Facebook Twitter

საქმე №ას-1283-2021 14 თებერვალი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ.შ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარება, სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდური ხელფასის, სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ.შ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული ან კასატორი) სარჩელი:

1.1. მოსარჩელესა და სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, სააგენტო ან აპელანტი) შორის 2012 წლის 20 ივნისის შრომითი ხელშეკრულება უვადოდ დადებულ შრომით ხელშეკრულებად ჩაითვალა.

1.2. ბათილად იქნა ცნობილი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2018 წლის 25 აპრილის №3829/კ ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;

1.3.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, განაცდური შრომის ანაზღაურების სახით ყოველთვიურად 1000 (ათასი) ლარი დაეკისრა 2018 წლის 25 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.4. სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა:

4.1. მოსარჩელე 2012 წლის 20 ივნისის №2756/კ ბრძანებისა და 2012 წლის 20 ივნისიდან მიმდევრობით დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, 2018 წლის 25 აპრილამდე მოპასუხესთან მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა და შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად 1000 ლარს შეადგენდა.

4.2. 2018 წლის 25 აპრილის №3829/კ ბრძანებით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის (სშკ-ის მოქმედი რედაქციით 47-ე მუხლი), სააგენტოს შრომის შინაგანაწესის 51-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების და 53-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო თანამშრომელთა სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელე 2018 წლის 13 აპრილს, სამუშაო საათებში არაფხიზელი, არყით მთვრალი გამოცხადდა სამსახურში. იმავე დასკვნის თანახმად, 2018 წლის 31 მარტს, მოსარჩელე საპატრულო პოლიციამ ალკოჰოლური თრობის გამო დააჯარიმა, რის თაობაზეც მოსარჩელეს არ უცნობებია გენერალური ინსპექციის ან/და დამსაქმებლისთვის.

4.3. მხარეებს შორის უვადო შრომითი ხელშეკრულება არსებობდა.

5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არ გამოვლენილა შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ისეთი დარღვევა, რომელიც მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ამართლებდა.

6. სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება:

6.1. ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელთა მიმართ სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე 2018 წლის 25 აპრილს №36/დ დასკვნის თანახმად, 2018 წლის 18 აპრილს სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, მათ შორის - მოსარჩელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესაძლო ფაქტზე. შემოწმების დაწყებას საფუძვლად დაედო სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლისგან მიღებული ინფორმაცია სამსახურში ალკოჰოლური სასმლის მიღებისა და ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევის ფაქტზე. საქმის გარემოებების დაზუსტების მიზნით ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ: სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის მთავარ სპეციალისტებს, სააგენტოს ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტს, სააგენტოს ლოგისტიკის სამსახურის მძღოლებს, სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს სპეციალისტს, სააგენტოს კუთვნილ ლილოს არქივის მშენებლობაზე მომუშავე შემდუღებელსა და შემდუღებლის დამხმარეს.

6.2. სააგენტოს ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში გამოკითხული, ლილოს არქივის შენობის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული შემდუღებლისა და მისი დამხმარის ახსნა-განმარტების მიხედვით, ისინი არ შესწრებიან მოსარჩელის მიერ ალკოჰოლური სასმლის - არყის სმის ფაქტს, მაგრამ მოსარჩელის არქივში ყოფნის დღეს, ოთახში, რომელსაც სასადილოდ იყენებენ, აღმოაჩინეს არყის ცარიელი ბოთლები. ვინაიდან მუშები ალკოჰოლურ სასმელს სამუშაო საათებში არ სვამენ და არც მიუტანიათ და დაცვის თანამშრომლებსაც არ ეტყობოდათ ალკოჰოლური თრობა, ივარაუდეს, რომ სააგენტოს თანამშრომლებს ეკუთვნოდათ .

6.2.1. სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს სპეციალისტის ახსნა-განმარტების თანახმად, 2018 წლის 18 აპრილს ლილოს არქივის შენობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულენის მიზნით იმყოფებოდა. შუადღისას, დაახლოებით 13:30 საათზე, საცავის ტერიტორიაზე მოსარჩელეს შეხვდა, თუმცა მას არ ეტყობოდა სიმთვრალე. საღამოს, დაახლოებით 17:00 საათზე, როდესაც მეორედ შეხვდა, მას ალკოჰოლის სუნი ასდიოდა, სახეც შეწითლებული ჰქონდა და ადვილი მისახვედრი იყო, რომ ალკოჰოლური სასმელი ჰქონდა მიღებული.

6.2.2. სააგენტოს ლოგისტიკის სამსახურის მძღოლის ახსნა-განმარტების თანახმად, 2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათზე, ლილოს არქივის ტერიტორიაზე მივიდა სააგენტოს თანამშრომლების წამოყვანის მიზნით. ინფრასტრუქტურის მონიტორინგის თანამშრომლები, მათ შორის - მოსარჩელე შენობის ერთ-ერთ ოთახში (დიდ ოთახში) იყვნენ და საუბრობდნენ. შენიშნა, რომ ორივე იყო მთვრალი. მძღოლი ოთახში არ გაჩერდა, რადგან იქ მყოფი პირები საუბრობდნენ რაღაც თემაზე და თავი აარიდა ნასვამ ხალხს.

6.2.3. სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ახსნა-განმარტების მიხედვით, 2018 წლის 18 აპრილს სააგენტოს თავმჯდომარის დავალებით, ქ. თბილისში, ლილოს ტერიტორიაზე არსებულ სააგენტოს შენობაში იმყოფებოდა, სადაც განთავსებულია სააგენტოს სამოქალაქო აქტების ქ. თბილისის არქივი და სააგენტოს საინფორმაციო–სამისამართო ბიურო. დაახლოებით 16:30 საათზე, შევიდა იმ ოთახში, სადაც მოსარჩელე სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა. შესვლისას ალკოჰოლის მძაფრი სუნი იგრძნო, მაგიდაზე შენიშნა რამდენიმე ჭიქა, ორი ბოთლი გამაგრილებელი სასმელი, საკვები, ხოლო მაგიდის ქვეშ მუყაოს ყუთში, პოლიეთილენის პარკში გახვეული ალკოჰოლური სასმლის ცარიელი ბოთლი ეგდო. იგი ამ ინციდენტთან დაკავშირებით მოსარჩელეს გაესაუბრა, რომელიც შექმნილი ვითარების გამო წუხდა.

6.2.4. სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტების ახსნა-განმარტებით, 2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 16:25 (16:30) საათზე გაიგეს, რომ ლილოს ტერიტორიაზე არსებული არქივის შენობაში იქ მყოფმა სააგენტოს ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელმა და მოსარჩელემ, სამსახურში ალკოჰოლური სასმელი დალიეს. ისინი დაახლოებით 16:50-17:00 საათზე მივიდნენ ლილოს ტერიტორიაზე არსებულ არქივში, სადაც მოსარჩელე ნასვამი დახვდათ. ვინაიდან მოსარჩელე ალკოჰოლური სასმლის მიღების ფაქტს უარყოფდა, მისივე თანხმობით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში (შემდეგში - ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) გადაიყვანეს, თუმცა ადგილზე მისულმა უარი განაცხადა ალკოტესტზე. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მოსარჩელე იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენობაში ახსნა-განმარტების ჩამოსართმევად გადაიყვანეს. მან უარი განაცხადა განმარტების მიცემაზე, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი. გარეგნული დათვალიერებისა და კომუნიკაციისას აშკარად ვლინდებოდა, რომ მოსარჩელე ნასვამი იყო, ასდიოდა ალკოჰოლის მძაფრი სუნი და გადაადგილდებოდა ბარბაცით.

7. საქმეში წარდგენილია მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ 2018 წლის 18 აპრილს, 14:28:28 საათიდან 14:34:44 საათამდე (სამუშაო საათებში), მოსარჩელემ მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელი შეიძინა, ლილოს ტერიტორიაზე არსებული არქივის შენობისკენ გაემართა და თანმხლებ პირთან ერთად, შეძენილი პროდუქტი არქივის შენობაში შეიტანა.

8. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 აპრილის №5002332618 მიმართვის თანახმად, დამსაქმებელმა 2018 წლის 18 აპრილს მოსარჩელე ალკოჰოლური სიმთვრალე-სიფხიზლის შემოწმების მიზნით მიიყვანა, რაზეც დასაქმებულმა უარი განაცხადა.

9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებელმა ყველა შესაძლო საშუალებას მიმართა სამუშაო საათებში მოსარჩელის სიმთვრალის დასადგენად მეორე მხრივ კი, დასაქმებული მხოლოდ ზეპირად განმარტავდა რომ 2018 წლის 18 აპრილს სამსახურში ყოფნის დროს არ მიუღია ალკოჰოლი და უარს აცხადებდა სიმთვრალე-სიფხიზლის შემოწმებაზე. საპელაციო სასამართლოს განსჯით, როდესაც დასაქმებული უარს აცხადებს ალკოჰოლური სიმთვრალე-სიფხიზლის შემოწმებაზე, დამსაქმებელს თანამშრომელთა შესამოწმებლად სხვა მექანიზმი არ გააჩნია, შესაბამისად, მოსარჩელის უარი ალკოტესტზე შეუძლებელია მის სასარგებლოდ განიმარტოს. სხვა შემთხვევაში, სათანადო ეჭვის არსებობისას, დასაქმებულის მხრიდან ალკოტესტზე უარის თქმით დამსაქმებელი ვერ შეამოწმებს და ვერ დაადგენს განიცდის თუ არა დასაქმებული ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედებას. გარდა ამისა, ალკოჰოლოური სიმთვრალე-სიფხიზლის შემოწმებაზე უარის თქმის დასაქმებულის სასარგებლოდ განმარტება ხელს შეუწყობს დამსაქმებლის სამუშაო დისციპლინისა და წესრიგის დარღვევას, რაც, საფრთხეს შეუქმნის დამსაქმებელი კომპანიების მუშაობას, ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დასაქმებულთა უსაფრთხოებას.

10. სააგენტოს შრომის შინაგანაწესის 52-ე მუხლით განსაზღვრულია დასაქმებულის ქმედებები, რომლებიც მიიჩნევა დისციპლინურ გადაცდომად, მათ შორის, დისციპლინური გადაცდომაა ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედებისას სამსახურში გამოცხადება ან მათი სამუშაოზე მიღება („ზ“ ქვეპუნქტი).

11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან ალკოჰოლური სიმთვრალის დიაგნოსტირება ალკოტესტის ან შესაბამისი ექსპერტიზითაა შესაძლებელი, სააგენტოს შრომის შინაგანაწესის მითითებული პუნქტი, სათანადო ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სწორედ - დასაქმებულს აკისრებს ვალდებულებას, ამტკიცოს სამუშაო საათებში სამსახურში მთვრალი გამოცხადდა თუ არა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სააგენტომ, როგორც მტკიცებითი უპირატესობის მქონემ, გამოიყენა მისთვის ობიექტურად შესაძლებელი/ხელსაყრელი და კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალება სამუშაო საათებში მოსარჩელის სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად, ხოლო ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ალკოტესტით შემოწმებაზე, ზემოაღნიშნულ ნორმათა თანახმად, მტკიცების ტვირთის მხოლოდ დამსაქმებელზე გადაკისრება მიზანშეუწონელია. აპელანტმა მიმართა კანონით დადგენილ ზომებს და სასამართლოს წარუდგინა ყველა სახის მტკიცებულება, რისი მოპოვებისა და წარდგენის შესაძლებლობაც მას გააჩნდა. შესაბამისად, მოსარჩელეს ალკოჰოლოური სიმთვრალე-სიფხიზლის შემოწმებაზე უარი არ ათავისუფლებს მტკიცების ტვირთისაგან. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის უარი ალკოტესტზე, არ წარმოადგენს მის მიერ ასეთი დარღვევის ჩადენის დადასტურებისათვის საკმარის საფუძველს (მაგრამ არა ერთადერთს).

12. სააპელაციო სასამართლომ დისციპლინური წარმოების პროცესში სააგენტოს თანამშრომლების და ლილოს არქივის მშენებლობაზე დასაქმებული პირების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად დაადგინა, რომ 2018 წლის 18 აპრილს მოსარჩელე სამსახურში, კერძოდ, ლილოს არქივის შენობაში მივიდა ფხიზელი, თუმცა სამუშაო დღის მეორე ნახევარში, ობიექტზე ინციდენტის დროს, მას საუბრისას აღენიშნებოდა ალკოჰოლური თრობა (ჰქონდა ალკოჰოლის მძაფრი სუნი, სახეზე იყო შეწითლებული და გადაადგილდებოდა ბარბაცით). ამასთან, სათვალთავლო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მაღაზიაში ალკოჰოლურ სასმელს ყიდულობს და ბრუნდება არქივის შენობაში. აღნიშნული მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, მოსარჩელე თავისი მტკიცების ფარგლებში, სასამართლოსთვის არ მიუცია ისეთი განმარტებები და არ წარუდგენია იმ სახის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ მას სამსახურში ყოფნის დროს, სამუშაო საათებში ალკოჰოლი არ მიუღია. ვინაიდან წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასებით დადგინდა, რომ დასაქმებულმა ვერ დაძლია მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტების მტკიცების ტვირთი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაარღვია შრომითი ხელშეკრულების პირობები და მან საქმის განხილვის ეტაპზე საწინააღმდეგოს დადასტურება ვერ შეძლო. სააგენტოს შრომის შინაგანაწესის თანახმად კი, იგი ვალდებული იყო ფხიზელს შეესრულებინა შრომითი ვალდებულებები.

13. სააპელაციო სასამართლომ შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონზეც მიუთითა, რომლის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოს სპეციფიკიდან და რისკის შეფასების შესახებ დოკუმენტიდან გამომდინარე, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად და სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან ასაცილებლად, დამსაქმებელი ვალდებულია - არ დაუშვას სამუშაოზე დასაქმებული ან/და სხვა პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში იმყოფება, და ამ მიზნით შიდა მარეგულირებელი ნორმებით განსაზღვროს დასაქმებულების ან/და სხვა პირების ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილი იქნება, ზედამხედველობა გაუწიოს აღნიშნულ პროცესს.

14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, უზენაესი სასამართლოს განმარტებით, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის დარღვევასთან შედარებით და შრომის სამართალში ,,Ultima Ratio“-ს პრინციპი ითხოვს დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე, მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევას (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას და, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას, ისეთი ზომების გამოყენებასაც, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერ მოქცევას აიძულებს, თუმცა ამ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი - სამუშაო საათებში, სამსახურში ყოფნის დროს ალკოჰოლის მიღება და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიმთვრალე უნდა შეფასდეს ,,უხეშ’’ დარღვევად, რომლის საფუძველზეც დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო, მიეღო გადაწყეტილება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ’’ ქვეპუნქტის (სშკ-ის მოქმედი რედაქციით 47-ე მუხლი) საფუძველზე.

15. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ დამსაქმებლისათვის იმ გარემოების შეუტყობინებლობა, რომ 2018 წლის 31 მარტს საპატრულო პოლიციამ ალკოჰოლური თრობის გამო ავტომანქანის მართვისას დასაქმებული დააჯარიმა და ამის თაობაზე გენერალური ინსპექციის ან/და დამსაქმებლისთვის არ უცნობებია, არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს დისციპლინარულ გადაცდომად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დასაქმებული მსგავს ქმედებას ჩაიდენს არასამუშაო პირობებში (მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ იგი ავტომობილს მთვრალი მართავდა სამუშაო საათებში) და მისი ქცევა არ არის საჯარო სამსახურის საქმიანი რეპუტაციის შელახვისაკენ მიმართული. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ სიმთვრალეში ავტომობილის მართვა, გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, მომეტებული საფრთხის წყაროცაა, რაც უნდა შეფასდეს მკვეთრად უარყოფითად, მიუხედავად იმისა, ამგვარ ქმედებას საჯარო მოხელე თუ სხვა პირი ჩაიდენს, თუმცა ფაქტის შეუტყობინებლობა გენერალური ინსპექციის ან/და დამსაქმებლისთვის, არ შეიძლება, შეფასდეს შრომითი ხელშეკრულების/შინაგანაწესის დარღვევად, მით უფრო „უხეშ“ დარღვევად, ამასთან, მითითებული ფაქტის შეუტყობინებლობა დამსაქმებლისათვის არ შეიძლება, იწვევდეს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

16. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მიერ სამუშაო საათებში, სამსახურში ყოფნის დროს ალკოჰოლის მიღება, დამსაქმებლმა სწორად შეაფასა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების/შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების „უხეშ“ დარღვევად, რაც გათვალისწინებული იყო იმ დროისათვის მოქმედი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით (სშკ-ის მოქმედი რედაქციით 47-ე მუხლი). აღნიშნული კი, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის საკმარის და ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს.

17. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარის 2018 წლის 25 აპრილის №3829/კ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

18. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკმაყოფილა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარის 2018 წლის 25 აპრილის №3829/კ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა, აქედან გამომდინარე არ არსებობდა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის (როგორც დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თანმდევი სამართლებრივი შედეგის), ასევე 2018 წლის 31 იანვრის №1311/კ ბრძანების პირველი პუნქტის ბათილობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

19.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

19.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის (დასაქმებულის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

21. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

23. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

24. დადგენილია, რომ დამსაქმებლის 2018 წლის 25 აპრილის №3829/კ ბრძანების თანახმად, მოსარჩელეს 2018 წლის 25 აპრილიდან შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა და თანამდებობიდან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის (სშკ-ის მოქმედი რედაქციით 47-ე მუხლი), სააგენტოს შრომის შინაგანაწესის 51-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტების და 53-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო გათავისუფლდა.

25. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ სადავოდ გახდა სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე დამსაქმებლის ბრძანების კანონიერება. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურება, რაც დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილებაში ვლინდება. მოსამართლის ერთ-ერთი ვალდებულება მტკიცებით საქმიანობაში მხარეთა შორის საპროცესო ვალდებულებების სწორი გადანაწილებაა. აღნიშნული პროცესის მონაწილე სუბიექტების უფლებრივი მდგომარეობის დაცვასა და, იმავდროულად, მართლწესრიგის ეფექტიანობას ემსახურება. მტკიცების ტვირთის გადანაწილების დროს დიდი მნიშვნელობისაა ის, თუ როდის გადადის მტკიცების ვალდებულება ერთი მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურსამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს - საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება.

26. მაშასადამე, შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშვნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი, დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში, ,,სუსტი მხარის“ - დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა პრიორიტეტულია. ცხადია, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი საფუძველი ჰქონდა“ (იხ. ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ. 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259) - იხ. სუსგ Nას-949-2021, 23.12.2021წ.

27. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა. გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე შინაგანი რწმენა.

28. დადგენილია, რომ დამსაქმებლის 2018 წლის 25 აპრილის №3829/კ ბრძანების ფაქტობრივი საფუძველია: ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელთა მიმართ სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე 2018 წლის 25 აპრილის №36/დ დასკვნა, რომლის თანახმად, 2018 წლის 18 აპრილს, სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, მათ შორის მოსარჩელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესაძლო ფაქტზე. შემოწმების დაწყებას საფუძვლად დაედო სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლისგან მიღებული ინფორმაცია სამსახურში ალკოჰოლური სასმლის მიღებისა და ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევის ფაქტზე. საქმის გარემოებების დაზუსტების მიზნით ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ სააგენტოს თანამშრომლებს და ლილოს არქივის მშენებლობაზე დასაქმებულ პირებს (ახსნა-განმარტებები სრულად იხ. წინამდებარე განჩინების 6.2, 6.2.1-6.2.4 ქვეპუნქტებში).

29. სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების, კერძოდ, დასკვნაში გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად დაადგინა, რომ 2018 წლის 18 აპრილს მოსარჩელე სამსახურში, კერძოდ, ლილოს არქივის შენობაში მივიდა ფხიზელი, თუმცა სამუშაო დღის მეორე ნახევარში, ინციდენტის დროს, მას საუბრისას ეტყობოდა ალკოჰოლური თრობა (ჰქონდა ალკოჰოლის მძაფრი სუნი, სახეზე იყო შეწითლებული და გადაადგილდებოდა ბარბაცით). იმავდროულად, შეაფასა მაღაზიის სათვალთავლო კამერით გადაღებულ კადრებში არსებული მასალა, სადაც გარკვევით ჩანს, რომ მოსარჩელე მაღაზიაში ალკოჰოლურ სასმელს ყიდულობს და ბრუნდებაბრუნდება არქივის შენობაში. ყურადღება გაამახვილა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2018 წლის 20 აპრილის №5002332618 მიმართვაზე, რომლის თანახმად, 2018 წლის 18 აპრილს სიმთვრალე-სიფხიზლის დადგენის მიზნით ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოში, მისულმა მოსარჩელემ ალკოჰოლის განმსაზღვრელ აპარატში ამონასუნთქი ჰაერის ჩაბერვაზე უარი განაცხადა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დამკვეთს (დამსაქმებელს) მიეცა სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის დადგენის ექსპერტიზის რეკომენდაცია, რისთვისაც საჭიროა სამედიცინო დაწესებულებაში სისხლის ნიმუშის აღება.

30. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ მხარეებს შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი; სრულყოფილად არ შეაფასა ალკოტესტის ეპიზოდი, რითაც დაარღვია მტკიცებულებების ყოველმხრივი გამოკვლევის ვალდებულება; არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე საკუთარი ნებით გაჰყვა აუდიტის თანამშრომლებს ალკოტესტის ჩასატარებლად; ალკოჰოლის მიღების ფაქტი შეუსაბამო მტკიცებულებებით დაადგინა და გადაწყვიტა, რომ ერთჯერადად სამუშაო ადგილზე ალკოჰოლის მიღება არის იმგვარი უხეში ქმედება, რაც კანონიერს ხდის დამსაქმებლის ბრძანებას; გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთების მთავარ ხაზს იმის მტკიცება წარმოადგენს, რომ მოსარჩელემ უარი თქვა ალკოტესტზე, რაც პრეზუმირებულად მის სიმთვრალზე მიუთითებს; კასატორის განმარტებით, ექსპერტიზაზე გადაყვანისას შეექმნა მოლოდინი, რომ სანდო კვლევის მეთოდით შეამოწმებდნენ და არა ე.წ „ჩაბერვით“, რომლის დროსაც ცდომილების ალბათობა დიდია. სწორედ ამიტომ განაცხადა უარი ამ მეთოდზე და მოითხოვა სხვა ხერხით შემოწმება, რაზეც თავად დამსაქმებელმა განაცხადა უარი, ამ ქმედებით კი ხელოვნურად შექმნა ისეთი გარემო, თითქოს მოსარჩელემ თქვა უარი ალკოტესტის ჩაბარებაზე; დამსაქმებელმა მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა დაადგინა უკვე არსებულ სანქცირებულ ქმედებაზე. დამსაქმებელმა პერსონალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულების დარღვევით მოიკვლია, რომ მოსარჩელეს გარკვეულ დროს დაკისრებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი ავტომანქანის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართვისათვის და ეს გადაცდომა კიდევ ერთი სახდელის დადებით, საფუძვლად დაუდო მის სამსახურიდან გათავისუფლებას. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ დამსაქმებლის ქმედება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რომელიც კრძალავს ორმაგ სახდელს ერთი ქმედებისათვის.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი). „შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (სუსგ-ები №ას-1350-2019, 27.11.2019 წელი; Nას-98-94-2016, 26.07.2016წელი; №ას-368-2019, 31.07.2019წელი). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება.

32. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფა. ნებისმიერი დავისა განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებული მოთხოვნების მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების შეფასება. შესაბამისად, სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების კვლევის შედეგად.

33. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დადგენილია და სადავო არ არის, რომ დასაქმებულისათვის ცნობილი იყო, შრომის შინაგანაწესის მიხედვით ალკოჰოლური თრობა სამუშაო საათებში კვალიფიცირდებოდა შრომის დისციპლინის უხეშ დარღვევად, რასაც დამსაქმებელი დასაქმებულის გათავისუფლებას უკავშირებდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შინაგანაწესით დადგენილი წესების მიხედვით დასაქმებული ალკოტესტზე შემოწმების მიზნით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიყვანეს, რადგან ალკოჰოლური (თუ სხვა სახის) თრობისა და მისი ხარისხის განსაზღვრა საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და ანალოგიურ შემთხვევაში, მარტოოდენ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, ალკოჰოლის ცარიელი ბოთლები და ჭიქები, ალკოჰოლის მძაფრი თუ სუსტი სუნი ოთახში ან ვარაუდი უშუალოდ დასაქმებულის „შეწითლებული სახისა თუ თვალების“ მიხედვით, არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას საიმისოდ, რომ დამსაქმებელი დასაქმებულს შეედავოს ალკოჰოლური თუ სხვა სახის თრობის გამო. მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომლითაც არ არის გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ დასაქმებულის უარი ალკოტესტის ჩატარებაზე, არ წარმოადგენს მის მიერ ასეთი დარღვევის ჩადენის დადასტურებისათვის საკმარის საფუძველს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი). აღსანიშნავია, რომ შინაგანაწესის საფუძველზე სწორედ დასაქმებულს ეკისრებოდა, სამუშაო საათების განმავლობაში ფხიზლად ყოფნა დაემტკიცებინა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუკი შესაბამისი სპეციალისტის ცოდნაზე დაფუძნებული ტესტური ანალიზის გამოყენების გზით არ შეუძლია მხარეს, ამ შემთხვევაში დამსაქმებელს, დაამტკიცოს საკუთარი ქმედების მართებულობა, მაშინ სასამართლოს ვალდებულებაა, განსაზღვროს, რა სტანდარტით ითხოვს მხარისაგან კონკრეტული გარემოების დადასტურებას.

34. საკასაციო სასამართლო კასატორის არც იმ არგუმენტს იზიარებს, რომ დამსაქმებელმა უარი განაცხადა მისთვის სისხლის ანალიზის ჩაბარების გზით ალოჰოლური ტესტის ჩატარებაზე, რადგან მოსარჩელემ მინიმალური სტანდარტითაც კი არ წარადგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ამ სახის ანალიზის ჩატარება მოითხოვა და მას უარი ეთქვა, მხოლოდ ის განმარტა, რომ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი თქვა, რადგან აღელვებული იყო. კასატორის ეს მტკიცება არადამაჯერებელია, რადგან უვადო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფრთხის წინაშე მყოფ დასაქმებულს, იმ დაშვებითაც, რომ დამსაქმებელმა უარი უთხრა სისხლის ანალიზის გზით ალკოჰოლურ თრობაზე შეემოწმებინა, თვითონვე შეეძლო ამ საშუალებისთვის მიემართა. სრულიად არასარწმუნოა მტკიცება, რომ ე.წ. „ჩაბერვის“ გზით არსებობდა ცდომილების ალბათობა, რადგან დასაქმებულს შეეძლო ეს შესაძლებლობა გამოეყენებინა, ხოლო თუ შედეგად მის მიერ ნავარაუდევი „ცდომილება“ გამოიკვეთებოდა, ალტერნატიული გზისთვის მიემართა და სისხლის ანალიზი ჩაებარებინა. სასამართლო იმაზე მეტი მტკიცების ტვირთს ვერ დააკისრებს მხარეებს, რაც მათ ობიექტურად მოეთხოვებათ და შეუძლიათ დაძლიონ, ისევე, როგორც შრომით დავებში სასამართლოს მიერ სავსებით სამართლიანად დამკვიდრებული დამსაქმებლის მტკიცების უფრო მეტი სამართლებრივი წონადობა, არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ ყველა გარემოების დამტკიცება მას მოეთხოვოს, რადგან ეს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევას და სამართლებრივ უთანაბრობას გამოიწვევს.

35. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ Nას-619-2020, 2.12.2020წ).

36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, ესაა პროპორციულობის (თანაზომიერება) და გონივრული საფუძვლის პრინციპი. თანაზომიერება, ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული; მეორე Ultima Ratio კი განიმარტება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, რამდენადაც მიჩნეულია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მსუბუქი ზომა, თუკი, ამის საშუალებას, ჩადენილი დარღვევიდან გამომდინარე, იძლევა დასაქმებულის კანონიერი ინტერესი. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს უკიდურეს დისციპლინურ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა დამსაქმებელმა გამოიყენოს დასაქმებულის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც კანონმდებლობა დამსაქმებელს ანიჭებს განსაზღვრული თავისუფლების შესაძლებლობას, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის-ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა.

37. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. სუსგ Nას-941-891-2015, 29.01.2016წ; შდრ. სუსგ Nას- 1124-1080-2016, 10.03.2017წ.)

38. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ამ განჩინების მე-9, მე-11, მე-14-მე-18 პუნქტებში ასახულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებსა და შემაჯამებელ დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაო საათებში, სამსახურში ყოფნის დროს ალკოჰოლის მიღება ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების/შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების „უხეშ“ დარღვევას წარმოადგენს, რაც დამსაქმებელს აღჭურავს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთებულობა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია, შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე მიუთითებს. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება დამსაქმებლის წინასწარ განზრახული და მიზანმიმართული ქმედება, რაც დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის ხელოვნურად შექმნით გამოიხატება. ამრიგად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წინაპირობების დადასტურებას, დამსაქმებელმა თავი წარმატებით გაართვა, ხოლო კასატორმა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ დაარწმუნა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში. ამრიგად, კასატორის პრეტენზიები (იხ. განჩინების 29-ე პუნქტი) არ არის გაზიარებული უსაფუძვლობის გამო.

39. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

41. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.შ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ.შ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2021 წლის 13 აგვისტო), 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური