Facebook Twitter

საქმე №ას-209-2019 6 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ. ჯ.ჰ–ი“ (მოპასუხე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემსყიდველი) (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დამზღვევი“ ან „მეორე კასატორი“) და სს „ს.კ. . ჰ–ს“ (მიმწოდებელი) (შემდგომში - „მოპასუხე“, „მზღვეველი“ ან „პირველი კასატორი“) შორის 2013 წლის 28 თებერვალს გაფორმდა №55 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (შემდგომში - „ხელშეკრულება“), რომლის საფუძველზეც მზღვეველმა იკისრა ვალდებულება დამზღვევის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას უზრუნველეყო დაზღვეული პირები დაზღვევით და მასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (იხ. ტ. I, ს.ფ. 14-21).

2. ხელშეკრულების 3.1.7 და 7.1. პუნქტების თანახმად, მზღვეველმა იკისრა ვალდებულება:

- საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე დამზღვევისათვის წარედგინა ინფორმაცია დაზღვეულთა მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურებისა და სადაზღვევო ზარალების შესახებ (როგორც თითოეულ დაზღვეულზე ცალ-ცალკე, ისე კრებსითი მონაცემები), ხელშეკრულების დანართი №2-ის შესაბამისად;

- დამზღვევის მიერ გამოყოფილი საკონტაქტო პირისათვის ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიეწოდებინა მზღვეველის მიერ ანაზღაურებული თანხების სტატისტიკა (დაზღვეული პირების სახელების, გვარების, ანაზღაურებული თანხის შესახებ ინფორმაციის, ამ თანხების მითითებით).

3. ხელშეკრულების 13.1. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო მზღვეველის მიერ მომსახურების არაჯეროვანი ან უხარისხო შესრულებისათვის (ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა), თითოეულ შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით.

4. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების 3.1.7. და 7.1. პუნქტებით ნაკისრი ვალდებულებები.

5. მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა ვალდებულების დარღვევისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე და გადასახდელად განუსაზღვრა შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადა (იხ. ტ. I, ს.ფ. 33).

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 10 000 ლარის გადახდის დაკისრება. მისი განმარტებით, ვინაიდან ხელშეკრულების 3.1.7. და 7.1. პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება განსაზღვრული იყო ათ თვეზე, მზღვეველს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა თითოეული შემთხვევისათვის 1000 ლარის ოდენობით.

7. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მან, ასევე, მიუთითა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 3000 ლარის ოდენობით.

9. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; ხოლო, მოპასუხემ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, სადავო არ იყო, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მიერ გაგზავნილი შემდეგი წერილებით: 05.09.2013წ. №3294 წერილი; 2. 03.10.2013წ. №3937 წერილი; 3. 04.11.2013წ. №4604 წერილი; 4. 15.01.2014წ. №0276 წერილი; 5. 27.03.2014წ. №1827 წერილი, მიეწოდა ხელშეკრულების 3.1.7. და 7.1. პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, თუმცა იგივე წერილებიდან ირკვეოდა, რომ აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება მოხდა ვადის დარღვევით. მოპასუხეს არ წარუდგენია ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება.

13. სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან მოპასუხე მოსარჩელეს აწვდიდა ზემოაღნიშნულ ინფორმაციას, იგულისხმება, რომ მისთვის ცნობილი იყო როგორც ინფორმაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის, ისე ამ ინფორმაციის მნიშვნელობისა და მისი მიწოდების ვალდებულების შესახებ.

14. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის არგუმენტი, რომ მოსარჩელისათვის ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდება გამოწვეული იყო უშუალოდ მომსახურების გამწევი სამედიცინო დაწესებულებებიდან შესაბამისი მონაცემების დაგვიანებით მიღებით. სააპელაციო პალატის განმარტებით, ეს გარემოება არ გამორიცხავს მზღვეველის პასუხისმგებლობას დამზღვევის წინაშე ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის.

15. სააპელაციო სასამართლომ იხელძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე და 420-ე მუხლებით და საქმეზე დადგენილი ფაქტრობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეამცირა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 10 000 ლარიდან 3000 ლარამდე. სასამართლოს მოსაზრებით, დაკისრებული პირგასამტეხლო არის გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი.

16. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

17. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

17.1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადებისას, სსკ 418-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში მოხდა პირგასამტეხლოზე და მის ოდენობაზე შეთანხმება, თუმცა აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ;

17.2. სსკ 420-ე მუხლის თანახმად, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ვალდებულია გამოიკვლიოს და შეაფასოს მოვალის ქონებრივი მდგომარეობა, ასევე, ძირითადი ვალდებულებისა და პირგასამტეხლოს ოდენობის თანაფარდობა. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ არ მომხდარა იმ გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა, რაც შესაძლოა გამხდარიყო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი;

17.3. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საკითხის გადასაწყვეტად სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს ხომ არ აქვს ადგილი მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის აღიარებას. თუ მხარე ეთანხმება ან აღიარებს ვალდებულების დარღვევას, სასამართლოს ერთმევა უფლება იმსჯელოს პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე.

18. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

19. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

19.1. დამზღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება უნდა მომხდარიყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი ამისათვის უფლებამოსილ პირს განსაზღვრავდა. ინფორმაციის მიწოდება სწორედ აღნიშნულზე იყო დამოკიდებული. შესაბამისად, ვინაიდან არ ყოფილა განსაზღვრული საკონტაქტო პირი, არც მოპასუხის მხრიდან ჰქონია ადგილი ვალდებულების დარღვევას. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მოსარჩელეს წერილობით არ მიუმართავს მოპასუხისათვის და ამ ინფორმაციის მიწოდება არ მოუთხოვია;

19.2. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც გულისხმობს, რომ მზღვეველს უნდა აენაზღაურებინა დამზღვევის თანამშრომლების მიერ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მიღებული მომსახურება. შესაბამისად, ინფორმაციის მიწოდება, თავის მხრივ, დამოკიდებული იყო სამედიცინო დაწესებულებებიდან მათ მიღებაზე;

19.3. ინფორმაცია, რომელიც, ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა, ატარებდა სტატისტიკურ ხასიათს და დაგვიანებული მიწოდებით მოსარჩელეს ზიანი არ მისდგომია. შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი;

19.4. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების განაკვეთის ნაწილში ეწინააღმდეგება არსებულ პრაქტიკას. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად, ძირითადად, პირგასამტეხლო მცირდება არანაკლებ ათჯერ (იხ. მაგ., საქმე №ას-708-678-2016; №ას-853-817-2014; №ას-489-489-2018).

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

25. მოცემულ შემთხვევაში პირველი კასატორი დავობს, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას, ვინაიდან დამზღვევისათვის ხელშეკრულების 3.1.7. და 7.1. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება დამოკიდებული იყო ამ უკანასკნელის მიერ საკონტაქტო პირის განსაზღვრაზე, რაც მას არ განუხორციელებია.

26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ საკონტაქტო პირის არგანსაზღვრა მას აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებდა, რადგან ხელშეკრულების 3.1.7. და 7.1. პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება დამზღვევის მიმართ ისედაც გააჩნია მზღვეველს და მისი შესრულება შესაძლებელია კომპანიის მისამართზე შესაბამისი კომუნიკაციის გაგზავნით.

27. პირველი კასატორი მისი პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძვლად, ასევე, მიუთითებს, რომ ინფორმაციის მიწოდება დამოკიდებული იყო იმ სამედიცინო დაწესებულებებიდან მათ მიღებაზე, სადაც მოსარჩელის თანამშრომლები (დაზღვეული პირები) იღებდნენ სამედიცინო მომსახურებას.

28. საკასაციო სასამართლო ვერც ამ მითითებას გაიზიარებს და განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს მზღვეველის პასუხისმგებლობას დამზღვევის წინაშე ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის. თუკი ხელშეკრულების დარღვევა გამოწვეულია მესამე პირის ბრალეული ქმედების შედეგად, ეს გარემოება, მისი დადასტურების შემთხვევაში, შესაძლოა გახდეს მხოლოდ ამ უკანასკნელის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.

29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; №ას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი).

31. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 13.1. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო მზღვეველის მიერ მომსახურების არაჯეროვანი ან უხარისხო შესრულებისათვის (ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა), თითოეულ შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით. დადგენილია, ასევე, რომ მზღვეველმა დაარღვია ხელშეკრულების 3.1.7. და 7.1. პუნქტებით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

32. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს უფლებამოსილებას ანიჭებს თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

33. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე.

34. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვეული ვალდებულების ხასიათის, დარღვევით გამოწვეული შესაძლო ზიანისა და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე/მზღვეველი, ანუ ვალდებულების შესრულებაზე უფლებამოსილი პირი წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, ამ უკანასკნელისათვის დაკისრებული შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა (3000 ლარი) წარმოადგენს გონივრულ და სამართლიან ოდენობას.

35. პირველი კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება პირგასამტეხლოს შემცირების განაკვეთთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან პირგასატეხლოს შემცირება შეფასებითი კატეგორიაა და მისი ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა შეეხება იმ კრიტერიუმებს, რაც სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში უნდა მიიღოს და არა მისი კონკრეტული ოდენობით შემცირებას. შესაბამისად, პირველი კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოსთან მიმართებით არცერთ კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც რომელიმე საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

37. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; საკასაციო საჩივრების ავტორები ვერ მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

38. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1244-1164-2017, 22 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-1027-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-1164-2019, 22 ნოემბერი, 2019 წელი; №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

41. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მეორე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.კ. ჯ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

3. კასატორს სს „ს.კ. ჯ. ჰ–ს“ (ს/კ: ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 14 იანვარს №1547444405 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე