საქმე №ას-1151-2021 21 დეკემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ბ. გ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ.ს–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.07.2021 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ფ.ს–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა შპს „ბ. გ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ, დავალიანების - 6280 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.07.2020 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6280 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება დაფუძნებულია მასზე, რომ მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და სარჩელი ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.07.2020 წლის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი, რომლის შესავსებად აპელანტს ორჯერ გაუგრძელდა ვადა. სააპელაციო საჩივარი 18.03.2021წ. განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.07.2021 წლის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა და აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.07.2020 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
4.1. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 16.07.2021 წელს, 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შესახებ აპელანტს ეცნობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, უწყება აპელანტს ორჯერ გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, .....), თუმცა აპელანტს უწყება ვერ ჩაჰბარდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს 16.07.2021 წელს მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომას ოჯახური მიზეზის გამო ვერ ესწრებოდა და ვერც დისტანციურად მიიღებდა მონაწილეობას სასამართლო სხდომაში.
4.2. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 387-ე, 229-ე მუხლებით და მიუთითა, რომ 16.07.2021 წლის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი/წარმომადგენელი, რომელსაც სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის უცნობია, ამდენად, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.07.2021 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა განჩინების გაუქმება, მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 16.07.2021 წლის სასამართლო სხდომაზე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, წარმომადგენლის თანამშრომელს დაუდასტურდა Covid-19, რის გამოც წარმომადგენელი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია აპელანტის გამოუცხადებლობის საფუძვლით გამოტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი.
9. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
10. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას.
11. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სუსგ №ას-1668-2019, 28.02.2020წ.; №ას-1380-2019, 24.12.2019წ.). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ.
13. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
14. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
15. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ მოპასუხეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ორჯერ გაეგზავნა სასამართლო უწყება 16.07.2021 წლის 12:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ, თუმცა უწყება აპელანტს ვერ ჩაჰბარდა. სააპელაციო პალატამ უწყება გამოუცხადებელი მხარისთვის ჩაბარებულად მიიჩნია სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ს.ფ.187; სასამართლო უწყებები და უკუგზავნილები, ს.ფ. 232-235). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმირების საკითხს სადავოდ არ ხდის არც თავად კერძო საჩივრის ავტორი. საქმეში ასევე წარმოდგენილია აპელანტის წარმომადგენლის 16.07.2021წ. განცხადება, რომელშიც იგი ადასტურებს სხდომის ჩატარების დროის და ადგილის თაობაზე ინფორმაციის ფლობას და "ოჯახური მიზეზების გამო" ითხოვს მის გადადებას, ასევე უარყოფს საქმის განხილვაში დისტანციურად მონაწილეობის მიღებას (ს.ფ.241,242).
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება, შეუძლია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის გარდა მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში/კერძო საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ №ას-1410-1330-2017, 30.01.2018წ.).
17. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
18. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 16.07.2021წ. სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების გამო მისი თვითიზოლაციაში ყოფნით (იხ.:კერძო საჩივარი, ს.ფ.259-260; მინდობილობა, ს.ფ.237-239). ამასთან, უშუალოდ სხდომამდე რამოდენიმე წუთით ადრე სასამართლოში ელექტრონულად წარდგენილ განცხადებაში აპელანტის წარმომადგენელი სხდომის გადადებას ითხოვდა სრულიად სხვა საფუძვლით - ე.წ. "ოჯახური მიზეზების გამო" (ს.ფ.241,242). შესაბამისად, სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დადასტურებისათვის საკმარის მტკიცებულებად ვერ შეფასდება აპელანტის წარმომადგენლის 19.07.2021წ. ტესტირების უარყოფითი პასუხი.
19. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება განსაკუთრებული ობიექტური გარემოების თაობაზე, რომელიც აპელანტის (მისი წარმომადგენლის) დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა 16.07.2021წ. სხდომაზე მის გამოცხადებას. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
20. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების საფუძველი და კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ. გ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.07.2021 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია