Facebook Twitter

საქმე№ა-1059-შ-25-2020 23 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ჰ–ვა (ზ–ვა) შ.ქ. გიზი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ–ვი ე.ე. ოღლი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადაბეის სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის #2(041)-375/2013 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება და ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის, გადაბეის სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის #2(041)-375/2013 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება), ჰ–ვა (ზ–ვა) შ.ქ. გიზის (შემდეგში: მოსარჩელე, შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი ზ–ვი ე.ე. ოღლის წინააღმდეგ, მამობის დადგენის, განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა: ა) გაუქმდა, მხარეთა შორის 2011 წლის 1 მაისს გადაბეის რაიონის სოფელ პარაკენდის ატო-ს წარმომადგენლობაში 04 ნომრით რეგისტრირებული ქორწინება; ბ) დადგინდა, რომ მოპასუხე არის 2010 წლის 7 დეკემბერს დაბადებული ნ–სა და 2012 წლის 16 ივნისს დაბადებული შ–ის მამა; გ) მოპასუხეს, 2013 წლის 1 აპრილიდან დაეკისრა ყოველთვიურად, ალიმენტის სახით 10 (ათი) მანათის გადახდა შვილებისთვის, მათი სრულწლოვანების მიღწევამდე, დასახელებული თანხა უნდა გადაეცეს შუამდგომლობის ავტორს.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2020 წლის 9 მარტს შუამდგომლობით მომართა, მოსარჩელემ, მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2013 წლის 2 მაისს, ამასთან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ დასახელებული შუამდგომლობა წარმოებაშია მიღებული, ხოლო, შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები პოლიციის მეშვეობით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს. ამ უკანასკნელს რაიმე მოსაზრება შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

5. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

6. კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.

7. კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს.

8. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).

9. „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ ხელშეკრულების (შემდეგში: ხელშეკრულება) 42.1-ე მუხლის მიხედვით „თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა სასამართლოები კომპეტენტურნი არიან განიხილონ სამოქალაქო და საოჯახო საქმეები, თუ მოპასუხეს მათ ტერიტორიაზე გააჩნია საცხოვრებელი ადგილი. იურიდიული პირთა ან მათთან გათანაბრებულ წარმონაქმნთა მიმართ წარდგენილ სარჩელებზე ისინი კომპეტენტურნი არიან იმ შემთხვევაში, თუ მათ ტერიტორიაზე იმყოფება ამ პირთა მმართველობის ორგანო, წარმომადგენლობა ან ფილიალი“. ამავე ხელშეკრულების 42.2(1) „მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილებების ქვეშ იგულისხმება - გადაწყვეტილებების სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე“.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი შუამდგომლობა წინააღმდეგობაში არაა არც, დასახელებული ხელშეკრულების 43-ე და 44-ე მუხლებთან და არც სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს) მითითებულ საფუძვლებთან.

11. ამდენად, წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, არ არსებობს მის ცნობასა და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, მუხლებით, „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ ხელშეკრულებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჰ–ვა (ზ–ვა) შ.ქ. გიზის შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და აღსასრულებლად მიექცეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, გადაბეის სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის #2(041)-375/2013 გადაწყვეტილება, რომლითაც

2.1. ა) მოიშალა, მხარეთა შორის 2011 წლის 1 მაისს გადაბეის რაიონის სოფელ .... ატო-ს წარმომადგენლობაში 04 ნომრით რეგისტრირებული ქორწინება;

2.2. ბ) დადგინდა, რომ ზ–ვი ე.ე. ოღლი არის 2010 წლის 7 დეკემბერს დაბადებული ნ–სა და 2012 წლის 16 ივნისს დაბადებული შ–ის მამა;

2.3. გ) მოპასუხეს, 2013 წლის 1 აპრილიდან დაეკისრა ყოველთვიურად, ალიმენტის სახით 10 (ათი) მანათის გადახდა შვილებისთვის, მათი სრულწლოვანების მიღწევამდე

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე