№ა-890-შ-30-2022
9 მარტი, 2022 წ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.მ–ძე
განხილვის საგანი – გერმანიის, კიოლნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის, კიოლნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა მ.მ–ძესა და ქ.ზ–კის შორის 2010 წლის 23 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება.
2022 წლის 2 მარტს მ.მ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მ.მ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გერმანიის, კიოლნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ შეწყდა მ.მ–ძესა და ქ.ზ–კის შორის 2010 წლის 23 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2021 წლის 10 დეკემბერს. გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე საქმეში წარმოდგენილი იყო ადვოკატით, რაც ადასტურებს მის ინფორმირებას საქმისწარმოების შესახებ.
შუამდგომლობაზე თანდართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის, კიოლნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება მ.მ–ძესა და ქ.ზ–კის შორის ქორწინების შეწყვეტის შესახებ ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დაადგინა:
1. მ.მ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის, კიოლნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება მ.მ–ძესა და ქ.ზ–კის შორის ქორწინების შეწყვეტის შესახებ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე