Facebook Twitter

№ა-889-შ-29-2022

9 მარტი, 2022 წ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.წ–ი

განხილვის საგანი – ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს ქინგსის ოლქის სასამართლოს ქორწინების საქმეთა/ინდივიდუალურ დავალებათა სისტემის V ნაწილის 2021 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს ქინგსის ოლქის სასამართლოს ქორწინების საქმეთა/ინდივიდუალურ დავალებათა სისტემის V ნაწილის 2021 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ა.წ–სა და ნ.წ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება. ამავე გადაწყვეტილებით ნ.წ–ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის ლ.გ.წ–ის სასარგებლოდ ალიმენტის, ყოველთვიურად 25 აშშ დოლარის გადახდა.

2022 წლის 28 თებერვალს ნ.წ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

2022 წლის 4 მარტს საკასაციო პალატას მომართა ნ.წ–მა, დააზუსტა მოთხოვნა და მიუთითა, რომ ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს ქინგსის ოლქის სასამართლოს ქორწინების საქმეთა/ინდივიდუალურ დავალებათა სისტემის V ნაწილის 2021 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხოლოდ განქორწინების ნაწილში .

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ნ.წ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს ქინგსის ოლქის სასამართლოს ქორწინების საქმეთა/ინდივიდუალურ დავალებათა სისტემის V ნაწილის 2021 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ შეწყდა ა.წ–სა და ნ.წ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2021 წლის 21 სექტემბერს. შუამდგომლობის ავტორი წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს განქორწინების შესახებ საქმისწარმოების მიმდინარეობისას.

შუამდგომლობაზე თანდართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს ქინგსის ოლქის სასამართლოს ქორწინების საქმეთა/ინდივიდუალურ დავალებათა სისტემის V ნაწილის 2021 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება ა.წ–სა და ნ.წ–ს შორის ქორწინების შეწყვეტის შესახებ ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დაადგინა:

1. ნ.წ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს ქინგსის ოლქის სასამართლოს ქორწინების საქმეთა/ინდივიდუალურ დავალებათა სისტემის V ნაწილის 2021 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება ა.წ–სა და ნ.წ–ს შორის ქორწინების შეწყვეტის შესახებ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე