თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ნ.ა–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ს.ბ–ი“
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:სს „ს.ბ–მა“ 2020 წლის 29 ივლისს სარჩელით მიმართა ასპინძის მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხის - ნ.ა–ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა.
ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ.ა–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ასპინძაში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლი (ს/კ .....); დადგინდა, რომ უძრავი ნივთი სს „ს.ბ–ს“ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს. მითითებული გადაწყვეტილება ნ.ა–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ნ.ა–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება ნ.ა–ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ნ.ა–ძეს სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია; გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბანკი მოპასუხეს ზეპირსიტყვიერად შეუთანხმდა, რომ სესხის ხელშეკრულებას გაუფორმებდა და სახლის გამოსყიდვის საშუალებას მისცემდა, თუმცა საბოლოოდ მოსარჩელემ ეს პირობები არ შეასრულა.
საკასაციო საჩივრის ავტორი დამატებით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა.
კასატორი, ასევე, შუამდგომლობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ნ.ა–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს მოპასუხის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის გამოთხოვა წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამრიგად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის №ას-577-2019 და 2018 წლის 20 მარტის №ას-246-246-2018 განჩინებები).
სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „ს.ბ–მა“ საჯარო აუქციონზე შეიძინა ნ.ა–ძის საკუთრებაში არსებული, ასპინძაში, ......... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ .....), რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბანკის საკუთრებად აღირიცხა.
საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთს ფაქტობრივად ფლობს ნ.ა–ძე, რომელმაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო სასამართლოსთვის სადავო ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. ქონების მართლზომიერად ფლობას ვერ ადასტურებს კასატორის მითითება საბანკო დაწესებულებასთან ზეპირსიტყვიერი შეთანხმების თაობაზე, რადგან როგორც თავად ნ.ა–ძის განმარტებითვე დასტურდება, მხარეებმა საბოლოოდ მორიგებას ვერ მიაღწიეს.
რაც შეეხება კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე, დავის საგნის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, სააპელაციო საჩივარი მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა და გადაეწყვიტა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამასთან, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაშიც კი, იმავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე. განსახილველ შემთხვევაში კი, „საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით უკვე დადგინდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ზეპირი მოსმენის გარეშე შემოწმება, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს; საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში კი, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წინაპირობების არსებობას, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% - 105 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ა–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ნ.ა–ძის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინება;
4. ნ.ა–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2021 წლის 30 დეკემბრის №28380737 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე