23 თებერვალი, 2022 წელი,
საქმე №ას-766 -2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „ს.ს.ე–ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.ს.ე–ა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან შემსყიდველი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 თებერვლის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც შპს „ს–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მიმწოდებელი) წინააღმდეგ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს - 1521 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
2. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზიანის - 5 410 ლარით განსაზღვრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
2.1. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე განისაზღვრა და მისი შემცირების სამართლებრივი მოტივი არ არსებობდა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.3. 2017 წლის 21 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა #60-7-117-1427 ხელშეკრულება - 375 ცალი საოფისე სკამის შესყიდვის თაობაზე. ღირებულება შეადგენდა 35 396,25 ლარს, მიწოდება ეტაპობრივად - შეთანხმებიდან 10 კალენდარული დღით, ხოლო საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ერთი წლით განისაზღვრა.
5.3.1. შეთანხმების მიხედვით, საგარანტიო ვადის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზის ან შეუსაბამობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იყო, შემსყიდველის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში გამოესწორებინა ხარვეზი, ხოლო ხარვეზის აღმოფხვრის შეუძლებლობისას, 10 კალენდარული დღის ვადაში შეეცვალა საქონელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.1%, ხარვეზის გამოსწორებისათვის/საქონლის შეცვლისთვის დადგენილ ვადებში, შესატყვისი ვადის გასვლიდან ხარვეზის გამოსწორების/საქონლის შეცვლის დღემდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგებოდა (იხ. საქონლის შესყიდვის შესახებ შეთანხმების 6.2, 7.1 და 7.2 პუნქტი).
5.4. 2017 წლის 25 ივლისს მიმწოდებელსა და შპს „პ.პ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც შემსრულებელი) შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, ამ უკანასკნელს 375 საოფისე სავარძელი უნდა აეწყო და მოსარჩელის მითითებით სართულებზე, კაბინეტებში განელაგებინა. სამუშაოს ღირებულება - 4500 ლარით განისაზღვრა.
5.5. შემსყიდველმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი მიიღო 2017 წლის 3 აგვისტოს, რაზეც შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა.
5.6. 2018 წლის 26 ივლისს/საგარანტიო ვადაში, მოსარჩელემ 64 ერთეული სავარძლის დაზიანების აღმოფხვრის მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს. მიმართვა მოწინააღმდეგე მხარეს იმავე წლის 30 ივლისს ჩაჰბარდა.
5.7. მოპასუხეს ნაკლი/ხარვეზი არ გამოუსწორებია.
5.8. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 4 თებერვლის ფაქტების კონსტანტაციის ოქმით დადგენილია შემსყიდველის ოფისში საოფისე სავარძლების დაზიანების ფაქტი.
5.9. მოსარჩელის მიერ წარდგენილი შპს „თ. ჯ–ის“ 2018 წლის 25 სექტემბრის შეფასების ანგარიშის მიხედვით, 64 სავარძლის დაზიანებით შემსყიდველს - 5410 ლარის ზიანი მიადგა.
5.10. ინდმეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტ აუდიტორის - დ.რ–ძის 2019 წლის 18 იანვრის #002/1-1დ.რ დასკვნის თანახმად, მოპასუხის მიერ მიწოდებული საოფისე სავარძლების ექსპლუატაციისას შემსყიდველის მიერ დაზიანებულად დაფიქსირებული დეტალების შეძენა მონტაჟისა და ტრანსპორტირების საერთო ხარჯი -1521 ლარი, ხოლო ასეთი სახის საოფისე სავარძლის საბაზრო ღირებულება (ცალობაში შეძენისას) - 120 ლარია. შპს „თ.ჯ–ის“ შეფასების ანგარიშში დაფიქსირებული ფასები მიწოდებული საოფისე სავარძლის შემთხვევისთვის არამართებული, შეუსაბამო და მიზანშეუწონელია თვით მიწოდებული სავარძლის ერთეულის ფასის გათვალისწინებითაც.
6. მოსარჩელის განმარტებით, საგარანტიო ვადაში დაზიანდა 64 საოფისე სავარძელი, მყიდველმა გამყიდველს მოსთხოვა ნივთის ნაკლის გამოსწორება, რაც გამყიდველმა არ აღმოფხვრა, შესაბამისად, მოსარჩელის/კასატორის მოთხოვნა იმ ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც ნივთს საგარანტიო ვადაში გამოუვლინდა. ეს სამართლებრივი შედეგი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება; თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე), 487-ე (გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი), 496-ე (თუ გამყიდველი ნივთის ვარგისიანობის ვადას განსაზღვრავს, მაშინ ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებიდან.
7. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წანამძღვრების მხოლოდ ნაწილის არსებობა და, აქედან გამომდინარე, სამართლებრივად სწორად შეაფასა სარჩელის ნაწილობრივ წარმატებულობაც.
8. ნასყიდობის ხელშეკრულება კონსენსუალურ გარიგებათა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც კონტრაჰენტი პირებისთვის სამართლებრივ შედეგებს სახელშეკრულებო შეთანხმების მიღწევის მომენტიდან წარმოშობს. ნასყიდობის ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი შემძენისათვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემაა. ამ მოთხოვნის უგულებელყოფა გამყიდველისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი საკანონმდებლო დანაწესით (სსკ-ის 490-ე-494-ე მუხლებით) განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ქმნის. კანონიდან გამომდინარე, ნაკლის გამოვლენის შემთხვევაში, მყიდველს შეუძლია, მოითხოვოს დამატებითი შესრულება (სსკ-ის 490.1 მუხლის მიხედვით, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში). დამატებითი შესრულების მოთხოვნა უპირატესია სხვა მოთხოვნის უფლებებთან მიმართებით (იგულისხმება სსკ-ის 477-ე და 492-ე მუხლები - ფასის შემცირება; სსკ-ის 477-ე, 487-ე, 491-ე, 405.1-ე და 352.1-ე მუხლები - ხელშეკრულებიდან გასვლა; 477-ე, 494.1-ე, 394.1-ე და 408.1-ე მუხლები - ზიანის ანაზღაურება ან 477-ე, 487-ე, 491-ე, 405-ე, 352-ე, 494.1-ე, 394.1-ე, 407-ე მუხლები - ხელშეკრულებიდან გასვლა და ზიანის ანაზღაურება კუმულირებულად). ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც გამყიდველი ნივთის გადაცემისას განსაზღვრავს ნივთის ვარგისიანობის ვადას (საგარანტიო ვადა), მისი ვალდებულება უნაკლო ნივთის გადაცემის შესახებ განსაზღვრული დროითაა შემოფარგლული და ეს აისახება მისი პასუხისმგებლობის თავისებურებაზეც. სამოქალაქო კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველი ნივთის გარგისიანობის ვადას განსაზღვრავს, მაშინ ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ. საქმე Nას-1020-963-2015, 25 ნოემბერი, 2015 წელი).
9. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან/2017 წლის 3 აგვისტოდან ერთი წლით განისაზღვრა, ასევე დადგენილია, რომ საგარანტიო ვადაში/2018 წლის 26 ივლისს, მყიდველმა გამყიდველს მიწოდებული 64 საოფისე სავარძლის ნაკლის აღმოფხვრის მოთხოვნით მიმართა, თუმცა გამყიდველს ნაკლი არ გამოუსწორებია. ამდენად, რაკი გამყიდველმა დამატებით შესრულებაზე უარი თქვა, მყიდველს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა. ამ გარემოების დასამტკიცებლად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა შპს „თ.ჯ–ის“ 2018 წლის 25 სექტემბრის შეფასების ანგარიში, რომლის მიხედვით, 64 ცალის სავარძლის დაზიანებით შემსყიდველს - 5410 ლარის ზიანი მიადგა.
საკასაციო სასამართლო მითითებულ შეფასებაში განვითარებულ მსჯელობას არ იზიარებს, რადგან უადავოა, რომ დამკვეთმა მოსარჩელეს ერთი სავარძელი - 94,39 ლარად (35396,25:375=94,39) მიაწოდა, მაშინ, როცა შეფასებაში აღნიშნულია, რომ ერთ ერთი დაზიანებული სავარძლის შესაკეთებლად, რომელსაც მხოლოდ მექანიზმი და მარცხენა სახელური აქვს შესაცვლელი - 120 ლარია საჭირო. ამავე შეფასების ანგარიშის შესაბამისად 44 ერთეული სავარძლის დაზიანებული მექანიზმის (რკინის კონსტრუქცია და დგუში) შესაკეთებლად 4180 ლარია საჭირო, შესაბამისად ერთი ერთეული სავარძლის შეკეთების ღირებულება (4180:44=95) 95 ლარს უტოლდება რაც თითქმის ემთხვევა სრულიად ახალი ნივთის შესაძენ სახელშეკრულებო ღირებულებას. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ დასახელებული ანგარიში არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივია, რაც აღნიშნულ მტკიცებულებაში ასახულ მოსაზრებებს მთლიანობაში არასარწმუნოს ხდის.
10. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საპირისპიროდ, საქმეში წარდგენილია 19-წლიანი სტაჟის მქონე დამოუკიდებელი ექსპერტის - აუდიტორ დ.რ–ძის დასკვნა, რომელშიც ერთმნიშვნელოვნად მითითებულია, რომ მოპასუხის მიერ მიწოდებული საოფისე სავარძლების ექსპლუატაციისას შემსყიდველის მიერ დაზიანებულად დაფიქსირებული დეტალების შეძენა - მონტაჟისა და ტრანსპორტირების საერთო ხარჯი - 1521 ლარი, ხოლო ასეთი სახის საოფისე სავარძლის საბაზრო ღირებულება (ცალობაში შეძენისას) - 120 ლარია (მასში გამოყენებული შეფასების ტექნიკა მრავლისმომცველია, მოიაზრებს არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე არსებული ღირებულებების არამედ, შეძენილი სავარძლების მწარმოებელი ქვეყნის (ჩინეთი) ბაზარზე არსებულ საბაზრო ფასებს, ასევე შედარებას ახდენს დაზიანების ღირებულებასა და შეძენილი საქონლის საერთო ღირებულებას შორის). ამდენად, მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნა, სსსკ-ის 102-105-ე მუხლების შესაბამისად, ხარისხობრივად სათანადო მტკიცებულებას წარმოადგენს და იგი დამაჯერებლად აქარწყლებს მოსარჩელის დაკვეთით შედგენილ შეფასების ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას გამაქარწყლებელი მტკიცებულება/ დამოუკიდებელი ექსპერტის - აუდიტორ დ.რ–ძის დასკვნა, დაუპირისპირა, რომელსაც საკასაციო პალატაც დამაჯერებლად და არგუმენტირებულად მიიჩნევს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი საგარანტიო ვადაში დაზიანდა 64 საოფისე სავარძელი, გამყიდველმა ნაკლი არ აღმოფხვრა, ამასთან, მათი აღდგენისთვის საჭიროა - 1521 ლარი, გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.
13. კასატორის პრეტენზია ისიცაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე განისაზღვრა და არ არსებობდა მისი შემცირების სამართლებრივი საფუძვლები.
14. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მიმწოდებლის მხრიდან არსებული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, დაკისრებული ჯარიმა ადეკვატურად მიაჩნია. პალატის განმარტებით, პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
15. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.
16. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (შდრ. სუსგ #ას-144-140-2016, 19.04.016 წ)“.
17. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ, დარღვევის მოცულობის გათვალისწინებით, დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრულია.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 449 ლარის (საგადასახადო დავალება #1602242657, გადახდის თარიღი 09.10.2020წ), 70% - 314,3 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.ს.ე–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.ს.ე–ას“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 449 ლარის (საგადასახადო დავალება #1602242657, გადახდის თარიღი 09.10.2020წ), 70% - 314,3 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე