Facebook Twitter

საქმე №ას-1299-2021 15 თებერვალი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ზ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.11.2021 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.ზ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სს „ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა: მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მოპასუხის გენერალური დირექტორის 29.06.2020 წლის N29.06/18-20 ბრძანების ბათილად ცნობა, მოლარის თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველი მოცდენილი თვისთვის 701.53 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით, 29.06.2020 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.06.2021 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის დირექტორის 29.06.2020 წლის N29.06/18-20 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 8000 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).

3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.11.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.06.2021 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.06.2021 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღისა და დროის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (შემდეგში სსსკ) დადგენილი წესით, ცნობილი იყო აპელანტის წარმომადგენლისათვის. ვინაიდან, აპელანტი კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღისა და დროის თაობაზე, იგი ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 (2021 წლის 5 ივლისი) და არა უგვიანეს 30-ე დღისა (2021 წლის 15 ივლისის ჩათვლით) გამოცხადებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი.

5. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაგვიანებით, 2021 წლის 28 ივლისს ჩაიბარა. შესაბამისად, მისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაიწყო, ამდენად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის პირველი დღე 2021 წლის 16 ივლისი, ხოლო ვადის უკანასკნელი დღე - 2021 წლის 29 ივლისი იყო. მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 05.08.2021წ. (საფოსტო განყოფილებას ჩაჰბარდა 03.08.2021წ.), რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.11.2021წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

7. მოპასუხის წარმომადგენელი 15.07.2021წ. გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მისთვის არ გადაუციათ, რადგან, მოსამართლის აპარატის განმარტებით, დასაბუთებული გადაწყვეტილება სრულყოფილად მომზადებული არ იყო. მოპასუხის წარმომადგენელსა და სასამართლოს აპარატს შორის 22.07.2021წ. კვლავ შედგა კომუნიკაცია და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აპელანტის წარმომადგენელს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 28.07.2021წ.. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა უნდა დაწყებულიყო არა 15.07.2021 წლიდან, არამედ აპელანტისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან - 28.07.2021 წლიდან.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

11. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

12. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

13. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (სუსგ. №ას-873-2018, 31.01.2019წ.). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (სსსკ-ის მე-60 მუხლი).

14. ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014წ. განჩინება, საქმეზე №ას-1161-1106-2014). სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

15. საქმის მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივრით არის სადავო, რომ აპელანტის წარმომადგენელი (იხ.: რწმუნებულება, ს.ფ. 55) ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 18.05.2021წ. გამართულ სხდომას, რომელზეც განხილულ იქნა სარჩელი და დადგინდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი - 15.06.2021წ. (იხ.: 18.05.2021წ. სხდომის ოქმი, ს.ფ. 119-127), თუმცა, აპელანტის წარმომადგენელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა (15.07.2021წ.), სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს. გადაწყვეტილება აპელანტის წარმომადგენელმა ჩაიბარა 28.07.2021წ. (იხ.: ხელწერილი, ს.ფ. 152). შესაბამისად, სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან და ამოიწურა 29.07.2021წ..

16. საფოსტო ბილით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა მხოლოდ 03.08.2021წ. (იხ.: ს.ფ. 172), ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

17. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

18. გაზიარებული ვერ იქნება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია მასზე, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით მოპასუხის წარმომადგენელი 15.07.2021წ. გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ასევე, სასამართლოს აპარატთან 22.07.2021წ. კვლავ ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია, თუმცა გადაწყვეტილება მოუმზადებლობის საფუძვლით ვერ ჩაჰბარდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (სუსგ №ას-1040-994-2013, 09.12.2013წ., №ას-1761-2018, 31.01.2019წ.). რაც შეეხება მოსამართლის თანაშემწესთან ტელეფონით დარეკვას, იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოცხადებად. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს მხარის (რომელიც ესწრება ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება) ვალდებულებას, მითითებულ ვადაში გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადა აითვლება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს(იხ. სუსგ. №ას-1761-2018, 31.01.2019წ., №ას-717-2020, 19.11.2020წ.). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა თავისი არგუმენტის სარწმუნოდ დასაბუთება ვერ შეძლო. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილია ამონაწერი საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემიდან, რომლითაც დასტურდება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება აღნიშნულ პროგრამაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ პერიოდში იყო ატვირთული და მხარეთათვის ხელმისაწვდომი (ს.ფ.223-227).

19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5 (იხ.: სუსგ საქმეზე № ას-1615-2019, 14.01.2020წ.)).

20. გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სუსგ-ებები: Nას-1226-2019, 23.12.2019წ.; Nას-464-464-2018, 05.07.2018წ.).

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ბ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.11.2021 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია