საქმე №ა-5541-შ-159-2021 11 მარტი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე,მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ბაქაქური,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს "პ.ე." (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ჩ–კო (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის, ალტაის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის, ალტაის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) შპს "პ.ე–ის" (შემდეგში: მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი ა.ჩ–კოს (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 6 220 000 რუბლის გადახდა დაეკისრა.
2. 2021 წლის 19 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა მოსარჩელემ და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება მოითხოვა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მოსარჩელის შუამდგომლობა, რომელიც თანდართული დოკუმენტების ასლებით ორჯერ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს ა.ჩ–კოს, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე: ქ. თბილისის, ..... ქ. სახლი 18 და ერთხელ მისამართზე: ქ. თბილისი ....., ბინა 22.
4. საქმეში განთავსებულია ფოსტის კურიერის მიერ შედგენილი აქტები, რომლებითაც დასტურდება, რომ გზავნილი ადრესატს ვერ ჩაჰბარდა. საფოსტო უკუგზავნილებზე მითითებულია, რომ ..... ქუჩაზე კერძო სახლია და ფოსტის თანამშრომელმა დატოვა შეტყობინება, ამავე მისამართზე მეორედ ვიზიტისას ფოსტის კურიერმა აღნიშნა, რომ ადრესატი მისამართზე არ ცხოვრობს, ხოლო ......., ბინა 22 არასწორი მისამართია, რადგან ..... ქუჩა 38-ზე მთავრდება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს მოწინააღმდეგე მხარისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებისა და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ჩაბარება დაევალა.
6. საკასაციო სასამართლოსადმი გამოგზავნილი, 2022 წლის 24 თებერვლის, მომართვით დასტურდება, რომ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს, პოლიციის პირველი სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცრები გამოცხადდნენ მისამართზე - ქ. თბილისი, ......, ბინა 22. მართლწესრიგის ოფიცრებს ბინა დაკეტილი დახვდათ, მეზობლების განმარტებით, ისინი არ იცნობენ მოპასუხეს, ხოლო ბინა ბოლო წლებია დაკეტილია. მართლწესრიგის ოფიცრების განმარტებით, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად მოპასუხე საქართველოს ფარგლებს გარეთაა გასული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
9. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
10. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
11. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
12. სპეციალური კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს. ამ მიზნით საკასაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობა, რათა მოპასუხისათვის ჩაებარებინა განსახილველი შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად, თუმცა უშედეგოდ (იხ. ამ განჩინების 3-6 პუნქტები).
13. სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი. რადგან განსახილველ შემთხვევაში, შეუძლებელი აღმოჩნდა მოპასუხის, შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე, მოძიება, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემული დროისათვის მითითებული მისამართი არასწორია.
14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ უწყება გაგზავნილი არ ყოფილა მოპასუხის მისამართზე, რადგან მოპასუხეს წარმომადგენელი ჰყავდა და მოპასუხის წარმომადგენელი თავად მივიდა სასამართლოში და ჩაიბარა საქმის მასალები (შუამდგომლობას თან ახლავს მოპასუხის მიერ წარმომადგენლისათვის მინიჭებული მინდობილობა და მოპასუხის წარმომადგენლის მიერ შედგენილი განცხადება/ხელწერილი).
15. სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად (შეადრ. სუსგ #ა-3218-შ-74-2020, 28.01.21 წ., #ა-767-შ-19-2018, 08.06.18 წ., #ა-3186-შ-81-2017, 18.12.17 წ.).
17. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 399-ე, 187-ე, 275-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს "პ.ე–ის" შუამდგომლობა, რუსეთის, ალტაის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დარჩეს განუხილველად;
2. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
მ. ერემაძე