Facebook Twitter

2 თებერვალი, 2022 წელი,

#ას-1107-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ფ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – აუცილებელი გზა (ძირითად სარჩელში) თმენის ვალდებულებისათვის კომპენსაციის მიღება (შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე აპელანტი, კასატორი ან სამინისტრო) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით

რ.ფ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს კუთვნილი მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის საჯარო გზასთან კავშირის მიზნით მიეცა აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე, კერძოდ, 87კვ.მ-ზე, ექსპერტიზის დასკვნის, N1 დანართის შპს „გ–ს“ სიტუაციური გეგმისა და ნახაზის შესაბამისად; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; შეგებებულ მოპასუხეს მიწის ნაკვეთის ნაწილის აუცილებელ გზად გამოყენებისათვის, თმენის სანაცვლოდ შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველწლიურად ფულადი კომპენსაცია - 540 ლარი დაეკისრა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

2. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელეს არსდროს შეშლია ხელი და წლებია შეუზღუდავად სარგებლობს კიდეც მიწის ნაკვეთით. მოსარჩელისთვის არც კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია მოუთხოვიათ. ამასთან, გზის გაყვანასთან დაკავშირებული დაგეგმილი პროექტის განხორციელებისას, ეს პრობლემაც აღარ იარსებებს და მოსარჩელეს ექნება წვდომა საჯარო გზასთან, შესაბამისად, მომავალში უფლების დარღვევის საფრთხეც არ იკვეთება და იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. ბათუმში, ........ ქუჩა #23-ში მდებარე 84.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ-ით #..... ასევე 19 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ-ით #..... და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (ხის საამქრო) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის უძრავი ქონება, მოსარჩელის მიწის ნაკვეთი ან მოსარჩელის საკუთრება) მოსარჩელის საკუთრებაა.

5.4. მოპასუხე ბათუმში, ........ ქუჩა #23-ში მდებარე 22 053 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 2 913.60 კვ.მ შენობა ნაგებობის, ს/კ-ით #..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის უძრავი ქონება, მოპასუხის მიწის ნაკვეთი ან მოპასუხის საკუთრება) მესაკუთრეა (იხ. შპს ,,ს.ც–ი ...“-ის საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შესახებ #01-01-3/251 ბრძანება, რომლის მიხედვით

შპს ,,ს.ც–ი ....“-ის საწესდებო კაპიტალიდან ამოღებულ იქნა საწარმოს საკუთრებაში არსებული ბათუმი, ........ ქ. 23-შიმდებარე 22 ერთეული 2913,6 კვ.მ. შენობა-ნაგებობა ღირებულებით 203 500 ლარი დამასზე დამაგრებული 22 053 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს.კ. ..... ღირებულებით - 1 348 542 ლარი (ბრძანების 1-ლი პუნქტი) და საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული ქონება აღირიცხა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებად (ბრძანების მე-3 პუნქტი)).

5.5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს საოქმო განჩინებით, არასათანადო მოპასუხე, შპს ,,ს.ც–ი ....“ შეიცვალა სათანადო მოპასუხით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროთი.

5.6. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან.

5.7. მოპასუხე სადავო მიწის ნაკვეთზე სერვიტუტის გაფორმების წინააღმდეგია.

5.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 თებერვლის #5001004418 დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის დასკვნა) მიხედვით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს საჯარო გზასთან აქვს მისასვლელი გზის სამი ვარიანტი. სამივე ვარიანტით გათვალისწინებული მისასვლელი გზის დროს აუცილებელი ხდება მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ტერიტორიის გამოყენება. ს/კ .... მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე ს/კ ..... და ს/კ .... მიწის ნაკვეთების უკანა მხარეს დასაწყობებულია ხის მასალები, რომლებიც წარმოადგენენ უშუალოდ საჯარო რეესტრით დარეგისტირებულ ს/კ ..... და ს/კ ..... მიწის ნაკვეთებთან და მათზე განთავსებულ შენობა ნაგებობასთან მისვლის ხელისშემშლელ ფაქტორს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების საჯარო გზასთან (........ ქუჩასთან) დამაკავშირებელი განხილული მისასვლელი გზის სამი ვარიანტიდან ოპტიმალურად შეიძლება ჩაითვალოს #1 და #2 ვარიანტი. მისასვლელი გზის #2 ვარიანტის მხარეს ამჟამად მოწყობილია ალუმინის ტალღოვანი ფურცლების ღობე, შესაბამისად დამაკავშირებელი გზის მოწყობის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ნომერი პირველი.

5.9. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 26 მარტს ადგილზე დაათვალიერა მიწის ნაკვეთები, რა დროსაც დადგინდა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას არსებული მისასვლელი გზის მეორე და მესამე ვარიანტები მისასვლელად აღარ გამოიყენებოდა და მისი განხილვა აუცილებელ გზად შეუძლებელი იყო.

6. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით დავის საგანია აუცილებელი გზით სარგებლობა უფლება, ხოლო ფაქტობრივ გარემოებებში მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მთლიანად იყო იზოლირებული საჯარო გზისაგან და მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი ესაჭიროებოდა აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.

7. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნისა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სსკ-ის 180.1 (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს) მუხლით.

8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 180-ე მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება, მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ (შდრ. სუსგ №ას-1513-2018, 08.02.2019).

8.1. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან დაკავშირების ყველაზე ოპტიმალური შესაძლებლობა მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესაბამისი ნაწილით სარგებლობაა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სსკ-ის 180.1 მუხლის საფუძველზე, მართებულად დააკმაყოფილეს სასარჩელო მოთხოვნა.

9. კასატორის პრეტენზია, რომ მოსარჩელეს მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისთვის უსაფუძვლოდ მიენიჭა აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საქმეში წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, საკასაციო პალატას წინამდებარე განჩინების 7-8.1 პუნქტებში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, დაუსაბუთებლად მიაჩნია.

10. საკასაციო პალატა არ იზიარებს იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, სარჩელი განუხილველად დატოვების შესახებ კასატორის მსჯელობასაც და განმარტავს, რომ მართალია, მოსარჩელის განმარტებით გზით სარგებლობაში ხელი არ ეშლებოდა, თუმცა მესაკუთრის ცვლიების შემდეგ აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესიც გამოვლინდა, რადგან სამინისტრომ შეგებებულ სარჩელში მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე სერვიტუტის წინააღმდეგია და აღნიშნა, რომ მოცემულ მიწის ნაკვეთზე იგეგმება ახალი გზის გაყვანა, შესაბამისად, მოსარჩელესაც ალტერნატიული გზა ექნება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ამ შემთხვევაში იკვეთებოდა უფლების მომავალში დარღვევის უალტერნატივო წუნაპირობები, რაც აღიარებით სარჩელს დასაშვებად ხდის, ვინაიდან, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებაა.

11. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

13. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე