საქმე №ას-412-2021 9 დეკემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ლ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.02.2021წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
თ.ლ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „კასატორი“) მიმართ 21 828,46 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხის მიერ რკინიგზის გვირაბის სამშენებლო სამუშაოების შესრულების პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა მისი საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოიწვია. მოსარჩელემ ზიანის ფაქტისა და მისი ოდენობის განსაზღვრის მიზნით სასამართლოში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და ინდივიდუალური მეწარმე ზ.გ–ძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარადგინა. მოსარჩელის შუამდგომლობით ხაშურის რაიონული სასამართლოს 13.11.2018 წლის განჩინებით დაინიშნა დამატებითი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზაც.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება მოპასუხის ბრალით არ იყო გამოწვეული, რის დასადასტურებლადაც კომპანია „ე–ის“ 2017-2018 წლის დასკვნები წარადგინა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.06.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს 12 147 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 316-ე, 317-ე და 992-ე მუხლებით იხელმძღვანელა. გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებს დაეფუძნა:
3.1. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ..........
3.2. მოპასუხე სოფელ ......... აშენებდა სარკინიგზო გვირაბს, მშენებლობის პროცესში მიმართავდა მიწისქვეშა აფეთქებებს.
3.3. 13.11.2018 წლის სასამართლოს მიერ დანიშნული საინჟინრო ექსპერტიზის ფარგლებში საქმეზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 19.02.2019 წლის №000657319 დასკვნით დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. 2013 წლიდან განვლილ პერიოდში ადრე დაფიქსირებული ბზარების გახსნილობა მცირედ გაიზარდა, ასევე შეიცვალა დაფიქსირებული პირველი ხარისხის დაზიანება პირველი და მეორე ხარისხის დაზიანებით. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობები ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროა სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების ჩატარება ბზარების გამონოლითებით და ლოკალური გაძლიერებით. არსებული ბზარების მდებარეობა და სხვადასხვა მიმართულება მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ძირითადად გამოწვეულია სოფელ ........., საქართველოს რკინიგზის N9 გვირაბის მშენებლობის პროცესში, მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, რამეთუ სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორები, რომლებიც შენობებზე ბზარების ქაოტურ განვითარებას გამოიწვევდა, სოფელ .........ს ტერიტორიაზე არ შეინიშნება. დაზიანებები ასევე ნაწილობრივ გამოწვეულია მშენებლობის დაბალი ხარისხით და ტექნიკური მოუვლელობით. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საყრდენი კედლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია.
3.4. ინდივიდუალური მეწარმე "ზ.გ–ძის" მიერ შესრულებული, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის თანხა შეადგენს 21 828.46 ლარს.
3.5. სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების საქმის სხვა მასალებთან ერთობლიობაში გაანალიზებით, სარწმუნოდ მიიჩნია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 19.02.2019 წლის დასკვნა მოსარჩელის სახლზე არსებულ დაზიანებათა წარმომშობი მიზეზების შესახებ, რასაც ვერ აქარწყლებდა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანია „ე–ის“ დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელის სახლი მდებარეობდა გვირაბის მშენებლობის ზემოქმედების ზონის გარეთ და დაზიანებები არ იყო გამოწვეული გვირაბის აღმოსავლეთ პორტალში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად.
3.6. სასამართლო სრულად არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტს, რომლის თანახმად სახლის რეაბილიტაციის თანხა შეადგენდა 21 828.46 ლარს. სასამართლოს განსჯით, მოხმობილ დოკუმენტში მითითებული იყო იმ სამუშაოთა ჩამონათვალი და ხარჯები, რაც საჭირო იქნებოდა მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე რემონტის ჩასატარებლად, მაშინ როდესაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 19.02.2019 წლის №000657319 დასკვნით დადგენილი იყო, რომ სახლის შემდგომი ექსპლუატაციისათვის საჭირო იყო სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების ჩატარება ბზარების გამონოლითებით და ლოკალური გაძლიერებით და არა მთლიან სახლზე შესასრულებელი სამუშაოები, როგორც ეს ინდივიდუალური მეწარმე "ზ.გ–ძის" მიერ შესრულებულ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტში იყო მითითებული. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 19.02.2019 წლის დასკვნის იმ ნაწილზეც, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრისის საყრდენი კედლის დაზიანება ძირითადად გამოწვეული იყო კედლის სიმაღლესთან მიმართებაში არასაკმარისი განივი კვეთით და ჩატარებული სამუშაოების დაბალი ხარისხით. ამ გარემოებისა და ზიანის დადგომაში მოსარჩელის თანაბრალეულობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის ბრალით გამოწვეული ზიანი 12 147 ლარს შეადგენდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.02.2021 წლის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.06.2019 წლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. საკასაციო საჩივარი შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
6.1. საქმეზე წარმოდგენილი კომპანია „ე–ის“ დასკვნები ადასტურებს, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება კასატორის ბრალით არ არის გამოწვეული. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია დასკვნას იმის შესახებ, რომ გვირაბის მშენებლობის ადგილიდან მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაშორების გათვალისწინებით, მოპასუხის საქმიანობას არ შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა და დაეზიანებინა მოსარჩელის ქონება.
6.2. სასამართლო არასწორად დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტს და არასწორად განსაზღვრა მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის ოდენობა. კასატორის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მაინც მიიჩნევდა, რომ მას ბრალი მიუძღოდა მოსარჩელის ქონების დაზიანებაში, დასაკისრებელი თანხა უნდა გაენახევრებინა. ამავდროულად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი ფაქტობრივად ითვალისწინებს ახალი სახლის აშენების ხარჯებს და ის არ გამოდგება ზიანის ზუსტი ოდენობის განსასაზღვრად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების შემოწმება და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობის ამ კონტექსტში შეფასება. უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხია და სადავო ურთიერთობა დელიქტური სამართლის ნორმებით (სსკ-ის 992, 408.1, 409 მუხლები) მოწესრიგებას ექვემდებარება.
12. ამრიგად, მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017წ.).
13. განსახილველი შემთხვევის საკვანძო საკითხს, მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელის ზიანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა წარმოადგენდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაზე აპელირებით, მოსარჩელემ წარმატებით უზრუნველყო თავის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, შენობაზე გვირაბის აფეთქების ზემოქმედების, დადასტურება. კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 19.02.2019 წლის №000657319 დასკვნით დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. 2013 წლიდან განვლილ პერიოდში ადრე დაფიქსირებული ბზარების გახსნილობა მცირედ გაიზარდა, ასევე შეიცვალა დაფიქსირებული პირველი ხარისხის დაზიანება პირველი და მეორე ხარისხის დაზიანებით. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობები ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროა სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების ჩატარება ბზარების გამონოლითებით და ლოკალური გაძლიერებით. არსებული ბზარების მდებარეობა და სხვადასხვა მიმართულება მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ძირითადად გამოწვეულია სოფელ ........., საქართველოს რკინიგზის N9 გვირაბის მშენებლობის პროცესში, მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, რამეთუ სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორები, რომლებიც შენობებზე ბზარების ქაოტურ განვითარებას გამოიწვევდა, სოფელ ......... ტერიტორიაზე არ შეინიშნება (ტ.2, ს.ფ.2-27).
14. მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზიის დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულების საპირწონე ფაქტების დადასტურების ვალდებულება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება/მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას გააქარწყლებდა. დადგენილია, რომ მოსარჩელის მტკიცებულების საწინააღმდეგოდ მოპასუხემ სასამართლოს საერთაშორისო კომპანია „ე–ის“ დასკვნები წარუდგინა. დასახელებული კომპანიის 2017 წლის კვლევა უკავშირდება ზოგადად გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას. ამ დასკვნით არ შეფასებულა მოსარჩელის შენობის მდგომარეობის/სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქების მიზეზშედეგობრივი კავშირი. შესაბამისად, მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, არ გამოდგება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გასაბათილებლად. საკასაციო პალატა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეპირისპირების ნიადაგზე მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოკვლეული გარემოებები ქმნის სსკ-ის 992-ე მუხლის შემადგენლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება ძირითადად მოპასუხის მიერ ნაწარმოები გვირაბის აფეთქების ფაქტობრივი ნეგატიური შედეგია. ქონების დაზიანებასა და მოპასუხის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, მოპასუხის ბრალეულ, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან კავშირში, მისთვის დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანებაში ბრალი, მოპასუხესთან ერთად, მოსარჩელესაც მიუძღვის. შესაბამისად, სსკ-ის 415-ე მუხლის დანაწესზე (თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული) დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეამცირა ზიანის ანაზღაურების ანგარიშში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა 12 148 ლარამდე. ამასთან, საკასაციო პალატის განსჯით, დავაზე არ იკვეთება მოპასუხის პასუხისმგებლობის უფრო მეტად შემცირების სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან ზიანი უმეტესწილად სწორედ მოპასუხის ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია.
15. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ზიანის ოდენობის დამდგენ დოკუმენტთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპისა და მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში მოსარჩელეს ევალებოდა მისი მტკიცების საგანს მიკუთვნებული გარემოების - მოპასუხის მიერ მისთვის ზიანის მიყენებისა და მისი ფარგლების დამდგენი მტკიცებულებების წარმოდგენა, ხოლო მოპასუხეს - მოსარჩელის ამ მტკიცების ქმედითად უარყოფა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ ეთანხმებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვას სახლზე არსებული დაზიანებების აღმოფხვრის თაობაზე, სწორედ მას უნდა წარმოედგინა საპირწონე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა საქმეში წარმოდგენილი ზიანის ოდენობის დამდგენი დოკუმენტის სიმცდარეში. მოპასუხეს ამ დავის ფარგლებში ამ სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
16. კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 607.35 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 607.35 ლარის 70% – 425.14 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს“ უკან დაუბრუნდეს შპს ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის მუდმივმოქმედი ფილიალის (ს/ნ: .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 607.35 ლარის (საგადახდო დავალება №448, გადახდის თარიღი 18.06.2021წ.) 70% – 425.14 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია