07 მარტი 2022 წელი
საქმე №ას-1348-2021 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ჟ.ხ–ი
მოწინააღმდეგე მხარეები _ მ.ჯ–ი, ი.ნ–ი, დ.ნ–ი, ნ.ჭ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ჟ.ხ–ის სარჩელის დაკმაყოფილება და მ.ჯ–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2019 წლის 19 აპრილს მ.ჯ–მა სარჩელი აღძრა ჟ.ხ–ის მიმართ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ......, ს/კ ......., 2018 წლის 24 აგვისტოს, ნოტარიუს მ.დ–ის მიერ ჟ.ხ–სა და მ.ჯ–ს შორის გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ბათილობის შედეგად მხარეთა შორის რეალურად არსებული სასესხო ურთიერთობის აღდგენა 25000 ა.შ.შ. დოლარის ფარგლებში, რისი გადახდის ვალდებულებაც გააჩნდა მ.ჯ–ს და რაც მოიცავდა სესხის ძირითად თანხას და სამი თვის პროცენტს.
2. 2019 წლის 14 მაისს ჟ.ხ–მა სარჩელი აღძრა მოპასუხეების _ მ.ჯ–ის, დ.ნ–ის, ი.ნ–ისა და ნ.ჭ–ძის მიმართ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, ....... მდებარე №152 ბინის (ს/კ ......) გამოთხოვის და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელე ჟ.ხ–ისათვის გადაცემის შესახებ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 ნოემბრის საოქმო განჩინებით ზემოაღნიშნული ორი საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ.ჯ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ჟ.ხ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების მ.ჯ–ის, დ.ნ–ის, ი.ნ–ისა და ნ.ჭ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ნივთი მდებარე: თბილისი, გლდანის ......., ს/კ ......... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე ჟ.ხ–ს. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
5. მ.ჯ–მა, ი.ნ–მა, დ.ნ–მა და ნ.ჭ–ძემ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მ.ჯ–ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და ჟ.ხ–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.ჯ–ის, ი.ნ–ის, დ.ნ–ისა და ნ.ჭ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ.ჯ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შემდეგი სახით: ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის (გამოსყიდვის უფლებით) ხელშეკრულება. მ.ჯ–სა და ჟ.ხ–ს შორის დადგინდა სესხის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა 2018 წლის 29 ივლისიდან - 25 000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით. უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ თბილისი, ......., ს/კ ...... - აღდგა მ.ჯ–ის საკუთრების უფლება. ჟ.ხ–ის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, .........., 40 კვ.მ. ს/კ ........ ჟ.ხ–ის სარჩელი, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ჟ.ხ–მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოწინააღმდეგე მხარეთა სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის მოითხოვა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ჟ.ხ–ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, და მას დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის გასაჩივრების საფუძვლების მითითებითა და სახელმწიფო ბაჟის - 4062 ლარისა და 37 თეთრის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
9. 2022 წლის 18 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ჟ.ხ–ის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომელშიც კასატორის წარმომადგენლი ა.გ–ა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე შუამდგომლობდა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინებით კასატორის წარმომადგენლის ა.გ–ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 4062 ლარისა და 37 თეთრის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
11. ზემოაღნიშნული ხარვეზის განჩინება კასატორის წარმომადგენელს საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და ჩაბარდა 2022 წლის 04 თებერვალს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინებით კასატორის წარმომადგენლის ა.გ–ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლითაც კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 4062 ლარისა და 37 თეთრის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
14. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ ა.გ–ას (იხ. მინდობილობა, ტ.1, ს.ფ. 97) გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2022 წლის 04 თებერვალს ჩაბარდა პირადად (იხ. ჩაბარების დასტური).
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
16. ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის 2022 წლის 04 თებერვალს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 05 თებერვალს და ამოიწურა 2022 წლის 14 თებერვალს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე 284-ე, 285-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჟ.ხ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი