საქმე №ას-867-2018 5 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ. ჯ. ჰ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხ.ჭ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2016 წლის 05 მარტს, დაახლოებით 15:15 სთ-ზე, თბილისში, .....და ..... ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს შეეჯახნენ კახეთის გზატკეცილის მხრიდან მთავარ გზაზე მოძრავი ავტომობილი - „ბმვ“, სახელმწ. ნომრით: .....-BR, რომელსაც მართავდა ხ.ჭ–ძე (შემდგომში - „მოპასუხე“) და .... ქუჩის მხრიდან მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი ავტომობილი - „მერსედეს ბენცი“, სახელმწ. ნომრით: ...., რომელსაც მართავდა ზ.ა–ძე (შემდგომში - „დამზღვევი“).
2. საპატრულო პოლიციამ გამოწერა №ეი 0327414 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომლის თანახმად ავტოსაგზაო შემთხვევაში დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა მოპასუხე. საპატრულო პოლიციის აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილ ვადაში.
3. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანა.
4. ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“, სახელმწ. ნომრით: ..... დაზღვეული იყო სს „ს.კ. ჯ. ჰ–ში“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „ს.კ.“, „მზღვეველი“ ან „კასატორი“).
5. შპს „ა–ის“ №G0012288 დეფექტური აქტის თანახმად დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებულმა ზიანმა 15 307 ლარი შეადგინა.
6. 2016 წლის 08 აპრილს ს.კ.მ დამზღვევს 15 307 ლარი გადაურიცხა.
7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 08 ნოემბრის დასკვნის თანახმად შექმნილ საგზაო სიტუაციაში ავტომობილ „ბმვ“-ს მძღოლს, მოპასუხეს, ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით), კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის (შეჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება; კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განპირობებული იყო „მერსედეს ბენცის“ მძღოლის, დამზღვევის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფით. მან მოცემულ საგზაო სიტუაციაში თავისი მოქმედებით, კერძოდ, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე მეორე ხარისხოვანი გზიდან მთავარი გზის გადაკვეთის მომენტში საფრთხე შეუქმნა მთავარ გზაზე მოძრავ ავტომობილ „ბმვ“-ს (იხ. ექსპერტიზის დასკვნა, ს.ფ. 70-71). იგივენაირად ასახავს შემთხვევის სურათს საგზაო-სატრანპორტო შემთხვევის სქემა (იხ. ს.ფ. 15).
8. 2016 წლის 02 ივნისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის 15 307 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
9. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, ზიანი მისი ქმედებით არ ყოფილა გამოწვეული.
10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15 307 ლარის გადახდა.
11. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე, 162-ე და 172-ე მუხლებით და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 08 ნოემბრის დასკვნაზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოპასუხის ბრალით არ ყოფილა გამოწვეული.
15. სააპელაციო პალატამ ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ მიიჩნია მოპასუხის ბრალეულობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში წარდგენილი იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დეტალურად აღწერდა ავტოსაგზაო შემთხვევას, აანალიზებდა დამდგარ შედეგს და იძლეოდა დასკვნის საფუძველს, რომ დამზღვევისთვის ზიანის მიყენება მოპასუხის ქმედებით არ ყოფილა გამოწვეული.
16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს პრეიუდიციული მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. სხვა შემთხვევაში მხარეს კონკრეტული ფაქტების დასადასტურებლად მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება ეკისრება.
17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით და ვინაიდან არ დგინდებოდა მოპასუხის ბრალეულობის ფაქტი, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია.
18. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
19. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
19.1. არასწორია სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად სამართალდარღვევათა ოქმი არ წარმოადგენს იმ სახის აქტს, რომელიც შესაძლებელია სსსკ-ის 106-ე მუხლის თანახმად, პრეიუდიციულად იქნეს გამოყენებული;
19.2. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზიანი, ბრალეულობის საკითხი რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. კასატორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30916-30917-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მართლწინააღმდეგობა და ბრალი შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით. ეს მტკიცებულება წარმოადგენს მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის განმსაზღვრელ კანონით დადგენილ ერთადერთ დასაშვებ მტკიცებულებას. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და ის კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, მოპასუხეს გადახდილი აქვს ჯარიმა;
19.3. ადმინისტრაციული აქტის კანონიერება დგინდება არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული სამართალწარმოებით. სასამართლომ იმსჯელა მოპასუხის ბრალეულობის საკითხზე, როგორც ფაქტობრივ გარემოებაზე, თუმცა მას ამის უფლება უწყებრივად არ გააჩნდა, ამასთან ბრალეულობა არ წარმოადგენს ფაქტს. შესაბამისად, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით გასცდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს;
19.4. სასამართლომ ორი მტკიცებულების კონკურენციისას - სამართალდარღვევათა ოქმი და ექსპერტიზის დასკვნა, უპირატესობა მიანიჭა ექსპერტიზის დასკვნას, თუმცა არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითებული: სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისას ივარაუდება, რომ სამართალდარღვევის გამომვლენ პოლიციის მოხელეს გააჩნია შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები, ადეკვატურად და ობიექტურად შეაფასოს კონკრეტული ფაქტი, ქმედება (საქმე №ბს-544-535(კ-12)). აღნიშნულიდან გამომდინარე დაუსაბუთებელია, რატომ დაეყრდნო სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ჩატარდა სწორედ საპატრულო პოლიციის მასალების საფუძველზე და არა იმავე პოლიციის აქტს;
19.5. გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას: სუსგ საქმე №ბს-544-535(კ-12); №ას-839-890-2011; №ბს-1040-1034(კ-17).
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
21.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
27. განსახილველ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება [თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს], 992-ე მუხლი [პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი] და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება].
28. კასატორი დავობს, რომ სასამართლოს მოპასუხის ბრალეულობის დასადგენად უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით და არა ექსპერტიზის დასკვნით. კასატორის მტკიცებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მართლწინააღმდეგობა და ბრალი მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დადგინდეს. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, შეამოწმა კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციული აქტის კანონიერება, რისი უფლებამოსილებაც მას უწყებრივად არ გააჩნდა.
29. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას.
30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.
31. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებულია შემთხვევა, როდესაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს ს.კ. (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, არც ახალი მოთხოვნა წარმოიშობა, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით) (იხ. სუსგ საქმე №ას-581-549-2011, 05 სექტემბერი, 2012 წელი; №ას-809-776-2016, 04 აპრილი, 2017 წელი; №ას-1057-1017-2016, 10 ოქტომბერი, 2017 წელი).
32. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავის მხრივ, დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურული ელემენტია მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის (იხ. სუსგ საქმე №ას-809-776-2016, 04 აპრილი, 2017 წელი). ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედების უშუალო შედეგი. სწორედ ამ ელემენტების ერთობლიობა ქმნის დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს („გენერალური დელიქტი“). საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1335-1373-2014, 24 ივნისი, 2015 წელი; №ას-718-683-2015, 09 სექტემბერი, 2015 წელი; №ას-1131-1087-2016, 01 მარტი, 2017 წელი).
33. საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, იმავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
34. განსახილველ შემთვევაში მოსარჩელეს მისი მოთხოვნის დასაბუთების მიზნით წარდგენილი აქვს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომლის თანახმად, მოპასუხე ავტოსაგზაო შემთხვევაში დამრღვევ მძღოლად იქნა ცნობილი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 08 ნოემბრის დასკვნა, რომლის თანახმად მოპასუხეს, ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით), საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (შეჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და იგი გამოწვეული იყო დამზღვევის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით. ექსპერტიზის დასკვნაში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების მძღოლების ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით, დეტალურად არის აღწერილი ავტოსაგზაო შემთხვევა და ავტომობილების მოძრაობის სიჩქარისა და საფრთხის შექმნის მომენტში მათ შორის მანძილის გათვალისწინებით, გაანალიზებული და შეფასებულია მხარეთა ბრალეულობის საკითხი. აღსანიშნავია ისაც, რომ ექსპერტიზის დასკვნა იგივენაირად ასახავს შემთხვევის სურათს, როგორც საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი საგზაო-სატრანპორტო შემთხვევის სქემა. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნა საჯარიმო ქვითართან შედარებით არის მეტად ინფორმაციული და დეტალური. ამასთან, იგი შედგენილია სპეციალური ცოდნით აღჭურვილი ექსპერტების მიერ.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოპასუხის ბრალეულობის საკითხის შესაფასებლად მართებულად იხელმძღვანელა ექსპერტიზის დასკვნით. ამასთან, სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში განახორციელა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა-შეფასება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, რაც არ გულისხმობს მათი მართლზომიერების შეფასებას. შესაბამისად, სასამართლოს არ გამოუკვლევია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის კანონიერების საკითხი.
36. რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის პრეიუდიციულ მნიშვნელობას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მასში მითითებულ ფაქტებს არ გააჩნიათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით [მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ] გათვალისწინებული პრეიუდიციული ძალა და, შესაბამისად, სასამართლო მათ შეფასებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე ახდენს.
37. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა არ მიეკუთვნება იმ კატეგორიის დავას, რომელიც შესაძლოა განხილულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3-ე (ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი) თავით დადგენილი წესით.
38. კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, თუმცა იგი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებს, მისი პრეტენზია არის ზოგადი და არაკვალიფიციური, რაც შეუძლებელს ხდის მასზე საკასაციო სასამართლოს მიერ მსჯელობას.
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
40. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
41. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-180-180-2018, 04 მაისი, 2018 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 766 ლარის 70% – 536,20 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს.კ. ჯ. ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს სს „ს.კ. ჯ. ჰ–ს“ (ს/კ: .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 10 ივლისს №1531201825 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 766 ლარის 70% – 536,20 (ხუთას ოცდათექვსმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე