საქმე №ას-1315-2021 14 თებერვალი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "M.A. G." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომლითაც შპს “M.A. G.-ის” (შემდეგში: მოსარჩელე ან კომპანია) სარჩელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მერია, მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ დაკმაყოფილდა, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 33 351.5 ლარისა და პირგასამტეხლოს 33 351.5 ლარის 0.25%-ის გადახდის ვალდებულება, 2019 წლის 31 იანვრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. მოპასუხემ 2020 წლის 23 ივნისს საჩივრით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 მარტის განჩინებით მოპასუხეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინებასთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2019 წლის 6 ივნისს სარჩელით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოებისთვის მერიას 33 351.5 ლარი და პირგასამტეხლო - 33 351.5 ლარის 0.25% დაჰკისრებოდა;
6.2 მოსარჩელის მიერ გაგზავნილი სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხის წარმომადგენელს- თ.მ–ს 2019 წლის 8 ივლისს ჩაჰბარდა;
6.3 მოპასუხეს წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა, 2019 წლის 18 ივლისის ჩათვლით. მოპასუხემ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარადგინა და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის;
6.4 მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სარჩელი კი იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას, რის გამოც იგი დაკმაყოფილდა;
6.5 მოპასუხემ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარადგინა საჩივარი და მისი გაუქმებით საქმის წარმოების განახლება მოითხოვა;
6.6 საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ შესაგებლის წარუდგენლობა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მათთვის ცნობილი არ ყოფილა აღნიშნული სარჩელის შესახებ. რაც შეეხება გზავნილის ჩამბარებელ თ.მ–ს, იგი არასოდეს ყოფილა წარმომადგენლობითი სტატუსის მქონე და მისთვის სარჩელის გადაცემა გზავნილის ჩაბარებად ვერ ჩაითვლებოდა;
6.7 თ.მ–ი 2019 წლის 14 იანვრიდან - 2019 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით ასრულებდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის - მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმის წარმოების განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - საქმის წარმოების საკითხებში ფუნქცია-მოვალეობებს (იხ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 16.03.2021წ. #05/1918 წერილი). შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გზავნილი უფლებამოსილ პირს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-ე 75-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა;
6.8 სააპელაციო სასამართლომდაასკვნა, რომ მოსარჩელემ სსსკ-ის 184-201 მუხლების დაცვით, მოპასუხეს გაუგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები, რომელიც სარჩელში მითითებულ მისამართზე უფლებამოსილ პირს ჩაჰბარდა;
6.9 სასამართლოს შეფასებით, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, სსსკ-ის 2321-ე მუხლის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება საპროცესო ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად იქნა გამოტანილი;
6.10 სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზებით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის;
6.11 მოპასუხის წარმომადგენლის საჩივარში განვითარებული მსჯელობის თანახმად, შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო „გაურკვევლობით“, რის გამოც მერიის წარმომადგენელმა ვერ განახორციელა შესაბამისი საპროცესო მოქმედება. სასამართლოს შეფასებით „გაურკვევლობა“ შეფასებაა, კონკრეტული მიზეზზე კი, რის გამოც ვერ განხორციელდა საპროცესო მოქმედება, მხარეს არ მიუთითებია. გარდა ამისა, მხარეს ასევე არ დაუმტკიცებია სსსკ-ის 233.3-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ისეთი გარემოება, რაც შეიძლება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა გამხდარიყო, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია;
6.12 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ მოპასუხესთან გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო სრულად შეასრულა, შემკვეთი კი უარს ამბობდა თანხის გადახდაზე, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ შესრულებული სამუშაოს საფასურის გადახდა და თანხის დაყოვნებისათვის შესაბამისი პირგასამტეხლოს დაკისრება სრულად გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 417-418-ე, 629.1-ე მუხლების მოთხოვნებიდან და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება იურიდიულად გამართლებულია, რაც გამორიცხავს აპელანტის მსჯელობის გაზიარების შესაძლებლობას.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
7.1 კასატორის განმარტებით სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მას არ ჩაჰბარებია, საფოსტო გზავნილი კი შედგენილია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით;
7.2 კასატორის მითითებით სასამართლომ არასწორად განმარტა დავის საგანი და საფუძველი. მან მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას;
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მერიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
13. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, თუ რამდენად მართებულად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები და არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლები.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 2321-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია:
14.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მერიას სარჩელი სსსკ-ის 70-75-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაჰბარდა;
14.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დადგინდა სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებანი, რომლებიც იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ გზავნილი მოპასუხისათვის ჩაბარებულად ჩაითვალოს, რაც, ამავდროულად, გულისხმობს, რომ მხარე ინფორმირებული იქნა შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგებზე;
14.3. მოსარჩელის მიერ გაგზავნილი სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხის წარმომადგენელს- თ.მ–ს 2019 წლის 8 ივლისს ჩაჰბარდა;
14.4. თ.მ–ი 2019 წლის 14 იანვრიდან - 2019 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით ასრულებდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის - მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმის წარმოების განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - საქმის წარმოების საკითხებში ფუნქცია-მოვალეობებს (იხ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 16.03.2021წ. #05/1918 წერილი).
15. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ამავე კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს არეგულირებს სსსკ-ის XXVI თავი, კერძოდ კი, მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს (სსსკ-ის 2321 მუხლი) შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა განემარტოს 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას იმგვარად, რომ სასამართლო არათუ ვალდებული, უფლებამოსილიც არაა, შეამოწმოს და შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სარჩელში მითითებულ ნებისმიერ საკითხზე.
17. იმისათვის, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (იხ.სუსგ Nას-975-2019, 5.06.2020 წ.).
18. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს სარჩელი ჩაჰბარდა კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით, თუმცა მას სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია, შესაბამისად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს, რომ სარჩელი არაუფლებამოსილ პირს ჩაჰბარდა, უსაფუძვლოა, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ.მ–ი მერიაში საქმის წარმოების საკითხებში უფროსი სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა, რაც სსსკ-ის 73.8-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციისათვის გზავნილის ჩაბარებად ითვლება.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს ერთგვარ სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რაც სარჩელით არის მოთხოვნილი, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016 წ. განჩინება საქმეზე N 121-117-2016).
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 629-ე, 417-ე, 418-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელია სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად გამართლებული იყოს, რაც სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმების მოძიებასა და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების ლოგიკურ თანმიმდევრულობას გულისხმობს და არა მტკიცებულებათა დეტალურ კვლევას, რისი შესაძლებლობაც მოპასუხემ თავადვე მოუსპო საკუთარ თავს იმ პროცესუალური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, რასაც შესაგებლის წარუდგენლობა ჰქვია, ამას კი მხარისათვის უარყოფითი სამართლებრივი შედეგი მოჰყვა.
21. მითითებული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და იძლევა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (შდრ. სუსგ N ას-1468-1388-2017, 11.05.2018წ.).
22. კასატორი შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზად სარჩელის ჩაბარებისას წარმოქმნილ „გაურკვევლობას“ ასახელებს, რაც არ არის რაციონალური მიზეზი იმის ასახსნელად, თუ რომელი საპატიო გარემოების გამო ვერ შეძლო მოპასუხემ შესაგებლის წარდგენა და ვერც შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული ვადის გაგრძელება იშუამდგომლა (სსსკ-ის 215.3-ე მუხლი).
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს სსსკ, რომლის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
24. საკასაციო სასამართლოს არაერთხელ აქვს განმარტებული, რომ სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება.
25. საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხებოდა, ევროსასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, უნდა დადგენილიყო, სახელმწიფომ გამოიჩინა თუ არა საკმარისი გულისხმიერება ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადასადგმელად, რათა ეცნობებინა მომჩივნისთვის სამართალწარმოების დაწყების შესახებ ... და ამ კუთხით, უარი თქვა თუ არა განმცხადებელმა მის უფლებაზე – წარდგენილიყო პროცესზე და დაეცვა საკუთარი თავი; და მეორე რიგში, ეროვნული კანონმდებლობა უზრუნველყოფდა თუ არა განმცხადებელს სათანადო საშუალებებით შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებების შესახებ (საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდე“ (Gakharia v. Georgia), განაცხადი N30459/13,17.01.2017წ).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური