საქმე №ა-2250-შ-51-2021 23 თებერვალი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს.მ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.მ–ვი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის პსკოვსკის ოლქის, სტრუგოკრასნენსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის პსკოვსკის ოლქის, სტრუგოკრასნენსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ს.მ–ვას (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი, მოსარჩელე) სარჩელი ზ.მ–ვის (შემდეგში: მოწინააღმდეგე მხარე, მოპასუხე) წინააღმდეგ, მათი საერთო შვილის - 2009 წლის 9 ოქტომბერს დაბადებული ა.მ–ვას სასარგებლოდ ალიმენტის, მოპასუხის მთლიანი შემოსავლების ¼ ნაწილის, დაკისრების შესახებ, 2019 წლის 12 სექტემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით მომართა, მოსარჩელემ, მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. წარმოდგენილი შუამდგომლობითა და მასზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, მოპასუხე სათანადო წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის შესახებ, თუმცა არ გამოცხადებულა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ დასახელებული შუამდგომლობა წარმოებაშია მიღებული, ხოლო, შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს. ამ უკანასკნელს რაიმე მოსაზრება შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
5. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
6. კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.
7. კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს.
8. სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდეგში: კონვენცია). კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.
9. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).
10. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც კონვენციის 55-ე მუხლში (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: а) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; в) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; г) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; д) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; е) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს), ისე სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს).
11. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, არ არსებობს მის ცნობასა და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.მ–ვას შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და აღსასრულებლად მიექცეს რუსეთის ფედერაციის პსკოვსკის ოლქის, სტრუგოკრასნენსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ზ.მ–ვს დაეკისრა მთლიანი შემოსავლის ¼ ნაწილის გადახდა ალიმენტის სახით მისი და ს.მ–ვას საერთო შვილის - 2009 წლის 9 ოქტომბერს დაბადებული ა.მ–ვას სასარგებლოდ, 2019 წლის 12 სექტემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე