Facebook Twitter

საქმე №ას-621-621-2018 5 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ. ჯ.ჰ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სპს „გ. და პ–ბი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ს.კ. ჯ. ჰ–სა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მზღვეველი“ ან „კასატორი“) და სპს „გ. და პ–ბს“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „დამზღვევი“) შორის 2014 წლის 30 ივნისს გაფორმდა N12067/14 ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 30 ივნისიდან 2015 წლის 30 მაისამდე.

2. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა შემდეგი დაზღვევის პოლისები: MI 85767/14, MI 85768/14, MI 85769/14 და MI 85770/14.

3. მოპასუხემ ბოლო გადახდა ყველა პოლისზე განახორციელა 2015 წლის 16 თებერვალს.

4. 2015 წლის 16 თებერვლისთვის მოპასუხის მიერ მხოლოდ ნაწილობრივ იყო შესრულებული დაზღვევის პოლისებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კერძოდ: 1) სადაზღვევო პოლისზე - MI 85767/14 გადაუხდელი პრემიის ოდენობა შეადგენდა 205,20 აშშ დოლარს; 2) სადაზღვევო პოლისზე MI 85768/14 გადაუხდელი პრემიის ოდენობა შეადგენდა 273,60 აშშ დოლარს; 3) სადაზღვევო პოლისზე MI 85769/14 გადაუხდელი პრემიის ოდენობა შეადგენდა 649,80 აშშ დოლარს; 4) სადაზღვევო პოლისზე MI 85770/14 გადაუხდელი პრემიის ოდენობა შეადგენდა 666,94 აშშ დოლარს. ამდენად, მოპასუხის ჯამური დავალიანება ყველა პოლისზე შეადგენს 1795,54 აშშ დოლარს. ამასთან, მას ყველა პოლისზე დაერიცხა პირგასამტეხლო 2015 წლის 30 მარტიდან 2016 წლის 03 ივნისამდე.

5. მზღვეველს დამზღვევი წერილობით არ გაუფრთხილებია სადაზღვევო შესატანის დროულად გადაუხდელობით მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე.

6. 2016 წლის 09 ივნისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის 1795,54 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; ასევე, 1543,70 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება.

7. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მან თანხის გადახდა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებები გადავიდა სს „თ.ბ–ის“ (შემდგომში - "ბანკი") მფლობელობაში მასზე არსებული ყველა უფლება-მოვალეობებით. შესაბამისად, სწორედ ეს უკანასკნელი იყო ვალდებული მოსარჩელისთვის აღნიშნული ცვლილებების შესახებ ეცნობებინა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 1795,54 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 600 აშშ დოლარის გადახდა.

9. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 817-818-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სადაზღვევო შესატანის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობისას კანონმდებელი მზღვეველს ავალებს გონივრულ ვადაში შეატყობინოს დამზღვევს მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმები არ არის მავალდებულებელი ხასიათის, თუმცა, მიუხედავად ამისა, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და შემდეგ მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურება.

13. სააპელაციო პალატის განმარტებით, თუკი დამზღვევის მიერ შესატანის შეუტანლობა მზღვეველს ათავისუფლებს სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან, დაუშვებელია ძალაში დარჩეს დამზღვევის ვალდებულება, გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი. ასეთ ვითარებაში, დგება ხელშეკრულების მოშლის საკითხი, რომლის ინიციატივასაც კანონმდებელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლის შესაბამისად, მზღვეველს აკისრებს.

14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხეს სრულად არ შეუსრულებია დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა მზღვეველს არ გაუფრთხილებია დამზღვევი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების შესაძლო მოშლის თაობაზე, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის წერილობითი ვადის დაწესებას. უფრო მეტიც, ის დაელოდა ხელშეკრულების ვადის გასვლას და სწორედ ამ პერიოდს დაუკავშირა სადაზღვევო შესატანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაცია.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული სადაზღვევო ურთიერთობა მოიშალა, რის შედეგადაც მზღვეველს აღარ გააჩნდა სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

16. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

17. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

17.1. მოპასუხემ მიუთითა, რომ მან თანხის გადახდა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადავიდა ბანკის მფლობელობაში მათზე არსებული ყველა უფლება-მოვალეობებით, რის შედეგადაც, მოპასუხესა და ბანკს შორის არსებული შეთანხმებით, სწორედ ეს უკანასკნელი იყო ვალდებული დაეფარა სადაზღვევო პოლისებით გათვალისწინებული პრემიები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულების მოქმედების ფაქტი და დავის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია მასსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ეს საკითხები ყურადღების მიღმა დატოვა და თავისი ინიციატივით იმსჯელა პრემიის გადაუხდელობისას კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვაზე ისე, რომ მოპასუხეს აღნიშნულზე შედავება არ წარუდგენია. ამასთან, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ დაზღვევის ხელშეკრულება იყო შეწყვეტილი;

17.2. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 2015 წლის 19 ივნისამდე; მოპასუხემ ბოლო გადახდა განახორციელა 2015 წლის თებერვალში, შესაბამისად, შემდეგი გადახდა უნდა მომხდარიყო 2015 წლის მარტში; ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოპასუხისათვის მიეცა ორკვირიანი ვადა დარღვევის გამოსასწორებლად და ამის შემდგომ ერთ თვეში გასულიყო ხელშეკრულებიდან, რაც გაგრძელდებოდა მაისის შუა რიცხვებამდე მაშინ, როდესაც ხელშეკრულება ისედაც წყდებოდა 2015 წლის ივნისში. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით;

17.3. თუნდაც გაზიარებულ იქნეს სასამართლოს მსჯელობა, მოპასუხეს მაინც რჩება გადასახდელი ყველა პოლისზე ერთი თვის დავალიანება.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

24. განსახილველ შემთხვევაში კასატორი დავობს, რომ სააპელაციო სასამართლომ თავისი ინიციატივით იმსჯელა სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობისას მზვეველის მიერ კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვაზე ისე, რომ მოპასუხეს აღნიშნულზე შედავება არ წარუდგენია.

25. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). რაც შეეხება საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას, აღნიშნული სასამართლოს კომპეტენციაა. მიუხედავად იმისა, რა შეფასებას აძლევს მხარე სადავო ურთიერთობას, სასამართლო ვალდებულია, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია სასამართლოს მიერ შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.

26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

27. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა, რომლის ასამოქმედებლად სავალდებულოა მზღვეველის მიერ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის გადაცემა და დამზღვევის მიერ სადაზღვევო შენატანის გადახდა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო დაზღვევის ობიექტი, სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლების შესაბამისად, შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წელი; №ას-1165-1110-2014, 23 იანვარი, 2015 წელი).

28. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 30 ივნისს გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიცა სადაზღვევო პოლისები; დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხემ/დამზღვევმა დაარღვია სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულების პირობების ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმი გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლით, რომლის თანახმად თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან. იმავე კოდექსის 818-ე მუხლის თანახმად კი, თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.

29. ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი რეგულირების მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ სადაზღვევო შესატანის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისას, მზღვეველს ევალება გონივრულ ვადებში შეატყობინოს დამზღვევს მოსალოდნელი შედეგები. მზღვეველის ქცევის ამგვარი სტანდარტის არსებობა განპირობებულია კერძო სამართლის სუბიექტების კეთილსინდისიერი ქცევის ფარგლებით (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი). მართალია, სამოქალაქო კოდექსის 817-818-ე მუხლები არ წარმოადგენს მავალდებულებელ ნორმებს, მაგრამ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, დროულად გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და სწორედ ამ პერიოდს არ დაუკავშიროს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაცია (იხ. სუსგ საქმე №ას-1308-1246-2014, 03 აპრილი, 2015 წელი).

30. საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, თუკი მზღვეველი, რომლის მიმართაც არ სრულდება სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება, წერილობით არ გააფრთხილებს დამზღვევს მოსალოდნელ შედეგებზე, იგი კარგავს სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას სახელშეკრულებო ურთიერთობის ამოწურვის შემდეგ (საკასაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი ტიპის საქმეებზე დადგენილ პრაქტიკასთან, იხ. სუსგ საქმე №ას-85-81-2013, 21 თებერვალი, 2013 წელი; №ას-1308-1246-2014, 03 აპრილი, 2015 წელი).

31. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მზღვეველს, რომლის მიმართაც არაერთგზის დაირღვა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება, წერილობით არ გაუფრთხილებია დამზღვევი პრემიის გადახდის თაობაზე და არ განუსაზღვრავს მისთვის გადახდის ორკვირიანი ვადა. არამედ, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, იგი დაელოდა სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვას და მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მოითხოვა დარღვეული უფლების დაცვა. შესაბამისად, მზღვეველმა დაკარგა სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენისა შეწყდა თუ არა მხარეთა შორის არსებული დაზღვევის ხელშეკრულება დაზღვევის ობიექტის - დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ბანკის მფლობელობაში გადაცემის საფუძვლით, მზღვეველის მოთხოვნა გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა.

33. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობებს, კერძოდ, ხელშეკრულების 3.5.1 პუნქტს, რომლის თანახმად პრემიის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში (პრემია და/ან მისი ნაწილი დროულად ან დადგენილი ოდენობით არ იქნა გადახდილი), მზღვეველი დამატებითი წერილობითი შეტყობინების გარეშე, ორკვირიანი ვადის გასვლის შემდგომ თავისუფლდება დაზღვევით ნაკისრი მოვალეობის შესრულებისგან; აგრეთვე, ხელშეკრულების 4.7. პუნქტს, რომლის თანახმად, პრემიის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მზღვეველი თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან. ამრიგად, როგორც ხელშეკრულებიდან ირკვევა, დამზღვევის მიერ პრემიის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან მზღვეველის გათავისუფლების თაობაზე ისე, რომ მას არ წარმოშობოდა დამზღვევისათვის წერილობითი გაფრთხილების გაგზავნის ვალდებულება. აღნიშნული გულისხმობს ხელშეკრულების ავტომატურ შეწყვეტას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში მოსარჩელის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას უთანაბრდება ხელშეკრულების დარჩენილი დროისათვის გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის მოთხოვნა, რაც დაუშვებელია.

34. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გაზიარების შემთხვევაშიც, მოპასუხეს მაინც რჩება გადასახდელი ყველა პოლისზე ერთი თვის დავალიანება, თუმცა მას არ მიუთითებია კონკრეტულ გარემოებებზე, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიაზე.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

36. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

37. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-85-81-2013, 21 თებერვალი, 2013 წელი; №ას-896-858-2014, 16 მარტი, 2015 წელი; №ას-1308-1246-2014, 03 აპრილი, 2015 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.კ. ჯ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს სს „ს.კ. ჯ. ჰ–ს“ (ს/კ: .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 7 მაისს №679768645 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე