება მოპასუხის საქმიანობის ზოგადად დასრულებას არ ნიშნავს და მის სამართალსუბიექტად არსებობის შეწყვეტას არ გამოიწვევს; სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი სარჩელის აღსრულებას ხელს არ შეუშლის მოპასუხის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნ.გ–იამ, მართალია, უკვე მეორედ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, მაგრამ ვერ ასახელებს ისეთ ობიექტურ გარემოებებსა და ფაქტებს, რომლებიც დაადასტურებდა საქმის ვითარების არსებითად შეცვლას და შექმნიდა გადაწყვეტილების აღსრულების საფრთხეების არსებობის შესახებ ეჭვს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის ქონების დაყადაღებას იმ პირობებში, როდესაც თავადვე მიუთითებს, რომ დღეის მდგომარეობით, მოპასუხე საბანკო ანგარიშებს უკვე დახურავდა, ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და კომპიუტერებს კი ან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიტანდა, ან სხვას გადასცემდა. მსგავს პირობებში კი, როდესაც არც საქმის მასალებით დასტურდება მოპასუხის საკუთრებაში კონკრეტულ ნივთთა არსებობა და თავად საჩივრის ავტორის განმარტებითვე, იურიდიული პირი არ ფლობს იმ ქონებას, რომელზეც არის ყადაღის გავრცელება მოთხოვნილი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები, რის გამოც გასაჩივრებული განჩინებები უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.გ–იას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრისა და 10 დეკემბრის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე