საქმე №ას-1179-2021 4 მარტი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ფ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.კ–ვა (მოსარჩელე)
მესამე პირები - თ.მ–ლი, თ.ლ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ.კ–ვას (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი მ.ფ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), თ.ლ–ძისა და თ.მ–ლის წინააღმდეგ, დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, 2021 წლის 29 სექტემბერს 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, აპელანტი არ გამოცხადდა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე tbappeal@court.ge, 2021 წლის 29 სექტემბერს 11:02 საათზე, შევიდა შეტყობინების სახით N6 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ კონტროლიორის ვ.ა–ის შედგენილი ოქმი, საიდანაც ირკვევა, რომ აპელანტმა უარი განაცხადა 2021 წლის 29 სექტემბერს 11:00 საათზე ჩანიშნულ დისტანციურ სასამართლო პროცესზე წარდგენაზე, ხოლო უარის თქმის მიზეზი არ განუმარტავს. სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ - მოსარჩელემ აღნიშნული ოქმის გაცნობის შემდგომ იშუამდგომლა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 229-242 მუხლები). შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს შეუძლია სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
8. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი შეიძლება დატოვოს განუხილველად, თუ: 1. არ გამოცხადდება აპელანტი (მისი წარმომადგენელი); 2. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; 3. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები.
9. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2021 წლის 29 სექტემბერს, 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შესახებ აპელანტს ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, უწყება გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, მთისძირი, N6 სასჯელაღსრულების დაწესებულება). საქმეში არსებული N6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ 2021 წლის 18 აგვისტოს N195409/23 მიმართვას თან ახლავს აპელანტის ხელწერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ მსჯავრდებულს სასამართლო უწყება პირადად ჩაჰბარდა (იხ. N6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ 2021 წლის 18 აგვისტოს N195409/23 მომართვა და ხელწერილი, ტ.2, 55-56).
10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოუცხადებელი მხარე (აპელანტი) სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო სსსკ-ით დადგენილი წესით.
12. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარს განუხილველად არ დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ მხარე სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
13. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. სხდომის გადადების მიზნით მხარემ სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს საპატიო მიზეზის არსებობა.
14. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით გამოგზავნილია N6 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ კონტროლიორის ვ.ა–ის შედგენილი ოქმი, ოქმში აღნიშნულია, რომ აპელანტმა უარი განაცხადა 2021 წლის 29 სექტემბერს 11:00 საათზე ჩანიშნულ დისტანციურ სასამართლო პროცესზე წარდგენაზე, უარის თქმის მიზეზი კი არ განუმარტავს.
15. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან 2021 წლის 29 სექტემბრს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა კანონით დადგენილი წესით და მისი გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის უცნობია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
17. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2021 წლის 29 სექტემბერს 11:02 საათზე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი ვ.ა–ს აპელანტისათვის არ შეუთავაზებია სასამართლოს დისტანციურად განხილვაში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხე მას გამოუცხადებლობის მიზეზს მაინც ეტყოდა.
18. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი ზოგადად უარს აცხადებს საქმის დისტანციურ განხილვაში მონაწილეობაზე, რადგან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულია ვიდეო-კამერები, გარდა იმ ოთახისა, საიდანაც მხარე სასამართლოს ონლაინ განხილვას უნდა ჩაერთოს. მოპასუხეს, როგორც პოლიტიკური პატიმარი არ ენდობა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს, რის გამოც არ ცხადდება იმ ოთახში, სადაც არ არის დამონტაჟებული ვიდეო-კამერა. აპელანტი ითხოვს საქმის განხილვის განახლებას და სურს, რომ საქმის განხილვას სასამართლოს დარბაზში დაესწროს.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
21. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
22. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კერძო საჩივრის ავტორის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით.
23. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სათანადო და შესატყვისი მტკიცებულების გარეშე სასამართლომ დადგენილად მიიჩნიოს მისი სასამართლო განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა. აპელანტს არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია სსსკ-ის 215.3-ე მუხლით გათვალისწინებული სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობაზე ემსჯელა.
24. სსსკ-ის 215.3-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად მიიჩნევა მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
25.საკასაციო სასამართლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 13 მარტის #1 რეკომენდაციაზე მიუთითებს, რომლის თანახმადაც ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით საერთო სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით (http://hcoj.gov.ge/Uploads/2021/2/01-2020.pdf). საკასაციო სასამართლო, მოხმობილი აქტის საფუძველზე და იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტისათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დროისა და განხილვის ფორმის შესახებ, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტები უსაფუძვლო და ურთიერთსაწინააღმდეგოა. მოპასუხის მტკიცებით, მას სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელმა არ შეატყობინა დისტანციურ განხილვაში მონაწილეობის შესახებ და, ასევე, აცხადებს, რომ დისტანციურ განხილვაში მონაწილეობა იმის გამო არ მიიღო, რომ ოთახში, საიდანაც დისტანციულად უნდა ჩაერთოს სასამართლო განხილვას, ვიდეო-კამერა არ არის დამონტაჟებული. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს განხილვაში მონაწილეობაზე უარის თქმა, იმის გამო, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სწორედ იმ ოთახში, სადაც ონლაინ სხდომა უნდა ჩატარდეს არ არის დამონტაჟებული ვიდეო-კამერა, სსსკ-ით გათვალისწინებულ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ განიხილება.
26. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე, რასაც მხარე თვითონაც არ ხდის სადავოდ. იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე (არ დაესწრო საქმის ონლაინ განხილვას) და სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 229-ე მუხლის მეორე ნაწილი, 372-ე, 387-ე მუხლები).
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რადგანაც აპელანტს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა საქმის განხილვის შესახებ, იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა პროცესზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზი აცნობა სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ფ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური