თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ქ.ი.ი.ს.ფ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ.გ–ია
დავის საგანი - დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, ვადის გასვლის გამო შრომითი ხელშეკრულების გაუგრძელებლობის შესახებ დამსაქმებლის ნების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:ნ.გ–იამ 2018 წლის 17 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ.ი.ი.ს.ფ–ის მიმართ, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, ვადის გასვლის გამო შრომითი ხელშეკრულების გაუგრძელებლობის შესახებ დამსაქმებლის ნების ბათილად ცნობისა და კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.გ–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილებით კი ნ.გ–იას ქ.ი.ი.ს.ფ–ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 2000 ლარის ანაზღაურება.
ქ.ი.ი.ს.ფ–ის წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება და 2021 წლის 28 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ქ.ი.ი.ს.ფ–ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივნისის დამატებით გადაწყვეტილებაზე, მიღებულ იქნა განსახილველად. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ქ.ი.ი.ს.ფ–ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591, 364-ე, 372-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნა, რომ ვინაიდან აპელანტისთვის (მოპასუხისთვის) ცნობილი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი - 2021 წლის 18 ივნისი, თუმცა გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად სასამართლოში არ გამოცხადებულა, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას უნდა დაუკავშირდეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დინება დაიწყო 2021 წლის 19 ივლისს და ამოიწურა 2021 წლის 2 აგვისტოს, თუმცა სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2021 წლის 5 ნოემბერს - გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ქ.ი.ი.ს.ფ–ის წინააღმდეგ არ იყო მიღებული და მის უფლებებსა და ინტერესებს არ ხელყოფდა. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
„სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინება ქ.ი.ი.ს.ფ–მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში არ მოუმზადებია, მხარეს გადაწყვეტილება მხოლოდ 2021 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა და სააპელაციო საჩივარი 14-დღიანი ვადის დაცვით იქნა წარდგენილი.
გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებასთან დაკავშირებით კი, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ, მართალია, საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, მაგრამ საქმეზე სრულად არ დაადგინა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
კერძო საჩივრის ავტორი შუამდგომლობს საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის გადაცემას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ქ.ი.ი.ს.ფ–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლების არარსებობის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი კრიტერიუმი კი სასამართლოს გადაწყვეტილების უფლებამოსილი პირის მიერ გასაჩივრებაა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში შეიძლება გაასაჩივრონ მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. ამასთან, „აღნიშნული ნორმის შინაარსობრივი და ლოგიკური განმარტების შედეგად გამომდინარეობს, რომ დაინტერესებულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ იგი მის წინააღმდეგ არის მიღებული, ან რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესს შეეხება... პირს შეუძლია სასამართლო წესით დაიცვას მხოლოდ საკუთარი კანონიერი ინტერესები და იდავოს თავისი უფლებების დარღვევის ფაქტზე. ამდენად, მხარე უფლებამოსილია, სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც უარი ეთქვა ამა თუ იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მას არ შეუძლია სადავოდ გახადოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ნოემბრის №ას-804-771-2016 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.გ–იას სარჩელი, მოპასუხის - ქ.ი.ი.ს.ფ–ის მიმართ, არ დაკმაყოფილდა. ამრიგად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ არის მიღებული და მის მიერ, როგორც მოგებული მხარის მიერ, სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები სრულად არ დაადგინა, საკასაციო პალატა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 380-ე, 382-ე მუხლებიდან გამომდინარე, აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო ამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი თვალსაზრისითაც, კანონით დადგენილი წესით - იღებს ახალ მტკიცებულებებსაც კი და შეუძლია არ გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები. ამრიგად, ქ.ი.ი.ს.ფ–ს, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის დაცვით, შეუძლია, სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს მოსაზრებები და პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. დასახელებულ შესაძლებლობას არ გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია ქ.ი.ი.ს.ფ–ის მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების არაუფლებამოსილება, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დაცვის საკითხის კვლევისა და შეფასების საჭიროება არ არსებობს.
საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის გადაცემასთან დაკავშირებით კი, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას; საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას); საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას). საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო შემთხვევა არ აკმაყოფილებს ჩამოთვლილ კრიტერიუმებს და დავა, თავისი შინაარსით, არ ქმნის საქმის დიდი პალატისთვის განსახილველად გადაცემის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა გასაჩივრებული განჩინების გამოცემა და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.ი.ი.ს.ფ–ის შუამდგომლობა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. ქ.ი.ი.ს.ფ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე