11 თებერვალი, 2022 წელი,
საქმე №ა-3992-შ-108-2021 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.ს.უ.ს. „მ–ს’’
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ლ–ძე“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება
შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მოსკოვის სარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს „თ.ლ–ძეს“ (ს/ნ .....) მ.ს.უ.ს. „მ–სის’’ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების – 3 500 რუბლისა და სახელმწიფო ბაჟის – 2 000 რუბლის გადახდა.
2. მ.ს.უ.ს. „მ–სმა’’ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მოსკოვის სარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, მოსკოვის სარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე მ.ს.უ.ს. „მ–სის’’ შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
5. ხსენებული განჩინება საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაჰბარდა მოწინააღმდეგე მხარეს. განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში ჰქონდა აზრის გამოთქმისა და საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში - საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
6. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე შპს „თ.ლ–ძეს“ თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მოსკოვის სარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მ.ს.უ.ს. „მ–სის’’ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. განსახილველ შემთხვევაში, მოსკოვის სარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს „თ.ლ–ძეს“ მ.ს.უ.ს. „მ–სის’’ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების – 3 500 რუბლისა და სახელმწიფო ბაჟის – 2 000 რუბლის გადახდა. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებითა და მასზე დართული დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ:
ა) გადაწყვეტილება, რომლის ცნობასა და აღსრულებასაც მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი, შესულია კანონიერ ძალაში, ექვემდებარება აღსრულებას და იგი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა;
ბ) მოპასუხე სათანადოდ იყო ინფორმირებული მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის წარმოების თაობაზე; საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, რომ მოპასუხე მხარეს - შპს „თ.ლ–ძეს“, კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა შეტყობინება ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე და ეს შეტყობინება მისთვის კანონით დადგენილი წესითვე ჩაბარებულად იქნა მიჩნეული. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია;
გ) მოპასუხე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.
8. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
10. სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ მინსკის კონვენციის (შემდეგში _ მინსკის კონვენცია) 51-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე იუსტიციის დაწესებულებების მიერ სამოქალაქო საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მინსკის კონვენციის 55-ე მუხლით. გადაწყვეტილების აღსრულების წესს განსაზღვრავს კონვენციის 54-ე მუხლი, რომლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საკითხის განმხილველი სასამართლო ადგენს, შეესაბამება თუ არა შუამდგომლობა ამ კონვენციის 53-ე მუხლის მოთხოვნებს.
11. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს). შუამდგომლობა აკმაყოფილებს სპეციალური კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებსაც და არც ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს), მე-3 და მე-4 პუნქტებით უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
12. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსკოვის სარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, მინსკის კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მ.ს.უ.ს. „მ–სის’’ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „თ.ლ–ძეს“ (ს/ნ ....) მ.ს.უ.ს. „მ–სის’’ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების – 3 500 რუბლისა და სახელმწიფო ბაჟის – 2 000 რუბლის გადახდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
ა. წულაძე